წვდომის მენიუ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-13 / 222

გამოქვეყნების თარიღი მაისი 17, 2023 17:54

მიღების თარიღი მაისი 16, 2023

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებით (№04-ს, 03.05.23) რადიოკავშირის უზრუნველყოფისთვის, კომისიის გადაწყვეტილებით №გ-22-13/206, 19.05.2022 მინიჭებული სიხშირული ზოლების ახალი ვადით და №გ-21-13/513, 16.09.2021 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სიხშირული რესურსის მინიჭების მოთხოვნის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კომისია ვალდებულია 3 სამუშაო დღით ადრე გამოაქვეყნოს ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად გადაუდებელი აუცილებლობისას კომისია  უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა  ამ    მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ.

გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციასთან დაშვების მქონე კომისიის ორი წევრი ვერ დაესწრებოდა 2023 წლის 18 მაისს დანიშნულ სხდომას, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესების გათვალისწინებით, კომისიამ 2023 წლის 15 მაისს გამოაქვეყნა კომისიის   სხდომის დღის წესრიგის პროექტი, რომელშიც შეტანილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების საკითხი და სხდომა აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით გაიმართა 2023 წლის 16 მაისს 12:00 საათზე.

,,მაუწყებლობის    შესახებ“    საქართველოს    კანონის    მე-7    მუხლის    მე-6  პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის მე-3 პუნქტის,   საქართველოს   ზოგადი   ადმინისტრაციული   კოდექსის  274 მუხლის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და მე-7 მუხლის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების  თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტებრის №507 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხის“ III თავის მე-14  მუხლის ტ)  პუნქტისა  და V  თავის 21-მუხლისა  და „საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  საქმიანობის  მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციასთან დაშვების მქონე კომისიის ოთხმა წევრმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის საკომუნიკაციო დანიშნულების  რადიოტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისთვის, სიხშირეები,  თანდართული  ჩამონათვალის მიხედვით, ერთი წლის ვადით;

2. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3. სახელმწიფო საიდუმლოებად იქნას მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;

4. აღირიცხოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მინიჭებული რადიოსიხშირული ზოლები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (ი.ხარებავა);

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) ერთი თვის ვადაში;

8. გადაწყვეტილება, დანართის გარეშე გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსს (ა. ქარუმიძე).

ვახტანგ აბაშიძე                თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე           წევრი

ნათია კუკულაძე               წევრი

ივანე მახარაძე                  წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები