წვდომის მენიუ

შპს „Eurasian Broadcasting Enterprise Limited“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: გ-22-20 / 401

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 20, 2022 17:26

მიღების თარიღი სექტემბერი 15, 2022

შპს „Eurasian Broadcasting Enterprise Limited“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ 2022 წლის 24 აგვისტოს კომისიას განცხადებით მომართა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/3218, 05.09.2022 Nშ-22-6/3349), შპს „Eurasian Broadcasting Enterprise Limited“-მა, წარმოადგინა აუდიო-ვიზუალური პროდუქციის მაუწყებლების ეთერში განთავსების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მოითხოვა, კომისიის მიერ, მისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი ზომების მიღება აღნიშნული კონტენტის არაუფლებამოსილ პირთა მხრიდან გავრცელების აღკვეთის მიზნით. განცხადების ავტორმა ამასთანავე, მოითხოვა კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის, კერძოდ აუდიო-ვიზუალური პროდუქციის მაუწყებლის ეთერში მართლზომიერად განთავსების უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.. შპს „Eurasian Broadcasting Enterprise Limited“-მა მოითხოვა წარმოდგენილი ხელშეკრულების სრულად (მათ შორის ლიცენზიის გამცემის ვინაობა, ხელშეკრულების დადების თარიღი) კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით. თუ ინფორმაციის წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ მიიჩნევს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას.

კომისიის მიერ საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2022 წლის 15 სექტემბერი 15:00 საათი, რის თაობაზეც ეცნობა შპს „Eurasian Broadcasting Enterprise Limited“-ს. კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „Eurasian Broadcasting Enterprise Limited“-ის წარმომადგენელი თ.თოდუა, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიის კონკურენტუნარიანობისათვის აუცილებელია წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულად, მათ შორის ლიცენზიის მფლობელის, საგნის, ექსკლუზიურობის შესახებ ინფორმაციის, კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, რადგანაც აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროებამ შესაძლოა დააზიანოს კომპანიის ეკონომიკური ინტერესები.

აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე წარმოდგენილი ხელშეკრულება და მიიჩნია, რომ შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited -ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს პირობებს, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „Eurasian Broadcasting Enterprise Limited“ -ის 2022 წლის 24 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/3218) და 5 სექტემბრის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/3349) წერილები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ცნობილ უნდა იქნას კომერციულ საიდულმოებად, გარდა ხელშეკრულების საგნის, ლიცენზიის მფლობელის, ხელშეკრულების ვადების, უფლების ექსკლუზიურობის, გავრცელების ტერიტორიის და ტექნოლოგიისა, ვინაიდან, შპს „Eurasian Broadcasting Enterprise Limited“ -ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საჯაროდ დატოვებამ,  შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

ამასთან, კომისია განმარტავს, რომ ლიცენზიის მფლობელისა  და ხელშეკრულების საგნის შესახებ ინფორმაციის ღიად დატოვება ვერ დააზიანებს კომპანიის კონკურენტუნარიანობას. მეტიც, აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობა აუცილებელია კომპანიის მიერ აუდიო-ვიზუალური პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების უფლების ფლობის დასადასტურებლად, კომისიის მიერ,საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში აუდიო-ვიზუალური  პროდუქციის  არამართლზომიერი  გავრცელების  აღკვეთის პროცესში.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს “Eurasian Broadcasting Enterprise Limited” -ის 2022 წლის 24 აგვისტოს განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/3218) და ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited -ის მიერ 2022 წლის 24 აგვისტოს კომუნიკაციების კომისიისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება, გარდა ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციისა.

2.   შპს „Eurasian Broadcasting Enterprise Limited” -ის მიერ 2022 წლის 24 აგვისტოს წერილით (კომისიაში  რეგისტრაციის Nშ-22-6/3218)  წარმოდგენილი ხელშეკრულების საგნის, ლიცენზიის მფლობელის, ხელშეკრულების ვადის, გავრცელების  ტერიტორიის, ტექნოლოგიისა და ხელშეკრულების ექსკლუზიურობის საკითხის შესახებ ინფორმაცია მიჩნეულ იქნას ღიად.

3.   ამ   გადაწყვეტილების   1-ლი   პუნქტით   გათვალისწინებული   ინფორმაცია   შპს „Eurasian Broadcasting Enterprise Limited“ -ის კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „Eurasian Broadcasting Enterprise Limited“ -ის მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არა დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

4.   წინამდებარე   გადაწყვეტილების   მე-2   პუნქტით   განსაზღვრული   ინფორმაცია გახდეს ღია კანონმდებლობის   შესაბამისად   წინამდებარე   გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ, თუ შპს „Eurasian Broadcasting Enterprise Limited“ აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით დადგენილი  წესით წინამდებარე  გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს სასამართლოში.

5. დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (ო.  ვოტ)  აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

6.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited -ისათვის გაგზავნა (ნ.ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს  მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

8.   გადაწყვეტილება, გარდა მისი მე-2 და მე-4 პუნქტებისა, შეიძლება გასაჩივრდეს   ქ. თბილისის საქალაქო   სასამართლოს   ადმინისტრაციულ   საქმეთა   კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), ამ გადაწყვეტილების  კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების  დღიდან ერთი თვის ვადაში;

9.  წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 და მე-4 პუნქტები შეიძლება გასაჩივრდეს შპს „Eurasian Broadcasting Enterprise Limited“ -ის მიერ, ქ. თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში   (თბილისი,    დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში, რაც შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited -მა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას.

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ნათია კუკულაძე წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები