წვდომის მენიუ

შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის “ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-22-20 / 278

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 22, 2022 16:17

მიღების თარიღი ივნისი 16, 2022

შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში „კომისია“) შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ 2022 წლის 9 ივნისის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომრით Nშ-22-6/2286) და დამაზუსტებელი, 15 ივნისის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომრით Nშ-22-6/2343) მოითხოვა 2022 წლის 27 მაისის წერილის (კომისიაში რეგისტრაციის ნომრით Nშ-22-6/2093) დანართით წარმოდგენილი, კომისიის მიერ 2022 წლის 22 მარტის Nგ-22-16/151 გადაწყვეტილებით მოთხოვნილი ინფორმაციის - შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ არაქართული არხების ტრანზიტზე გაფორმებული ხელშეკრულებების ტარიფების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.

შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი არაქართული არხების ტრანზიტზე გაფორმებული ხელშეკრულებების დიდი ნაწილი წარმოდგენილი იყო არაქართულ, რუსულ ან/და ინგლისურ ენაზე. კანონმდებლობის შესაბამისად კომისიამ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ 2022 წლის 5 მაისის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომრით Nგ-22-08/1106) სთხოვა ამავე წლის 25 მაისამდე წარმოედგინა მოწოდებული დოკუმენტაციის ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად   დამოწმებული ასლები.  კომისიის მოთხოვნის საფუძველზე   შპს„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ 2022 წლის 27 მაისს წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომრით Nშ-22-6/2093), კომისიაში წარმოადგინა ნოტარიულად დამოწმებული, ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტაცია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კომერციული საიდუმლოება განიმარტება, როგორც ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით. თუ ინფორმაციის წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ მიიჩნევს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში, არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,  გადაწყვეტილება  საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

კომისია მიიჩნევს, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებებში მითითებული ტარიფები შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებით, შესაძლებელია, საჯაროდ გახდეს ცნობილი მხარეებს შორის თანამშრომლობის კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაცია, რაც ხელს შეუშლის შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ კონკურენტუნარიანობას ბაზარზე. შესაბამისად, წარმოდგენილი ხელშეკრულებების ის ნაწილი, სადაც მითითებულია მხარეებს შორის მომსახურებების მიწოდების ტარიფები უნდა იქნეს კომერციულ საიდუმლოებად ცნობილი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურად ცნობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს აღნიშნული დოკუმენტის არაკონფიდენციალური ვერსიის წარმოდგენა და განუსაზღვროს შესაბამისი ვადა. კომისია წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად  ცნობის  საკითხს  განხილავს  „სს  „სილქნეტის“,  შპს  „მაგთიკომის“, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“  საჩივრების  დასაშვებად  ცნობისა  და შპს  „მედია  რაითს  ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“ კომისიის (გ-21-16/545, 30.09.2021) გადაწყვეტილების შესაბამისად „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. აქედან გამომდინარე, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ უნდა დაევალოს აღნიშნული დოკუმენტაციის ნოტარიულად დამოწმებული, ქართული თარგმანის არაკონფიდენციალური (დაფარული) ვერსიის წარმოდგენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული   კომისიის   2003   წლის  27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად:

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დაკმაყოფილდეს  შპს  „საქართველოს  ცენტრალური  კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მოთხოვნა და ცნობილ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად 2022 წლის 27 მაისის (კომისიაში რეგისტრაციის ნომრით Nშ-22-6/2093) წერილით, დანართის სახით წარმოდგენილი შპს „საქართველოს ცენტრალური  კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ არაქართული არხების ტრანზიტზე გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებული მხარეებს შორის მომსახურების მიწოდების ტარიფები;

2.  შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 2022 წლის 27 მაისის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომრით Nშ-22-6/2093) წარმოდგენილი ხელშეკრულებების დანარჩენი ნაწილი, გარდა ხელშეკრულებებში მითითებული მხარეებს შორის მომსახურების მიწოდების ტარიფებისა, ცნობილ იქნას ღიად;

3.  შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ დაევალოს ამ გადაწყვეტილებით კომერციულ საიდუმლოებად ცნობილი ნოტარიულად დამოწმებული, ქართულად თარგმნილი ხელშეკრულებების არაკონფიდენციალური (დაფარული) ვერსიის კომისიაში წარმოდგენა არაუგვიანეს  2022 წლის 30 ივნისისა;

4.  წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „საქართველოს ცენტრალური  კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

5.  წინამდებარე   გადაწყვეტილების   მე-2   პუნქტით   განსაზღვრული   ინფორმაცია გახდეს ღია კანონმდებლობის შესაბამისად წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას,  აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

7.    დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

8.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

9.   გადაწყვეტილება, გარდა მისი მე-2 და მე-5 პუნქტებისა, შეიძლება გასაჩივრდეს   ქ. თბილისის    საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), ამ გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების  დღიდან ერთი თვის ვადაში;

10. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 და მე-5 პუნქტები შეიძლება გასაჩივრდეს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) გადაწყვეტილების მიღებიდან 15  დღის  ვადაში, რაც შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“  დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას.

11.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები