რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 20, 2022 13:43
მიღების თარიღი ივნისი 16, 2022
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”მაგთიკომმა” (კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-6/924, 01.03.22) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით. კომისიააღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომი” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიას კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 453 მჰც ÷ 457,5 მჰც და 463 მჰც ÷ 467,5 მჰც სიხშირული დიაპაზონი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე CDMA ტექნოლოგიით საკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2029 წლის 17 ივნისამდე;
გ) უზრუნველყოს ლიცენზიის მფლობელმა 453 მჰც ÷ 457,5 მჰც და 463 მჰც ÷ 467,5 მჰც სიხშირული დიაპაზონის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისთვის;
კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 და 2021 წლის 11 მარტის №გ-21-19/175 გადაწყვეტილებების თანახმად შპს „მაგთიკომი“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის ფარგლებში ვალდებულია:
ა) გააგრძელოს მომსახურების მიწოდება ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე ან აქტიური აბონენტების სრულ მიგრაციამდე, ან ქსელის სრულ გათიშვამდე, თუ მისი აღმოხვრა შეუძლებელია კომპანიის ხელთ არსებული ქსელის კომპონენტების მეშვეობით, ხოლო პროგრამული უზრუნველყოფის წუნის შემთხვევაში, კომპანიის შიდა რესურსების მეშვეობით;
ბ) შეინახოს და აბონენტის/აბონენტების მიგრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს აბონენტის/აბონენტების მიგრაციის დამადასტურებელი ინფორმაცია;
გ) წარმოადგინოს ინფორმაცია ქსელის დაზიანების თაობაზე წინამდებარე გადაწყვეტილების დანართ N2-ში მითითებული ცხრილის და პირობების შესაბამისად; პრობლემის მოგვარებიდან 24 საათის განმავლობაში წარმოადგინოს ინფორმაცია პრობლემის მოგვარების თაობაზე პრობლემის გამომწვევი მიზეზის დეტალური მითითებით;
კომისია აღნიშნავს, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების თანახმად შპს „მაგთიკომს“ 2021 წლის მარტის მდგომარეობით CDMA ტექნოლოგიაზე უფიქსირდებოდა 8969 აქტიური აბონენტი, ხოლო დღეის მდგომარეობით კი კომპანიასაღარ ჰყავს არც ერთი აქტიური აბონენტი. კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად 8534 აბონენტის ნომრების გათიშვის მიზეზს წარმოადგენს ხელშეკრულებით დადგენილი ვადის განმავლობაში მომსახურებით არ სარგებლობა, ხოლო 432 აბონენტის - ალტერნატიულ (მობილურ) მომსახურებაზე გადასვლა. მომსახურების შეზღუდვის თაობაზე აბონენტების ინფორმირება განხორციელდა მომსახურების შეზღუდვამდე 3 დღით ადრე მოკლეტექსტური შეტყობინების საშუალებით. შპს „მაგთიკომის“ ინფორმაციით კომპანიას აღარ ყავს არცერთი მომხმარებელი, ვინც სარგებლობს „მაგთიფიქსის“ მომსახურებით (არსებობს მხოლოდ სამი ნომერი, რომელთაც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში არ ჰქონიათ არანაირი სახის აქტივობა, გარდა სააბონენტო ანგარიშზე თანხის შეტანისა). აღნიშნული სამი ნომრიდან ორ ნომერს ბოლო აქტივობა (განხორციელებული ზარი) უფიქსირდება 2020 წლის მარტის, ხოლო მესამე ნომერს - 2021 წლის სექტემბრის თვეში. ამ თარიღების შემდეგ ნომრებზე ხდებოდა მხოლოდ ბალანსის შევსება და სხვა ქმედება (განხორციელებული ან მიღებული ზარი, გაგზავნილი ან მიღებული SMS/MMS, მონაცემთა გადაცემა ან სხვა დამატებითი მომსახურებით სარგებლობა) საბილინგო სისტემაში არ დაფიქსირებულა. ასევე, საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ნომრებზე საბილინგო ინფორმაციის თანახმად, მომსახურების მისამართებზე შესაძლებელია ალტერნატიული - მობილური მომსახურებით სარგებლობა. აღსანიშნავია რომ აღნიშნული სამი აბონენტის თაობაზე შპს „მაგთიკომი“ არ ავსებს ინფორმაციას სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში, ვინაიდან „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი 1-ში მითითებული აქტიური აბონენტის განმარტების თანახმად ისინი არ ითვლებიან აქტიურ აბონენტებად.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს, რა დროსაც კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს ლიცენზიის გაუქმებაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლიცენზიებთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიის გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ”მაგთიკომის” განცხადების საფუძველზე დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”მაგთიკომის” კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით;
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2022 წლის 21 ივლისს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ):
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”მაგთიკომისთვის” გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
