შპს „Voxbone SA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 23, 2023 17:00
მიღების თარიღი მაისი 18, 2023
შპს „Voxbone SA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N23-10-777; 27/04/2023) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „Voxbone SA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N23-10-777; 27/04/2023) თანახმად, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით შპს „Voxbone SA“-ის დამფუძნებლები არიან კომპანია “Voice Bidco Limited” (99,9998%), რომლის 100%- იანი წილის მფლობელია კომპანია „Bandwidth Inc“ და კომპანია “Voice Midco Limited” (0,0002%), რომლის 100%-იანი წილის მფლობელია კომპანია „Voice Finco Limited“, კომპანია „Voice Finco Limited“-ის 100%-იანი წილის მფლობელია კომპანია „Voice Topco Limited“, კომპანია „Voice Topco Limited“-ის 100%-იანი წილის მფლობელია კომპანია „Bandwidth Inc.”. ამავე მოხსენებითი ბარათის მიხედვით, 2023 წლის 12 აპრილს კომისიაში შემოვიდა შპს „Voxbone SA“-ს (ს/კ 0478.928.788) წერილი (Nშ-23-8/1220), რომლიდანაც ირკვევა, რომ 2023 წლის 16 იანვარს განხორციელებული ცვლილებების შედეგად მოხდა შპს „Voxbone SA“-ს 0,0002%- იანი წილის მფლობელი კომპანიის “Voice Midco Limited”-ის ლიკვიდაცია და მისი სამართალმემკვიდრე გახდა კომპანია ,,Bandwidth Inc.“. როგორც წერილშია აღნიშნული, კომპანია “Voice Midco Limited”-ის მფლობელობაში არსებული 1 აქცია ლიკვიდაციის შედეგად გადაეცა კომპანია ,,Bandwidth Inc.“-ს, ხოლო ამ უკანასკნელმა აღნიშნული 1 აქცია გადასცა კომპანია “Voice Bidco Limited”-ს. შედეგად წილები გადანაწილდა შემდეგნაირად: შპს „Voxbone SA“-ს 100%-იანი წილის მფლობელია კომპანია “Voice Bidco Limited”, ხოლო ამ უკანასკნელის 100%-იანი წილის მფლობელია კომპანია „Bandwidth Inc“. კომისიის მიერ წინასწარი თანხმობა აღნიშნულ ცვლილებაზე არ არის გაცემული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წლის 18 მაისს დაინიშნა კომისიის სხდომა შპს „Voxbone SA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით, რის თაობაზეც შეტყობინებით (N გ-23-03/1077; 15/05/2023) ეცნობა შპს „Voxbone SA“-ს.
კომისიის 2023 წლის 18 მაისის სხდომას ესწრებოდა შპს „Voxbone SA“-ს წარმომადგენელი ნ. ოთარიძე. მან აღნიშნა, რომ 2023 წლის 25 იანვარს შპს „Voxbone SA“-მ კომისიაში გამოაგზავნა წერილი, რომელშიც აღწერილი იყო შპს „Voxbone SA“-ს მესაკუთრეთა შესახებ ინფორმაცია, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ შპს „Voxbone SA“-ს 100%-იანი წილის მფლობელი იყო კომპანია “Voice Bidco Limited”, ხოლო ამ უკანასკნელის 100%-იანი წილის მფლობელი იყო კომპანია „Bandwidth Inc.“. ამასთანავე, ნ. ოთარიძემ დაადასტურა, რომ წილის/აქციების გასხვისების განზრახვის თაობაზე შეტყობინებისთვის კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ინფორმაცია შპს „Voxbone SA“-ს არ წარმოუდგენია. მისი განცხადებით, მეორე ტრანზაქცია დასრულდა ა/წ 16 იანვარს და ა/წ 9 მარტს წილები ამავე სახით იყო გადანაწილებული. მან ასევე, აღნიშნა, რომ კომპანია “Voice Midco Limited”-ის ლიკვიდაციის შესახებ დამატებითი დოკუმენტაცია შემდგომ წარმოადგინეს.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N23-10-777; 27/04/2023);
2. შპს „Voxbone SA“-ს წერილი (Nშ-23-8/1220; 12.04.2023), რომელსაც ერთვის დოკუმენტაცია კომპანიის წილის მფლობელთა შესახებ;
3. შპს Voxbone SA“-ს შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებული პირების უწყებრივი რეესტრიდან;
4. ,,შპს „Voxbone SA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2023 წლის 9 მარტის Nგ-23-18/120 გადაწყვეტილება;
5. კომისიის 2023 წლის 18 მაისის სხდომაზე შპს ,,Voxbone SA“-ს წარმომადგენლის ნ. ოთარიძის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს ,,Voxbone AS” წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 03/03/2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა (ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა); B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება (ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება); B.F.5 სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება. შპს „Voxbone SA“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
მტკიცებულება: კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები.
2. 2023 წლის 12 აპრილს კომისიაში შემოვიდა შპს „Voxbone SA“-ს წერილი (N23-8/1220), რომლიდანაც ირკვევა, რომ 2023 წლის 16 იანვარს განხორციელებული ცვლილებების შედეგად მოხდა შპს „Voxbone SA“-ს 0,0002%-იანი წილის მფლობელი კომპანიის “Voice Midco Limited”-ის ლიკვიდაცია და მისი სამართალმემკვიდრე გახდა კომპანია ,,Bandwidth Inc.“. როგორც წერილშია აღნიშნული, კომპანია “Voice Midco Limited”-ის მფლობელობაში არსებული 1 აქცია ლიკვიდაციის შედეგად გადაეცა კომპანია „Bandwidth Inc“-ს, ხოლო ამ უკანასკნელმა აღნიშნული 1 აქცია გადასცა კომპანია “Voice Bidco Limited”-ს. შედეგად წილები გადანაწილდა შემდეგნაირად: შპს „Voxbone SA“-ს 100%-იანი წილის მფლობელია კომპანია “Voice Bidco Limited”, ხოლო ამ უკანასკნელის 100%-იანი წილის მფლობელია კომპანია „Bandwidth Inc.“;
მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N23-10-777; 27/04/2023); შპს „Voxbone SA“-ს წერილი (Nშ-23-8/1220; 12.04.2023) თანდართული დოკუმენტაციით;
3. შპს „Voxbone SA“-ს წილის შეძენის განზრახვის შესახებ, შეძენის განხორციელებამდე, შპს „Voxbone SA“-ს კანონით განსაზღვრული წესით არ მოუმართავს კომისიისთვის და წილის შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობა არ მიუღია. ასევე, აღნიშნული ცვლილების განხორციელების შემდეგ, შპს „Voxbone SA“-ს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ უცნობებია კომისიისთვის ცვლილების თაობაზე;
მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N23-10-777; 27/04/2023);
4. კომისიის 2023 წლის 9 მარტის Nგ-23-18/120 გადაწყვეტილებით, შპს „Voxbone SA“-ს მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დარღვევის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ კომისიისთვის სათანადო წესით ინფორმაციის მიწოდებისა და კომისიის თანხმობის მოპოვების გარეშე, შეიცვალა შპს „Voxbone SA“-ს ბენეფიციარი მესაკუთრეების შუა რგოლი, კერძოდ შპს „Voxbone SA“-ს 99.98%-იანი წილის მფლობელი კომპანიის “Voice Bidco Limited”-ის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა კომპანია „Bandwidth Inc.“. აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელებამდე შპს „Voice Bidco Limited“-ის 100%-იანი წილის მფლობელი იყო კომპანია „Voice Midco Limited“, რომლის 100%-იან წილს ფლობდა კომპანია “Voice Finco Limited”, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი იყო კომპანია „Voice Topco Limited”, რომლის დამფუძნებელი იყო ,,Bandwidth Inc.“. შპს „Voxbone SA“-მ ინფორმაცია აღნიშნული ტრანზაქციის თაობაზე კომისიაში წარმოადგინა 2023 წლის 26 იანვარს (წერილი Nშ-23-8/218).
მტკიცებულება: ,,შპს „Voxbone SA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2023 წლის 9 მარტის Nგ-23-18/120 გადაწყვეტილება;
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.
5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების ერთ-ერთი მიზანია რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება, ხოლო მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება.
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული კონცენტრაციის გარდა, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით შეისწავლის იმ ოპერაციას, რომლითაც ხდება: ა) ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) ორი ან ორზე მეტი პირის, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია, შერწყმის შედეგად გაერთიანება; გ) ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა, რის შედეგადაც შემძენი პირის მფლობელობაში ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი აღმოჩნდება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა.
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში – მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები.
10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.
12. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება, ხოლო კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები. კერძოდ, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შესაბამისად, კანონის მიზნებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული ამოცანები და ფუნქციები სათანადოდ შესრულდეს, შპს „Voxbone SA“-ს, შპს „Voxbone SA“-ს წილის შეძენის განზრახვის თაობაზე წინასწარ უნდა ეცნობებინა კომისიისთვის, რათა კომისიას, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე აღნიშნული ტრანზაქციის შესაძლო გავლენა დაედგინა და შესაბამისად, მიეღო გადაწყვეტილება წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიეღო გადაწყვეტილება, შეძენის გამოკვლევის თაობაზე, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „Voxbone SA“-ს კომპანიის წილის გასხვისებამდე, აღნიშნული განზრახვის შესახებ შპს „Voxbone SA“-ს კანონით განსაზღვრული წესით არ მოუმართავს კომისიისთვის და არ მიუღია კომისიის წინასწარი თანხმობა. ასევე, არც აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ უცნობებია კომისიისთვის, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში. შესაბამისად, კომპანიის მიერ, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, ავტორიზებული პირის წილის გასხვისებით, ბენეფიციარ მესაკუთრეთა წილობრივი მფლობელობის ცვლილებითა და კომისიისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიუწოდებლობით, დარღვეული იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, 26-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები. ზემოაღნიშნული დარღვევები „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველს წარმოადგენს.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიის წინასწარი თანხმობა სავალდებულოა, როდესაც ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა. ავტორიზებული პირის წილის ან აქციების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაყიდვის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები, მათ შორის, მოსთხოვოს წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმს წარმოადგენს ის ფაქტი - იცვლება თუ არა წილის ან აქციების გასხვისების შედეგად საბოლოო ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობა ან/და გავლენა ავტორიზებულ პირში ან/და ასევე წილის ან აქციების გასხვისებით შესაძლებელია თუ არა ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის კონკურენტუნარიანობას მიადგეს საფრთხე. ამასთან, კომისია აღნიშნავს იმასაც, რომ არ არის აუცილებელი დადგენილი იყოს კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების უტყუარობა, არამედ კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობაც კი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ კომისიამ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები (მათ შორის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებული წილის ან აქციების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა). იმას თუ რამდენად რეალურია საფრთხე და საერთოდ არსებობს თუ არა საფრთხე ავტორიზებული პირის წილის ან აქციების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისებით დაზიანდეს ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო, სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს წილის ან აქციების გასხვისებაში მონაწილე ავტორიზებული პირ(ებ)ის საქმიანობის არეალი, საბაზრო წილი, აბონენტების რაოდენობა.
კომისიის 2023 წლის 9 მარტის Nგ-23-18/120 გადაწყვეტილებით, იდენტური/მსგავსი სამართალდარღვევის ჩადენის გამო, ,,შპს „Voxbone SA“-ს მიეცა წერილობითი გაფრთხილება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ასევე, საფუძვლად დაედო კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N23-10-393 23/02/2023), რომლის თანახმად, შპს „Voxbone SA“-ს ბენეფიციარი მესაკუთრეების შუა რგოლში განხორციელებული ცვლილებები, ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე ახალ გარემოებას არ ქმნიდა. შესაბამისად, შპს „Voxbone SA“-ს ბენეფიციარი მესაკუთრის წილის გასხვისება ვერ მოახდენდა რაიმე გავლენას ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ ყოფილიყო თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგებოდა ის აუცილებელი გარემოებები, რომელთა თანახმადაც, საჭირო იქნებოდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შპს „Voxbone SA“-ს წილის გასხვისება და ბენეფიციარ მესაკუთრეთა ცვლილება განხორციელდა 2023 წლის 16 იანვარს, იმ იდენტური/მსგავსი სამართალდარღვევის კომისიის მიერ გამოვლენამდე, რომლისთვისაც კომისიის 2023 წლის 9 მარტის Nგ-23-18/120 გადაწყვეტილებით, შპს „Voxbone SA“-ს წერილობითი გაფრთხილება მიეცა, ხოლო შპს „Voxbone SA“-ს წილის გასხვისებისა და ბენეფიციარ მესაკუთრეთა ცვლილების თაობაზე ინფორმაცია კომისიას წარედგინა კომისიის 2023 წლის 9 მარტის Nგ-23-18/120 გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 2023 წლის 12 აპრილს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ 2023 წლის 16 იანვარს განხორციელებული ცვლილებების შედეგად შპს „Voxbone SA“-ს წილის პირდაპირ და არაპირდაპირ მფლობელთა სტრუქტურაში არ გამოჩენილა ახალი სუბიექტი და წილები გადანაწილდა შემდეგნაირად: შპს „Voxbone SA“-ის 100%-იანი წილის მფლობელია კომპანია “Voice Bidco Limited”, ხოლო ამ უკანასკნელის 100%-იანი წილის მფლობელია კომპანია „Bandwidth Inc.“. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც, კომისიის მიერ შპს ,,Voxbone SA”-ს მიმართ 2023 წლის 9 მარტის Nგ-23-18/120 გადაწყვეტილების მიღებისას შეფასებული ტრანზაქციის მსგავსად, შპს ,,Voxbone SA”-ს პირდაპირ და არაპირდაპირ წილის მფლობელთა სტრუქტურაში განხორციელებული ცვლილება ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნას თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. ამდენად, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომელთა თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.
შპს „Voxbone SA“-ს მიერ სამართალდარღვევა ჩადენილია კომისიის 2023 წლის 9 მარტის Nგ-23-18/120 გადაწყვეტილებით შპს „Voxbone SA“-სთვის წერილობითი გაფრთხილების მიცემამდე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „Voxbone SA“-ს არ დაკისრებია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/იდენტური დარღვევისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,Voxbone SA”-ს მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით გამოყენებულ უნდა იქნეს წერილობითი გაფრთხილება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, 25-ე მუხლის, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლებისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „Voxbone SA“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო;
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „Voxbone SA“-სთვის ჩაბარების დღიდან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „Voxbone SA“-სთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „Voxbone SA“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს „Voxbone SA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
