შპს „ორდუნეტის“ (ს/კ419984869) წილის 26%-ის ფიზიკური პირის, ვახტანგ გამსახურდიას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-23-11 / 497

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 31, 2023 14:51

მიღების თარიღი ოქტომბერი 19, 2023

შპს „ორდუნეტის“ (ს/კ419984869) წილის 26%-ის ფიზიკური პირის, ვახტანგ გამსახურდიას მიერ შეძენაზე  თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2023 წლის 6 ოქტომბერს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-6/3194 6.10.2023) მიმართა შპს „ორდუნეტის“ დირქტორმა ვახტანგ გამსახურდიამ მის მიერ კომპანიის წილის 26%-ის შპს „გაზელ ფაინენს ჯორჯია“-საგან შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის  27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ  კონკურენციაზე  შესაძლო  გავლენის  მოხდენის  დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს„ორდუნეტ“-ი 2012 წლის 17 იანვრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1  ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2   ინტერნეტ მომსახურება

WiFi

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

კომისიის  ავტორიზებული  პირთა  უწყებრივი  რეესტრიდან  ამონაწერის თანახმად, შპს „ორდუნეტის“ დამფუძნებლები არიან:

ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში შპს„ორდუნეტის“ 100%-იანი წილის მფლობელი გახდება ვახტანგ გამსახურდია.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად კომპანიის დამფუძნებელი და 74%-იანი წილის მფლობელი ვახტანგ გამსახურდია წარმოადგენს, ასევე, შპს „ორდუნეტ“-ის დირექტორს. ამავე უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად,   შპს „ორდუნეტის“ მფლობელი ვახტანგ გამსახურდია ფლობს წილებს ავტორიზებულ პირ შპს„აირპორტში“ და ავტორიზებულ პირ შპს „ორდუგეში“, 45% და 90% -ს შესაბამისად. ასევე რეესტრიდან იკვეთება სხვადასხვა სახის აფილირება შემდეგ ავტორიზებული პირებთან: შპს„ტივიჯი“, შპს„აილინკი“, შპს„აირმაქსი“, შპს„ინტელკომ ჯგუფი“, შპს„დუბლლაინი“, შპს„ვი-ჯი-ეს ნეთვორქი“, შპს „გეოკოინი“, შპს„სვირინეტი“ შპს„სვირინეტ+“ და ინდ. მეწარმე თორნიკე ანთიასთან.

ამათგან, შემდეგ ავტორიზებულ პირებს: შპს„ორდუნეტი“, შპს„აილინკი“, შპს„აირმაქსი“, შპს„ინტელკომ ჯგუფი“, შპს„დუბლლაინი“, შპს„ვი-ჯი-ეს ნეთვორქი“, შპს „სვირინეტი“, შპს„სვირინეტ+“ და ინდ. მეწარმე თორნიკე ანთიას ავტორიზაცია გავლილი აქვთ ინტერნეტ მომსახურებაზე, ხოლო შპს„ტივიჯის“-მაუწყებლობის ტრანზიტზე და შპს„გეოკოინს“-ჰოსტინგ მომსახურებაზე.

შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ზემოთ აღნიშნული ავტორიზებული პირები ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არიან.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს„ორდუნეტ“-ი ოპერირებს ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის და ხობის რაიონებში. კომპანიის მიერ ავტორიზებადი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი,  აბონენტების   რაოდენობა   და   წილი(%)   შესაბამის   გეოგრაფიულ არეალში არის შემდეგი:

ამავე  სტატისტიკური ბაზის მონაცემებით ზემოთ მოცემულ ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელ, შპს„ორდუნეტთან“ აფილირებულ კომპანიები ინტერნეტ მომსახურებას ეწევიან ძირითადად სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალებში.

როგორც აღინიშნა, ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში შპს„ორდუნეტ“-ის 100%-იანი წილის მფლობელი ხდება კომპანიის დირექტორი და 74% წილის მფლობელი ფიზიკური პირი ვახტანგ გამსახურდია. შესაბამისად, აღნიშნულ ფიზიკურ პირზე კომპანიის წილის დანარჩენი 26%-ის გადაცემა და მის მიერ კომპანიის წილის 100%-ის ფლობა კომპანიისთვის გადაწყვეტილებუნარიანობის კუთხით მოცემულობას არ ცვლის, შესაბამისად არც აფილირებულ კომპანიებთან დამოკიდებულებაში ჩნდება ახალი გარემოებები. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ვახტანგ გამსახურდიას მიერ მიერ შპს „ორდუნეტის“ წილის 26%-ის შპს „გაზელ ფაინენს ჯორჯია“-საგან შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, არ არსებობს შპს „ორდუნეტის“ წილის 26%-ის ფიზიკური პირი ვახტანგ გამსახურდიას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მიეცეს თანხმობა შპს  „ორდუნეტს“ ფიზიკური პირის ვახტანგ გამსახურდიას მიერ შპს „ორდუნეტის“ წილის 26%-ის  შპს „გაზელ ფაინენს ჯორჯია“-საგან შეძენაზე;

2.განემარტოს შპს„ორდუნეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3.ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერგაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „ორდუნეტ“- ი ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიისათვის გაგზავნა (ო.ვოტ);

5.გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიისათვის ჩაბარების დღიდან;

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს  ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კომპანიისთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

ვახტანგ  აბაშიძე          თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე         წევრი

ივანე მახარაძე            წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები