შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 05, 2023 14:03
მიღების თარიღი აპრილი 27, 2023
შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N23-10-602, 28/03/2023) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის შესაძლო დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N23-10-602, 28/03/2023) და თანდართული დოკუმენტაციის თანახმად, 2023 წლის 16 მარტს კომისიაში შემოვიდა შპს „ახალი ქსელების“ (ს/კ 211326732) წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-6/869, 15.03.2023) დამფუძნებლის და წილის ცვლილების თაობაზე. კერძოდ, როგორც წერილშია აღნიშნული შპს „ახალი ქსელების“ 0,25%-იანი წილის მფლობელის ფიზიკური პირის მარინა იაშვილის გარდაცვალება გახდა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების საფუძველი. წერილიდან ირკვევა, რომ ავთანდილ იაშვილმა, როგორც მარინა იაშვილის კანონიერმა მემკვიდრემ, მიიღო მისი კუთვნილი 0.25% წილი. ზემოაღნიშნული ცვლილება კომპანიაში განხორციელდა 2023 წლის 15 მარტს. ამავე მოხსენებითი ბარათის მიხედვით, შპს „ახალ ქსელებს“ აღნიშნული ტრანზაქციის განსახორციელებლად კომისიისგან წინასწარი თანხმობა არ აქვს მიღებული.
ასევე, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 23-10-719, 19/04/2023) თანახმად, შპს „ახალი ქსელების“ წილის შეძენა ვერ მოახდენდა რაიმე გავლენას ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად. დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომლის თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2023 წლის 20 აპრილს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა შეტყობინებით (Nგ-23-03/783, 11/04/2023). შეტყობინებით, კომპანია მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2023 წლის 20 აპრილის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელი ხათუნა ინჯია, რომელმაც განმარტა, მისი აზრით, რატომ არის კომისიის პრაქტიკა არასწორი. შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენლის მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი არ აიგივებს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებებს. აქედან გამომდინარე, არასწორია კომისიის მიდგომა, რომლის მიხედვითაც, მემკვიდრეობით რაიმეს შეძენა, თუნდაც წილის ან ქონების მიღება, იგივე სამკვიდროს მიღება საკუთრების უფლების შეძენას ნიშნავს. გარდა ამისა, ხ. ინჯიას მტკიცებით, კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლი არ არეგულირებს მემკვიდრეობის მიღების შემთხვევებს. შესაბამისად, იგი სამემკვიდრეო სამართალში ვერ იქნება გამოყენებული. ხ. ინჯიას განმარტებით, საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება არ არის ანალოგიური უფლებები და მათი რეგულაციაც არ შეიძლება ანალოგიით.
ხათუნა ინჯიამ ასევე აღნიშნა, რომ სამემკვიდრეო სამართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპის თანახმად, სამკვიდრო ქონებიდან არ შეიძლება ამოღებულ იქნეს, განცალკევდეს რაიმე აქტივი, მათ შორის, წილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მემკვიდრემ უნდა მიიღოს მთელი სამკვიდრო ქონება სრულად, ან უნდა თქვას მასზე უარი. აღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ კომისიის მიდგომა არამართლზომიერია.
ხ. ინჯიას განმარტებით, კომისიის მიერ მითითებული კონცენტრაციის კონტროლის მიზანი ვერ ამართლებს კონსტიტუციით განმტკიცებული მემკვიდრეობის უფლების შეზღუდვას. რაც არ უნდა კონცენტრაცია ხდებოდეს ბაზარზე, მემკვიდრეს აქვს სამკვიდროს მიღების უფლება და კომისია მას ამ უფლებას ვერ ჩამოართმევს და წილს სახელმწიფოს ვერ გადასცემს.
ხათუნა ინჯიამ დასძინა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წერილობით პოზიციას წარმოადგენდა კომისიაში. აღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის 2023 წლის 20 აპრილის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2023 წლის 27 აპრილს, რის შესახებაც შპს „ახალ ქსელებს“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით Nგ-23-03/862, 20/04/2023.
2023 წლის 24 აპრილს შპს „ახალმა ქსელებმა“ წარმოადგინა წერილობითი პოზიცია (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-6/1360, 24.04.2023), რომელშიც აღნიშნულია, რომ მიმდინარე წარმოება უნდა შეწყდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან მოხსენებით ბარათში მითითებული კანონის ნორმების დარღვევას შპს „ახალი ქსელების“ მხრიდან ადგილი არ ქონია. შპს „ახალი ქსელები“ მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებულია საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებები. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება, ერთ მხრივ, ადგენს ამ ფუნდამენტური უფლებების დაცვის გარანტიას, მეორე მხრივ კი - მიუთითებს, რომ საკუთრების უფლება და მემკვიდრეობის უფლება ადამიანის უფლებების ორი კატეგორიაა. მემკვიდრეობის მიღების საფუძველია კანონი, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრე სამკვიდროს მიღების უფლებას იძენს კანონის საფუძველზე (გარდა, ანდერძით მემკვიდრეობისა, რაც ცალმხრივ გარიგებას წარმოადგენს). გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“
შპს „ახალი ქსელების“ წერილობითი განმარტების მიხედვით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლები არ განსაზღვრავს მემკვიდრეობის მიღებისას სამემკვიდრეო უფლების შეზღუდვის შემთხვევას და წესს, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი. უფრო მეტიც, კონსტიტუციის თანახმად, ასეთი შეზღუდვის შემთხვევა და წესი ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული. არც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე დგინდება, რომ ეს ნორმები არეგულირებს, წილის ან სხვა მატერიალური აქტივის შეძენას და არა შენარჩუნებას, პირთა ნების გამოვლენის საფუძველზე, რაც განზრახულობაში შეიძლება იყოს გამოხატული. კერძოდ, 26-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს : „შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე.“ შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საფუძვლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების დარღვევა მემკვიდრეობით წილის ან მატერიალური აქტივის მიღების დროს. ამ საფუძვლით მიღებული ადმინისტრაციული აქტი იქნება კანონშეუსაბამო და დარღვეული ადმინისტრაციული აქტის მიღების კანონიერების პრინციპი.
მხარის განმარტებით, ზემოთ მითითებული საფუძვლით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნობის შემთხვევაში, ასევე დარღვეული იქნება ადმინისტრაციული აქტის მიღების მიზანშეწონილობისა და მისი აღსრულების შესაძლებლობის მოთხოვნა: კერძოდ: ა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების მიზანს წარმოადგენს ამავე კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული ამოცანის - ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენა. ამ ამოცანის მისაღწევად კომისიას აქვს ამავე მუხლით გათვალისწინებული რეგულაციების მიღების, მათ შორის, შეძენის თანხმობაზე უარის თქმის უფლება, თუმცა, 1. მემკვიდრეობით აქტივის მიღება ამ მუხლებით არ რეგულირდება და 2. ვერც დარეგულირდება, რადგან ყველა შემთხვევაში, მემკვიდრეობით მიღების უფლება უპირატესი უფლებაა, რომელსაც კანონი ვერ შეზღუდავს, კონკრეტულ წილთან ან კონკრეტულ აქტივთან მიმართებაში. 3. მხოლოდ სამკვიდროს მიღების შემდეგ შესაძლოა იზრუნოს კომისიამ თუ სხვა მარეგულირებელმა ორგანომ, იმგვარი რეგულირებების დადგენაზე, რომელსაც იცნობს კანონი ბაზრის კონკრეტულ სეგმენტზე კონკურენტული გარემოს შენარჩუნების მიზნით, და არა მემკვიდრეობის მიღებამდე, რაც სრული აბსურდია.
შპს „ახალი ქსელების“ წერილობით მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ კომისიის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების (სამკვიდროს მიღების თანხმობაზე უარის ან მისაღები აქტივის მიმართ რეგულირების) მიღების შემთხვევაში იგი არარა აქტად იქნება ცნობილი ზემოთ მოყვანილი გარემოებების გამო და მისი აღსრულება შეუძლებელი იქნება, რაც ერთ-ერთი პრინციპია გადაწყვეტილების მიღების მისი აღსრულების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
გარდა ამისა, შპს „ახალი ქსელების“ მტკიცებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 230-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული კანონმდებლობასთან ზუსტ შესაბამისობაში. რასაც მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ მოყვანილი გარემოებების გამო ადგილი არ აქვს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ახალ ქსელებს“ მიაჩნია, რომ სამართალწარმოება უნდა იქნეს შეწყვეტილი.
კომისიის 2023 წლის 27 აპრილის სხდომაზე შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა. საკითხის გადადების მოთხოვნით შუამდგომლობა კომისიაში არ შემოსულა. კომისიის შეტყობინების (Nგ-23-03/862, 20/04/2023) მხარისათვის გაგზავნით კომისიამ, უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისიამ განიხილა საკითხი შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N23-10-602, 28/03/2023) თანდართული მასალით;
2. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N23-10-676, 10/04/2023);
3. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N23-10-719, 19/04/2023);
4. შპს „ახალი ქსელებისთვის“ გაგზავნილი კომისიის შეტყობინება (Nგ-23-03/783,
11/04/2023) კომისიის 2023 წლის 20 აპრილის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;
5. მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ამონაწერი: B23031558, 07/03/2023 და B23035942, 15/03/2023 ) და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ახალი ქსელების“ შესახებ;
6. შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენლის ხათუნა ინჯიას ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2023 წლის 20 აპრილის სხდომაზე;
7. კომისიის შეტყობინება (Nგ-23-03/862, 20/04/2023) შპს „ახალ ქსელებს“ 2023 წლის 27 აპრილის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;
8. შპს „ახალი ქსელების“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-6/1360, 24.04.2023).
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ახალი ქსელები“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს. შესაბამისად, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
2. შპს „ახალი ქსელების“ 0,25%-იანი წილის მფლობელის ფიზიკური პირის მარინა იაშვილის გარდაცვალება გახდა დამფუძნებლის ცვლილების საფუძველი. ავთანდილ იაშვილმა, როგორც მარინა იაშვილის კანონიერმა მემკვიდრემ, მიიღო მისი კუთვნილი
0.25% წილი. ზემოაღნიშნული ცვლილება კომპანიაში განხორციელდა 2023 წლის 15 მარტს;
3. შპს „ახალ ქსელებს“ წილის შეძენის განზრახვის შესახებ ინფორმაცია წინასწარ, შეძენის განხორციელებამდე, კომისიაში არ წარმოუდგენია და კომისიისაგან წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობა არ მიუღია.
4. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, შპს „ახალი ქსელების“ წილის შეძენა ვერ მოახდენდა რაიმე გავლენას ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომლის თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონულ კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
5. შპს „ახალი ქსელების“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
IV. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული კონცენტრაციის გარდა, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით შეისწავლის იმ ოპერაციას, რომლითაც ხდება: ა) ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) ორი ან ორზე მეტი პირის, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია, შერწყმის შედეგად გაერთიანება; გ) ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა, რის შედეგადაც შემძენი პირის მფლობელობაში ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი აღმოჩნდება; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე;
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება;
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;
10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები;
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზეად მინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. ადმინისტრაციული წარმოების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;
12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის ან შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ავტორიზებულ პირს, საოპერაციო აქტივის შემძენ ავტორიზებულ პირს ან ავტორიზებულ პირს, რომლის წილის ან აქციების შეძენაც მოხდა, ფუნქციონალური განცალკევება (ფუნქციონალურად გამოყოფილი სტრუქტურული ერთეულების ცალკე იურიდიულ პირად/პირებად გამოყოფა);
13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.
14. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება, ხოლო კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები. კერძოდ, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. ამავე კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია თანხმობის გაცემის შემთხვევაში მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ავტორიზებულ პირს ან საოპერაციო აქტივის შემძენ ავტორიზებულ პირს შემდგომ საქმიანობაში ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის შენარჩუნებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი - კომისია უფლებამოსილია დასაბუთებული გადაწყვეტილებით მოითხოვოს შერწყმის ან შეძენის პირობების კორექტირება, ან საერთოდ აკრძალოს შერწყმა ან ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენა, თუ მიიჩნევს, რომ შერწყმა ან შეძენა გამოიწვევს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევას.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლებით განსაზღვრულია ავტორიზებული პირის ვალდებულება, წინასწარ შეატყობინოს კომისიას შერწყმის, მისი წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის თაობაზე. ამგვარი შეტყობინების შემთხვევაში კი ტრანზაქციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, გასცეს თანხმობა, ასევე, თანხმობის გაცემასთან ერთად მოითხოვოს კონკურენციის შენარჩუნების უზრუნველმყოფი ღონისძიებების განხორციელება, ტრანზაქციის პირობების კორექტირება ან საერთოდ აკრძალოს ტრანზაქცია, თუ მიიჩნევს, რომ იგი ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევას გამოიწვევს. დასახელებული საკანონმდებლო ნორმებით ჩამოყალიბებულია ე.წ. „კონცენტრაციების კონტროლის“ უფლებამოსილება. კომისიის ეს უფლებამოსილება ემსახურება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენტული ბაზრის სტრუქტურის შენარჩუნებას და კონკურენციის მნიშვნელოვნად შემზღუდველი კონცენტრაციების თავიდან აცილებას.
კომისიის კონტროლსა და წინასწარ შეთანხმებას დაქვემდებარებული ტრანზაქციები განსაზღვრულია უშუალოდ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლებით, ესენია - ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა, ორი ან ორზე მეტი პირის, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია, შერწყმის შედეგად გაერთიანება და ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა. აღნიშნული ტრანზაქციები განიმარტება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონცენტრაციების კონტროლის რეგულირების დანიშნულებისა და მიზანმიმართულების გათვალისწინებით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლები მიუთითებს ავტორიზებული პირის წილის ან აქციების „შეძენაზე“ და არ აკონკრეტებს შეძენის რომელიმე ფორმას. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების გრამატიკული განმარტებიდან ექსპლიციტურად გამომდინარეობს, რომ ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენაში მოიაზრება ნებისმიერი ფორმით შეძენა. გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, კონცენტრაციების კონტროლის მიზანია კონკურენციის მნიშვნელოვნად შემზღუდველი კონცენტრაციების თავიდან აცილება. ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენამ, შესაძლებელია, წარმოშვას კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვის რისკები იმის მიუხედავად, თუ რომელი ფორმით ხდება ეს. კერძოდ, შესაძლებელია, ბაზრის რომელიმე სეგმენტზე კონკურენციის კუთხით პრობლემური იყოს ნებისმიერი ფორმით შეძენა, იქნება ეს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ჩუქების საფუძველზე, კანონით ან ანდერძით მემკვიდრეობის გზით, თუ კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე სხვა ფორმით.
კომისია აქვე განმარტავს, რომ წილის შეძენის განზრახვა გარკვეული ქმედების განხორციელების ნების გამოხატვას გულისხმობს, მათ შორის, სამკვიდროს მიღების ნების გამოვლენასაც. სამკვიდრო ქონების მიღება პირის უფლებაა და არა ვალდებულება. შესაბამისად, მემკვიდრეობის მისაღებად აუცილებელია სამკვიდროს მისაღებად ნების გამოხატვა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მემკვიდრეობით იძენს ავტორიზებული პირის წილს/აქციას და ეს ტრანზაქცია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ექვემდებარება კონცენტრაციების კონტროლს, ავტორიზებული პირი ვალდებულია ტრანზაქციის განხორციელებამდე თანხმობის მისაღებად მიმართოს კომისიას.
უნდა აღინიშნოს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენის ამგვარ განმარტებასთან დაკავშირებით უკვე არსებობს კომისიის პრაქტიკა (იხ. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება Nგ-19-18/583 შპს „დაკასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“,
2020 წლის 24 სექტემბრის Nგ-20-18/ 730 გადაწყვეტილება „შპს „სტანდარტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე“, კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის გ-20-18/872 გადაწყვეტილება „შპს ,,სიმნეტისთვის“ (ს/კ 424066441) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ“ და კომისიის 2021 წლის 15 ოქტომბრის №გ-21-18/573 გადაწყვეტილება „შპს „ბრეძას“ (ს/კ440886926) სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე“).
ამრიგად, კომისია ვერ გაიზიარებს შპს „ახალი ქსელების“ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მემკვიდრეობის გზით შეძენის შემთხვევებზე არ ვრცელდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების მოთხოვნები. კანონმდებლობის ამგვარი განმარტების პირობებში რისკის ქვეშ დადგებოდა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენტუნარიანი ბაზრის სტრუქტურა. კერძოდ, შესაძლებელია, მემკვიდრეობის გზით ისეთმა პირმა შეიძინოს რომელიმე ავტორიზებული პირის წილი ან აქციები, რომ ზიანი მიადგეს ბაზრის რომელიმე სეგმენტზე კონკურენციას. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია, არსებობდეს ბაზარზე კონკურენციის შენარჩუნების ეფექტიანი მექანიზმი.
ასევე არ არის გასაზიარებელი შპს „ახალი ქსელების“ მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ავტორიზებული პირის წილის მემკვიდრეობის გზით შეძენით შეიქმნება კონკურენციის შეზღუდვის რისკები, კომისია უფლებამოსილია იმოქმედოს კონკურენციის უზრუნველმყოფი ისეთი მექანიზმებით, როგორებიც არის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირისათვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-23-ე მუხლებით და V თავით განსაზღვრულია კონკურენციის წინასწარი ex ante რეგულირების ფუნქცია, რომლის საფუძველზეც კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის ცალკეულ სეგმენტებზე მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს დააკისროს ისეთი სპეციფიკური ვალდებულებები, როგორებიც არის ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება; ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება; გ) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიური წესების შესაბამისად; დ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება; და ე) სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით კომისიას პარალელურად ენიჭება როგორც კონკურენციის წინასწარი რეგულირების, ისე - კონცენტრაციების კონტროლის ფუნქციები. თითოეულ ამ ფუნქციას თავისი დანიშნულება აქვს. შესაბამისად, ისინი ერთმანეთის შემავსებელი და არა ჩამანაცვლებელი ფუნქციებია. აღნიშნულის გათვალისწინებით კონცენტრაციების კონტროლის ფუნქციას, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის კონკურენტუნარიანი სტრუქტურის შენარჩუნებას და კონცენტრაციების გზით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ჩამოყალიბების თავიდან აცილებას, ვერ ჩაანაცვლებს კონკურენციის წინასწარი ex ante რეგულირების ფუნქცია, რომელიც არსებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების აღკვეთას ემსახურება.
კომისია ასევე ვერ გაიზიარებს შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენლის მითითებას, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით საკუთრება და მემკვიდრეობა სხვადასხვა უფლებებია და დაუშვებელია ავტორიზებული პირის წილის შეძენად განიმარტებოდეს როგორც საკუთრების, ისე - მემკვიდრეობის გზით შეძენა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციურ ტერმინებს აქვს ავტონომიური სამართლებრივი მნიშვნელობა, „რომლებიც შესაძლოა ემთხვეოდეს ან არ ემთხვეოდეს კანონმდებლობაში არსებული ანალოგიური ტერმინების განმარტებებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის N1/7/1688 გადაწყვეტილება საქმეზე „შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). კონსტიტუციით საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებების დამოუკიდებლად დაცვა ვერ განაპირობებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ავტორიზებული წილის შეძენის განმარტების უმართებულობას, ვინაიდან კონსტიტუციით არ იკრძალება ცალკეული საკუთრების შეძენის მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლების ფარგლებში შეძენის შემთხვევაში ერთგვაროვანი რეჟიმის არსებობა. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით შპს „ახალი ქსელების“ არგუმენტაცია მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
შპს „ახალი ქსელები“ ასევე მიუთითებდა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მოთხოვნაზე, რომლის შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ საჯარო ინტერესებისათვის კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული უფლება იზღუდება სწორედ კანონით განსაზღვრული წესით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით და ემსახურება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესებს - ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენტუნარიანი ბაზრის სტრუქტურის შენარჩუნებას.
კომპანიის არგუმენტაციით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-26-ე მუხლების გავრცელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს პირის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა და მისი მემკვიდრეობის უფლების დარღვევა, ვინაიდან, სამოქალაქო კანონმდებლობით პირს არ აქვს უფლება უარი თქვას მხოლოდ სამკვიდროს ნაწილზე. კომისია მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ საკითხის ამგვარად დასმა ემყარება კანონმდებლობის შინაარსის არასწორ აღქმასა და ინტერპრეტაციას.
როგორც აღინიშნა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე და 27-ე მუხლების თანახმად, წინასწარი თანხმობის მისაღებად წარდგენილი შეტყობინების განხილვის შედეგად კომისიამ შესაძლოა: (ა) უპირობოდ თანხმობა გასცეს წილის შეძენაზე, (ბ) თანხმობა გასცეს გარკვეული პირობით, (გ) მოითხოვოს შეძენის პირობების კორექტირება და (დ) აკრძალოს წილის შეძენა. ამასთან, კანონი ასევე ითვალისწინებს შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე მხარეების უფლებამოსილებას, შერწყმის ან შეძენის ნებისმიერ ეტაპზე შესთავაზონ კომისიას საკუთარი წინადადებები მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევის თავიდან ასაცილებლად. აღნიშნულ უფლებამოსილებებს კომისია იმგვარად გამოიყენებს, რომ არ დაარღვიოს წილის შემძენი პირის უფლებები და კანონიერი ინტერესები. კერძოდ, თუ პირის მიერ ავტორიზებული პირის წილის ან აქციის შეძენა მნიშვნელოვნად ზღუდავს ბაზარზე კონკურენციას, მას მიეცემა გონივრული შესაძლებლობა, სრულად მიიღოს სამკვიდრო ისე, რომ ერთი მხრივ, არ დაირღვეს მისი საკუთრებითი ინტერესი და მეორე მხრივ, საფრთხე არ შეექმნას ბაზრის კონკურენტუნარიანობას.
ამდენად, შპს „ახალ ქსელებს“ წილის შეძენის განზრახვის თაობაზე, შეძენის ფორმის მიუხედავად წინასწარ უნდა ეცნობებინა კომისიისთვის, რათა კომისიას, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე აღნიშნული ტრანზაქციის შესაძლო გავლენა დაედგინა და შესაბამისად, მიეღო გადაწყვეტილება წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის დადგენის მიზნით დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება შეძენის გამოკვლევის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შპს „ახალი ქსელებს“ წილის შეძენის განზრახვის შესახებ კანონით განსაზღვრული წესით არ მოუმართავს კომისიისთვის და არ მიუღია კომისიის წინასწარი თანხმობა, შპს „ახალი ქსელების“ მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები. ზემოაღნიშნული დარღვევა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველს წარმოადგენს.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიის წინასწარი თანხმობა სავალდებულოა, როდესაც ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა.
ავტორიზებული პირის წილის ან აქციების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები, მათ შორის, მოსთხოვოს წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმს წარმოადგენს ის ფაქტი - იცვლება თუ არა წილის ან აქციების გასხვისების შედეგად საბოლოო ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობა ან/და გავლენა ავტორიზებულ პირში ან/და ასევე წილის ან აქციების გასხვისებით შესაძლებელია თუ არა ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის კონკურენტუნარიანობას მიადგეს საფრთხე. ამასთან, კომისია აღნიშნავს იმასაც, რომ არ არის აუცილებელი დადგენილი იყოს კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების უტყუარობა, არამედ კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობაც კი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ კომისიამ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები (მათ შორის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებული წილის ან აქციების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა). იმას თუ რამდენად რეალურია საფრთხე და საერთოდ არსებობს თუ არა საფრთხე ავტორიზებული პირის წილის ან აქციების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისებით დაზიანდეს ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო, სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს წილის ან აქციების გასხვისებაში მონაწილე ავტორიზებული პირ(ებ)ის საქმიანობის არეალი, საბაზრო წილი, აბონენტების რაოდენობა.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის შესწავლით (სამსახურებრივი ბარათი N23-10-719, 19/04/2023) ირკვევა, რომ შპს „ახალი ქსელების“ წილის შეძენა ვერ მოახდენდა რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომლის თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. შესაბამისად, არ არსებობს წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენის ვალდებულების დაკისრების საჭიროება.
შპს „ახალი ქსელების“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, კომპანიას ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 43-ე და 44-ე მუხლებისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „ახალ ქსელებს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ახალი ქსელებისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ახალი ქსელებისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ახალი ქსელებისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი.ბუთბაია).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
