შპს ,,რადიო პალიტრას“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიმართ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ საჩივრის გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 05, 2023 11:39
მიღების თარიღი მარტი 30, 2023
შპს ,,რადიო პალიტრას“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიმართ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ საჩივრის გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
I. საქმის აღწერა
1. ა(ა)იპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ შპს ,,რადიო პალიტრას“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიმართ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) საჩივრით (№შ-23-6/917, 21.03.2023) მიმართა.
საჩივარში აღნიშნულია, რომ ა(ა)იპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“, ‘'USAID“-ის სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის მხარდაჭერით, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ახორციელებს სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის პროექტს. საჩივრის ავტორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სკოლამდელი განათლების მიღება ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა, სხვადასხვა მიზეზით, საქართველოში ათასობით ბავშვს სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაზე ხელი არ მიუწვდება. 2023 წლის 17 თებერვალს, ააიპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ განცხადებით (წერილი N25) მიმართა შპს „რადიო პალიტრას“, ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად მომზადებული სოციალური რეკლამის ეთერში განთავსების თაობაზე, რაზედაც, ერთი თვის შემდეგ, 17 მარტს, ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ ვიდეორგოლი რეკლამას უწევდა ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრს“ და არ წარმოადგენდა სოციალურ რეკლამას. საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ შპს „რადიო პალიტრას“ პოზიცია არის დაუსაბუთებელი და უკანონო.
საჩივარში, ასევე აღნიშნულია, რომ 2023 წლის 23 თებერვალს, ააიპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ იგივე შინაარსის წერილით (N49) მიმართა სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“, რომლის წარმომადგენელთან სატელეფონო კომუნიკაცია მხოლოდ 17 მარტს მოხერხდა, რა დროსაც მან აცნობა, რომ კომპანიას ჯერ არ ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება მიწოდებული ვიდეორგოლის რადიოს ეთერში განთავსების თაობაზე. იმავე დღეს, ააიპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ აჭარის რადიოს ელექტრონულ ფოსტაზე შეატყობინა, რომ, ვინაიდან, ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ 23 თებერვლიდან უშედეგოდ ცდილობს აჭარის რადიოს ეთერში სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებით სოციალური რეკლამის განთავსებას, ის 20 მარტს კომუნიკაციების კომისიას საჩივრით მიმართავდა. 20 მარტს, 17:30 საათზე, კვლავ შედგა სატელეფონო კომუნიკაცია მაუწყებლის წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ მაუწყებელს ვიდეორგოლის რადიოს ეთერში განთავსების თაობაზე გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიღებული.
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა. ამავე კანონის, მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის – საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე, მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.
საჩივრის ავტორის განცხადებით მაუწყებლებისთვის წარდგენილი ქართულენოვანი აუდიომასალა სრულად აკმაყოფილებს სოციალური რეკლამისთვის კანონმდებლობით დაწესებულ მოთხოვნებს და ითხოვს:
1. შპს „რადიო პალიტრას“ დაევალოს ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ მიერ 2023 წლის 17 თებერვლის განცხადებით (N25 წერილი) წარდგენილი ქართულენოვანი სოციალური რეკლამის სამაუწყებლო ბადეში განთავსება.
2. სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ დაევალოს ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ მიერ 2023 წლის 23 თებერვლის განცხადებით (N49 წერილი) წარდგენილი ქართულენოვანი სოციალური რეკლამის სამაუწყებლო ბადეში განთავსება.
3. კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად სოციალური რეკლამის სამაუწყებლო ბადეში განუთავსებლობის გამო, შპს „რადიო პალიტრის“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარისტელევიზია და რადიოს“ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას.
ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ საჩივართან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის მიზნით კომისიის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2023 წლის 30 მარტს, 15:00 საათზე.
კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე, შპს „რადიო პალიტრას“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ წარმომადგენელებმა განაცხადეს, რომ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ საჩივრის განხილვა განეკუთვნება კომისიის უფლებამოსილებას.
II. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებს განეკუთვნება მედიამომსახურების ან/და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით - მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ,,ი“ ქვეპუნქტით კი - საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი.
2. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს (ძალადაკარგულად არის ცნობილი მე-2 პუნქტის სიტყვები „გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებს „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
3. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა.
4. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა, რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს.
5. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის თანახმად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) იღებს გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე; ბ) უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქცია; გ) უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის ორგანოებს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე.
6. „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
7. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამა განმარტებულია როგორც მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.
8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.
9. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, ავტორიზებულ პირებსა და მომხმარებლებს შორის დავის განხილვის შემთხვევაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას საჩივრის/განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მაუწყებლებს, მაუწყებლებსა და მომხმარებლებს შორის დავის განხილვის შემთხვევაში – საჩივრის/განცხადების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. თუ არსებობს დავის არსებითი განხილვის წინაპირობები, მოსამზადებელი სხდომა შეიძლება გადაიზარდოს დავის არსებითი განხილვის სხდომაში.
10. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს.
ამდენად, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებს განეკუთვნება მედიამომსახურების ან/და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად უნდა დადგინდეს, უკავშირდება თუ არა საჩივარში დასმული საკითხი კომისიისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას.
როგორც აღინიშნა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომისიის ფუნქციებში შედის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება. თავის მხრივ, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლისა და 21-ე მუხლის 21 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო რეკლამის, მათ შორის, სოციალური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი განეკუთვნება კომისიის უფლებამოსილებებს.
ა(ა)იპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ განცხადებით, მან მაუწყებლებს - შპს ,,რადიო პალიტრას“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ სოციალური რეკლამის სახით განსათავსებლად წარუდგინა ვიდეორგოლი, ხოლო მაუწყებლებმა აღნიშნული ვიდეორგოლი ეთერში არ განათავსეს. საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მაუწყებლების ქმედება არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და ითხოვს სათანადო რეაგირებას. ამრიგად, საჩივარში დასმული საკითხი უკავშირდება მაუწყებლების მიერ სამაუწყებლო რეკლამის, კერძოდ, სოციალური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულების კონტროლს და მისი გადაწყვეტა განეკუთვნება კომისიის უფლებამოსილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა(ა)იპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ საჩივარი განსახილველად უნდა იქნეს მიღებული.
„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. განსახილველ შემთხვევაში დავის გადასაწყვეტად კომისიამ უნდა დაადგინოს განეკუთვნება თუ არა ა(ა)იპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ მიერ მაუწყებლებისთვის წარდგენილი ვიდეორგოლი „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სოციალურ რეკლამას და დაარღვიეს თუ არა მაუწყებლებმა კანონმდებლობის მოთხოვნები აღნიშნული ვიდეორგოლის განთავსებაზე უარის თქმით. კომისია მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას და „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მიზანშეწონილია ა(ა)იპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ საჩივარი განხილულ იქნეს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით (იხ. ,,ტელეკომპანია ,,კავკასიის“ მიმართ ა(ა)იპ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრის (20-6/5992, 27.11.2020) გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილება (№შ-20-16/880, 03.12.2020); „შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ მიმართ ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობის“ საჩივართან (№შ-20-6/4641, 08.09.2020) დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილება (№გ-20-16/707, 17.09.2020).
III. სარეზოლუციო ნაწილი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“, ,,ი“ და ,,ლ“ ქვეპუნქტების, მე-14 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, 65-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის 171 მუხლის, 21-ე მუხლის 21 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,რადიო პალიტრას“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიმართ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ საჩივარი მიღებულ იქნეს განსახილველად.
2. ა(ა)იპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრსა“ და შპს ,,რადიო პალიტრას“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2023 წლის 20 აპრილს, 15:00 საათზე.
3. დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს ა(ა)იპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ საჩივარზე თანდართული ვიდეორგოლის შესწავლა და 2023 წლის 6 აპრილამდე შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა (კ. ქორიძე).
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის დაუყონებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
6. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
