წვდომის მენიუ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-22-7 / 430

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2022 11:54

მიღების თარიღი ოქტომბერი 11, 2022

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-22-3/3686,   06.10.22) მომართა    საქართველოში    (ქ.  თბილისში,  სადახლოსა და ხურვალეთის ტერიტორიებზე) დაგეგმილ (2022 წლის 17-18 ოქტომბერი) ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქალბატონი ანიკენ ჰუიტფელდის ვიზიტთან დაკავშირებით, რადიოკავშირისთვის სიხშირის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კომისია ვალდებულია 3 სამუშაო დღით ადრე გამოაქვეყნოს ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად  გადაუდებელი  აუცილებლობისას  კომისია  უფლებამოსილია  ჩაატაროს სხდომა  ამ  მუხლის  მე-5  პუნქტით  გათვალისწინებული  წესების  დაუცველად.  ამ  შემთხვევაში კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ 2022 წლის 13 ოქტომბერს ჩანიშნული სხდომა ვერ ჩატარდება ქვორუმის არარსებობის გამო. კომისიამ 2022 წლის 11 ოქტომბერს გამოაქვეყნა კომისიის №48 დღის წესრიგის პროექტი, რომელშიც შეტანილ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების გაცემის საკითხი და სხდომა აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით გაიმართა 2022 წლის 11 ოქტომბერს 15:00 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ამ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს სიხშირის მინიჭებას მხოლოდ  2022  წლის  17  ოქტომბრიდან  18  ოქტომბერის  ჩათვლით  ქ.  თბილისში, სადახლოსა და ხურვალეთის ტერიტორიებზე დაგეგმილ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გაიცეს უფლება ორი დღის ვადით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად  არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან: ა) საქართველოს   ტერიტორიაზე   არსებული   უცხოეთის  დიპლომატიური   და   მათთან გათანაბრებული დაწესებულებები/წარმომადგენლობები თავიანთი ოფიციალური მიზნებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისას; ბ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროები ან/და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონით დადგენილ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი შეიძლება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებამდე ან ოფიციალურ გაცნობამდეც, თუ დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

„ელექტრონული კომუნიკაციების    შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის მე-3 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის, „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71  მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,   კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება F 2792 შემდეგი პირობებით: სიხშირე - 380.0125 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც) (ქ. თბილისში, სადახლოსა და ხურვალეთის ტერიტორიებზე)   ორი დღით - 2022 წლის 17 ოქტომბრიდან 18 ოქტომბერის ჩათვლით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით საქართველოში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით;

2.  დაევალოს    კომისიის    აპარატის    სამართლებრივი    დეპარტამენტის    ავტორიზაციის    და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

3.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის   აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები