წვდომის მენიუ

,,რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების განხორციელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-22-23 / 184

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 19, 2022 12:39

მიღების თარიღი აპრილი 14, 2022

,,რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების განხორციელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, ხოლო მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ამოწურვადი რესურსების მართვა და მათი ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფა ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით და კონკურენტუნარიანი გარემოს განვითარებისათვის რადიოსიხშირული სპექტრის ოპტიმალური განაწილება და ეფექტიანად გადანაწილება.

,,ელექტრონული კომუნიაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე- 4 პუნქტის თანახმად, რადიოსიხშირულ სპექტრს ანაწილებს, აგრეთვე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას არეგულირებს კომისია, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმას ადგენს კომისია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ კომისიასთან შეთანხმებით სახელმწიფოს საჯარო ფუნქციების უზრუნველსაყოფად განსაზღვრული რადიოსიხშირეების გათვალისწინებით.

,,ელექტრონული კომუნიაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 472 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრის ეფექტიანად მართვისა და გამოყენების მიზნით, კომისია უზრუნველყოფს ევროკომისიის გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებული რადიოსიხშირული დიაპაზონების ამავე გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ტექნიკური ნორმებისა და პირობების შესაბამისად ეროვნულ დონეზე ჰარმონიზაციას „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ სათანადო ცვლილებების შეტანისა და ამავე რადიოსიხშირულ დიაპაზონებში გაცემული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირების გზით.

რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა (შემდგომში - გეგმა) პირველად გამოქვეყნებული იქნა 2006 წელს. ახალი რადიოსისტემების და ტექნოლოგიების დანერგვა, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებაზე საერთაშორისო დონეზე მიღწეული შეთანხმებები და ეროვნულ დონეზე რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენენების სპეციფიკური მოთხოვნები მოითხოვს გეგმის პერიოდულ მოდიფიცირებას, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით.

აქედან გამომდინარე, რადიოკავშირის მსოფილიო კონფერენციის (WRC-19) ფინალური აქტების შესაბამისად, მომზადებული იქნა ეროვნულ გეგმაში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტი. ეს ცვლილებები და დამატებები მოიცავს რადიოკავშირის რიგი სისტემებისთვის ახალი სიხშირული ზოლების გამოყოფას,    მათ ჰარმონიზებულ გამოყენებას ITU-ს სამივე რეგიონის მიერ. პროექტში ასევე გათვალისწინებული იქნა რადიორეგლამენტის ე. წ. „ფუტნოტები“, რომლებიც განსაზღვრავს კონკრეტული რადიოკავშირის სისტემების ფუნქციონირების მახასიათებლებს და ტექნიკურ პარამეტრებს.

ეროვნული გეგმის მოდიფიცირებაზე მუშაობის პროცესში გათვალისწინებული იქნა CEPT-ის რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები. ამასთან ერთად, მომზადებული იქნა ცხრილები მცირე რადიუსზე მოქმედი მოწყობილობებისა (SRD) და თანამგზავრული მიწისზედა რადიო-ელექტრონული საშუალებებისთვის, რომელთა ფუნქციონირება დაექვემდებარება ზოგადი ნებართვების გაცემის რეჟიმს. ცხრილებში განსაზღვრული იქნა ასეთი ფუნქციონირების ტექნიკური პარამეტრები CEPT-ის შესაბამისი დოკუმენტაციის მითითებით.

აქვე დავძენთ, რომ ცვლილებებისა და დამატებების პროექტში გათვალისწინებულია ევროკომისიის (EC) და ევროკავშირის (EU) მიერ მიღებული გადაწვეტილებები, რომლებიც განსაზღვრავენ გაერთიანებაში რადიოსიხშირული სპექტრის ჰარმონიზებულ გამოყენებას რადიოკავშირისა და ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემების მიერ.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ეროვნულ გეგმაში განხორციელებული ცვლილებებიდან შეიძლება გამოყოფილი იქნას შემდეგი ძირითადი 2 საკითხი. სახელდობრ: 5G მობილური კავშირგაბმულობისთვის (IMT-2020) ჰარნონიზებული იქნა გლობალური მასშტაბით სიხშირული რესურსი 24.25-27.5 გჰც და განისაზღვრა ახალი სიხშირული ზოლი მე-6 თაობის RLAN-ის ქსელების ფუნქციონირებისთვის 5945-6425 მჰც.

ყოველივე  ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  კომისიას  მიაჩნია,  რომ  უნდა  დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული   წარმოება    ,,რადიოსიხშირული   სპექტრის   განაწილების ეროვნული  გეგმის დამტკიცების  შესახებ”  საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის   2006    წლის    30  ივნისის №6 დადგენილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებამდე (გამოცემამდე) წინამდებარე წესის შესაბამისად საჯარო კონსულტაციებს გამართავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანოქვემდებარე ნორმატიული აქტის  მიღებისას.  ამდენად,  ,,რადიოსიხშირული  სპექტრის  განაწილების  ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებაში    ცვლილების   შეტანის   თაობაზე   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მისაღებად გამართული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, კომისიამ უნდა გამართოს საჯარო კონსულტაციები,  რაც  გულისხმობს,  რომ  კომისიის  მიერ  მომზადებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცემა წერილობითი კომენტარების, მოსაზრებების, შენიშვნების, განცხადებების ან/და წინადადებების (შემდგომში - კომენტარების) წარდგენის შესაძლებლობა. დაინტერესებული მხარეების მიერ წარდგენილი კომენტარები კომისიის პასუხებთან ერთად საჯაროდ გამოქვეყნდება დადგენილების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ვადად უნდა განისაზღვროს 3 თვე, რათა დადგენილების პროექტში შემავალი საკითხების სირთულის გათვალისწინებით კომისიას  ჰქონდეს  შესაძლებლობა  სათანადოდ  შეისწავლოს   დაინტერესებულ  პირთა მიერ  წარმოდგენილი     კომენტარები და საჭიროებისამებრ გამართოს საკონსულტაციო შეხვედრები დაინტერესებულ პირებთან.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 47-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და 472  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე, 1061   და 1065 მუხლების, ამავე კოდექსის VII და IX თავების, 177-ე მუხლის მე-4   ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე4, მე-5, მე-6 და მე-7 მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  დადგენილების მიღების მიზნით.

2.      საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაიმართოს საჯარო კონსულტაციები.

3. საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, ,,რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 20 მაისის ჩათვლით. კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე  post@comcom.ge.

4. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2022 წლის 9 ივნისს 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

5. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე.

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოაქვეყნოს:

ა) ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო კონსულტაციაზე წარდგენის თაობაზე, წინამდებარე გადაწყვეტილება და დადგენილების პროექტი, განმარტებითი ბარათი;

ბ)   საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებული მხარის მიერ კომისიაში წარდგენილი კომენტარები (გარდა საიდუმლო/კონფიდენციალური ინფორმაციისა), კომისიაში რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

8. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

9. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-6 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარატამენტს (ა. ქარუმიძე).

ნათია კუკულაძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები