შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2022 12:59
მიღების თარიღი ნოემბერი 03, 2022
შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომმა“ 2022 წლის 25 ოქტომბრის წერილით (Nშ-22-6/3890), რომელიც დააზუსტა 2022 წლის 31 ოქტომბრის N-შ-22-6/3972 წერილით, მიმართა კომისიას და მოითხოვა, შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში 2019 წლის 15 ნოემბრის წერილით (Nშ-19-6/4395) წარმოდგენილი, მისი მობილური ქსელის შესახებ ინფორმაციის, კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.
შპს „მაგთიკომის“ 2022 წლის 25 ოქტომბრის წერილის თანახმად, მობილური სადგურების შესახებ 2019 წლის 15 ნოემბერს კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია, არის კომერციული ფასეულობის მქონე, სადაც მოცემულია აგრეგირებული და დეტალიზებული ინფორმაცია შპს „მაგთიკომის“ საკომუნიკაციო მომსახურებისთვის განკუთვნილ საბაზო სადგურებზე, კერძოდ: ზუსტი ლოკაცია, განთავსებული ანტენების/აპარატურის რაოდენობა, ტიპები, ტექნოლოგია, დახრის კუთხე, სიმძლავრის ოდენობა. შესაბამისად, როგორც ერთობლივად, ისე მისი ცალკეული ნაწილები არის კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაცია, ვინაიდან როგორც განცალკევებულად, ასევე მთლიანობაში იძლევა ინფორმაციას კომპანიის „ქსელის და მისი ელემენტების შესახებ“, რომლის/რომელთა გამჟღავნებამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს შპს „მაგთიკომის“ კონკურენტუნარიანობას და მის ინტერესებს. შესაბამისად, შპს „მაგთიკომი“ ითხოვს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის თანახმად, მის მიერ 2019 წლის 15 ნოემბრის Nშ-19-6/4395 წერილის დანართში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ მობილური ქსელის შესახებ წარმოდგენილი მონაცემების ანალოგიური ინფორმაციის მიმართ, კერძოდ, იდენტური კითხვარის საპასუხოდ მოწოდებული მობილური ქსელის მონაცემების თაობაზე მიღებული კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს N502/20 გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი მონაცემები ცნობილი იქნა კომერციულ საიდუმლოებად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი კომისიის 2020 წლის 20 აგვისტოს გ-20-20/645 გადაწყვეტილებით ხოლო კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს N502/20 გადაწყვეტილებით კომერციულ საიდუმლოებად ცნობილი ინფორმაცია გამოცხადდა ღიად.
კომისიის 2020 წლის 20 აგვისტოს N20/645 გადაწყვეტილებაში მითითებული მსჯელობის ანალოგიურად, კომისია აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ და სპეციალური პროგრამული აპლიკაციების გამოყენებამ მობილური ქსელის ოპერატორებს ხელი შეუწყო მარტივად მოახდინონ ქსელის დაგეგმვა და მომხმარებლისათვის მობილური ქსელით მომსახურების ხარისხიანი მიწოდება. გარდა ამისა, დღეის მდგომარეობით საქართველოში მოქმედი სამივე მობილური ოპერატორის მიერ უკვე უზრუნველყოფილია ძირითადი არეალების დაფარვა იმგვარად, რომ თითოეულის ქსელის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება და მისი ხელმისაწვდომობა კონკურენტებისთვის, ვერ იქნება დამაზიანებელი ქსელის მფლობელისთვის. შესაბამისად, შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გამჟღავნება ვერ მიაყენებს ზიანს კომპანიის კონკურენტუნარიანობას. აღნიშნული დასაბუთების შესაბამისად, კომისიის 2022 წლის 20 ოქტომბრის Nგ-22-20/447 გადაწყვეტილებით, ასევე არ დაკმაყოფილდა შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა მისი მობილური სადგურების შესახებ ანალოგიური ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე და კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია მიჩნეული იქნა ღიად.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. შპს „მაგთიკომს“ 2019 წლის 15 ნოემბერს ინფორმაციის წარმოდგენისას, არ მოუთხოვია, აღნიშნული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.02.2017 განჩინების თანახმად (საქმე №ბს-33-32(კ-16), სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: „სს „...“ 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. სატარიფო დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით ამ კომპანიას კომისიისთვის 2014 წლამდე არ მიუმართავს. შესაბამისად, იდენტური ინფორმაციის საჯაროობის პირობებში სს „...“ რაიმე ზიანი არ მისდგომია და არც მისი კონკურენტუნარიანობის რაიმე ფორმით შეზღუდვას ჰქონია ადგილი. ... ამდენად, მსგავსი ინფორმაციის გამჭვირვალობით აქამდე კომპანიას რაიმე სახის ზიანი არ განუცდია, ინფორმაციის გამჭვირვალობას არ გამოუწვევია ბაზარზე კომპანიის კონკურენტუნარიანობის შესუსტება“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ 2019 წლის 15 ნოემბერს წარმოდგენილი ინფორმაცია მას შემდეგ ღიაა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოკვეთილა ის გარემოება, რომ აღნიშნული ინფორმაციის ღიაობამ ზიანი მიაყენა შპს „მაგთიკომის“ კონკურენტუნარიანობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით. თუ ინფორმაციის წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ მიიჩნევს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას.
შპს „მაგთიკომს“ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან ლოგიკური არგუმენტი, რომ მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გამჟღავნება ზიანს მიაყენებს მის კონკურენტუნარიანობას, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომს“ უარი უნდა ეთქვას მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272, 53-ე, 95-ე 99-ე მუხლების და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის #1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ განცხადება (Nშ-22-6/3890 25.10.2022 და N-შ-22-6/3972 31.10.2022) კომისიაში 2019 წლის 15 ნოემბერს წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე და აღნიშნული ინფორმაცია მიჩნეულ იქნას ღიად.
2. შპს „მაგთიკომის“ წერილით (N-შ-19-6/4395 15.11.2019) წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობილ იქნას ღიად წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ, თუ შპს „მაგთიკომმა“ ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით სასამართლოში არ გაასაჩივრა წინამდებარე გადაწყვეტილება.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში, რაც შპს „მაგთიკომმა“ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
