წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმისწარმოების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-22-22 / 559

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 15, 2022 14:23

მიღების თარიღი დეკემბერი 08, 2022

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმისწარმოების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია“) საქმისწარმოება დღეისაათვის წესრიგდება კომისიის თავმჯდომარის მიერ 2014 წლის 27 იანვარს დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმისწარმოების რეგლამენტითა“ და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მუშაობის წესით“.

2014 წლის შემდეგ მთელმა რიგმა პროცესებმა განიცადა ოპტიმიზაცია, განვითარდა ტექნოლოგიები,   კომუნიკაციების   კომისია   გადავიდა   ელექტრონულ   საქმისწარმოებაზე   და კომისიის აპარატში მმართველობა გახდა მეტად დეცენტრალიზებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე (COVID – 19, პანდემია) საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით კომუნიკაციების კომისია 2020 წლის მარტიდან გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, ისე, რომ არ შეფერხებულა ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის საქმისწარმოების პროცესი.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომუნიკაციების კომისიაში მუდმივად მიმდინარეობს  ორგანიზაციული ეფექტიანობის ამაღლების პროცესი. კომუნიკაციების კომისიამ გაიარა ხარისხის მართვის სისტემის სასერთიფიკაციო აუდიტი ISO 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად, რაც გულისხმობს ორგანიზაცაში სამუშაო პროცესების აღწერა-ოპტიმიზაციას, მათ დანერგვას და მუდმოვ გაუმჯობესებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულმა დღის წესრიგში დააყენა ახალი საქმისწარმოების წესის დამტკიცების საჭიროება, რომელშიც დეტალურად იქნება რეგლამენტირებული არსებული პროგრესი და კომისიაში მიმდინარე პროცესები და რომელიც ასევე უპასუხებს სამომავლო გამოწვევებს.

კომუნიკაციების  კომისიის  2016  წლის  პირველი  მარტის N2  დადგენილებით  დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების“ მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად   კომუნიკაციების   კომისიის   საქმისწარმოების   რეგლამენტი   მტკიცდება   კომისიის გადაწყვეტილებით, შესასაბამისად, კომუნიკაციების კომისიის ახალი საქმისწარმოების რეგლამენტი უნდა დამტკიცდეს კომისიის გადაწყვეტილებით. ამასთანავე ვინაიდან ახალი საქმისწარმოების რეგლამენტი მოიცავს და ახლებურად აწესრიგებს კომისიის თავმჯდომარის მიერ 2014 წლის 27 იანვარს დამტკიცებულ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმისწარმოების რეგლამენტით“ და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მუშაობის წესით“ განსაზღვრულ საკითხებს, მიზანშეწონილია, რომ ახალი საქმისწარმოების დამტკიცების შემდეგ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის მიერ მიერ ძალადაკარგულად გამოცხადდეს დღეს მოქმედი კომისიის თავმჯდომარის მიერ 2014 წლის 27 იანვარს დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმისწარმოების რეგლამენტი“ და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მუშაობის წესი“.

ყოველივე  ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-3 პუნეტებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 1 მარტის #2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების“ მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  დამტკიცდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის საქმისწარმოების რეგლამენტი (თან ერთვის);

2.    გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან;

3.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებიდან  ერთი თვის ვადაში;

4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ნ.შოვნაძე):

ა) გადაწყვეტილების დასაქმებულთათვის გაცნობა;

ბ) გადაწყვეტილების კომუნიკაციების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე, დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები