შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 18, 2023 13:54
მიღების თარიღი აპრილი 06, 2023
შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N23-10-570; 23/03/2023) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში (N23-10-570; 23/03/2023) აღნიშნულია, რომ ავტორიზებული პირი შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm- studio” არ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ავტორიზაციის შესახებ; გ) მედიამომსახურების მიმწოდებელ და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელ სუბიექტებში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან 5%-ზე მეტის ფლობის შესახებ; ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ზემოაღნიშნულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა. ამავე მუხლის მიხედვით, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი აგრეთვე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია, თუ მისი წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს: ა) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში სხვა ავტორიზებული პირის წილს ან აქციებს; ბ) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილს ან აქციებს; გ) საინფორმაციო სააგენტოში წილს ან აქციებს. ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი შესაბამისობის დეკლარაციას აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, კი შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს ზემოაღნიშნული ინფორმაცია კომისიაში დღემდე არ წარმოუდგენია, რითიც კომპანიის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მოთხოვნები.
შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2023 წლის 6 აპრილს, 15:00 საათზე, რის შესახებაც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით. ამავე შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
კომისიის 2023 წლის 6 აპრილის სხდომას ესწრებოდა შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm- studio”-ს წარმომადგენელი რ. ჩაჩანიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ თანამშრომელი, რომელსაც ამ ინფორმაციაზე მუშაობა ევალებოდა, კომპანიაში აღარ არის დასაქმებული. იყო პრობლემები, თუმცა ეცდება, რომ რაც შეიძლება მალე გამოასწოროს ეს ხარვეზი.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N23-10-570; 23/03/2023).
2. შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio”-სთვის გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2023 წლის 6 აპრილის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio”-ს შესახებ მონაცემები.
5. შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio”-ს წარმომადგენლის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2023 წლის 6 აპრილის სხდომაზე.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio” წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა - კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა - სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა). მტკიცებულება: მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
2. შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio” -ს კომისიაში არ წარმოუდგენია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N23-10-570; 23/03/2023).
4. შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა. მტკიცებულება: კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი.
2. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ავტორიზაციის შესახებ; გ) მედიამომსახურების მიმწოდებელ და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელ სუბიექტებში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან 5%-ზე მეტის ფლობის შესახებ; ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ზემოაღნიშნულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა. ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი აგრეთვე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია, თუ მისი წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს: ა) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში სხვა ავტორიზებული პირის წილს ან აქციებს; ბ) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილს ან აქციებს; გ) საინფორმაციო სააგენტოში წილს ან აქციებს. ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი შესაბამისობის დეკლარაციას აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ის მიერ 2023 წლის პირველი თებერვლიდან დღემდე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლი, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. კერძოდ, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი, დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს
„თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე და 71-ე მუხლების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის დარღვევის გამო.
2. უზრუნველყოს შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-მ 10 სამუშაო დღის ვადაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგენა.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
4. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. კაველიძე) შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio”-სთვის ჩაბარების დღიდან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
8. კონტროლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
