წვდომის მენიუ

„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-22-23 / 495

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 25, 2022 15:07

მიღების თარიღი ნოემბერი 24, 2022

„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას.

კომისიის   2022 წლის 23 ივნისის N4 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტს დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, კომისია ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების შესაბამისად, გამოყოფს ნუმერაციის თავისუფალ რესურსს (მოკლე ტექსტური შეტყობინების ნომრებიდან 999XX) და ანიჭებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირს მომხმარებლის მიერ პორტირების მოთხოვნის დასაფიქსირებლად. აღნიშნული ცვლილება ძალაში შედის 2023 წლის პირველი იანვრიდან.

„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია „ნუმერაციის რესურსის გაცემის,  გამოყენების  და ანგარიშსწორების წესების შესახებ“  კომისიის  2012 წლის 17  თებერვლის N2 დადგენილებაში   ცვლილების   განხორციელება,   რომლის   საფუძველზე,  მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს მიენიჭებათ ტექსტური შეტყობინების ერთიანი ნომრით სარგებლობის უფლება.

„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილების თანახმად, 9XXXX ფორმატის ნომრები განკუთვნილია მოკლე ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების გასაგზავნად.

განსახორციელებელი ცვლილების შედეგად, შესაძლებელი გახდება, მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს, მომხმარებლის მიერ პორტირების მოთხოვნის დასაფიქსირებლად, უფასოდ მიენიჭოთ ტექსტური შეტყობინების   ერთი ნომრით (რომლის ფორმატი 5-ციფრიანია (999XX)) სარგებლობის უფლება, პორტაბელურობის ვალდებულების გაუქმებამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება  „ნუმერაციის  რესურსის  გაცემის,  გამოყენების  და  ანგარიშსწორების  წესების შესახებ“ კომისიის 2012 წლის 17 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებამდე (გამოცემამდე) წინამდებარე წესის შესაბამისად საჯარო კონსულტაციებს გამართავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანოქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღებისას. ამდენად, „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების შესახებ“ კომისიის 2012 წლის 17 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების   შეტანის   თაობაზე   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მისაღებად გამართული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, კომისიამ უნდა გამართოს საჯარო კონსულტაციები, რაც გულისხმობს, რომ კომისიის მიერ მომზადებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცემა წერილობითი კომენტარების, მოსაზრებების, შენიშვნების, განცხადებების ან/და წინადადებების (შემდგომში - კომენტარების) წარდგენის შესაძლებლობა. დაინტერესებული მხარეების მიერ წარდგენილი კომენტარები კომისიის პასუხებთან ერთად საჯაროდ გამოქვეყნდება დადგენილების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს  გადაწყვეტილება,  გარდა იმ  შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს. 

ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე, 1061   და 1065 მუხლების, ამავე კოდექსის VII და IX თავების, 177-ე მუხლის მე-4   ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-5, მე-6 და მე-7 მუხლის თანახმად და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2.      საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაიმართოს საჯარო კონსულტაციები;

3. საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვროს  2022 წლის 26 დეკემბერი. კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე  post@comcom.ge.

4. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2022 წლის 29 დეკემბერს 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

5. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე;

6.  დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (ო.  ვოტ)  კომისიის  ოფიციალურ ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოაქვეყნოს:

ა)  ცნობა  საჯარო  ადმინისტრაციული  წარმოების  დაწყებისა  და  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო კონსულტაციაზე წარდგენის თაობაზე, წინამდებარე გადაწყვეტილება, მომზადებული დადგენილების პროექტი, განმარტებითი ბარათი;

ბ)   საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებული მხარის მიერ კომისიაში წარდგენილი კომენტარები (გარდა საიდუმლო/კონფიდენციალური ინფორმაციისა), კომისიაში რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

8. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

9.   კონტროლი   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   (გარდა   მე-6   პუნქტისა)   დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარატამენტს (ა.ქარუმიძე).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე  წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები