შპს „Voxbone SA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2023 12:30
მიღების თარიღი მარტი 09, 2023
შპს „Voxbone SA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N23-10-317, 14/02/2023) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „Voxbone SA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N23-10-317, 14/02/2023) თანახმად, შპს „Voxbone SA“-ს 2022 წლის 16 აგვისტოს გაეგზავნა წერილი (Nგ-22-03/1966) კომპანიის ყველა ბენეფიციარის, მათ შორის, ბოლო ბენეფიციარისა და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით. კომპანიამ საბოლოო სრულყოფილი დოკუმენტაცია, რომელიც არის ნოტარიულად დამოწმებული, აპოსტილიზებული და ქართულ ენაზე ნათარგმნი წარმოადგინა 2023 წლის 26 იანვარს (წერილი Nშ-23-8/218). აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლით ირკვევა, რომ შეიცვალა შპს „Voxbone SA“-ს ბენეფიციარი მესაკუთრეების შუა რგოლი, კერძოდ შპს „Voxbone SA“-ს 99.98%-იანი წილის მფლობელი კომპანიის “Voice Bidco Limited”-ის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა კომპანია “Bandwidth Inc.”. კომისიის მიერ თანხმობა აღნიშნულ ცვლილებებზე არ არის გაცემული.
კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N23-10-393 23/02/2023) თანახმად, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის მიერ მისი პარტნიორების ცვლილების განხორციელებამდე და განხორციელების შემდეგ შპს „Voxbone SA”-ს წილის პირდაპირი მფლობელები რჩებიან შპს „Voice Bidco Limited“ (კომპანიის 99.9998%-იანი წილით) და „Voice Midco Limited“ (კომპანიის 0.0002%-იანი წილით), კომპანია „Voice Midco Limited“-ის 100%-იან წილს ფლობს კომპანია „Voice Finco Limited“, რომლის 100%-იანი წილის პარტნიორი არის კომპანია „Voice Topco Limited“, რომლის ერთპიროვნულ პარტნიორს წარმოადგენს კომპანია „Bandwidth Inc.“. აღნიშნული ტრანზაქციის ფარგლებში მოხდა კომპანია „Voice Midco Limited“-ის მიერ შპს „Voice Bidco Limited“-ის 100%-იანი წილის გასხვისება კომპანია „Bandwidth Inc.“-ზე. კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს „Voxbone SA”-ს და მისი ბენეფიციარი კომპანიის წილის გასხვისების ტრანზაქციამდე და მის შემდეგ მოქმედი პარტნიორები „Voice Midco Limited“, „Voice Bidco Limited“, „Voice Finco Limited“, „Voice Topco Limited“, „Bandwidth Inc.“ საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ სხვა პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად, ისინი სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებულნი (აფილირებულნი) არ არიან.
ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს „Voxbone S.A“-ს ბენეფიციარი პარტნიორის წილის შეძენამდე და წილის შეძენის შემდგომ, შპს „Voxbone S.A“-ს საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები უცვლელი რჩება. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. ამდენად, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომლის თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
კომისიის 2023 წლის 23 თებერვალს კომისიაში შემოვიდა შპს ,,Voxbone SA“-ის განცხადება კომისიის სხდომის გადადების თაობაზე, ვინაიდან კომპანიას ესაჭიროება დრო წარმომადგენელზე მინდობილობის გასაცემად და კომისიაში წარმოსადგენად. კომისიის სხდომა გადაიდო 2023 წლის 9 მარტისთვის.
კომისიის 2023 წლის 9 მარტის სხდომას ესწრებოდა შპს „Voxbone SA“-ს წარმომადგენელი ნ. ოთარიძე, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიამ კომისიას არ აცნობა საკუთარ სტრუქტურაში ცვლილებების შესახებ, რაც იყო შეცდომა და არა ინფორმაციის განზრახ დამალვის მცდელობა. მან ასევე, აღნიშნა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნა ავტორიზებული პირების მიმართ, მოითხოვონ კომისიის თანხმობა კომპანიის სტრუქტურის შეცვლამდე, ეფუძნება საერთო მიზანს - ბაზარზე კონკურენციის უზრუნველყოფას და საქართველოს ბაზარზე კომპანიების შერწყმით, ან შესყიდვით გამოწვეული არაკონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების თავიდან აცილებას. ნ.ოთარიძის განმარტებით, შპს „Voxbone SA“-ს მფლობელთა ცვლილებები არანაირ გავლენას არ ახდენს საქართველოს ბაზრის კონკურენტულ გარემოზე, რაც უნდა გაითვალისწინოს კომისიამ.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (N23-10-317, 14/02/2023);
2. კომისიის წერილი (Nგ-22-03/1966 16.08.2022) შპს „Voxbone SA“-ს;
3. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N23-10-393 23/02/2023);
4. კომისიის 2023 წლის 9 მარტის სხდომაზე შპს „Voxbone SA“-ის წარმომადგენლის ნ.ოთარიძის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება;
5. შპს „Voxbone SA“-ის შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „Voxbone SA“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირს (03.03.2010) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე: B.F.1.1 ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.1.2 საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
B.F.1.3 საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.5.0 სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება; A.F.7.7 ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. შპს „Voxbone SA“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
მტკიცებულება: კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები.
2. შპს „Voxbone SA“ 2022 წლის 16 აგვიტოს გაეგზავნა კომისიის წერილი (Nგ-22-03/1966) კომპანიის ყველა ბენეფიციარის, მათ შორის, ბოლო ბენეფიციარისა და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით.
მტკიცებულება: 1. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N23-10-317, 14/02/2023). 2. კომისიის წერილი (Nგ-22-03/1966 16.08.2022).
3. კომპანიამ საბოლოო სრულყოფილი დოკუმენტაცია, რომელიც არის ნოტარიულად დამოწმებული, აპოსტილიზებული და ქართულ ენაზე ნათარგმნი წარმოადგინა 2023 წლის 26 იანვარს (წერილი Nშ-23-8/218). აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლით ირკვევა, რომ შეიცვალა შპს „Voxbone SA“-ს ბენეფიციარი მესაკუთრეების შუა რგოლი, კერძოდ შპს „Voxbone SA“-ს 99.98%-იანი წილის მფლობელი კომპანიის “Voice Bidco Limited”-ის 100%- იანი წილის მფლობელი გახდა კომპანია „Bandwidth Inc.“. აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელებამდე შპს „Voice Bidco Limited“-ის 100%-იანი წილის მფლობელი იყო კომპანია „Voice Midco Limited“, რომლის 100%-იან წილს ფლობდა კომპანია “Voice Finco Limited”, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი იყო კომპანია „Voice Topco Limited”, რომლის დამფუძნებელი იყო Bandwidth Inc.“
მტკიცებულება: 1. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N23-10-317, 14/02/2023); 2. შპს „Voxbone SA“-ის 2023 წლის 26 იანვრის Nშ-23-8/218 წერილი კომისიას თანდართული დოკუმენტაციით; 3. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები.
4. ავტორიზებული პირის აქციების/წილის შეძენის განზრახვის შესახებ, შეძენის განხორციელებამდე, შპს „Voxbone SA“-ს კომისიისთვის არ უცნობებია და წილის შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობა არ მიუღია. აღნიშნული ცვლილების თაობაზე, არც ცვლილების განხორციელების შემდეგ უცნობებია კომისიისთვის, ვიდრე თავად კომისიამ არ გამოითხოვა ინფორმაცია.
მტკიცებულება: 1. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N23-10-317, 14.02.2023).
5. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „Voxbone SA“-ს არ დაკისრებია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/იდენტური დარღვევისთვის.
მტკიცებულება: კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამავე პუნქტის „გ“ ქეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.
5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების ერთ-ერთი მიზანია რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება, ხოლო მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება.
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული კონცენტრაციის გარდა, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით შეისწავლის იმ ოპერაციას, რომლითაც ხდება: ა) ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) ორი ან ორზე მეტი პირის, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია, შერწყმის შედეგად გაერთიანება; გ) ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა, რის შედეგადაც შემძენი პირის მფლობელობაში ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი აღმოჩნდება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა.
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა
ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები.
10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.
12. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება, ხოლო კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები. კერძოდ, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შესაბამისად, კანონის მიზნებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული ამოცანები და ფუნქციები სათანადოდ შესრულდეს, შპს „Voxbone SA“-ს, შპს „Voxbone SA“-ს ბენეფიციარი მესაკუთრის წილის შეძენის განზრახვის თაობაზე წინასწარ უნდა ეცნობებინა კომისიისთვის, რათა კომისიას, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე აღნიშნული ტრანზაქციის შესაძლო გავლენა დაედგინა და შესაბამისად, მიეღო გადაწყვეტილება წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიეღო გადაწყვეტილება, შეძენის გამოკვლევის თაობაზე, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ ბენეფიციარი მესაკუთრის წილის გაყიდვამდე, აღნიშნული განზრახვის შესახებ შპს „Voxbone SA“-ს კანონით განსაზღვრული წესით არ მოუმართავს კომისიისთვის და არ მიუღია კომისიის წინასწარი თანხმობა. ასევე, არც აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ უცნობებია კომისიისთვის, ვიდრე თავად კომისიამ არ მიმართა კომპანიას ინფორმაციის წარმოდგენის მოთხოვნით. შესაბამისად, კომპანიის მიერ, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, ავტორიზებული პირის ბენეფიციარი მესაკუთრის წილის გასხვისებითა და კომისიისთვის შესაბამისი ინფორმაციის მოუწოდებლობით, დარღვეული იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, 26-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები. ზემოაღნიშნული დარღვევები „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველს წარმოადგენს.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიის წინასწარი თანხმობა სავალდებულოა, როდესაც ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა. ავტორიზებული პირის წილის ან აქციების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაყიდვის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები, მათ შორის, მოსთხოვოს წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმს წარმოადგენს ის ფაქტი - იცვლება თუ არა წილის ან აქციების გასხვისების შედეგად საბოლოო ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობა ან/და გავლენა ავტორიზებულ პირში ან/და ასევე წილის ან აქციების გასხვისებით შესაძლებელია თუ არა ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის კონკურენტუნარიანობას მიადგეს საფრთხე. ამასთან, კომისია აღნიშნავს იმასაც, რომ არ არის აუცილებელი დადგენილი იყოს კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების უტყუარობა, არამედ კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობაც კი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ კომისიამ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები (მათ შორის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებული წილის ან აქციების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა). იმას თუ რამდენად რეალურია საფრთხე და საერთოდ არსებობს თუ არა საფრთხე ავტორიზებული პირის წილის ან აქციების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისებით დაზიანდეს ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო, სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს წილის ან აქციების გასხვისებაში მონაწილე ავტორიზებული პირ(ებ)ის საქმიანობის არეალი, საბაზრო წილი, აბონენტების რაოდენობა.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N23-10-393 23/02/2023) თანახმად, შპს „Voxbone SA“-ს ბენეფიციარი მესაკუთრეების შუა რგოლში განხორციელებული ცვლილებები, ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე ახალ გარემოებას არ ქმნის. შესაბამისად, შპს „Voxbone SA“-ს ბენეფიციარი მესაკუთრის წილის გასხვისება ვერ მოახდენდა რაიმე გავლენას ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომელთა თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „Voxbone SA“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, მას ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა დაეკისროს წერილობითი გაფრთხილება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, 25-ე მუხლის, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლებისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „Voxbone SA“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო.
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „Voxbone SA“-სთვის ჩაბარების დღიდან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „Voxbone SA“-სთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „Voxbone SA“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) შპს „Voxbone SA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
