შპს "პისი მაქსისთვის" და შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი- ფოპტნეტისთვის“ 2021 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 04, 2022 17:19
მიღების თარიღი იანვარი 20, 2022
შპს "პისი მაქსისთვის" და შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი- ფოპტნეტისთვის“ 2021 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე
გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ, კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილების, ასევე, ამ გადაწყვეტილებაში 2019 წლის 18 აპრილს N235/19 გადაწყვეტილებით შეტანილი ცვლილების თანახმად, გამოყოფილი არხებით მომსახურების მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს: შპს „დელტაკომს“, შპს “რკინიგზის ტელეკომს“, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“, სს „საქართველოს რკინიგზას“, და შპს „პისი მაქსს“, ამ გადაწყვეტილებით დაეკისრათ შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა.
კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, საანგარიშო წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიას უნდა წარუდგინოს ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში, არაუგვიანეს 1 ივლისამდე, ხოლო ფინანსური წლის დასრულებიდან 4 თვეში უნდა გამოაქვეყნოს სააღრიცხვო პოლიტიკის საჯარო (გამოსაქვეყნებელი) ვერსია. ამასთანავე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა მის მიერ მომზადებული სააღრიცხვო პოლიტიკა კომისიას უნდა წარუდგინოს გადასამოწმებლად, განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების გამოქვეყნებამდე არაუგვიანეს 8 თვით ადრე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 2021 წლის 21 დეკემბერს კომისიამ N გ-21-08/3606 და N გ-21-08/3601 წერილებით მიმართა შპს „პისი მაქსს“ და შპს „ფოპტნეტს“ შესაბამისად 2021 წლის განცალკევებული ანგარიშგების სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენასთან დაკავშირებით. პასუხად 2021 წლის 24 დეკემბერს კომისიაში შემოვიდა შპს „პისი მაქსის“ წერილი Nშ-21-6/5573. წერილში კომპანია განმარტავს, რომ მისი საქმიანობის სფერო შემოიფარგლება მხოლოდ გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურებით, შესაბამისად, შპს „პისი მაქსის“ საქმიანობა მოიცავს მხოლოდ ერთ, საბითუმო ბიზნეს ერთეულს. აღნიშნულის საფუძველზე კომისიამ 2021 წლის 13 მაისის N გ-21-22/273 და 2020 წლის 30 ივლისის Nგ-20-22/603 გადაწყვეტილებებით ნება დართო შპს „პისი მაქსს“ 2020 და 2019 წლების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგებების შესაბამისი ინფორმაცია კომისიაში წარმოედგინა ფასს სტანდარტებით მომზადებული ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებით ცხრილების სახით. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის საქმიანობის სფერო 2021 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშო წლისთვის არ შეცვლილა, შპს „პისი მაქსი“ ითხოვს, რომ 2020 წლის ანალოგიურად და N გ-21-22/273 გადაწყვეტილების გათვალისწინებით მიეცეს შესაძლებლობა 2021 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების შესაბამისი ინფორმაცია წარმოადგინონ ფასს სტანდარტებით მომზადებული ფინანსური აღრიცხვის აუდირებული ანგარიშგების სახით შემდეგი პირობებით: „პისი მაქსის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი 2020 წლის ანგარიშგების მსგავსად 2021 წლის ანგარიშგებაში მოცემული იქნება განმარტება, რომ პისი მაქსის საქმიანობა შემოიფარგლება მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურებით; ასევე, აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში გამოყოფილი არხებით მომსახურებების მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტიდან მიღებული შემოსავალი და შესაბამისი დანახარჯები გამოყოფილი იქნება ცალკე ცხრილში; 2021 წლის აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, ასევე, მოცემული იქნება აღნიშნული რეგულირებული სეგმენტის დატვირთული კაპიტალის უწყისი.
ასევე, 2021 წლის 24 დეკემბერს კომისიაში, შემოვიდა შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ წერილი შ-21-6/5580, სადაც აღნიშნულია, რომ 2020 წელს, როგორც ეს აუდირებული ანგარიშგებითაც დასტურდება, გამოყოფილი არხებით მომსახურებების მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრიდან შემოსავალი 58,466 ლარი იყო, რაც კომპანიის მთლიანი შემოსავლის (რომელიც ძირითადად სატრანზიტო (4,294 ათასი ლარი)და ინტერნეტით მომსახურებებიდან (3,318 ათასი ლარი) შემოსავლებისგან შედგება) არამატერიალური ნაწილია (მთლიანი შემოსავლის 0,7%). ამ ინფორმაციის გათვალისწინებით შპს „ფოპტნეტს“ მოეხსნა 2020 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება 2021 წლის 13 მაისის N გ-21-22/273 გადაწყვეტილებით. 2021 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის საქმიანობა და მის მიერ მიღებული შემოსავლები 2020 წლის ანალოგიურია და ამავე წერილით კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით რეგულირებული სეგმენტიდან მიღებული დეკლარირებული შემოსავალი 54,374 ათას ლარს წარმოადგენს, რაც ასევე არამატერიალურია კომპანიის მთლიან შემოსავალში (მთლიანი შემოსავლის 0,8%). დასახელებული წინაპირობების გათვალისწინებით, კომპანია კომისიას მიმართავს თხოვნით შპს „ფოპტნეტს“ მოეხსნას როგორც განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების სააღრიცხვო პოლიტიკის, ასევე განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების წარმოდგენის ვალდებულება. კომპანიამ დამატებით, 2022 წლის 20 იანვრის წერილით შ-22-6/172 წარმოადგინა 2021 წლის რეგულირებული სეგმენტიდან დეკლარირებული სრული შემოსავალი, რაც 59,268 ლარს შეადგენს. ეს ოდენობა არ აღემატება კომპანიის მთლიანი ბრუნვის 0,8%-ს და შეიძლება მიჩნეულ იქნას არამატერიალურად კომპანიის მთლიან შემოსავალთან მიმართებაში (7,278 ათასი ლარი) ამ კონკრეტული ანალიზის მიზნებისთვის. ასევე, კომისია ითვალისწინებს ფაქტს, რომ კომპანია ფუნქციონირებს მხოლოდ საბითუმო სეგმენტზე და არ არის ვერტიკალურად ინტეგრირებული.
ამასთან, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“ თანახმაა, კომისიაში წარმოადგინოს ფასს სტანდარტებით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებით ცხრილების სახით ინფორმაცია, რომელიც მოიცავს: მაგისტრალური/ძირითად (Trunk) ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების გამოყოფას, ასევე, აღნიშნული სეგმენტის დატვირთული კაპიტალის გამოყოფას, აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, ასევე, იქნება განმარტება, რომ „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი“-ს რეგულირებადი საქმიანობა შემოიფარგლება მაგისტრალურ/ძირითად (Trunk) ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურებით.
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3-ე პუნქტის თანახმად „კომისია უფლებამოსილია დააკონკრეტოს ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები და მათი შესრულების პირობები”. კომისიის აპარატის ბაზრის რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა შპს „პისი მაქსის“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ მიერ 2020 წელს წარმოდგენილი ფასს სტანდარტებით მომზადებული ფინანსური აღრიცხვის აუდირებული ანგარიშგებები და მასში დამატებითი ცხრილების სახით წარმოდგენილი ინფორმაცია. აღნიშნულის საფუძველზე დასტურდება, რომ როგორც შპს „პისი მაქსი“, ასევე, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“ აწარმოებენ სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებულ საბითუმო საქმიანობას, კერძოდ მაგისტრალური/ძირითად (Trunk) ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურებას აწვდიან ავტორიზებულ პირებს და არ გააჩნიათ საცალო სატელეკომუნიკაციო სეგმენტი.
ამასთან, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” მე-5-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად:
1. ავტორიზებული პირის საქმიანობა სულ მცირე ორ მიმართულებას მოიცავს. ესენია საცალო და სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საბითუმო საქმიანობები.
2. ბიზნეს ერთეულების განსაზღვრისას მკაფიო ზღვარი უნდა გაევლოს ბოლო მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევასა (საცალო) და ქსელის ფუნქციონირებას (ქსელურ საქმიანობას) შორის.“
აღნიშნული გარემოებების საფუძველზე იკვეთება, რომ შპს „პისი მაქსის“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ შემთხვევაში 2021 წლის მდგომარეობითაც, ამ კომპანიების საქმიანობა მოიცავს მხოლოდ სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებულ საბითუმო საქმიანობას, ხოლო ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ თანახმად, იმისათვის, რომ მოხდეს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად სრულფასოვანი აღრიცხვა, ავტორიზებული პირის საქმიანობა სულ მცირე ორ მიმართულებას უნდა მოიცავდეს: საცალო და სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საბითუმო საქმიანობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაითვალისწინა რა კომისიამ ავტორიზებული პირების მოთხოვნები და ამ მოთხოვნების გათვალისწინების რეალური შესაძლებლობები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 54-ე, 103-ე, 104-ე, და 105-ე მუხლების და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 30- ემუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დადგინდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების - შპს „პისი მაქსისთვის“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი- ფოპტნეტისთვის“, ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულებების შესრულების 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესები“-სგან განსხვავებული პირობები და ვადები შემდეგი სახით:
ა) შპს „პისი მაქსი“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“ 2021 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლდნენ;
ბ) შპს „პისი მაქსისთვის“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი- ფოპტნეტისთვის“ 2021 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენის შესაბამისი ვალდებულება დაკორექტირდეს და მოხდეს ანგარიშის წარმოდგენა ფასს სტანდარტით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებით ცხრილების სახით - ანგარიშის წარდგენის ვადად განისაზღვროს 2022 წლის 1 ოქტომბერი;
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.comcom.ge გამოქვეყნებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ეკატერინე იმედაძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
