წვდომის მენიუ

შპს „კონექტის“ (ს/ნ:205275833) განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე

ნომერი: გ-23-12 / 245

გამოქვეყნების თარიღი მაისი 31, 2023 17:31

მიღების თარიღი მაისი 25, 2023

შპს „კონექტის“ (ს/ნ:205275833) განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“)2023 წლის 4 აპრილს მიმართა შპს „კონექტმა“  (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-6/1120 04.04.2023), კომპანიის პარტნიორის, შპს „დატანეტის“ (ს/ნ:419982219) წილის სრულად კომპანიის დამფუძნებლის ფიზიკური პირი ალექსანდრე ოტიაშვილის მიერ შეძენაზე   წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. კერძოდ, ტრანზაქცია ითვალისწინებდა შპს „დატანეტის“ კუთვნილი, შპს „კონექტის“ 8% წილის ფიზიკური პირი ალექსანდრე ოტიაშვილის მიერ სრულად შეძენას. კომისიამ   Nგ-24-08/829 წერილით კომპანიისაგან მოითხოვა განცხადების „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად წარმოდგენა.  კომპანიამ განაცხადი წარმოადგინა 2023 წლის 16 მაისს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-7/1693, 16.05.2023).

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კონექტი“  2010 წლის 22 ოქტომბრიდან  წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2      ინტერნეტ მომსახურება

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომისიას დადგენილი წესით უნდა წარედგინოს შეტყობინება ავტორიზებული პირის წილის გასხვისების განზრახვის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი - შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება. ამავე მუხლის მე-7 პუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით ზემოაღნიშნული შეტყობინება წარმოადგენს კომისიის მიერ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.

საკითხის განხილვისას დადგინდა, რომ შპს „კონექტის“ წილი, რომელსაც ეხება კომისიაში წარმოდგენილი განაცხადი (Nშ-23-7/1693 16.05.2023), უკვე გასხვისებული იყო, რაც დადასტურდა კომპანიის მიერ წარმოდგენილი, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებითა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიადან 2023 წლის 19 მაისის ამონაწერით. შესაბამისად, სახეზე არ არის კომისიის მიერ წილის გასხვისების თაობაზე თანხმობის გაცემის საკითხის განხილვის წინაპირობა. აქედან გამომდინარე, შპს „კონექტის“ განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.

წინამდებარე საქმეზე გამოვლენილი შესაძლო სამართალდარღვევის თაობაზე კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.  შპს „კონექტი“-ს  (ს/ნ:205275833)  წილის  შეძენაზე  თანხმობის მიცემის თაობაზე წარმოდგენილი განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-7/1693, 16.05.2023) დარჩეს განუხილველად.

2.  დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  ამ  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „კონექტი“-სათვის გაგზავნა (ო.ვოტ);

3.  გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „კონექტი“- სათვის ჩაბარების დღიდან;

4.  გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „კონექტი“-სათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5.  კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები