წვდომის მენიუ

სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“, შპს „ვიონი საქართველოს“ წინააღმდეგ შპს „ირკას“ განცხადების განსახილველად მიღების საკითხის განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-23-12 / 191

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 27, 2023 15:43

მიღების თარიღი აპრილი 13, 2023

სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“, შპს „ვიონი საქართველოს“ წინააღმდეგ შპს „ირკას“ განცხადების განსახილველად მიღების საკითხის განხილვის თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განცხადებით (მიმართვა) მომართა (07.04.2023 Nშ-23-6/1178) შპს „ირკამ“ სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „ვიონი საქართველოს“ წინააღმდეგ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირები ითხოვენ შპს „ირკასგან“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირისაგან, მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფის კატეგორიაში, კერძოდ, ტექსტური შეტყობინების მომსახურების კუთხით (კატეგორიის სახე - B.M.2_1), ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაზე, ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინებების (SMS) დასრულების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განახლებასა და მათგან მიღებული ხელშეკრულების ფორმით უცვლელად ხელმოწერას 2023 წლის 01 აპრილამდე. შპს „ირკას“ განმარტებით, საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინებისათვის, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების მიერ შეთავაზებული განახლებული განმარტებისა და ტარიფების გამო უარი განაცხადა ხელშეკრულებების ხელმოწერაზე.

შპს „ირკას“ განცხადების თანახმად, სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ შეთავაზებული საერთაშორისო SMS-ების    განმარტება  არის დისკრიმინაციული, არასამართლიანი, სახეზეა მათ ხელთ არსებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, SMS-ის, როგორც პროდუქტის დაზიანება და ზოგადად, საქართველოს ბიზნეს გარემოსა და ეკონომიკის დამაზიანებელი ქმედება, შესაბამისად, დავის განხილვის მიზნით, მომართა კომისიას.

შპს „ირკას” განცხადებაში აღნიშნულია შემდეგი:

1. Bulk ტიპის მოკლე ტექსტური შეტყობინების (A2P) დაკვეთა ხორციელდება ინტერნეტ წყაროების მეშვეობით. მისი დაკვეთისას არ გამოიყენება სხვა ადგილობრივი თუ უცხოური ოპერატორის სერვისი, რაც იმას ნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომს“, სს „სილქნეტს“ და შპს „ვიონი საქართელოს“ საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინებების (SMS) დასრულების მომსახურების გაწევისას არ წარმოეშობათ დამატებითი ხარჯი. აღნიშნული ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ინტერნეტ წყაროების მეშვეობით მიღებული დაკვეთისას, ფასის განმსაზღვრელი კრიტერიუმი ვერ იქნება დაკვეთის განხორციელების გეოგრაფიული მდებარეობა (რამდენადაც ეს არ იწვევს ოპერატორისთვის რაიმე დამატებითი ხარჯის, ქმედების ან ვალდებულების დაკისრებას). შესაბამისად, არ არსებობს რაიმე ფიზიკური ან ლოგიკური კავშირი წამოწყების ადგილისა და ტარიფის ზრდის საჭიროებისათვის. კომპანიის მოსაზრებით, შეთავაზებული ხელშეკრულება ხელოვნურად ქმნის ბარიერს ინტერნეტის, როგორც საერთაშორისო ხელმისაწვდომი კავშირის სიკეთეების გამოყენებაზე. აქვე, ამ სახის ხედვას ეყრდნობა თავად კომისიის განმარტებაც A2P შეტყობინებებთან დაკავშირებით, რომლის შესაბამისადაც: ,,მარკეტინგული, კომერციული, სარეკლამო, ინფორმაციული ან სხვა დანიშნულების მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რომლებსაც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ერთი ოპერატორი აპლიკაციის მეშვეობით (A ნომრით, ან მის გარეშე, ე.წ. A2P), დიდი (მასობრივი) რაოდენობით გზავნის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სხვა ოპერატორის ან საკუთარ აბონენტებთან (ე.წ. Bulk SMS), ამგვარი შეტყობინებები წარმოადგენს განსხვავებულ, არასტანდარტული სახის SMS მომსახურებას.“ ასევე, „Bulk SMS და სტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) როგორც აღინიშნა, მომსახურების ბაზრებს განეკუთვნება, რადგან სტანდარტული სახის SMS -ებისგან განსხვავებით A2P და Bulk SMS-ები არ წარმოადგენენ OTT აპლიკაციების მიერ ჩანაცვლებად მომსახურებებს. ესაა ტრადიციული მოკლე ტექსტური შეტყობინების უნიკალურობაც, ვინაიდან მას არ სჭირდება ინტერნეტ კავშირი და მუშაობს ნებისმიერი ტიპის მობილურის ოპერატიული სისტემისთვის და ეს ხდის მას მოსახერხებელს Bulk SMS-ებისთვის.“

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს„ირკას“ მიაჩნია, რომ არასამართლიანი, დისკრიმინაციული და საქართველოს ეკონიმიკისთვის ზიანის მომტანია ის ფაქტი, რომ მომსახურებისთვის, რომელიც არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაწევას, ხორციელდება საფასურის ხელოვნური ზრდა. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, არაადეკვატურად მაღალი ტარიფის დადგენა მიმართულია დისკრიმინაციისაკენ, უცხოური კომპანიებისთვის საქართველოს ბაზარზე არსებობის ინტერესების დაზიანებისა და შპს „ირკასა“ და მისი მსგავსი კომპანიებისათვის სამეწარმეო საქმიანობის ხელოვნურად შეჩერებისაკენ, რადგან არაადეკვატურად მაღალი ტარიფები ასეთ კომპანიებს აიძულებს, მოიძიონ ისეთი ტექნიკური საშუალებები,  რომელთა  დანახარჯიც  იქნება  გაცილებით დაბალი (ან საერთოდ არ იქნება, თუ გამოიყენებენ ინტერნეტსა და ინტერნეტთან დაკავშირებულ აპლიკაციებსა და სოციალურ ქსელებს), რაც საბოლოოდ, SMS-ის, როგორც პროდუქტის ბაზრიდან გაქრობას გამოიწვევს. თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში, სადაც ინტერნეტი და სმარტფონები საზოგადოების ყოველდღიური და განუყოფელი ნაწილია, SMS, როგორც პროდუქტი, ისედაც დგას გაქრობის რისკის წინაშე.

შპს „ირკას“ განმარტებით, ზემოაღნიშნული დასტურდება კომისიის მიერ ჩატარებული კვლევებიდან (რომელიც განთავსებულია კომისიის ვებ-გვერდზე), რომ ყოველწლიურად მცირდება საცალო მომხმარებლების მიერ ამ პროდუქტის გამოყენება, რადგან ბაზარზე არსებობს გაცილებით იაფი, მოქნილი და ეფექტური ტექნიკური არხები შეტყობინებების გაგზავნისათვის. SMS-ის, როგორც პროდუქტის, გამოყენებადობის დიდი წილი მოდის Bulk SMS -ებზე, რომელთა ზრდის  ტენდენცია მიმდინარეობს, რაც   პირდაპირ დაკავშირებულია შპს „ირკასა“ და მისი   საქმიანობის მსგავსი კომპანიების ბაზარზე ოპერირებით. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი კომპანიები დაკარგავენ მომხმარებლებს არაადეკვატურად და უსაფუძვლოდ გაზრდილი ტარიფების გამო, ასეთი კომპანიები შეწყვეტენ არსებობას, რაც საბოლოოდ SMS-ების, როგორც პროდუქტის, ბაზრიდან გაქრობას გამოიწვევს და აღნიშნული სეგმენტი სრულად გადაერთვება ისეთ დაბალფასიან და მოქნილ პროდუქტებზე, რომელსაც ინტერნეტი და სმარტფონები სთავაზობენ.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ29 ქვეპუნქტის თანახმად, „ურთიერთჩართვა არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური და ლოგიკური კავშირი, რომელსაც იყენებს ერთი ან რამდენიმე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რათა ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცეს, დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით, და რომელიც ხორციელდება ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით“. ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების კოდექსის მე-2 მუხლის 28-ე პუნქტის თანახმად, ურთიერთჩართვა არის დაშვების სპეციფიკური სახე, განხორციელებული საჯარო ქსელის ოპერატორებს შორის, საჯარო ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური ან ლოგიკური კავშირის მეშვეობით, რომელიც გამოიყენება იმავე ან სხვა ოპერატორის მიერ იმ მიზნით, რომ ერთი ოპერატორის მომხმარებლებს მიეცეს შესაძლებლობა დაუკავშირდნენ იმავე ოპერატორის ან სხვა ოპერატორის მომხმარებლებს ან ჰქონდეთ დაშვება სხვა ოპერატორის მომსახურებებზე, რა დროსაც ასეთი მომსახურებები მომხმარებელს მიეწოდება ქსელის ოპერატორების მიერ ან ქსელთან დაშვების მქონე ოპერატორების მიერ. დაშვების დირექტივის (2002/19/EC) პრეამბულის მე-6 პუნქტის თანახმად, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ უფლებამოსილება უზრუნველყონ მომსახურებებთან ადეკვატური დაშვება და ურთიერთჩართვა და ამ მომსახურებების ურთიერთოპერაბელურობა ბოლო მომხმარებელთა ინტერესების სასარგებლოდ. კერძოდ, მათ შეუძლიათ უზრუნველყონ ორ წერტილს შორის კავშირი იმ ავტორიზებულ პირზე პროპორციული ვალადებულების დაკისრებით, რომელიც აკონტროლებს მომხმარებლებთან დაშვებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, A2P შეტყობინებების გაგზავნა, რომელთა მიღება ხორციელდება ინტერნეტ არხების, ამ შემთხვევაში, შპს „ირკას“ ვებ-გვერდის მეშვეობით, სამივე ოპერატორის მიერ უნდა განხორციელდეს არსებული (ადგილობრივი) ტარიფებით და არა 8 ცენტით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე იქნება მომსახურებებზე არაადეკვატური დაშვება (უსამართლო და უსაფუძვლო დეფინიციით გამართლებული შეუსაბამოდ მაღალი ტარიფი), რომელიც პირდაპირ აზიანებს როგორც შპს „ირკას“ ინტერესებს, ისე მათ მომხმარებლებს, რადგან ზიანდება როგორც შეტყობინების გამგზავნი, ასევე მისი მომხმარებლების ინტერესები, რომლებიც ვეღარ შეძლებენ SMS-ის მეშვეობით Bulk შეტყობინებების მიღებას არაადეკვატური ტარიფის გამო.

შპს „ირკას“ განცხადების შესაბამისად, შპს ,,მაგთიკომი“, სს ,,სილქნეტი“ და შპს „ვიონი საქართველო“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირები ექცევიან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების ფარგლებში, რომლის მიხედვით, „მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიწოდება უნდა განახორციელოს დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით.“. შპს „ირკას“ მიაჩნია, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინების მომსახურების დასრულების (ტერმინაციის) პირობები უნდა იყოს ერთნაირი, მიუხედავად მისი წამოწყების გეოგრაფიული მდებარეობისა, ბრენდის წარმომავლობის, საქმიანობის ლიცენზირებისა და სხვა კრიტერიუმებისა, როდესაც ოპერატორისთვის მომსახურების გაწევის და მისი ხარჯების ნაწილში არავითარი ცვლილება არ ხორციელდება.

3. შპს „ირკას“ მიაჩნია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მკაფიოდ და ნათლად იქნა განსაზღვრული საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინებების დეფინიცია, რომელიც გულისხმობს მხოლოდ ისეთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რომელთა წარმოწყებაც ხორციელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, ოპერატორების მიერ ხელმოსაწერად შემოთავაზებული ხელშეკრულების პროექტით საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებად ითვლება: ,,ა) არასტანდარტული SMS, რომელიც, მოიცავს ინფორმაციას/სარეკლამო განცხადებას საერთაშორისო კომპანიის ან/და მისი მომსახურების/პროდუქტის/მონაცემის ან/და ტრანზაქციის/მომსახურების/წვდომის შეტყობინების შესახებ, რომლებიც შესრულებულია/წარმოდგენილია საერთაშორისო კომპანიის მიერ (მათ შორის საერთაშორისო კომპანიის მიერ დანიშნული მესამე მხარეების გამოყენებით); ბ) არასტანდარტული SMS, რომელიც, მოიცავს მითითებას/ბმულს დომენური ზონის web რესურსზე, რომელიც არ ეკუთვნის საქართველოს; გ) არასტანდარტული SMS რომლის ანბანურ-ციფრული სახელის საფუძველზე, შეუძლებელია არასტანდარტული SMS თავდაპირველი გამგზავნის/ინიციატორის ან/და მომსახურების/პროდუქტის/მიზნის/მომსახურების/პროდუქტის/ობიექტის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრა, რომელთან დაკავშირებით არასტანდარტული SMS იგზავნება; დ)არასტანდარტული SMS, რომელიც უკავშირდება საერთაშორისო ელექტრონულ გადახდის სისტემას (მაგ.Visa, MasterCard, AmExpress და სხვა), საერთაშორისო ელექტრონულ საფულეს ან/და საერთაშორისო ანგარიშსწორების სისტემას (მაგ WebMoney, Qiwi Wallet და სხვა.), ელექტრონული გადახდის დამუშავების საერთაშორისო პლატფორმას (მაგ PayPal და სხვა.), საერთაშორისო სოციალურ ქსელს (მაგ. facebook, vkontakte, Google+, odnoklassniki, twitter, instagram, fotostrana და სხვა), საერთაშორისო OTT აპლიკაციას (მაგ. Skype, Viber, WhatsApp და სხვა), საერთაშორისო ონლაინ თამაშს (მაგ. World of Tanks, Gameserver, mobitva.com და სხვა), ელექტრონული ფოსტის საერთაშორისო მომსახურებას ან/და ფაილის გაცვლის მომსახურებას ან/და საძიებო სისტემას (მაგ. Mail.Ru, Yahoo, Rumbler.ru, Google, dropmefiles, ifolder.su, exfile.ru, და სხვა) ან/და საერთაშორისო ტაქსის მომსახურებას (მაგ. Uber) ან/და საერთაშორისო ონლაინ მაღაზიას ან/და საერთაშორისო ონლაინ საცალო პლატფორმას (მაგ. Amazon, Ebay); ე) არასტანდარტული SMS, რომელიც დაკავშირებულია ონლაინ დაჯავშნის საერთაშორისო მომსახურებებთან (მაგ. Booking, Airbnb და სხვა), საერთაშორისო ბანკთან (მაგ., Arab Bank) (ფინანსური დაწესებულებების გარდა, რომლებიც  მოქმედებენ  საქართველოს  ტერიტორიაზე  საქართველოს  სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიის შესაბამისად) და საერთაშორისო ავიაკომპანიასთან (მაგ. AirBaltic და სხვა); ვ) არასტანდარტული SMS, რომელიც იგზავნება (წარმოიქმნება) საერთაშორისო კომპანიების (მათ შორის ასეთი კომპანიის წარმომადგენლობის/აფილირებული კომპანიის, კომპანიის, რომელიც ახორციელებს საქმიანობებს კომპანიასთან იმავე ბრენდით/სასაქონლო ნიშნით, კომპანიას, რომელიც თანამშრომლობს კომპანიასთან ფრანშიზის პირობებით) მიერ, მოკლევადიანი (Starbucks, Burger King, Nescafe, L’Oréal, და სხვა) და გრძელვადიანი (Audi, Samsung, Bosch, IKEA, და სხვა) გამოყენების საქონლის გაყიდვასთან, ასევე მომსახურებების (DHL, Netflix, და სხვა) გაწევასთან დაკავშირებით; ზ) არასტანდარტული SMS, რომლებიც იგზავნება SMS gateway (მაგ. SMS-fly, TurboSMS, LetsAds, ePochta SMS და სხვა) მეშვეობით; თ) არასტანდარტული SMS, რომელიც მოიცავს მობილური ქსელის ოპერატორების სახელებს, საქართველოში რეგისტრირებული მობილური ქსელის ოპერატორების გარდა; ი) არასტანდარტული SMS, რომლის  ანბანურ-ციფრული  სახელ(ებ)ი,  რომლებშიც  გამოიყენება  საერთო სახელები/ტერმინები/დეფინიციები, რომლებიც არ იძლევა გამგზავნის (საბოლოო მომხმარებლის) ზუსტი იდენტიფიკაციის შესაძლებლობას, მაგ. „SMS“, „Info“, „Verify“, „NXSMS“ და სხვა; კ) ნებისმიერი არასტანდარტული სახის SMS დასრულება, რომლის გამგზავნის სახელი სათანადო ფორმის დაცვით არ არის შეთანხმებული „სილქნეტთან“. ლ) საერთაშორისო კომპანია ნიშნავს კომპანიას (მათ შორის ასეთი კომპანიის წარმომადგენლობას/შვილობილ/აფილირებულ კომპანიას, კომპანიას, რომელიც ახორციელებს საქმიანობას საერთაშორისო კომპანიასთან იმავე ბრენდით/სასაქონლო ნიშნით, კომპანიას, რომელიც თანამშრომლობს საერთაშორისო კომპანიასთან ფრანშიზის პირობებით), რომელიც: ა)რეგისტრირებულია საქართველოს გარდა ნებისმიერ ქვეყანაში ან/და ბ) ახორციელებს საქმიანობას (ასევე წარმომადგენლობის / აფილირებული კომპანიის მეშვეობით) მსოფლიოს ორ ან მეტ ქვეყანაში ან/და გ) რომლის სათავო ოფისი/ცენტრალური ოფისი რეგისტრირებულია საქართველოს გარდა ნებისმიერ ქვეყანაში ან/და დ) რომლის მომსახურება/ პროდუქტი, რომელთან დაკავშირებით იგზავნება არასტანდარტული SMS, წარმოდგენილია მსოფლიოს ორ ან მეტ ქვეყანაში (ასევე წარმომადგენლობის/აფილირებული კომპანიის და/ან კომპანიის მეშვეობით, რომლებიც თანამშრომლობენ ფრანშიზის პირობების საფუძველზე ან იყენებენ იმავე ბრენდს / სასაქონლო ნიშანს).“

შპს„ირკას“ განცხადების თანახმად, ხელმოსაწერად შემოთავაზებული ხელშეკრულების პროექტიდან წარმოდგენილი ზემოაღნიშნული ამონარიდი ნათლად აჩვენებს, რომ ოპერატორების მიერ   საერთაშორისო  არასტანდარტული სახის  მოკლე ტექსტური შეტყობინებების განსაზღვრება სცილდება კომისიის მიერ დადგენილ ფარგლებს. რაც თავის მხრივ, ქმნის ოპერატორების მიერ ბაზრის მონაწილეთა დისკრიმინაციისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფართო შესაძლებლობებს.

ზემოაღნიშნული დასაბუთების საფუძველზე შპს „ირკას“ მოთხოვნებს წარმოადგენს:

1.  A2P   შეტყობინებების   გაგზავნა,   რომელთა   მიღება   ხორციელდება  ინტერნეტ არხების (smsoffice.ge) და მისი მსგავსი ვებ-გვერდების მეშვეობით, სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“ და შპს„ვიონი საქართველოს“ მიერ  განხორციელდეს დანახარჯებზე დაფუძნებული ტარიფის (ლოკალური არასტანდარტული სახის SMS-ის დასრულების ტარიფი) მიხედვით;

2. მობილური ქსელით არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk)  მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს არ მიეცეთ ბაზარზე არსებული დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენების საშუალება;

3. აღმოიფხვრას დისკრიმინაცია და უზრუნველყოფილი იქნას ამ სფეროში არსებული სხვა მეწარმე სუბიექტების საქმიანობის გაგრძელება.

სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „ვიონი საქართველოს“ წინააღმდეგ შპს „ირკას“ განცხადების განსახილველად მიღების საკითხის განხილვის მიზნით დაინიშნა კომისიის მოსამზადებელი სხდომა 2023 წლის 13 აპრილს 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე ეცნობათ მხარეებს, გაეგზავნათ შეტყობინებები და განემარტათ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, უფლება აქვთ კომისიას წარუდგინონ მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, გაეცნონ ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, მოითხოვონ ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების ასლები.

კომისიის 2023 წლის 13 აპრილის სხდომას ესწრებოდნენ შპს „ირკას“ დირექტორი ზ.კერძევაძე, კომპანიის წარმომადგენლები ს.ჯაში და ნ.არაყიშვილი, შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი ლ.გიორგაძე, შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელი ი.ესართია და სს „სილქნეტის“ წარმომადგენლები თ.ტყეშელაშვილი და ნ.ნიჟარაძე.

შპს „ირკას“ წარმომადგენლის ს.ჯაშის განმარტებით, მობილური ოპერატორები აცხადებენ, რომ დაახლოებით 140-ჯერ ძვირდება შეტყობინების გაგზავნა, რომელიც იგზავნება უცხოური კომპანიის სახელით, რომელიც მსგავსად ქართული კომპანიის სახელით გაგზავნილი შეტყობინებისა, ეგზავნება კომპანიის ვებგვერდებზე რეგისტრირებულ ქართველ მომხმარებელს. აღნიშნული შეტყობინებები იგზავნება ანალოგიურად, იმავე არხში, იგივენაირი მეთოდით, როგორც ის შეტყობინება, რომელსაც გზავნის ქართული კომპანია. ს.ჯაშის განცხადებით, ეს არის დისკრიმინაციული, ვინაიდან არანაირი დამატებითი დანახარჯი არ აქვთ მობილურ ოპერატორებს.

შპს „ირკას“ წარმომადგენელმა ნ.არაყიშვილმა განაცხადა, რომ კომისიას გაკეთებული აქვს საერთაშორისო მოკლე ტექსტური შეტყობინებების განმარტება - ეს არის საქართველოს ფარგლებს გარეთ წამოწყებული შეტყობინება. საერთაშორისო SMS-ის განმარტება, რომელიც ხელშეკრულებაში აქვთ ჩადებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიებს, შეუსაბამობაში მოდის კომისიის განმარტებასთან და კანონით განსაზღვრულ დეფინიციასთან. მისი განმარტებით, თუ კომპანიის სახელწოდება არის უცხოური, იმის მიუხედავად, ის ადგილობრივია თუ არა და რეალურად სად ხდება SMS- ის წამოწყება, 140-ჯერ ძვირი ტარიფი ედება შეტყობინებას. ნ.არაყიშვილმა განაცხადა, რომ კომისია სრულად უნდა იყოს ჩართული, მოკვლევის საფუძველზე უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაარეგულიროს ეს საკითხი, რათა ბაზარზე შენარჩუნდეს სამართლიანობა, რაც ზოგადად, არის მარეგულირებელი ორგანოს ფუნქცია.

კომისიის 2023 წლის 13 აპრილის სხდომაზე, შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ლ.გიორგაძემ განმარტა, რომ შპს „ირკას“ განცხადების განხილვა შედის კომისიის კომპეტენციაში, ამასთან მან აღნიშნა, რომ ყველა კომპანიას, რომელიც ე.წ. Bulk SMS-ების ბიზნესშია, შეატყობინეს ცვლილებების შესახებ, რასაც ყველა კომპანია დაეთანხმა. შპს„ირკა“ აღმოჩნდა ერთადერთი კომპანია, რომელიც თვლის, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები უსამართლოდ ექცევიან. ლ. გიორგაძის განმარტებით, აღნიშნულს ვერ დაეთანხმება, რადგან ცვლილება შეეხო საერთაშორისო მოკლე ტექსტური შეტყობინებების ტარიფს, ხოლო შპს „ირკა“    საერთაშორისო SMS-ებს საერთოდ არ ასრულებს, 2023 წლის პირველ აპრილამდე, მას ასეთი მომსახურება არ ჰქონია. ლ.გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ შპს „ირკას“ განცხადების თანახმად, მთავარ პრეტენზიას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მობილურ ოპერატორებს არ აქვთ უფლებამოსილება დაადგინონ საერთაშორისო, ანუ A2P SMS-სა და ადგილობრივ SMS-ზე განსხვავებული ტარიფი. ლ.გიორგაძემ განმარტა, რომ აღნიშნულ კომპანიებს ეს უფლება აქვთ, რაც დადასტურებულია კომუნიკაციების კომისიის    გადაწყვეტილებით    და    შესაბამისი წერილობითი მტკიცებულებებით. ლ.გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ შპს „ირკასთან“ აქამდე მოქმედ ხელშეკრულებაშიც განსხვავებული იყო საერთაშორისო და ლოკალური SMS-ის ტარიფები და შესაბამისად გაუგებარია, ახლა რატომ გაჩნდა ეს პრეტენზია.

ლ.გიორგაძის განცხადებით, კომისიის 2020 წლის 30 მარტის Nგ-20-9/385 გადაწყვეტილების თანახმად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების ერთ-ერთ მთავარ ვალდებულებას წარმოადგენს ის, რომ ამ მომსახურებაზე საცალო ტარიფი უნდა იყოს უფრო მაღალი, ვიდრე   საბითუმო ტარიფი. ამ ვალდებულებას შპს„მაგთიკომი“ იცავს და ვერცერთ შემთხვევას ვერ წარმოადგენს მხარე, რა დროსაც დარღვეულია ეს პრინციპი და საცალო ტარიფი რომელიმე დამკვეთთან არის საბითუმო ტარიფზე ნაკლები.

კომისიის 2023 წლის 13 აპრილის სხდომაზე შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელმა ი.ესართიამ დაადასტურა, რომ კომისია უფლებამოსილია განიხილოს აღნიშნული დავა და აღნიშნა, რომ გაუგებარია შპს „ირკას“ განცხადების არსი, ვინაიდან,  კომისიამ დაადგინა რეგულაცია და დაავალდებულა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები, რომ ჰქონდეთ სხვაობა საცალო და საბითუმო ტარიფებს შორის, რათა მცირე ბიზნესის ოპერატორებს ბაზარზე არსებობის საშუალება მიეცეთ.

კომისიის 2023 წლის 13 აპრილის სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა თ. ტყეშელაშვილმა განმარტა, რომ შპს „ირკას“  სს„სილქნეტთან“  არ  აქვს საერთაშორისო შეტყობინებების დასრულების შემთხვევები, მხოლოდ ლოკალური შეტყობინებების დასრულება  ხორციელდება.  მან  ასევე  აღნიშნა,  რომ  იყო  შეხვედრები,  რა დროსაც  სს„სილქნეტმა“ არაერთხელ დაუდასტურა შპს „ირკას“, რომ ეს ცვლილება მას არ ეხება.

II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო  ქსელის ელემენტებთან დაშვების     ან/და ურთიერთჩართვის  ტექნიკურ-ეკონომიკური  და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.

2. „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ"   საქართველოს   კანონის   36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  კომისია  ავტორიზებულ პირებს  შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-5პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირებს შორის დავის თაობაზე წარდგენილი განცხადება მიიღება, თუ  მისი მოთხოვნა არ სცილდება კომისიის უფლებამოსილებების ფარგლებს, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, თუ განცხადებაში პირის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა არსებითად დაკავშირებულია იმგვარ მოთხოვნასთან ან  გარემოებასთან,  რომელთან დაკავშირებითაც კომისიას მიღებული აქვს კონკურენციის უზრუნველმყოფი და წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, განცხადების საფუძველზე მხარეთა შორის დავა არ განიხილება. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების  მქონე პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე, ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად.

3.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს.

კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მისი უფლებამოსილების ფარგლებში ავტორიზებულ პირებს შორის   წარმოშობილი   დავების   განხილვა   და  გადაწყვეტა. ვინაიდან,   შპს ,,ირკა“, სს „სილქნეტი“,   შპს „მაგთიკომი“ და შპს ,,ვიონი საქართველო“ წარმოადგენენ ავტორიზებულ პირებს და მათ შორის არსებობს დავა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით, კომისია აღნიშნავს, რომ მსგავსი დავის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში.

შპს „ირკას“ განცხადების თანახმად, სს „სილქნეტის“ შპს „მაგთიკომისა“ და შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინებების (SMS) დასრულების მომსახურების თაობაზე წარდგენილი ხელშეკრულებების პროექტები არ შეესაბამება კომისიის მიერ გაკეთებულ განმარტებას არასტანდარტულ SMS მომსახურებასთან დაკავშირებით და მოყვანილი აქვს ამონარიდი „არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ“ კომისიის 2020 წლის 30 მარტის Nგ-20-9/385 გადაწყვეტილებიდან.

კომისიის 2020 წლის 30 მარტის Nგ-20-9/385 გადაწყვეტილებით, კონკურენციის უზრუნველყოფისა და წინასწარი რეგულირების მიზნით, სს „სილქნეტი“, შპს „მაგთიკომი“ და შპს ,,ვიონი საქართველო“ განისაზღვრნენ მობილური ქსელით არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საქმიანობის განმახორციელებელ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად და დაეკისრათ დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება. შესაბამისად, შპს ,,ირკას“ ზემოაღნიშნული მოთხოვნები არსებითად დაკავშირებულია სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიერ, კონკურენციის უზრუნველმყოფი და წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებით კომისიის მიერ 2020 წლის 30 მარტს მიღებული Nგ-20-9/385 გადაწყვეტილებით მათზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულების შეუსრულებლობასთან და წარმოადგენს აღნიშნული გადაწყვეტილების დარღვევასთან დაკავშირებულ დავას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ განცხადებაში პირის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა არსებითად დაკავშირებულია იმგვარ მოთხოვნასთან ან გარემოებასთან, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას მიღებული აქვს კონკურენციის უზრუნველმყოფი და წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, განცხადების საფუძველზე მხარეთა შორის დავა არ განიხილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია შპს ,,ირკას“ განცხადების საფუძველზე დავის ფარგლებში ვერ განიხილავს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების მიერ, კონკურენციის უზრუნველყოფისა და წინასწარ რეგულირების მიზნით მიღებულ, კომისიის 2020 წლის 30 მარტის Nგ-20-9/385 გადაწყვეტილების დარღვევის საკითხს. შესაბამისად, შპს ,,ირკას“ განცხადება არ უნდა იქნას განხილული დავის რეჟიმში.

ამავე დროს, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს, ადგილი აქვს თუ არა სს „სილქნეტის“, შპს„მაგთიკომისა“ და შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიერ, კონკურენციის უზრუნველყოფისა და წინასწარ რეგულირების მიზნით მიღებული, კომისიის 2020 წლის 30 მარტის Nგ-20-9/385 გადაწყვეტილების დარღვევას, რათა ასეთის გამოვლენის შემთხვევაში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების   მქონე პირთა მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საკითხის განხილვის მიზნით დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების, 36-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, 38-ე მუხლის პირველი  პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  უარი ეთქვას შპს „ირკას“ სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ კონკურენციის უზრუნველყოფისა და წინასწარი რეგულირების მიზნით მიღებული კომისიის 2020 წლის 30 მარტის Nგ-20-9/385 გადაწყვეტილების დარღვევასთან დაკავშირებით დავის განხილვაზე.

2. დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა) შეისწავლოს და წარუდგინოს კომისიას დასკვნა აქვს თუ არა ადგილი სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „ვიონი საქართველოს“  მიერ, კონკურენციის უზრუნველყოფისა  და  წინასწარი რეგულირების მიზნით მიღებული, კომისიის 2020 წლის 30 მარტის Nგ-20-9/385 გადაწყვეტილების დარღვევას.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების შპს„ირკასთვის“, სს„სილქნეტისთვის“, შპს„მაგთიკომისთვის“ და შპს„ვიონი საქართველოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ).

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის  მხარეებისთვის ჩაბარებისთანავე.

5. გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   თბილისის   საქალაქო   სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანიN64) გადაწყვეტილების შპს„ირკასთვის“ სს„სილქნეტისთვის“,  შპს„მაგთიკომისთვის“ და შპს „ვიონი საქართველოსათვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

ვახტანგ აბაშიძე              თავმჯდომარე - მ.შ.

ნათია კუკულაძე            წევრი

ივანე მახარაძე                წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები