წვდომის მენიუ

87.5 მჰც - 108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში რადიომაუწყებლობის თავისუფალი სიხშირული რესურსის გამოქვეყნების შესახებ

ნომერი: გ-22-22 / 193

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 29, 2022 12:52

მიღების თარიღი აპრილი 21, 2022

87.5 მჰც - 108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში რადიომაუწყებლობის თავისუფალი სიხშირული რესურსის გამოქვეყნების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს  კანონის  მე-4 მუხლის  მიხედვით  კომისია „რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტის“ შესაბამისად, 2 წელიწადში ერთხელ განსაზღვრავს და აქვეყნებს სამაუწყებლო სიხშირეთა გეგმას. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილების 13 პუნქტის შესაბამისად, კომისია 87.5–108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში თავისუფალი სიხშირული რესურსის განაწილებას ახორციელებს 2 წელიწადში ერთხელ, ყოველი მეორე წლის პირველ მაისამდე, ხოლო ამავე დადგენილების 14 პუნქტის თანახმად, განაწილებულ 87.5–108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში თავისუფალ სიხშირულ რესურსს, ყოველწლიურად საჯარო გაცნობისათვის, აქვეყნებს საკუთარ ვებ–გვერდზე.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებების შემუშავება საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით, მათ განხორციელებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, წარმოადგენს კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ხოლო საზოგადოებრივი აზრის შესწავლა კომისიის მხრიდან ამ ფუნქციის განხორციელების წინაპირობაა.

კომისიამ 2021 წელს ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა და მიღებული შედეგების გათვალისწინებით, კანონისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2021 წლის 4 ნოემბერს დაასრულა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და დაადგინა რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები. აღნიშნულს წინ უძღვოდა, „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, 2021 წლის 11 მარტს კომისიის მიერ №1 დადგენილების მიღება, რომლის საფუძველზეც ადგილობრივი მაუწყებლობის ზონებად განისაზღვრა 15 საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა.

ასევე, კომისიამ 2021 წლის 01 აპრილის №გ-21-21/206 გადაწყვეტილებით დაამტკიცა კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების სტრატეგია, რომლის თანახმადაც ახალი რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დამტკიცების შემდეგ კომისიამ, 87.5–108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში მაუწყებლობის ლიცენზიების მაძიებლებისათვის, დააგეგმარა თავისუფალი რადიოსამაუწყებლო სიხშირეთა ახალი გეგმა. ამ გეგმის მიხედვით სიხშირული რესურსი განაწილდა ზონალური დაფარვის პრინციპით და განისაზღვრა კონკრეტული ლოკაციები სამაუწყებლო რადიოგადამცემი სადგურების განსათავსებლად. თავისუფალი სიხშირული რესურსის გამოქვეყნებისას, კომისიის ხედვის შესაბამისად, გათვალისწინებული იქნა სამაუწყებლო სფეროში ლიცენზირებადი საქმიანობის დაწყების მსურველთა განაცხადები და მათი მაუწყებლობის განხორციელების სურვილით მოთხოვნილი სამაუწყებლო ზონები, ასევე ყურადღება გამახვილდა კომისიის მიერ დადგენილ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებზე და იმ ზონებზე, სადაც შეინიშნება რადიომაუწყებლების სიმცირე, ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებს არც ერთი ან ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი ადგილობრივი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიანტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და კომისიის   2006   წლის   30   ივნისის   №6   დადგენილებით   დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” 13 და 14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს 87.5 მჰც ÷ 108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში რადიომაუწყებლობის თავისუფალი სიხშირული რესურსი ამ გადაწყვეტილების დანართ №1-ში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრებით;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული დანართი №1-ის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ო. ვოტი);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №64) ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე);

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

კახი ბექაური თავმჯდომარე

ნათია კუკულაძე წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები