წვდომის მენიუ

შპს ,,ტელეიმედის“ მიმართ ა(ა)იპ ,,საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: გ-23-16 / 215

გამოქვეყნების თარიღი მაისი 15, 2023 14:09

მიღების თარიღი მაისი 04, 2023

შპს ,,ტელეიმედის“ მიმართ ა(ა)იპ ,,საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ   კომისიას საჩივრით მიმართა ა(ა)იპ ,,საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-6/1315; 20.04.2023). საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ 2022 წლის 18 სექტემბერს და 4 დეკემბერს შპს ,,ტელეიმედმა“ პროგრამა ,,იმედის კვირაში“ განათავსა    მადისკრედიტირებელი    სიუჟეტები  ა(ა)იპ  ,,საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ პროექტ ,,ფაქტ-მეტრის“ შესახებ, რაც გასაჩივრდა შპს,,ტელეიმედის“ თვითრეგულირების ორგანოში. თვითრეგულირების  ორგანომ ორივე შემთხვევაში ნაწილობრივ  დააკმაყოფილა  საჩივარი  და დაადგინა  როგორც ფაქტობრივი სიზუსტის, ასევე, სამართლიანი მოპყრობისა და მიუკერძოებლობის შესახებ  კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ (შემდგომში ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“) მოთხოვნების დარღვევა. მომჩივანი უთითებს, რომ ფაქტობრივი სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და მაუწყებელთა ქცევის კოდექსი მაუწყებლებს ავალდებულებს არსებითად მცდარი ფაქტის შესწორებას, რასაც შპს ,,ტელეიმედი“ უკვე თვეებია არ ასრულებს. ასევე, მომჩივანი უთითებს, რომ მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს მიაჩნია, რომ შპს,,ტელეიმედის“ თვითრეგულირების მექანიზმის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი არ არის ეფექტიანი.

მოთხოვნა:

საჩივარში მოთხოვნილია შპს,,ტელეიმედის“ თვითრეგულირების ორგანოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ შპს ,,ტელეიმედის“ მიერ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობის შესწავლა, კერძოდ, შპს ,,ტელეიმედის“ თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის შესწავლა და კომისიის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ზომების მიღება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჩივრისა და თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით ვერ დგინდებოდა ვინ იყო მომჩივანი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე, 78-ე და 83-ე მუხლების შესაბამისად, საჩივარზე ხელის მომწერ პირს მ. რეხვიაშვილს ეთხოვა დაეზუსტებინა საჩივარი, კერძოდ, დაეზუსტებინა, თუ ვინ იყო მომჩივანი შპს ,,ტელეიმედთან“ მიმდინარე დავაში (კომისიის წერილი N გ-23-03/908; 24.04.2023). 2023 წლის 26 აპრილს, ა(ი)იპ ,,საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“ წარმოადგინა დოკუმენტი, რომლის საფუძველზე მ. რეხვიაშვილი  უფლებამოსილია წარმოადგინოს ა(ი)იპ ,,საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ კომისიაში (კომისიაში რეგისტრაციის (Nშ-23-6/1404; 26.04.2023).

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, შპს ,,ტელეიმედის“ მიმართ ა(ა)იპ ,,საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით,  კომისიის სხდომა დაინიშნა 2023 წლის 4 მაისს, რის თაობაზეც შეტყობინებებით (Nგ-23-03/962;01.05.2023;Nგ-23-03/961;01.05.2023) ეცნობათ შპს ,,ტელეიმედს“ და ა(ა)იპ ,,საქართველოს რეფორმების ასოციაციას“. მათ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისიის დისტანციურად გამართულ სხდომას ესწრებოდნენ ა(ა)იპ ,,საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ წარმომადგენელი მ. რეხვიაშვილი და შპს ,,ტელეიმედის წარმომადგენელი ა.ლაშხი. კომისიის სხდომაზე მ. რეხვიაშვილი დაეთანხმა საჩივარში მოყვანილ გარემოებებს და მოთხოვნას. მან განაცხადა, რომ კომისიის უფლებამოსილებაა, ზედამხედველობა გაუწიოს, ეფექტიანია თუ არა მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანო.  მისი აზრით,  ეს ეხება  არა  მხოლოდ  ტექნიკურ  მხარეს  - თვითრეგულირების ორგანო საქმეებს განიხილავს თუ არა, არამედ იმ ნაწილსაც, როდესაც მან საჩივარი განიხილა და დაადგინა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ამა თუ იმ სახით დარღვევა, აღასრულა თუ არა ტელეკომპანიამ ქცევის კოდექსის მოთხოვნა გადაწყვეტილების მიღების შემდგომ. მან ასევე, აღნიშნა, რომ კომისიას შეუძლია მაუწყებელს დაავალოს არა ის, თუ როგორ გააშუქოს ფაქტი, არამედ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ დადგენილი ფაქტის დეკლარირება. შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელმა ა. ლაშხმა არ გააკეთა ახსნა-განმარტება.

II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს  მედიამომსახურებისა   და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ლ) ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურების ან/და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის  კოდექსის საფუძველზე   შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;

3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს.

(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი მე-2 პუნქტის სიტყვები „გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56- ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებს „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“) - საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 – სსმ IV, №82, 17.11.2009წ., გვ.1;

4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა;

5. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს;

6. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის (2022 წლის 30 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, მაუწყებლები ვალდებული არიან, მიიღონ ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაინტერესებულ პირს საწყისი განცხადების გაკეთებიდან, მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან, 10 დღის ვადაში უფლება აქვს მოსთხოვოს შესაბამის მაუწყებელს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც გაკეთდა საწყისი განცხადება, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, შესწორების ან უარყოფის მოთხოვნის უფლება არ არსებობს, თუ: ა) შესწორების ან უარყოფის მოთხოვნა არ წარდგენილა საწყისი განცხადების გაკეთებიდან 10 დღის ვადაში; ბ) საწყისი განცხადება ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს ან მომჩივანი არ არის განცხადებაში ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული პირი; გ) შესწორებას ან უარყოფას პირდაპირი კავშირი არ აქვს საწყის განცხადებასთან ან მისი ზომა, ფორმა და შინაარსი სცდება იმ ფარგლებს, რომლებიც აუცილებელია საწყის განცხადებაში მოყვანილი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებისთვის ან უარყოფისთვის, ან თუ ხდება საწყის განცხადებაში გამოთქმული აზრის და არა ფაქტის შესწორება ან უარყოფა; დ) შესწორება  ან  უარყოფა  შეიცავს  ცილისწამებას  ან  საქართველოს  კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით ან 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით აკრძალულ მოწოდებას; ე) შესწორება ან უარყოფა უსაფუძვლოდ ეხება მესამე პირს; ვ) მომჩივანი ვერ ასაბუთებს თავის კანონიერ ინტერესს;

7. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591  მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში;

8. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ამ  კანონის 52-ე,  54-ე, 56-ე  და 59-ე  მუხლებით  გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, ასევე ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან რომელიმე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება.

(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი პირველი და მე-2 პუნქტების სიტყვები „ამ კანონის 52- ე, 54-ე, 56-ე ...მუხლებით გათვალისწინებული ნორმების“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56- ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებს „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“)  -  საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 – სსმ IV, №82, 17.11.2009წ., გვ.1;

9.  მაუწყებელთა ქცევის კოდექსის  მე-6 მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, დაინტერესებულ პირს საწყისი განცხადების გაკეთებიდან, მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან 10 დღის ვადაში უფლება აქვს მოსთხოვოს შესაბამის მაუწყებელს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც გაკეთდა საწყისი განცხადება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით დადგენილი წესით. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მიეწოდება მიუკერძოებლად და ჯეროვანი სიზუსტით. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის წყაროს და ფაქტების სიზუსტე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია მიაწოდოს აუდიტორიას სანდო და ზუსტი ინფორმაცია, არ დაუშვას ცრუ ამ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომების შესწორება უნდა მოხდეს ღიად და დაუყოვნებლივ, თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით სათანადო საეთერო დროს, მას შემდეგ, რაც მაუწყებლისათვის ცნობილი გახდება შეცდომის შესახებ;

10. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის  მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელს უფლება აქვს აირჩიოს  თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და ამ კოდექსის შესაბამისად, რომელიც შეესაბამება მაღალ პროფესიულ სტანდარტებს და ითვალისწინებს საჩივრის ეფექტიანად განხილვის გამჭვირვალე პროცედურას და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. ამავე კოდექსის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღება მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურის საფუძველზე და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს საჩივრის განხილვის გამჭვირვალე პროცესი, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჩივრები განიხილება დროულად, გონივრულ ვადაში. თუ გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია 21 დღეზე  მეტი  ვადა,  მაუწყებელი ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება ვადის გაზრდის თაობაზე და აცნობოს ამის შესახებ ყველა დაინტერესებულ პირს. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საჩივრის თაობაზე მაუწყებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 7 დღის ვადაში თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში, რომელსაც ქმნის მაუწყებელი ან მათი გაერთიანება. ამავე კოდექსის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჩივრის განხილვისას მაუწყებელმა (სააპელაციო ორგანომ) უნდა უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის დასწრება, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჩივართან და სააპელაციო საჩივართან აპელაციასთან დაკავშირებით  მიღებული  გადაწყვეტილება  უნდა  იყოს  წერილობითი და დასაბუთებული. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება ყველა დაინტერესებულ მხარეს;

11.კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მოსამზადებელ სხდომაზე  კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს.

კომისია აღნიშნავს, რომ სადავო სიუჟეტები შპს ,,ტელეიმედის“ ეთერში განთავსდა 2022 წლის 18 სექტემბერს და 4 დეკემბერს, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (დოკუმენტის ნომერი: 2482-Xრს-Xმპ; მიღებისთარიღი: 22.12.2022; სარეგისტრაციოკოდი: 450140000.05.001.020772; ამოქმედების თარიღი: 30.12.2022) ამოქმედებამდე. შესაბამისად,  საჩივრის  განსახილველად  მიღების  საკითხის განხილვისას კომისია 2022 წლის 30 დეკემბრამდე დამდგარი გარემოებების შეფასებისას მხედველობაში მიიღებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 2022 წლის 30 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის ნორმებს.

ა(ა)იპ ,,საქართველოს რეფორმების ასოციაციას“ მიაჩნია, რომ შპს ,,ტელეიმედის“ თვითრეგულირების მექანიზმის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი არ არის ეფექტიანი და მისი მოთხოვნაა შპს ,,ტელეიმედის“ თვითრეგულირების ორგანოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ შპს ,,ტელეიმედის“ მიერ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობის შესწავლა, კერძოდ, შპს ,,ტელეიმედის“ თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის შესწავლა და  კომისიის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ზომების მიღება.

როგორც ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან ირკვევა, 2022 წლის 9 დეკემბრისა და 2023 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებებით შპს ,,ტელეიმედის“ თვითრეგულირების საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მალხაზ რეხვიაშვილისა და ა(ა)იპ ,,საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ საჩივრები და დაადგინა შპს ,,ტელეიმედის“ მიერ ჯეროვანი სიზუსტის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანი მოპყრობის თაობაზე მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მოთხოვნების დარღვევა. შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების საბჭოს გადაწყვეტილებები შპს „ტელეიმედის“ მიერ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მოთხოვნების დარღვევის დადასტურებით შემოიფარგლება. ხსენებული გადაწყვეტილებებით არ არის განსაზღვრული შპს „ტელეიმედის“ მიერ დარღვევის აღმოფხვრის მიზნით კონკრეტული ღონისძიებების  გატარების   ვალდებულება.   მნიშვნელოვანია   აღინიშნოს,   რომ   შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების საბჭოს გადაწყვეტილებები გასაჩივრებული არ არის თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში არც მომჩივნის და არც მაუწყებლის მხრიდან.

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი    ვალდებულია    ქცევის    კოდექსის    საფუძველზე  შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. განსახილველ შემთხვევაში შპს„ტელეიმედის“ თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით ცალკეულ ეპიზოდებში დადასტურდა შპს „ტელეიმედის“ მიერ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ნორმების დარღვევა, ხოლო აღნიშნული დარღვევის აღმოფხვრის მიზნით მაუწყებელს არ დაკისრებია კონკრეტული ვალდებულება. იმ მოცემულობაში, როდესაც თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ადგენდა მაუწყებლის მიმართ რაიმე ვალდებულებას, ხოლო ხსენებული გადაწყვეტილება, არ ყოფილა გასაჩივრებული მხარეთა მიერ, მაუწყებლის მიერ თვითრეგულირების ორგანოს დავალების გარეშე, კონკრეტული ქმედების განხორციელების ვალდებულების არსებობა/არარსებობა, არ შეიძლება შეფასდეს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მიზნებისთვის თვითრეგულირების ორგანოს ეფექტიანობის ჭრილში. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით საჩივარში დასმული საკითხი არ უკავშირდება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული თვითრეგულირების ეფექტიანობის მოთხოვნას.

მოცემულ შემთხვევაში, მომჩივანი მიუთითებს, რომ შპს ,,ტელეიმედმა“ არ მიიღო შესაბამისი ზომები ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით და არ გამოასწორა გადაცემების მიმდინარეობისას დაშვებული შეცდომები. მომჩივნის მიერ დასაბუთებული არ არის მისი მოთხოვნის ურთიერთმიმართება თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობასთან.

ამრიგად, საჩივარში იდენტიფიცირებულია მაუწყებლის ვალდებულება, პროაქტიულად განახორციელოს გარკვეული ქმედებები და შეასწოროს შეცდომები თუ დადგინდება, რომ მის ეთერში არ იყო უზრუნველყოფილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტე. აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს არა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თვითრეგულირების ორგანოს ეფექტიანობის მოთხოვნიდან, არამედ - „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე  მუხლითა (2022 წლის 30 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და  მაუწყებელთა  ქცევის კოდექსის მე-12-მე-13 მუხლებით დადგენილი ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნიდან.

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და 591 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლითა (2022 წლის 30 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-12-მე-13 მუხლებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე რეაგირება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მაუწყებლის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე შექმნილი თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. შესაბამისად, საჩივარში დაყენებული მოთხოვნის განხილვა და გადაწყვეტა არ განეკუთვნება კომისიის უფლებამოსილებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  ა(ა)იპ,,საქართველოს რეფორმების ასოციაციას“ უარი უნდა ეთქვას საჩივრის განხილვაზე.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის, მე-14 მუხლის, 52-ე მუხლის (2022 წლის 30 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), 591   მუხლის, კომისიის 2009  წლის 12  მარტის N2  დადგენილებით დამტკიცებული ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ III თავის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.ა(ა)იპ ,,საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-6/1315;20.04.2023) შპს,,ტელეიმედის“ მიმართ არ იქნას მიღებული განსახილველად;

2.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების მხარეებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების     მხარეებისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5.გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა) კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური               თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე           წევრი

ეკატერინე იმედაძე      წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები