სს „თელასისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2023 12:38
მიღების თარიღი მარტი 02, 2023
სს „თელასისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სს „თელასმა“ (რეგისტრირებული დიდუბის რ-ის სასამართლოს მიერ, რეგ. N 2/5-86, 14/05/1995; ს.კ. № 202052580) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-7/417, 07.02.23) 2022 წლის 10 მარტის № გ-22-13/123 გადაწყვეტილების შესაბამისი სიხშირული რესურსის (ქ. თბილისში ორი სიხშირული წყვილი) მინიჭების მოთხოვნით. სიხშირული წყვილები გათვალისწინებულია შიდა მოხმარების რადიოსარელეო ხაზის სადგურების ფუნქციონირებისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ სს „თელასის“ მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.
კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი წინასწარ იხდის აღნიშნული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა განისაზღვრება ამავე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფორმულის შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი პუნქტისა შესაბამისად სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მიერ გაანგარიშებულ იქნა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური, რომელმაც სიხშირული რესურსის ერთი წლის ვადით - 2023 წლის 5 მარტიდან 2024 წლის 5 მარტამდე (2023 წლის 24 თებერვლის № 23-10-400 სამსახურებრივი ბარათი) მინიჭების შემთხვევაში შეადგინა 1,287.4 ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 22 თებერვალს სს „თელასს“ გაეგზავნა წერილი № გ-23-03/409, რომლის თანახმად კომპანიას კომისიის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა 1,287.4 ლარი და გადახდის დამადასტურებელი საბუთი წარმოედგინა 2023 წლის 27 თებერვლამდე. სს „თელასმა“ 2023 წლის 2 მარტს კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა 1,287.4 ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 2 მარტის სხდომაზე კომისიამ იმსჯელა სს „თელასის“ წერილთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია სს „თელასისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური, დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭება ერთი წლის ვადით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ 71 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სს „თელასს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F 2873 დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, ერთი წლის ვადით - 2022 წლის 5 მარტიდან 2023 წლის 5 მარტამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. სს „თელასის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;
3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე);
4. დაევალოს სს „თელასს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, სს „თელასისთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) სს „თელასისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:
ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);
ბ) გადაწყვეტილების სს „თელასისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების სს „თელასისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
