„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 24, 2022 17:56
მიღების თარიღი ნოემბერი 24, 2022
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) წარმოადგენს მუდმივმოქმედ დამოუკიდებელ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. კომისიის სტატუსი, მისი ფორმირებისა და საქმიანობის წესი, კომისიის თავმჯდომარის უფლებები და მოვალეობები, კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადა, დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა, უფლებამოსილების შეწყვეტისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები, კომისიის სამართლებრივი აქტები, აგრეთვე კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ინტერესთა კონფლიქტის გარემოებები განისაზღვრება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის დებულებით.
ამჟამად მოქმედებს კომისიის 2016 წლის 1 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულება“.
2016 წლიდან კომისიის დებულებასა და შესაბამისად ორგანიზაციულ სტრუქტურაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. გაერთიანდა, შეიქმნა და გაიყო რიგი სტრუქტურული ერთეულები. ასევე ზოგიერთ სტრუქტურულ ერთეულს შეეცვალა სახელწოდება და დაემატა ახალი ფუნქციები. აღნიშნულმა ცვლილებებმა გამოიწვია ახალი სამუშაო პროცესების დოკუმენტაციის შექმნისა და ასევე არსებულ სამუშაო პროცესებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის საჭიროება.
2018-2020 წლების განმავლობაში კომისიამ ინტენსიური სამუშაო განახორციელა ორგანიზაციაში ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის დასანერგად. ორგანიზაციის ISO 9001 სერტიფიცირებისთვის მომზადების პროცესში გამოიკვეთა რიგი პროცესები, რომლებიც დამატებით შესწავლასა და ოპტიმიზაციას საჭიროებდა. ცვლილებების ნაწილის აუცილებლობას ასევე განაპირობებდა სატელეკომუნიკაციო ბაზრების განვითარების დინამიკა და სხვა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური და საკანონმდებლო ფაქტორები. შესაბამისად, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია კომისიის ფუნქციონალური ანალიზის ჩატარება, რომელიც განხორციელდა 2022 წლის აგვისტო-ოქტომბერში. კომისიის ფუნქციური ანალიზის პროექტი წარიმართა კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების აქტიური ჩართულობით, რათა დეტალურად გაანალიზებულიყო სტრუქტურული ერთეულების თითოეული ფორმალური ფუნქცია როგორც კანონმდებლობასთან მისი თავსებადობის, ასევე, ზოგადად ფუნქციის განხორციელების ეფექტიანობის თვალსაზრისით.
ჩატარებული ფუნქციური ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ კომისიის ეფექტიანობისათვის, აუცილებელია ცვლილებების სათანადოდ ასახვა, როგორც სამუშაო პროცესების დოკუმენტაციაში, ასევე, კომისიის დებულებაში.
ცვლილებები განპირობებულია როგორც კანონმდებლობაში შესული ცვლილებებით, ასევე ტექნოლოგიური განვითარებითა და კომისიის საქმიანობის ცალკეული მიმართულებების ეფექტურობის გაზრდის საჭიროებით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კომისიის დებულება მტკიცდება კომისიის დადგენილებით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „კომისიის დადგენილება არის ნორმატიული სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება ამ კანონის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“
„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტია ეროვნული კომისიის დადგენილება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ნორმატიულ აქტებს იღებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი ნორმატიულ აქტში ცვლილების (ცვლილებების) ან/და დამატების (დამატებების) შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები.“ ამავე კოდექსის 1061 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი „ნორმატიული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მიღების უფლების მქონე კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება ამავე ორგანოს გადაწყვეტილებით.“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე, 1061 და 1065 მუხლების, ამავე კოდექსის VII და IX თავების და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2022 წლის 22 დეკემბერს, 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გამოაქვეყნოს კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა თაობაზე, წინამდებარე გადაწყვეტილება, მომზადებული დადგენილების პროექტი და განმარტებითი ბარათი.
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს (ს. კაციტაძე) „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge) გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის გადაწყვეტილების პროექტი;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
7. გადაწყვეტილება, გარდა მე-5 პუნქტისა, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
8. გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-6 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარატამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი