შპს ,,რადიო პალიტრას“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიმართ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2023 12:04
მიღების თარიღი აპრილი 20, 2023
შპს ,,რადიო პალიტრას“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიმართ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
I. საქმის აღწერა
ა(ა)იპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ შპს ,,რადიო პალიტრას“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიმართ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) საჩივრით (№შ-23-6/917, 21.03.2023) მიმართა.
საჩივარში აღნიშნულია, რომ ა(ა)იპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“, ‘'USAID“-ის სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის მხარდაჭერით, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ახორციელებს სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის პროექტს. საჩივრის ავტორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სკოლამდელი განათლების მიღება ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა, სხვადასხვა მიზეზით, საქართველოში ათასობით ბავშვს სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაზე ხელი არ მიუწვდება. 2023 წლის 17 თებერვალს, ა(ა)იპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ განცხადებით (წერილი №25) მიმართა შპს „რადიო პალიტრას“, ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად მომზადებული სოციალური რეკლამის ეთერში განთავსების თაობაზე, რაზედაც, ერთი თვის შემდეგ, 17 მარტს, ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ ვიდეორგოლი რეკლამას უწევდა ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრს“ და არ წარმოადგენდა სოციალურ რეკლამას. საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ შპს „რადიო პალიტრას“ პოზიცია არის დაუსაბუთებელი და უკანონო.
საჩივარში, ასევე აღნიშნულია, რომ 2023 წლის 23 თებერვალს, ა(ა)იპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ იგივე შინაარსის წერილით (№49) მიმართა სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“, რომლის წარმომადგენელთან სატელეფონო კომუნიკაცია მხოლოდ 17 მარტს მოხერხდა, რა დროსაც მან აცნობა, რომ კომპანიას ჯერ არ ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება მიწოდებული ვიდეორგოლის რადიოს ეთერში განთავსების თაობაზე. იმავე დღეს, ა(ა)იპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ აჭარის რადიოს ელექტრონულ ფოსტაზე შეატყობინა, რომ, ვინაიდან, ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ 23 თებერვლიდან უშედეგოდ ცდილობს აჭარის რადიოს ეთერში სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებით სოციალური რეკლამის განთავსებას, ის 20 მარტს კომუნიკაციების კომისიას საჩივრით მიმართავდა. 20 მარტს, 17:30 საათზე, კვლავ შედგა სატელეფონო კომუნიკაცია მაუწყებლის წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ მაუწყებელს ვიდეორგოლის რადიოს ეთერში განთავსების თაობაზე გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიღებული.
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა. ამავე კანონის, მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის – საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე, მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.
საჩივრის ავტორის განცხადებით მაუწყებლებისთვის წარდგენილი ქართულენოვანი აუდიომასალა სრულად აკმაყოფილებს სოციალური რეკლამისთვის კანონმდებლობით დაწესებულ მოთხოვნებს და ითხოვს: 1. შპს „რადიო პალიტრას“ დაევალოს ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ მიერ 2023 წლის 17 თებერვლის განცხადებით (№25 წერილი) წარდგენილი ქართულენოვანი სოციალური რეკლამის სამაუწყებლო ბადეში განთავსება. 2. სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ დაევალოს ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ მიერ 2023 წლის 23 თებერვლის განცხადებით (№49 წერილი) წარდგენილი ქართულენოვანი სოციალური რეკლამის სამაუწყებლო ბადეში განთავსება. 3. კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, სოციალური რეკლამის სამაუწყებლო ბადეში განუთავსებლობის გამო, შპს „რადიო პალიტრას“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას.
ა(ა)იპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ განცხადებით, მან მაუწყებლებს - შპს ,,რადიო პალიტრას“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ სოციალური რეკლამის სახით განსათავსებლად წარუდგინა ვიდეორგოლი, ხოლო მაუწყებლებმა აღნიშნული ვიდეორგოლი ეთერში არ განათავსეს. ვინაიდან, საჩივარში დასმული საკითხი უკავშირდებოდა მაუწყებლების მიერ სამაუწყებლო რეკლამის, კერძოდ, სოციალური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულების კონტროლს და მისი გადაწყვეტა განეკუთვნებოდა კომისიის უფლებამოსილებას, კომისიამ 2023 წლის 30 მარტის № გ-23-16/156 გადაწყვეტილებით შპს ,,რადიო პალიტრას“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიმართ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ საჩივარი (№შ-23-6/917, 21.03.2023) განსახილველად მიიღო, ხოლო დავის განხილვა დაინიშნა 2023 წლის 20 აპრილს.
2023 წლის 19 აპრილს, კომისიაში შემოვიდა ა(ა)იპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-6/1269 19.04.2023), სადაც აღნიშულია, რომ კომისიისთვის საჩივრით მიმართვისა და განსახილველად მისი წარმოებაში მიღების შემდეგ, შპს ,,რადიო პალიტრამ“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიომ“ მის მიერ წარდგენილი სოციალური რეკლამა ეთერში განათავსეს. შესაბამისად, ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, დავის საგანი აღარ არსებობს და ზემოაღნიშნულ საჩივარს იხმობს უკან.
II. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებს განეკუთვნება მედიამომსახურების ან/და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით - მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ,,ი“ ქვეპუნქტით კი - საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი.
2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
3. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს (ძალადაკარგულად არის ცნობილი მე-2 პუნქტის სიტყვები „გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებს „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
4. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგებილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია მაუწყებლებსა და მომხმარებლებს შორის დავებს განიხილავს ამ წესების შესაბამისად და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით.
5. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დავის განხილვის დაწყებისას კომისია ეკითხება მხარეებს, ხომ არ სურთ დავის მორიგებით დამთავრება. მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ დავის მორიგებით დამთავრება. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით დაამტკიცოს მორიგება ან არ დაეთანხმოს მორიგებას და მიიღოს სხვა გადაწყვეტილება, თუ მხარეთა მორიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. განმცხადებელი/საჩივრის ავტორი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე. მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის/საჩივრის ავტორის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
როგორც აღინიშნა, ა(ა)იპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ უარს აცხადებს საჩივარზე., აქედან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. შესაბამისად, უნდა შეწყდეს შპს ,,რადიო პალიტრას“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიმართ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ საჩივრის (№შ-23-6/917, 21.03.2023) განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.
III. სარეზოლუციო ნაწილი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“, ,,ი“ და ,,ლ“ ქვეპუნქტების, მე-14 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 451 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავის გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს შპს ,,რადიო პალიტრას“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიმართ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით კომისიის 2023 წლის 30 მარტის №გ-23-16/156 გადაწყვეტილებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრისთვის“, შპს ,,რადიო პალიტრასთვის“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრისთვის“, შპს ,,რადიო პალიტრასთვის“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ ჩაბარებისთანავე.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების მხარეებისთვის დაუყონებლივ გაგზავნა და კომისიის ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
5. გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-4 პუნქტის გარდა) კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
