შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 31, 2022 11:18
მიღების თარიღი ოქტომბერი 20, 2022
შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2022 წლის 20 სექტემბერს შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი იქნა (კომისიაში რეგისტრაციის N შ-22-6/3495) მონაცემები შპს „მაგთიკომის“ მობილური ქსელის შესახებ. მოცემული ინფორმაცია წარმოდგენილი იქნა „კომისიის“ 2022 წლის 6 სექტემბრის #გ-22-06/2126 წერილის და თანმდევი კითხვარის პასუხად. კომისიის მიერ ინფორმაცია მოთხოვნილი იყო სალიცენზიო ვალდებულებების შესრულების კონტროლის და ფიჭური სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მიწოდებული მომსახურების ხარისხის შეფასების მიზნით, დაფარვის ზონების ანალიზისთვის.
2022 წლის 20 სექტემბრის წერილით შპს „მაგთიკომი“ ითხოვდა კომისიისთვის მოწოდებული ინფორმაციის, კერძოდ შევსებული კითხვარის ნაწილის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას. კომისიის მოთხოვნის საფუძველზე შპს „მაგთიკომის“ 2022 წლის 11 ოქტომბრის წერილით ( შ-22-6/3731), წარმოდგენილი დასაბუთების თანახმად, მისი მობილური სადგურების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია, როგორც ერთობლივად, ისე მისი ცალკეული ნაწილები არის კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაცია, ვინაიდან როგორც განცალკევებულად, ასევე მთლიანობაში იძლევა ინფორმაციას კომპანიის „ქსელის და მისი ელემენტების შესახებ“, რომლის/რომელთა გამჟღავნებამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს შპს „მაგთიკომის“ კონკურენტუნარიანობას და მის ინტერესებს. შესაბამისად, შპს „მაგთიკომი“ ითხოვს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის თანახმად, მის მიერ 2022 წლის 20 სექტემბერს წარმოდგენილი მონაცემების სრულად კომერციულ საიდუმლოებად ცნობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ მობილური ქსელის შესახებ წარმოდგენილი მონაცემების ანალოგიური ინფორმაციის მიმართ, კერძოდ, იდენტური კითხვარის საპასუხოდ მოწოდებული მობილური ქსელის მონაცემების თაობაზე მიღებული კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს N502/20 გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი მონაცემები ცნობილი იქნა კომერციულ საიდუმლოებად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი კომისიის 2020 წლის 20 აგვისტოს Nგ-20-20/645 გადაწყვეტილებით, ხოლო კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს N502/20 გადაწყვეტილებით კომერციულ საიდუმლოებად ცნობილი ინფორმაცია გამოცხადდა ღიად.
კომისიის 2020 წლის 20 აგვისტოს N20/645 გადაწყვეტილებაში მითითებული მსჯელობის ანალოგიურად, კომისია აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ და სპეციალური პროგრამული აპლიკაციების გამოყენებამ მობილური ქსელის ოპერატორებს ხელი შეუწყო მარტივად მოახდინონ ქსელის დაგეგმვა და მომხმარებლისათვის მობილური ქსელით მომსახურების ხარისხიანი მიწოდება. გარდა ამისა, დღეის მდგომარეობით საქართველოში მოქმედი სამივე მობილური ოპერატორის მიერ უკვე უზრუნველყოფილია ძირითადი არეალების დაფარვა იმგვარად, რომ თითოეულის ქსელის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება და მისი ხელმისაწვდომობა კონკურენტებისთვის, ვერ იქნება დამაზიანებელი ქსელის მფლობელისთვის. შესაბამისად, შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გამჟღავნება ვერ მიაყენებს ზიანს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
შპს „მაგთიკომს“ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან ლოგიკური არგუმენტი, რომ მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გამჟღავნება ზიანს მიაყენებს მის კონკურენტუნარიანობას, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომს“ უარი უნდა ეთქვას მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით. თუ ინფორმაციის წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ მიიჩნევს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272, 53-ე, 95-ე - 99-ე მუხლების და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის #1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ განცხადება (Nშ-22-6/3495 20.09.2022, Nშ-22-6/3731 11.10.2022) კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე და აღნიშნული ინფორმაცია მიჩნეულ იქნას ღიად.
2. შპს „მაგთიკომის“ წერილით (Nშ-22-6/3495 20.09.2022) წარმოდგენილი დოკუმენტაცია ცნობილ იქნას ღიად წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ, თუ შპს „მაგთიკომმა“ ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით სასამართლოში არ გაასაჩივრა წინამდებარე გადაწყვეტილება.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში, რაც შპს „მაგთიკომმა“ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას.;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ)
კახი ბექაური თავმჯდომარე
ივანე მახარაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე წევრი
