სს ,,საქართველოს რკინიგზის“ მიმართ შპს ,,მულტინეტის“ (ს.კ. 405338674) საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-23-16 / 466

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 12, 2023 17:49

მიღების თარიღი ოქტომბერი 05, 2023

სს ,,საქართველოს რკინიგზის“ მიმართ შპს ,,მულტინეტის“ (ს.კ. 405338674) საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვის თაობაზე

I. საქმის აღწერა

შპს   ,,მულტინეტმა“ საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნულ  კომისიას  (შემდგომში  - კომისია) სს ,,საქართველოს რკინიგზის“ წინააღმდეგ საჩივრით (№შ-23-6/3082; 27.09.2023) მომართა. საჩივარში აღნიშნულია, რომ 2022 წლის 10 თებერვალს, კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის   №671/9 გადაწყვეტილებისა  და  სს  ,,საქართველოს  რკინიგზის“  მოწვევის ოფერტის საფუძველზე, შპს ,,მულტინეტსა“ და სს ,,საქართველოს რკინიგზას“ შორის გაფორმდა სატელეკომუნიკაციო მომსახურების    შესახებ  ხელშეკრულება,  რომლის მიხედვით, სს ,,საქართველოს რკინიგზა“ იღებდა ვალდებულებას შპს ,,მულტინეტისთვის“ გაეწია მაგისტრალურ/ძირითად გადაცემის ქსელთან დაშვების მომსახურება. მომსახურება მიღებულად მიიჩნეოდა  მხარეთა მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების  შემდეგ, რომელიც დადასტურდებოდა  ორივე  მხარის  უფლებამოსილი  წარმომადგენლის მიერ.

2023 წლის იანვრის ჩათვლით, მიღებული მომსახურების შესაბამისად, მხარეთა შორის ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების   აქტი   ყოველი   საანგარიშო   თვის   დასაწყისში,   რაც მოწმდებოდა ორივე მხარის მიერ, რის შემდგომ ხდებოდა ანგარიშსწორება.

შპს ,,მულტინეტის“ განცხადებით, მომსახურების გაწევისას ადგილი ჰქონდა ხარვეზებს, რის შესახებ, 2023 წლის 10 თებერვალს,  სს  ,,საქართველოს  რკინიგზას“  წერილობით მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ სს  ,,საქართველოს  რკინიგზა“  ვალდებული  იყო უზრუნველეყო შეუფერხებელი მომსახურების გაწევა ხელშეკრულების პირობებისა და

,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-19  მუხლის  მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის  მიხედვით,  სს  ,,საქართველოს  რკინიგზას“  არ  მოუხდენია რეაგირება ხარვეზიანი მომსახურების გამოსასწორებლად. ვინაიდან, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ მიერ არაჯეროვნად სრულდებოდა ვალდებულება და ასევე, უპასუხოდ დარჩა მისი წერილი, შპს ,,მულტინეტი“ არ ადასტურებდა სს ,,საქართველოს რკინიგზის“ მიერ გამოგზავნილ მიღება-ჩაბარების აქტს.

შპს ,,მულტინეტი“ აღნიშნავს, რომ  2023 წლის  7 ივლისს, სს ,,საქართველოს რკინიგზამ“ წერილობით აცნობა არსებული დავალიანების შესახებ და განუმარტა, რომ თუ 30 დღის ვადაში არ დაფარავდა დავალიანებას, ხელშეკრულების შესაბამისად, სს ,,საქართველოს რკინიგზა“ უფლებამოსილი  იყო ცალმხრივად  შეეწყვიტა  ხელშეკრულება.  აღნიშნული წერილის მიღების შემდეგ, შპს ,,მულტინეტის“ მიერ სრულად იქნა დაფარული დავალიანება, ასევე დარიცხული საურავი, რაც დასტურდება სს ,,საქართველოს რკინიგზის“ 2023 წლის 10 და 14 აგვისტოს ელექტრონული წერილებით.

შპს ,,მულტინეტის“ განცხადებით, 2023 წლის 9 აგვისტოს, სს ,,საქართველოს რკინიგზამ“ მოსთხოვა დაედასტურებინა სურდა თუ არა ხელშეკრულების გაგრძელება, რაზედაც, იმავე დღეს, შპს ,,მულტინეტმა“ წერილობითი თანხმობა გაუგზავნა. მიუხედავად ამისა, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ 2023 წლის 21 აგვისტოს წერილით ეცნობა, რომ მის მიერ ვალდებულებების  სისტემატურად  დარღვევის  გამო,  წერილის  ჩაბარების  დღიდან,  სს ,,საქართველოს რკინიგზა“ ცალმხრივად წყვეტდა ხელშეკრულებას.

შპს ,,მულტინეტის“ განმარტებით, არ არსებობდა ხელშეკრულების ვადაზე ადრე ან/და ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან შპს ,,მულტინეტს“ ამ დროისთვის უკვე სრულად ჰქონდა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება და მხარეთა შორის არ ფიქსირდებოდა არანაირი დავალიანება, რაც დადასტურებული იყო სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ელექტრონული წერილებით. აღნიშნულის შესახებ, 2023 წლის 29 აგვისტოს, შპს ,,მულტინეტმა“ წერილობით  აცნობა  სს  ,,საქართველოს რკინიგზას“, რომლისგანაც, 2023 წლის 1 სექტემბერს, მიიღო საპასუხო წერილი, სადაც ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია ახალი მიზეზი - ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შპს ,,მულტინეტის“ მიერ სადეპოზიტო თანხის გადაუხდელობა.

შპს ,,მულტინეტის“ განმარტებით, 2022 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, თუ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე 15 კალენდარული დღით ადრე რომელიმე მხარე არ მოითხოვს ხელშეკრულების შეწყვეტას, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება ერთი წლის ვადით. ამავე დროს, მხარეთა შორის 2022 წლის 10 აგვისტოს გაფორმებული შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისა და ამავე შეთანხმების მე-3 პუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო თანხის ჩარიცხვის დღიდან და მოქმედებს ერთი წლის ვადით. შპს ,,მულტინეტი“ აღნიშნავს, რომ მხარეებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ გამოუხატავთ ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილი. მეტიც, ამ პერიოდში მხარეთა შორის მიმდინარეობდა კომუნიკაცია, საიდანაც დასტურდებოდა მათი მხრიდან ხელშეკრულების მოქმედების გაგრძელების სურვილი.   ამასთან,   ხელშეკრულების   შეწყვეტამდე   რამდენიმე   დღით   ადრე   შპს ,,მულტინეტმა“ სრულად დაფარა მიმდინარე დავალიანება, რაც, ასევე ადასტურებდა მისი მხრიდან ხელშეკრულების გაგრძელების სურვილს და მზადყოფნას.

შპს ,,მულტინეტის“ განცხადებით, ხელშეკრულების შესაბამისად, სს ,,საქართველოს რკინიგზას“ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლებამოსილება დავალიანების გადაუხდელობიდან ოცდაათი კალენდარული დღის გასვლის შემდგომ ჰქონდა. 2023 წლის 10 აგვისტოს, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა ერთი წლით. შეთანხმების შესაბამისად, სადეპოზიტო თანხის ჩარიცხვა უნდა განხორციელებულიყო 2023 წლის 10 აგვისტოდან ხუთი კალენდარული დღის განმავლობაში - 2023 წლის 16 აგვისტომდე. აქედან გამომდინარე, თუ შპს ,,მულტინეტი“ აღნიშნული თარიღიდან ოცდაათი კალენდარული  დღის  ვადაში,  14  სექტემბრამდე  არ  გადაიხდიდა  დავალიანებას,  სს ,,საქართველოს რკინიგზას“ მაშინ ექნებოდა უფლება ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება.

საჩივარში აღნიშნულია, რომ სს ,,საქართველოს რკინიგზა“ წარმოადგენს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს, რაც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ6“ ქვეპუნქტის მიხედვით ნიშნავს ისეთ მდგომარეობას, როდესაც კომისიის მიერ ჩატარებული ანალიზი ადასტურებს, რომ ავტორიზებულ პირს არ ჰყავს კონკურენტი, დაცულია მნიშვნელოვანი კონკურენციისაგან ან მისი კონკურენტული პოზიცია საშუალებას აძლევს არსებითი გავლენა მოახდინოს ბაზრის ამ სეგმენტზე და შეზღუდოს კონკურენცია. მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირებისადმი კომისია აწებს სპეციალურ წესებსა თუ ვალდებულებებს.

შპს   ,,მულტინეტი“   განმარტავს,   რომ   კომისიის   ვებ-გვერდზე   გამოქვეყნებულ   სს ,,საქართველოს რკინიგზის“ მოწვევის ოფერტაში, რომლის საფუძველზეც გაფორმდა მხარეებს შორის ხელშეკრულება, მითითებულია ის რეგიონები და მომსახურებები, რასაც კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს ტექნიკური შესაძლებლობისა და თავისუფალი რესურსის არსებობის შემთხვევაში. აღნიშნული ,,მოწვევის ოფერტა“ მიღებულია კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის № 671/9 გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის შესაბამისად, რომლის მიხედვით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს ეკისრებათ ისეთი სპეციფიკური ვალდებულებები, როგორიცაა: მსურველი ავტორიზებული პირის გონივრული მოთხოვნის საფუძველზე ქსელთან დაშვების უზრუნველყოფა, მსურველი ავტორიზებული პირისთვის მომსახურების პირობების ცვლილებისა თუ ტექნიკური შინაარსის ინფორმაციის შეტყობინება და სხვა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს ,,მულტინეტს“ მიაჩნია, რომ სს ,,საქართველოს რკინიგზა“ არაკეთილსინდისიერად იყენებს მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას, ვინაიდან, თავდაპირველად მომსახურებას უწევდა ხარვეზებით, ხოლო შემდეგ, ხელშეკრულებისა და კომისიის გადაწყვეტილების დარღვევით ცალმხრივად შეუწყვიტა ხელშეკრულება, რითაც მის მერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის №671/9 გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გამოქვეყნებული 2019 წლის 15 იანვრის მოწვევის ოფერტა და 2022 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს  „მულტინეტი“ ითხოვს:

1. დაეკისროს სს ,,საქართველოს რკინიგზას“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შპს „მულტინეტის“ მიმართ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევისთვის, რაც გათვალისწინებულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის  №671/9 გადაწყვეტილების 8.2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით.

2.   დაევალოს სს ,,საქართველოს რკინიგზას“ გაიხმოს მხარეთა შორის 2022 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების 2023 წლის 21 აგვისტოს ცალმხრივად შეწყვეტა. შესაბამისად, აღდგეს და გაგრძელდეს შესაბამისი დარჩენილი ვადით 2022 წლის 10 თებერვლის მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება და 2022 წლის 10 აგვისტოს შეთანხმება №1 შემდგომი მიმართულებების ნაწილში იმ პირობით, რომ თავის მხრივ, შპს ,,მულტინეტი“ ადასტურებს, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში მხარეთა შორის შეთანხმებული პირობის მიხედვით განათავსებს ყოველთვიურ სადეპოზიტო თანხას ხელშეკრულების ამოქმედებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ დღეში:

         ბათუმი - სამტრედია 1 (ერთი) ოპტიკური ღერით

         თბილისი - მარნეული 1 (ერთი) ოპტიკური ღერით

         თბილისი - გარდაბანი 1 (ერთი) ოპტიკური ღერით

         ბათუმი - სარფი 2 (ერთი) ოპტიკური ღერით - ერთი წყვილი

2023 წლის 5 ოქტომბერს, სს ,,საქართველოს რკინიგზამ“ შპს ,,მულტინეტის“ საჩივართან დაკავშირებით კომისიაში წარმოადგინა წერილობითი პოზიცია, სადაც ის აღნიშნავს, რომ

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის, კომისიის 2018 წლის 6 დეკემბერის №671/9 გადაწყვეტილებით სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების, 2019 წლის 15 იანვარს გამოქვეყნებული სს „საქართველოს რკინიგზის“ მაგისტრალურ/ძირითად გადაცემის ქსელთან დაშვების შეთავაზების წინადადებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2022 წლის 10 თებერვალს, შპს ,,მულტინეტსა“ და სს „საქართველოს რკინიგზას“ შორის გაფორმდა  სატელეკომუნიკაციო  მომსახურების  ხელშეკრულება,  რომლის  ძალითაც  სს „საქართველოს რკინიგზამ“ იკისრა სატელეკომუნიკაციო მომსახურების გაწევის ვალდებულება განმცხადებლის მხრიდან ხელშეკრულებით განსაზღვრული საფასურის ანაზღაურების სანაცვლოდ. ხელშეკრულებით განისაზღვრა სატელეკომუნიკაციო მომსახურების ფიქსირებული ტარიფი, რომელიც 2022 წლის 10 აგვისტოს შეთანხმების მიხედვით განისაზღვრა ყოველთვიურად 18,203 ლარის ოდენობით.

სს ,,საქართველოს რკინიგზის“ განმარტებით, შპს ,,მულტინეტი“ სახელშეკრულებო ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში არღვევდა კონტრაქტით განსაზღვრულ ანგარიშსწორების პირობებს, რაც დასტურდება საგადახდო დავალებებით. ხელშეკრულების შესაბამისად, გაწეული მომსახურების შესახებ მხარეთა შორის ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტი ყოველი საანგარიშო თვის დასაწყისში, რაც მოწმდებოდა ორივე მხარის მიერ, რის შემდგომ ხდებოდა ანგარიშსწორება. თუ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სს ,,საქართველოს რკინიგზა“ არ მიიღებდა შპს ,,მულტინეტისგან“ მიღება-ჩაბარების ხელმოწერილ აქტს ან ხელმოწერაზე მოტივირებულ უარს, მიღება-ჩაბარების აქტი ჩაითვლება ხელმოწერილად, ხოლო მომსახურება ჯეროვნად გაწეულად და მიღებულად. მომჩივანის მხრიდან არასდროს დაფიქსირებულა მიღება- ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე მოტივირებული უარი, იგი ყოველგვარი უკუკავშირისა თუ ახსნა-განმარტების გარეშე ტოვებდა სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ წარდგენილ აქტებსა და შეტყობინებებს დავალიანების არსებობის თაობაზე. ასეთი ქმედებით, ხელშეკრულების თანახმად, იგი ადასტურებდა სს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან მომსახურების ჯეროვნად გაწევას. შესაბამისად, დაუსაბუთებელია არაჯეროვან მომსახურებაზე მისი მხრიდან აპელირება, მით უფრო იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ სს „საქართველოს რკინიგზის“ მიმართ 2023 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით არსებული დავალიანება, განმცხადებლის მიერ სრულად იქნა დაფარული.

სს ,,საქართველოს რკინიგზის“ განმარტებით, შპს ,,მულტინეტმა“ 2023 წლის იანვრის მიღება-ჩაბარების აქტს ხელი 2023 წლის 7 თებერვალს მოაწერა, 9 თებერვალს გადაიხადა მომსახურების საფასური, ხოლო 10 თებერვალს ხარვეზიანი მომსახურების შესახებ შეტყობინებით მიმართა სს „საქართველოს რკინიგზას“, ამასთან ზეპირი კომუნიკაციისას გააჟღერა მძიმე ფინანსური მდგომარეობა. ასეთი გარემოებების დროში თანხვედრა ბადებდა გონივრულ ეჭვს, რომ შპს ,,მულტინეტი“ ცდილობდა ანგარიშსწორების წესის დარღვევის რეალური მიზეზი დაეფარა და ხელოვნურად შეექმნა გარემოება, თითქოსდა სს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან „არაჯეროვანად გაწეული მომსახურების“ გამო, უარს ამბობდა გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე. ამის მიუხედავად, სს „საქართველოს რკინიგზამ“ ჩაატარა პარამეტრების ტესტირება, რის შედეგად დადგინდა,   რომ   მაჩვენებლები   შესაბამისობაში   იყო   მხარეთა   შორის   გაფორმებულ ტესტირების აქტთან. ამავე აქტში, შპს ,,მულტინეტმა“ მიუთითებს, რომ ოპტიკურ- ბოჭკოვანი კაბელის თავისუფალი ბოჭკოს ტექნიკური პარამეტრები მისთვის მისაღებია.

სს  ,,საქართველოს  რკინიგზის“  განცხადებით,  2023  წლის  10  თებერვლის  შემდეგ, შპს ,,მულტინეტმა“ რამდენიმე საბანკო ტრანზაქცია განახორციელა. იმ პირობებში როდესაც განმცხადებელი უკმაყოფილებას გამოთქვამდა გაწეულ მომსახურებაზე, ბუნდოვანია და განმარტებას საჭიროებს თუ რა საფუძვლით მოახდინა მან ზემოაღნიშნული ჩარიცხვების განხორციელება. განხორციელებული ჩარიცხვები და რეაგირების გარეშე დატოვებული მიღება-ჩაბარების    აქტები    ცხადყოფდა,    რომ    განმცხადებლის    აღქმით    არსებული „ხარვეზის“ მიუხედავად, შპს „მულტინეტმა“ მიიღო სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გაწეული მომსახურება, რითაც გამორიცხა სს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან გაწეული მომსახურების ე.წ „ნაკლოვანების“ არსებობა.

სს ,,საქართველოს რკინიგზის“ განმარტებით, 2023 წლის 7 ივლისს, განმცხადებელს ჩაბარდა შეტყობინება დებიტორული დავალიანების 30 დღის განმავლობაში დაფარვის შესახებ, რომელიც 2023 წლის 7 აგვისტოს გავიდა. ვადის ამოწურვიდან 2 დღის შემდეგ შპს ,,მულტინეტმა“ დავალიანება დაფარა. შესაბამისად, 2023 წლის 11 აგვისტოდან ავტომატურად გახანგრძლივდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და განმცხადებლისთვის ამოქმედდა სადეპოზიტო შენატანის გადახდის ვალდებულება, რაც განმცხადებელს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ განუხორციელებია.   სს ,,საქართველოს რკინიგზა“ განმარტავს, რომ „სადეპოზიტო შენატანის“ არსი მდგომარეობს იმაში, რომ იგი წარმოადგენს კონტრაჰენტის მიერ სს „საქართველოს რკინიგზის“ წინაშე ნაკისრი ფინანსური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას (და არა მომსახურების ღირებულებას), რომლის არგანხორციელების პირობებში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ავტომატური გახანგრძლივებისა, სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ არ წარმოიშობა მომსახურების დაწყების ვალდებულება. აღნიშნული შენატანის განუხორციელებლობა გულისხმობს, რომ კონტრაჰენტი უარს აცხადებს ოფერტაზე. შესაბამისად, სს „საქართველოს რკინიგზას“ წარმოეშვა სახელშეკრულებო/ფაქტობრივი ურთიერთობების შეწყვეტის უფლება. სადეპოზიტო შენატანის განუხორციელებლობით განმცხადებელმა კიდევ ერთხელ დაარღვია სახელშეკრულებო პირობა, შესაბამისად, სს „საქართველოს რკინიგზამ“ მიიღო ფორმალურად ვადაგახანგრძლივებული ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება.

სს ,,საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის №671/9 გადაწყვეტილებით, მაგისტრალურ/ძირითად (“trunk”) და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ დადგენილ იქნა სს „საქართველოს რკინიგზა“. გამოყოფილი არხების მაგისტრალურ/ძირითად (“trunk”) ქსელთან და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრათ: ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.

სს ,,საქრთველოს რკინიგზა“ განმარტავს, რომ კომისიის 2018 წლის 6 დეკემბერის  №671/9 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გამოქვეყნდა დაშვების შეთავაზების წინადადება, სადაც აღნიშნულია, რომ „მომსახურების გაწევა განხორციელდება წერილობითი განაცხადის საფუძველზე, მხოლოდ ტექნიკური შესაძლებლობის/თავისუფალი რესურსის არსებობის შემთხვევაში“. აღნიშნული ჩანაწერი გაკეთდა კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის №671/9 გადაწყვეტილების მე-8 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნტის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელთან დაშვებაზე უარის თქმის საფუძვლებს. შპს ,,მულტინეტის“ მომართვის საფუძველზე, რომლითაც იგი ითხოვდა სხვადასხვა მონაკვეთებზე ოპტიკური ღეროს გამოყოფას, სს „საქართველოს რკინიგზამ“ შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ ტექნიკური შესაძლებლობა/თავისუფალი რესურსი არ არსებობდა, რის თაობაზეც განმცხადებელს ეცნობა წერილობით (№3895, 1.09.2023; №4200, 20.09.2023). სს ,,საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, ტექნიკური შესაძლებლობისა და თავისუფალი რესურსის არქონის საფუძვლით, სს „საქართველოს რკინიგზას“ არაერთხელ უთქვამს უარი ავტორიზებული პირებისთვის მომსახურების გაწევაზე, თუმცა, აღნიშნული არასდროს აღქმულა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მხრიდან კომისიის მიერ დაკისრებული სპეციფიური ვალდებულებების დარღვევად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,საქართველოს რკინიგზა“ უსაფუძვლოდ მიიჩნევს შპს ,,მულტინეტის“ განცხადებას სს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან მნიშვნელოვანი საბაზრო  ძალაუფლების  ბოროტად  გამოყენების  თაობაზე  და  განმარტავს,  რომ  სს „საქართველოს რკინიგზის“ ყოველი ქმედება შესაბამისობაშია როგორც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, ასევე, კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის № 671/9 გადაწყვეტილებასა და გამოქვეყნებულ ოფერტასთან.

სს ,,საქართველოს რკინიგზა“ განმარტავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად  ფუნქციებს  მიეკუთვნება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულპირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ამოცანებია ავტორიზებული პირების დისკრიმინაციის დაუშვებლობა და მათი თანასწორუფლებიანობა; მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ  რესურსებთან  და  სიმძლავრეებთან  არადისკრიმინაციული  დაშვება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს.

სს  ,,საქართველოს  რკინიგზა“  აღნიშნავს,  რომ  შპს  ,,მულტინეტის“  განცხადებით  სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ დარღვეულია კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის № 671/9 გადაწყვეტილების მე-8 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და ითხოვს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამდენად, აღნიშნული მოთხოვნა არსებითად  დაკავშირებულია  კომისიის   2018   წლის  6 დეკემბრის № 671/9 გადაწყვეტილებით სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ დაკისრებული სპეციფიური ვალდებულებების შეუსრულებლობასთან.

სს ,,საქართველოს რკინიგზა“ განმარტავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ განცხადებაში პირის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა არსებითად დაკავშირებულია იმგვარ მოთხოვნასთან ან გარემოებასთან, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას მიღებული აქვს კონკურენციის უზრუნველმყოფი და წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, განცხადების საფუძველზე მხარეთა შორის დავა არ განიხილება.

იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის №671/9 გადაწყვეტილებით სს „საქართველოს    რკინიგზას“    განესაზღვრა    სპეციფიკური    ვალდებულებები,    სს ,,საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, შპს ,,მულტინეტის“ საჩივრის საფუძველზე, კომისიამ დავის ფარგლებში არ უნდა განიხილოს სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის №671/9 გადაწყვეტილების დარღვევის საკითხი. აღნიშნულიდან  გამომდინარე, სს ,,საქართველოს  რკინიგზას“  მიაჩნია, რომ შპს „მულტინეტის“ საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით.

შპს ,,მულტინეტის“ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და საჩივრის განხილვის დღის დანიშვნის მიზნით კომისიის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2023 წლის 5 ოქტომბერს, რის შესახებ შეტყობინებით ეცნობათ მხარეებს. მხარეებს, ასევე განემარტათ მათი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.

კომისიის 2023 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე, შპს ,,მულტინეტის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ შპს ,,მულტინეტის“ საჩივარი დავის ფორმატში არ იქნეს განხილული და კომისიამ გამოიკვლიოს სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ, ,,გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2018 წლის   6   დეკემბრის   №   671/9   გადაწყვეტილების   დარღვევის   საკითხი,  რაშიც   შპს ,,მულტინეტი“ ჩართული იქნება და კომისიას მიაწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას.

II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად,   ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი  პუნქტის  შესაბამისად,  კომისია  ავტორიზებულ  პირებს  შორის  წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირებს შორის დავის თაობაზე წარდგენილი განცხადება მიიღება, თუ მისი მოთხოვნა არ სცილდება კომისიის უფლებამოსილებების ფარგლებს, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, თუ განცხადებაში  პირის  მიერ  წარმოდგენილი  მოთხოვნა  არსებითად  დაკავშირებულია იმგვარ მოთხოვნასთან ან გარემოებასთან, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას მიღებული აქვს კონკურენციის უზრუნველმყოფი და წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, განცხადების საფუძველზე მხარეთა შორის დავა არ განიხილება. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე, ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს.

შპს ,,მულტინეტი“ საჩივარში აღნიშნავს, რომ სს ,,საქართველოს რკინიგზა“ არაკეთილსინდისიერად იყენებს მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას, ვინაიდან, შპს ,,მულტინეტს“ ცალმხრივად შეუწყვიტა კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის   № 671/9 გადაწყვეტილებისა და სს ,,საქართველოს რკინიგზის“ 2019 წლის 15 იანვრის მოწვევის ოფერტის საფუძველზე, შპს ,,მულტინეტსა“ და სს ,,საქართველოს რკინიგზას“ შორის 2022 წლის 10 თებერვალს დადებული მაგისტრალურ/ძირითად (‘’Trunk“) გადაცემის ქსელთან დაშვების მომსახურების ხელშეკრულება, რითაც სს ,,საქართველოს რკინიგზის“ მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის № 671/9 გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გამოქვეყნებული 2019 წლის 15 იანვრის მოწვევის ოფერტა და 2022 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულება.

კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის №671/9 გადაწყვეტილებით, კონკურენციის უზრუნველყოფისა და წინასწარ რეგულირების მიზნით, სს ,,საქართველოს რკინიგზა“ განისაზღვრა მაგისტრალურ/ძირითად (“Trunk”) ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ ბათუმი - სარფის, თბილისი-გარდაბანის, თბილისი - მარნეულის, ჩაქვი-სამტრედიის, ნატანები - ოზურგეთის, ზესტაფონი-საჩხერის მიმართულებებზე და დაეკისრა: მაგისტრალურ/ძირითად (“Trunk”) გადაცემის ქსელის ტექნიკურ საშუალებებთან და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან ავტორიზებული პირის შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვების; ინფორმაციის გამჭირვალობის   უზრუნველყოფის;   დისკრიმინაციის  აკრძალვის; დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვისა და სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.

ამდენად, შპს ,,მულტინეტის“ მოთხოვნა არსებითად დაკავშირებულია სს ,,საქართველოს რკინიგზის“ მიერ, კონკურენციის უზრუნველმყოფი და წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებით კომისიის მიერ 2018 წლის 6 დეკემბერის № 671/9 გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულების შეუსრულებლობასთან და წარმოადგენს აღნიშნული გადაწყვეტილების დარღვევასთან დაკავშირებულ დავას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ განცხადებაში პირის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა არსებითად დაკავშირებულია იმგვარ მოთხოვნასთან ან გარემოებასთან, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას მიღებული აქვს კონკურენციის უზრუნველმყოფი და წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, განცხადების საფუძველზე მხარეთა შორის დავა არ განიხილება. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე, ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,მულტინეტის“ საჩივრის საფუძველზე, კომისია დავის ფარგლებში ვერ განიხილავს სს ,,საქართველოს რკინიგზის“ მიერ, კონკურენციის უზრუნველმყოფი და წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებული, კომისიის 2018 წლის 6 დეკემბერის  №671/9 გადაწყვეტილების    დარღვევის    საკითხს.    შესაბამისად,    შპს ,,მულტინეტის“ საჩივარი არ უნდა იქნას განხილული დავის რეჟიმში.

ამავე დროს, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს ადგილი აქვს თუ არა სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ, კონკურენციის უზრუნველმყოფი და წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებული, კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის №671/9 გადაწყვეტილების დარღვევას, რათა, ასეთის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საკითხის განხილვის მიზნით დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, 38-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული   კომისიის   2003   წლის   27   ივნისის   №1  დადგენილებით   დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.   შპს ,,მულტინეტის“ საჩივარი (№შ-23-6/3082; 27.09.2023) დაუშვებლად იქნეს ცნობილი.

2. დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს შეისწავლოს და კომისია წარმოუდგინოს დასკვნა აქვს თუ არა ადგილი სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ,,გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის № 671/9 გადაწყვეტილების დარღვევას (ე. სიჭინავა).

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს ,,მულტინეტისთვის“ და სს ,,საქართველოს რკინიგზისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარებისთანავე.

5.  დაევალოს  კომისიის აპარატის  ადმინისტრაციას  გადაწყვეტილების შპს ,,მულტინეტისთვის“ და სს ,,საქართველოს რკინიგზისთვის“ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

6. კონტროლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები