წვდომის მენიუ

სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვის შესახებ

ნომერი: გ-22-20 / 446

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 31, 2022 11:13

მიღების თარიღი ოქტომბერი 20, 2022

სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვის შესახებ

საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისია   (შემდგომში   “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2022 წლის 7  ოქტომბერს სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი იქნა (კომისიაში რეგისტრაციის   Nშ-22-6/3699) მონაცემები სს „სილქნეტის“ მობილური ქსელის  შესახებ.  მოცემული ინფორმაცია წარმოდგენილი იქნა „კომისიის“ 2022 წლის 6 სექტემბრის #გ-22-06/2126 წერილის და თანმდევი კითხვარის პასუხად. „კომისიის“ მიერ ინფორმაცია მოთხოვნილი იყო სალიცენზიო ვალდებულებების შესრულების კონტროლის და ფიჭური სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მიწოდებული მომსახურების ხარისხის შეფასების მიზნით დაფარვის ზონების ანალიზისთვის.

2022 წლის 7 ოქტომბრის წერილით სს „სილქნეტი“ ითხოვს, მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოებად იყოს ცნობილი. კომპანია ასაბუთებს, რომ ინფორმაციის გასაჯაროების შემთხვევაში, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის კონკურენტ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაცია საკუთარი ინტერესების შესაბამისად, მათ შორის, სს „სილქნეტის“ ქსელის ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირებისთვის და ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად, რაც ფინანსურ ზიანს მიაყენებს და ნეგატიურად აისახება კომპანიის კონკურენტუნარიანობაზე.

აქედან გამომდინარე, სს „სილქნეტი“ 2022 წლის 7 ოქტომბრის წერილით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის და 31-ე მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითხოვს, რომ მის მიერ წარმოდგენილი   ინფორმაციიდან კომერციულ საიდუმლოებად ცნობილი იყოს საბაზო სადგურების რაოდენობის შესახებ მონაცემები, მათ შორის ტექნოლოგიურ ჭრილში, ასევე გარკვეული ველების ფარგლებში მოცემული მონაცემები.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტის“ მიერ მობილური ქსელის შესახებ წარმოდგენილი მონაცემების ანალოგიური ინფორმაციის მიმართ,  კერძოდ, სს „სილქნეტის“ კონკურენტის შპს „მაგთიკომის“ მიერ მობილური ქსელის შესახებ წარმოდგენილი მონაცემების ანალოგიური ინფორმაციის მიმართ,   იდენტური კითხვარის   საპასუხოდ მოწოდებული მობილური ქსელის მონაცემების თაობაზე მიღებული კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს N502/20 გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი მონაცემები ცნობილი იქნა კომერციულ საიდუმლოებად,  ძალადაკარგულად იქნა ცნობილი კომისიის 2020 წლის 20 აგვისტოს გ-20-20/645 გადაწყვეტილებით, ხოლო კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს   N502/20 გადაწყვეტილებით  კომერციულ  საიდუმლოებად ცნობილი ინფორმაცია გამოცხადდა ღიად.

კომისიის 2020 წლის 20 აგვისტოს N20/645 გადაწყვეტილებაში მითითებული  მსჯელობის ანალოგიურად, კომისია აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ და სპეციალური პროგრამული აპლიკაციების გამოყენებამ მობილური ქსელის ოპერატორებს ხელი შეუწყო მარტივად მოახდინონ ქსელის დაგეგმვა და მომხმარებლისათვის მობილური ქსელით მომსახურების ხარისხიანი მიწოდება. გარდა ამისა, დღეის მდგომარეობით საქართველოში მოქმედი სამივე მობილური ოპერატორის მიერ უკვე უზრუნველყოფილია ძირითადი არეალების დაფარვა იმგვარად, რომ თითოეულის ქსელის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება  და  მისი  ხელმისაწვდომობა  კონკურენტებისთვის,  ვერ  იქნება დამაზიანებელი ქსელის მფლობელისთვის. შესაბამისად, სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გამჟღავნება ვერ მიაყენებს ზიანს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

სს „სილქნეტს“ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან ლოგიკური არგუმენტი, რომ მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გამჟღავნება ზიანს მიაყენებს მის კონკურენტუნარიანობას, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ სს „სილქნეტს“ უარი უნდა ეთქვას მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება    დადგენილია    კანონით.   თუ    ინფორმაციის    წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ მიიჩნევს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას.

ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით,  საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272, 53-ე, 95-ე - 99-ე მუხლების და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის #1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად.

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. არ დაკმაყოფილდეს სს „სილქნეტის“  განცხადება (N შ-22-6/3699  07.10.2022) კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის   კომერციულ   საიდუმლოებად   ცნობის   თაობაზე   და აღნიშნული ინფორმაცია მიჩნეულ იქნას ღიად.

2. სს „სილქნეტის“ განცხადებით (N შ-22-6/3699 07.10.2022) წარმოდგენილი დოკუმენტაცია ცნობილ იქნას ღიად ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ, თუ სს „სილქნეტმა“ ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით სასამართლოში არ გაასაჩივრა წინამდებარე გადაწყვეტილება.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე(www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში, რაც სს „სილქნეტმა“ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ)

კახი ბექაური თავმჯდომარე

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები