სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-23-16 / 570

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 26, 2023 15:19

მიღების თარიღი დეკემბერი 21, 2023

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვის თაობაზე

 

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების    ეროვნულ   კომისიას   (შემდგომში - კომისია)  შპს„საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“  მიმართ საჩივრით მიმართა (შ-23-6/3989, 06.12.2023).    საჩივარში  აღნიშნულია,  რომ   შპს„საქართველოს ტელერადიოცენტრმა“,     სსიპ     ,,ლევან     სამხარაულის    სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ მიერ გაანგარიშებული საზოგადოებრივი მაუწყებლის მულტიპლექსპლატფორმის   მომსახურების   ტარიფის  გათვალისწინებით, წერილობით მიმართა (30.11.2023) სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ მულტიპლექსპლატფორმის 2024 წლის მომსახურების  ხელშეკრულებაში ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით და სთხოვა აღნიშნულ საკითხზე პოზიცია ეცნობებინა 4 დეკემბრამდე, თუმცა  საჩივრის წარდგენამდე  პასუხი არ მიუღია. აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ ითხოვს: 1.დარეგისტრირდეს საჩივარი და დაიწყოს  ადმინისტრაციული წარმოება აღნიშნულ საკითხზე/დავაზე. 2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კომისიის  მიერ დადგინდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მულტიპლექსპლატფორმის ციფრული  მიწისზედა  სატელევიზიო  ქსელის  ფარგლებში მონაცემთა მიწოდების ტარიფი.

სსიპ„საზოგადოებრივმა  მაუწყებელმა“ შპს„საქართველოს ტელერადიოცენტრის“ საჩივარზე წარმოადგინა წერილობითი პოზიცია (№23-10-2023, 6.12.2023). სსიპ„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არ ეთანხმება საჩივარს და  მასში ასახულ ე.წ. „ტარიფს“. მას არ მიაჩნია სწორად საზოგადოებრივ მაუწყებელთან კომუნიკაციისთვის ტერმინის „ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფის“ გამოყენება, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აურჩევია შპს„საქართველოს ტელერადიოცენტრის“ ინფრასტრუქტურის მეშვეობით გავრცელება, მოქმედებს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სამოქმედო გეგმით დადგენილი პირობებით და ასრულებს იმ  სახელშეკრულებო    ვალდებულებებს, მომსახურების ღირებულების  ჩათვლით, რაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ეტაპზე იყო დადგენილი. სსიპ  „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ განმარტებით, შპს„საქართველოს ტელერადიოცენტრი“ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის არხების (ტელე და რადიო) მოსახლეობამდე  გამტარი  საშუალება  და  არა  შემსყიდველი/მიმწოდებლის სქემა თავისი კლასიკური გაგებით. ის ფაქტი, რომ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“ ძვირი უჯდება იმის შენახვა, რაც მას გადაეცა და დაევალა მოვლა/პატრონობა, რომ მოსახლეობამდე მივიდეს მაუწყებლის სიგნალი, არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადასაჭრელი პრობლემა. მაშინ, როდესაც კერძო მაუწყებლები კერძო მულტიპლექსპლატფორმაზე განთავსებისთვის იხდიან 1მგბ/წმ-ში 8 900 ლარს (დღგ-ს გარეშე) და სარგებლობენ დამატებითი შეთავაზებებით და ფასდაკლებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ განსაზღვრავდეს გადასახდელს 1მგბ/წმ-ში 15309,28 ლარის (დღგ-ს გარეშე) ოდენობით - საზოგადოებრივ მაუწყებელს კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია.      სსიპ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პოზიციით, კითხვებს ბადებს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით განსაზღვრული ე.წ. „ტარიფი“, რადგან შეცდომაში შეყვანაა 1 მგბ/წმ ღირებულების განსაზღვრა ფაქტობრივი მონაცემებით დატვირთულ რესურსზე - 23,2 მგბ/წმ-ზე გაანგარიშებით, რაც a priori არასწორ რიცხვს იძლევა. ამიტომ ჩნდება კითხვა, თუ რამდენად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით და სწორი მეთოდოლოგიით იყო გამოყვანილი კომისიაში საჩივარზე თანდართული ციფრები. სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი“ აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-7 პუნქტი ითვალისწინებს კომისიისთვის მიმართვის შესაძლებლობას, თუ მხარეებს შორის ვერ მიიღწევა შეთანხმება ტარიფთან დაკავშირებით, კატეგორიულად მიუღებლად უნდა შეფასდეს შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მენეჯმენტის მიერ შერჩეული კომუნიკაციის ფორმა ორგანიზაციებს შორის მრავალი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობების გათვალისწინებით.

II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.„,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

2.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ9“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომხმარებელი არის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, ხოლო ,,ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება, რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირი განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ სთავაზობს მსურველ ოპერატორს ან მომხმარებელს.

3.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ- ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.

4.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ყველა მფლობელის არადისკრიმინაციული, თანაბარი, პირდაპირი დაშვება მის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებისა და მომსახურების თითოეულ თავისუფალ ელემენტზე, ხარჯზე ორიენტირებული, არადისკრიმინაციული ტარიფით. მოცემული პირობების შეუსრულებლობის გამო წარმოქმნილ დავებს განიხილავს კომისია.

5.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 44-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია სადავო საკითხებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. განცხადება დავის განხილვის შესახებ მიიღება, თუ მისი მოთხოვნა არ სცილდება კომისიის უფლებამოსილებების ფარგლებს, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად,  სადავო საკითხის განხილვისას ტარდება მოსამზადებელი სხდომა.

6.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს.

7.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ, ხოლო მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

8.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად  არღვევს  პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.

კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 44-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კომისია სადავო საკითხებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. განცხადება დავის განხილვის შესახებ მიიღება, თუ მისი მოთხოვნა არ სცილდება კომისიის უფლებამოსილებების ფარგლებს. ამრიგად, პირველ რიგში უნდა შეფასდეს, აქვს თუ არა კომისიას უფლებამოსილება, განიხილოს შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ განცხადება დავის განხილვის შესახებ.

როგორც აღინიშნა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ- ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება, ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით - ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავდროულად, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს აქვს სრული უფლებამოსილება, დაადგინოს და არეგულიროს ტარიფები თავისი კომპეტენციის  სფეროში,   კანონით   გათვალისწინებულ   ფარგლებში. თავის  მხრივ,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ყველა მფლობელის არადისკრიმინაციული, თანაბარი, პირდაპირი დაშვება მის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებისა და მომსახურების თითოეულ თავისუფალ ელემენტზე, ხარჯზე ორიენტირებული, არადისკრიმინაციული ტარიფით. მოცემული პირობების შეუსრულებლობის გამო წარმოქმნილ დავებს განიხილავს კომისია.

შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ აღნიშნავს, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ მიერ დაანგარიშებული ტარიფის გათვალისწინებით, წერილობით მიმართა (30.11.2023) სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ 2024 წლის მულტიპლექსის მომსახურების ხელშეკრულებაში ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით და სთხოვა აღნიშნულ საკითხზე პოზიცია ეცნობებინა 4 დეკემბრამდე,   თუმცა   საჩივრის   წარდგენამდე  პასუხი   არ   მიუღია.   ამდენად,   შპს„საქართველოს ტელერადიოცენტრსა“ და სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შორის სადავო საკითხია შპს ,,საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დაშვების პირობა - ტარიფი.

შპს ,,საქართველოს ტელერადიოცენტრი“ ავტორიზებული პირია, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მომსახურებას უწევს სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და ახორციელებს მისი სატელევიზო  არხების  გავრცელებას. ამ  ურთიერთობის  ფარგლებში სსიპ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი“ სარგებლობს ,,საქართველოს ტელერადიოცენტრის“ ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებითა და მომსახურების ელემენტებით.

კომისია ვერ გაიზიარებს სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლის არგუმენტაციას საჩივრის განსახილველად არმიღებასთან დაკავშირებით იმ საფუძვლით, რომ ტერმინი - „ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფი“ -,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-7 პუნქტში გადმოტანილია ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის დროს შემუშავებული, ,,ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმიდან“ და განკუთვნილია არა საზოგადოებრივი მაუწყებლის, არამედ მულტიპლექსპლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან სხვა მულტიპლექსპლატფორმის ლიცენზიის მფლობელების დაშვებასთან.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო საკანონმდებლო ნორმის გამოყენებაზე უარს ვერ იტყვის იმ გარემოებაზე მითითებით, რომ კანონმდებელმა ნორმა „გადმოიტანა“ სამოქმედო გეგმიდან ან რომელიმე სხვა დოკუმენტიდან. კომისია ვალდებულია აღასრულოს მოქმედი კანონმდებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის უფლებამოსილებაა  შპს„საქართველოს ტელერადიოცენტრსა“ და სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების პირობასთან-ტარიფთან  დაკავშირებით  წარმოშობილი  დავის  განხილვა. შესაბამისად, შპს„საქართველოს ტელერადიოცენტრის“ საჩივარი სსიპ„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ განსახილველად უნდა იქნეს მიღებული და უნდა დაიწყოს   შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრსა“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შორის არსებული დავის განხილვა.

ამრიგად, კანონმდებლობით შპს,,საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მიერ, მულტიპლექსპლატფორმის მომსახურების ფარგლებში, მის ხელთ არსებულ ტექნიკურ საშუალებებსა და მომსახურების თითოეულ ელემენტზე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დაშვების პირობების, მათ შორის, ტარიფის განსაზღვრა კომისიის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა, რასაც კომისია ახორციელებს მედიამომსახურებებისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად. ამ პროცესში კომისია უფლებამოსილია დაეყრდნოს არაერთ მტკიცებულებას, ექსპერტიზის დასკვნას, საკონსულტაციო დოკუმენტებს და ა.შ. თუმცა, კომისიისთვის არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ განსაზღვრული, პრეიუდიციული ძალა და დავისათვის მნიშვნელოვანი თითოეული გარემოება უნდა დადგინდეს საკითხის სრული და  ყოველმხრივი  გამოკვლევის შედეგად. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ შპს„საქართველოს ტელერადიოცენტრს“ წარმოდგენილი აქვს   სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტის დასკვნა (N00818572) საზოგადოებრივი მაუწყებლის მულტიპლექსპლატფორმის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ფარგლებში მონაცემთა მიწოდების ტარიფის გაანგარიშების შესახებ,   კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს უნდა დაევალოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მულტიპლექსპლატფორმის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ფარგლებში მონაცემთა მიწოდების ტარიფის გაანგარიშება.

შპს„საქართველოს ტელერადიოცენტრსა“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შორის არსებული დავის განხილვისა და გადაწყვეტისთვის საჭიროა საზოგადოებრივი მაუწყებლის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ფარგლებში მონაცემთა მიწოდების ტარიფის გაანგარიშება, რაც დაკავშირებულია მოცულობითი მონაცემების გამოთხოვასთან, დამუშავებასთან და კომპლექსური პროცესია. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია კომისიის გადაწყვეტილების გამოცემის ვადა განისაზღვროს 3 თვემდე.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა და 38-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და VII თავის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1დადგენილებით დამტკიცებული  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 44-ე და 45-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.შპს   „საქართველოს   ტელერადიოცენტრის“   საჩივარი   სსიპ   „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ განსახილველად იქნეს მიღებული.

2.შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრსა“ და სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2024 წლის 22 თებერვალს, 15:00 საათზე.

3.დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა) საზოგადოებრივი მაუწყებლის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ფარგლებში მონაცემთა მიწოდების ტარიფის გაანგარიშება და დასკვნის  2024 წლის 22 თებერვლამდე კომისიისთვის წარმოდგენა.

4.კომისიის გადაწყვეტილების გამოცემის ვადა განისაზღვროს 3 თვემდე.

5.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს„საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ).

6.გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

7.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

8.კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია)

კახი ბექაური                     თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე                წევრი

ეკატერინე  იმედაძე           წევრი

ნათია კუკულაძე               წევრი

ივანე მახარაძე                   წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები