წვდომის მენიუ

შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-23-18 / 171

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 18, 2023 13:58

მიღების თარიღი აპრილი 06, 2023

შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.  აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის იურიდიული დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათის (N23-10-571; 23/03/2023) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის დარღვევის გამო.

კომისიის  აპარატის  იურიდიული  დეპარტამენტის   მოხსენებით  ბარათში  (N23-10-571; 23/03/2023) აღნიშნულია, რომ 2023 წლის 22 მარტს კომისიაში შემოვიდა შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ წერილი (N23-6/937), რომლიდანაც ირკვევა, რომ კომპანიამ 2023 წლის 13 თებერვალს განახორციელა დამფუძნებლის ცვლილება, კერძოდ, ვასილ კობაიძის  ნაცვლად  100%-იანი წილის  მფლობელად  განისაზღვრა  ზვიად  ამირიძე.  შპს „რადიო კომპანია პირველმა რადიომ“ ზემოაღნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა დაგვიანებით. შესაბამისად, დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია თავისი წილის მფლობელებისა  და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. იგი აგრეთვე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დეპარტამენტს  მიაჩნია,  რომ „რადიო  კომპანია  პირველი  რადიოს“  მიერ  დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2023 წლის 6 აპრილს, 15:00 საათზე, რის შესახებაც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით. ამავე შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

კომისიის 2023 წლის 6 აპრილის სხდომას ესწრებოდა შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ წარმომადგენელი ა. კვანტალიანი, რომელმაც განაცხადა, რომ წილის გადაფორმების პროცესი დიდხანს მიმდინარეობდა და გამორჩათ განახლებული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა. ეს ქმედება განზრახ არ ყოფილა ჩადენილი, ეს იყო ადამიანური შეცდომა. ჩათვალეს, რომ კომპანიის ოფის-მენეჯერმა ინფორმაცია გამოაგზავნა კომისიაში, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გამოგზავნა გამორჩა.

II.   გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N23-10-571; 23/03/2023).

2. შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოსთვის“ გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2023 წლის 6 აპრილის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

3. შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ მიერ კომისიაში გამოგზავნილი წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N შ-23-6/937; 20.03.2023).

4. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“  შესახებ მონაცემები.

5. შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2023 წლის 6 აპრილის სხდომაზე.

III. დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიო“  წარმოადგენს  რადიომაუწყებელს (რადიომაუწყებლობის B45, B46 და B79  ლიცენზიები).

მტკიცებულება: მონაცემები მეწარმეთა და  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული  პირების რეესტრიდან და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

2. შპს „რადიო კომპანია პირველმა რადიომ“ 2023 წლის 13 თებერვალს განახორციელა დამფუძნებლის ცვლილება, კერძოდ, ვასილ კობაიძის ნაცვლად 100%-იანი წილის მფლობელად განისაზღვრა ზვიად ამირიძე. შპს „რადიო კომპანია პირველმა რადიომ“ ზემოაღნიშნული    ცვლილება,     შესაბამისობის    დეკლარაციის  სახით,  კომისიაში წარმოადგინა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული 10 დღიანი ვადის დარღვევით.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N23-10-571; 23/03/2023).

3. შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: კომისიაში    დაცული    ავტორიზებულ    პირთა    უწყებრივი    რეესტრის მონაცემები.

IV.   გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს  კანონის  მე-3  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად,  მედიამომსახურებისა  და  ვიდეოგაზიარების  პლატფორმის  მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლი „ტ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია  და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის  მფლობელი  ან/და ავტორიზებული პირი.

3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.

4. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  62-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია თავისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი    ორგანოების    წევრებისა    და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. იგი აგრეთვე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე.

5. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  71-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის 1- ლი  პუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია თავისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის  პირების ცვლილების შემთხვევაში კომისიას  წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. იგი აგრეთვე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიერ კი 2023 წლის 22 მარტს კომისიაში წარმოდგენილი წერილით (N23-6/937) გახდა ცნობილი, რომ კომპანიამ 2023 წლის 13 თებერვალს  განახორციელა დამფუძნებლის  ცვლილება  და  ვასილ  კობაიძის  ნაცვლად

100%-იანი წილის მფლობელად განისაზღვრა ზვიად ამირიძე, ზემოაღნიშნული ცვლილება კი კომპანიამ კომისიაში წარმოადგინა დაგვიანებით 10 დღეზე მეტ ვადაში. შესაბამისად, შპს „რადიო კომპანია პირველმა რადიომ“ დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს  კანონის  62-ე  მუხლის  1-ლი პუნქტი,  რაც  ამავე  კანონის  71-ე  მუხლის მიხედვით, კომპანიის სანქცირების საფუძველია. კერძოდ, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ საქართველოს კანონმდებლობის   დარღვევის   ან   კომისიის   გადაწყვეტილების   შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი, დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიერ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე        ზემოაღნიშნულის         გათვალისწინებით         საქართველოს         ზოგადი ადმინისტრაციული   კოდექსის   53-ე   მუხლის,   76-ე   მუხლის   პირველი   ნაწილის   „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის   მე-3   პუნქტის  „ვ“   ქვეპუნქტის,  62-ე   და  71-ე  მუხლების  და  „საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  საქმიანობის  მარეგულირებელი  წესების“  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.   შპს   „რადიო კომპანია პირველ  რადიოს“  მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.

2.  დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (ო.  ვოტ) გადაწყვეტილების შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. კაველიძე) შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები