წვდომის მენიუ

„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-22-23 / 177

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 15, 2022 17:34

მიღების თარიღი აპრილი 14, 2022

„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის (შემდგომში - რეგლამენტი) მე-7 მუხლი ადგენს იმ ინფორმაციის ჩამონათვალს, რომელიც უნდა ინახებოდეს მომსახურების მიმწოდებელთან. მონაცემთა შენახვის აუცილებლობა განპირობებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვით, მათ შორის იმით, რომ   მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის არსებობის შემთხვევაში ერთის მხრივ თავად მომხმარებელს, ხოლო მეორეს მხრივ დავის განმხილველ უფლებამოსილ ორგანოს ჰქონდეს საშუალება გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს დავის გადაწყვეტას.

მოქმედი რეგლამენტის მე-7 მუხლის არსებული რედაქციით განსაზღვრული ინფორმაციის ჩამონათვალი, ერთის მხრივ, სრულად არ შეიცავს იმ მონაცემებს, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ მომხმარებელთა უფლებები ჯეროვნად იქნას დაცული და მეორეს მხრივ, მონაცემთა შენახვისთვის რეგლამენტით განსაზღვრული ვადა ქმნის ერთგვარ კოლიზიას სხვა სამართლებრივ აქტებთან მიმართებით, კერძოდ: რეგლამენტის მე-7 მუხლის თანახმად მონაცემთა ნაწილის (მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო მონაცემები, რომელსაც შეიცავს მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულებები) შენახვის ვადა არ უნდა იყოს 1 წელზე მეტი, ხოლო ნაწილის (გადახდებთან დაკავშირებული ინფორმაციის) შენახვის ვადა - 3 წელზე მეტი, მაშინ როდესაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი (სახელშეკრულებო დავის წარმოებისთვის  კი  აუცილებელია  ხელშეკრულების  არსებობა), ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლი კი განსაზღვრავს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადას შეადგენს 3  წელს, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს 1 წლით, თუ მითითებული ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა. საგადასახადო შემოწმებისთვის კი ცხადია აუცილებელია, როგორც ეკონომიკური ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები), ასევე გადახდების შესახებ ინფორმაცია.

აღნიშნულიდან ცხადად ჩანს, რომ რეგლამენტით განსაზღვრული მონაცემთა შენახვის ვადა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადა ერთგვარ წინააღმდეგობაშია და კოლიზიას ქმნის.

ზემოაღნიშნული შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად, მიზანშეწონილია, ცვლილება შევიდეს რეგლამენტის მე-7 მუხლში და გასწორდეს არსებული ხარვეზები.

ცვლილებით ერთის მხრივ, მოხდება ყველა იმ ინფორმაციის ჩამონათვალის განსაზღვრა რომელიც როგორც პრაქტიკამ აჩვენა, საჭიროა მოხმარებელთა ინტერესებისა და უფლებების ჯეროვნად დასაცავად და მეორეს მხრივ, განისაზღვრება აღნიშნულ მონაცემთა შენახვის ისეთი  ვადა (4 წელი), რომელიც შესაბამისობაში იქნება საკანონმდებლო აქტებთან. ამასთან, გაკეთდება დათქმა იმასთან დაკავშირებით, რომ ინფორმაციის შენახვის ეს ვადა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი, რაც გამორიცხავს ნორმათა შემდგომი კოლიზიის რისკს.

ცვლილებით ასევე მკაფიოდ განისაზღვრება, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მომსახურების მიწოდებელს ექნება ვალდებულება რომ 30 დღის განმავლობაში წაშალოს ინფორმაცია.

„მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-8  მუხლის  მე-2  პუნქტის  თანახმად „კომისიის დადგენილება არის ნორმატიული სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება ამ კანონის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“

„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტია ეროვნული კომისიის დადგენილება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ნორმატიულ აქტებს იღებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი ნორმატიულ აქტში ცვლილების (ცვლილებების) ან/და დამატების (დამატებების) შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები.“ ამავე კოდექსის 1061 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი „ნორმატიული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მიღების უფლების მქონე კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება ამავე ორგანოს გადაწყვეტილებით.“

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კომისია ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიღებამდე (გამოცემამდე) საჯარო კონსულტაციებს მართავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღებისას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე, 1061  და 1065  მუხლების, ამავე კოდექსის VII და IX თავების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-5, მე-6 და მე-7   მუხლის თანახმად და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;

2.      საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაიმართოს საჯარო კონსულტაციები;

3. საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვროს   2022 წლის 20 მაისის ჩათვლით. კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე post@comcom.ge.

4. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2022 წლის 2 ივნისს 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

5. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე;

6.  დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (ო.  ვოტ)  კომისიის  ოფიციალურ ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოაქვეყნოს:

ა)  ცნობა  საჯარო  ადმინისტრაციული  წარმოების  დაწყებისა  და  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო კონსულტაციაზე წარდგენის თაობაზე, წინამდებარე გადაწყვეტილება, მომზადებული დადგენილების პროექტი, განმარტებითი ბარათი;

ბ)   საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებული მხარის მიერ კომისიაში წარდგენილი კომენტარები (გარდა საიდუმლო/კონფიდენციალური ინფორმაციისა), კომისიაში რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

8. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

9.   კონტროლი   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   (გარდა   მე-6   პუნქტისა)   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

ნათია კუკულაძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები