სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 28, 2022 15:41
მიღების თარიღი ივნისი 16, 2022
სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2022 წლის 6 ივნისს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/2212), მიმართა სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“-მ და მოითხოვა კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტების კომერციული ნაწილის დაფარვა. წერილიდან არ ირკვეოდა თუ რომელი დოკუმენტაციის და რა ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას ითხოვდა მხარე. შესაბამისად, 2022 წლის 7 ივნისის კომისიის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nგ-22-04/1411) სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიას“ ეთხოვა საკუთარი მოთხოვნის დაზუსტება და კომისიისათვის დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა იმის თაობაზე თუ რომელი დოკუმენტის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა იყო მოთხოვნილი და რა ნაწილში. 2022 წლის 8 ივნისს კომისიაში შემოვიდა სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/2249), რომლითაც კომპანიამ წარმოადგინა დაზუსტებული მოთხოვნა. მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი განცხადებით მოთხოვნილი იყო სს “ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიასა“ და შპს „ალტ ინფო“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობა. კერძოდ, კომპანიამ მოითხოვა კომერციულ საიდუმლოებად ყოფილიყო ცნობილი ხელშეკრულების ფასი.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება კომისიის ელექტრონულ პორტალზე აიტვირთა 2022 წლის 16 მაისს, რა დროსაც მაუწყებლის წარმომადგენელს წარმოდგენილი დოკუმენტის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა არ მოუთხოვია. კომისიაში 3 ივნისს შემოვიდა ა(ა)იპ მედია ომბუდსმენის წერილი, რომლითაც მოთხოვნილი იყო საჯარო ინფორმაცია სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ და შპს “ალტ ინფოს“ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. ვინაიდან, ინფორმაციის მოთხოვნის დროისთვის წარმოდგენილი ხელშეკრულება არ წარმოადგენდა კომერციულ საიდუმლოებას (მხარეს არ ჰქონდა მოთხოვნილი მისი კომერციულ საიდუმლოდ ცნობა), კომისიის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად მოხდა ინფორმაციის გაცემა, რომელიც შემდგომში საჯარო ინფორმაციის მიმღებმა გამოაქვეყნა საჯარო სივრცეში.
კომისიის 2022 წლის 16 ივნისის სხდომაზე მაუწყებლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისთვის არ იყო ცნობილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოდ ცნობის მოთხოვნის საჭიროების შესახებ, რადგან მას მიაჩნდა, რომ ისეთი კომერციული მონაცემი, როგორიც არის კონტრაქტის ფასი, ავტომატურად უნდა ყოფილიყო კომერციულ საიდუმლოდ მიჩნეული და შესაბამისად კომისიას არ უნდა გაეცა იგი საჯარო ინფორმაციის სახით. კომპანიის წარმომადგენელმა ასევე ისიც განაცხადა, რომ მან ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოდ ცნობა მოითხოვა მანამ სანამ მოხდებოდა მისი გასაჯაროება, თუმცა მიუხედავად მისი მოთხოვნისა მარეგულირებელმა ეს ინფორმაცია მაინც გაასაჯაროვა. ამასთან დაკავშირებით კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ აბაშიძემ განმარტა, რომ კომერციულ საიდუმლოებად ინფორმაციის ცნობას აქვს დადგენილი პროცედურა და ინფორმაციის წარმოდგენასთან უნდა მოხდეს კომერციულ საიდუმლოდ ცნობის მოთხოვნაც, რის შემდეგაც იგი უნდა განიხილოს კომისიამ. მოცემულ შემთხვევაში, 17 მაისიდან 6 ივნისამდე, ვიდრე დოკუმენტის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას მოითხოვდნენ, ეს დოკუმენტი იყო ღია და იყო საჯარო ინფორმაცია, შესაბამისად კომისია ვალდებული იყო გაეცა ეს ინფორმაცია. კომისია აქვე აღნიშნავს იმასაც, რომ 6 ივნისს კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილიდან არ ირკვეოდა თუ რომელი დოკუმენტის და რა ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოდ მიჩნევას ითხოვდა მხარე, აქედან გამომდინარე, ეს წერილი არ შეიძლება ჩაითვალოს კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულების ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოდ ცნობის მოთხოვნად. სწორედ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 06.06.2022წ-ის წერილიდან არ დგინდებოდა თუ რა ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოდ ცნობას ითხოვდა მხარე, კომისიამ 07.06.2022წ-ის Nგ-22-04/1411 წერილით მოითხოვა მისი დაზუსტება, რის საპასუხოდაც სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“-მ 8 ივნისს კომისიაში წარმოადგინა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/2249), რომლითაც კომპანიამ მოითხოვა სს “ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიასა“ და შპს „ალტ ინფო“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობა. კერძოდ, კომპანიამ მოითხოვა კომერციულ საიდუმლოებად ყოფილიყო ცნობილი ხელშეკრულების ფასი. კომისია აღნიშნავს, რომ სწორედ აღნიშნული, 8 ივნისს წარმოდგენილი წერილი შეიძლება ჩაითვალოს სს “ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიასა“ და შპს „ალტ ინფო“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“2022 წლის 8 ივნისის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/2249) წერილი კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე და მიიჩნია, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კომისიაში დაცული საჯარო ინფორმაციის გაცემა და გასაჯაროება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ვინაიდან ხელშეკრულების გასაჯაროების შემდეგ ინფორმაციას აღარ გააჩნია კომერციული ღირებულება, წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა დარჩეს ღია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს „ქვემო ქართლის ტელე- რადიო კომპანიის“ 2022 წლის 8 ივნისის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ22-6/2249) მოითხოვა სს “ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიასა“ და შპს „ალტ ინფო“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე-2, მე–4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გადაწყვიტა:
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ 2022 წლის 8 ივნისის წერილობითი მოთხოვნა, (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/2249), სს “ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიასა“ და შპს „ალტ ინფო“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიისათვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.
4. გადაწყვეტილება, შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში, რაც მხარემ დაუყონებლივ უნდა აცნობოს კომისიას;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
