წვდომის მენიუ

კომპანია Swedish Ski Association-ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: გ-23-12 / 114

გამოქვეყნების თარიღი მარტი 10, 2023 16:35

მიღების თარიღი მარტი 09, 2023

კომპანია Swedish Ski Association-ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომპანია Swedish Ski Association-მა კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-8/314, 31.01.23) დაბა ბაკურიანში 2023 წლის 11 თებერვლიდან 5 მარტამდე სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის (FIS) მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად  არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ კომპანია Swedish Ski Association-ს თანხის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა ვადა (წერილები № გ-23-03/258, 06.02.2023 და № გ-23-03/341, 14.02.2023). კომპანიას მითითებულ ვადაში მოთხოვნილი დოკუმენტი  არ წარმოუდგენია.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. განუხილველად დარჩეს კომპანია Swedish Ski Association-ის განცხადება (№ შ-23-8/314, 31.01.23) არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით  სარგებლობის  უფლების მინიჭების თაობაზე;

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების კომპანია Swedish Ski Association-სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით   აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების კომპანია Swedish Ski Association-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები