შპს „ბი ემ ჯისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 31, 2023 17:34
მიღების თარიღი მაისი 25, 2023
შპს „ბი ემ ჯისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N23-10-868, 15/05/2023) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ბი ემ ჯისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „ბი ემ ჯის“ მონიტორინგი მაუწყებლის ეთერში განთავსებული სარეკლამო კომუნიკაციების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით (რეკლამა, პროდუქტის განთავსება, სპონსორობა, ტელეშოპინგი). მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა სპონსორობის დარღევის რამდენიმე ფაქტი:
ა) 12 აპრილი, 09:07 სთ.
„გადაცემის წარმდგენია კრწანისი რესორტ რეზიდენსი, რესორტის ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი ეკოლოგიურად სუფთა უბანში. ისუნთქე, იცხოვრე, დაისვენე“.
„გადაცემის სპონსორია თმის მოვლის პროფესიონალური პრემიუმ-ხარისხის იტალიური ბრენდი ელგონი, ელგონი - თქვენი ჯანსაღი და ელასტიური თმისთვის“.
ბ) 15 აპრილი, 11:49 სთ.
„მხოლოდ ქართულის წარმდგენია ჯიემ ფარმა, პირველი საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კორპორაცია საქართველოში, ჯიემ ფარმა - ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება“.
"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ბი ემ ჯის“ მიერ აღნიშნული სიუჟეტების მსვლელობისას განხორციელდა 67-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დარღვევა, კერძოდ მოხდა მომსახურების მოხმარებისკენ წაქეზება ამ მომსახურებაზე სპეციალური მითითებით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი ითხოვს რეაგირების განხორციელებას.
შპს „ბი ემ ჯისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2023 წლის 25 მაისს, რის თაობაზეც შეტყობინებით (Nგ-23-03/1101, 18/05/2023 ) ეცნობა შპს „ბი ემ ჯის“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
კომისიაში 2023 წლის 23 მაისს შემოვიდა შპს „ბი ემ ჯის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-6/1775, 23.05.2023), რომლშიც აღნიშნული, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სპონსორზე მითითება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებას, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით. სპონსორზე მითითებისას დაშვებულია ლოზუნგების, სათაურების, მელოდიის და ა.შ. გამოყენება მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირების მიზნით და იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლების გამოყენება არ შეიცავდეს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას.
განსახილველ შემთხვევაში, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით, შპს „ბი ემ ჯის“ წერილში წარმოდგენილია შემდეგი განმარტება:
1. მაუწყებლის მხრიდან, ადგილი არ აქვს საქონლის/მომსახურების დეტალურ აღწერას, ყურადღება არ მახვილდება კომპანიის ერთადერთობაზე, განუმეორებლობაზე და ა.შ.. არ არის წარმოჩენილი არც სხვებთან შედარებით უპირატესობა. სუნთქვა ცხოვრება და დასვენება შეიძლება ყველგან, ისევე როგორც ეკოლოგიურად სუფთა უბანი შეიძლება იყოს სხვაც და არსად არ არის ნათქვამი, რომ მხოლოდ და მხოლოდ „კრწანისი რესორტ რეზიდენსია“ ასეთი. ამასთან, სიტყვები „...საცხოვრებელი კომპლექსი ეკოლოგიურად სუფთა უბანში. ისუნთქე, იცხოვრე, დაისვენე“-წარმოადგენს კომპანიის ლოზუნგს.
2. პრემიუმ-ხარისხის იტალიური ბრენდი -მხოლოდ მახასიათებელია და არა ხაზგასმა პროდუქტის უნიკალურობაზე. მისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებაზე. მაუწყებლის მიერ გაჟღერებულ ტექსტში არსად ჩანს შეთავაზება, მოწოდება ან წაქეზება მის შეძენაზე და არც ამ პროდუქტის უპირატესობაა წარმოჩენილი რაიმე ფორმით.
3. რაც შეეხება ტექსტს „ჯიემ ფარმა“-სთან მიმართებით, სიტყვა „პირველი“ არ ნიშნავს რაიმე სპეციალურ მითითებას, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალურ აღწერას არც ვერბალური და არც ვიზუალური ფორმით. „პირველი“ არ ნიშნავს საუკეთესოს და სიტყვა „პირველი“ გამოყენებულია მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ „ჯიემ ფარმა“ არის პირველი კომპანია, რომელმაც მულტინაციონალური კომპანიის სტატუსი მიიღო. ამ შემთხვევაშიც, რაიმე სახის მოწოდებას და/ან უპირატესობის წარმოჩენას ადგილი არ აქვს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის გარემოებათა გამოკვლევის პროცესში, შპს „ბი ემ ჯი“ ითხოვს კომისიამ გაითვალისწინოს მათი პოზიცია წარმოდგენილ ფაქტებთან დაკავშირებით.
შპს „ბი ემ ჯის“ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიას სრულად აქვს გაცნობიერებული ვალდებულება, დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული/გავრცელებული პროგრამების, რეკლამის, სპონსორების შესახებ ინფორმაციისა და მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლის საქართველოს კანონმდებლობასა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.
შპს „ბი ემ ჯი“ ასევე ითხოვს, კომისიამ გაითალისწინოს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართვლოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტით და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევას დღემდე, კომპანიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
კომისიის 2023 წლის 25 მაისის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ბი ემ ჯის“ წარმომადგენელი ე.სხილაძე, რომელმაც განაცხადა, რომ დასახელებულ ფაქტებთან მიმართებით, თუნდაც კრწანისი რესორტ რეზიდენსის შემთხვევაში, მაგალითად „იცხოვრე, ისუნთქე, დაისვენე“ მიიჩნიეს, რომ იყო ლოზუნგი და შესაბამისად, არ წარმოადგენდა დარღვევას. კომპანიის წარმომადგენელმა ასევე დასძინა, რომ მზად არიან მიიღონ დასაბუთებული განმარტებები და გაფრთხილება. ასევე აღნიშნა, რომ კომპანია ეცდება თავისი საქმიანობა მოაქციოს კანონით დადგენილ ჩარჩოში.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
4. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N23-10-868, 15/05/2023) თანდართული მასალით (ვიდეოჩანაწერები).
5. შპს „ბი ემ ჯის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან.
6. კომისიის შეტყობინება (Nგ-23-03/1101, 18/05/2023) სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
7. შპს „ბი ემ ჯის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-6/1775, 23.05.2023);
8. შპს „ბი ემ ჯის“ წარმომადგენილს ე.სხილაძის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2023 წლის 25 მაისის სხდომაზე.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ბი ემ ჯი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა).
მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ბი ემ ჯი“-ს შესახებ.
2. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „ბი ემ ჯის“ მონიტორინგი მაუწყებლის ეთერში განთავსებული სარეკლამო კომუნიკაციების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით (რეკლამა, პროდუქტის განთავსება, სპონსორობა, ტელეშოპინგი). მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა სპონსორობის დარღევის რამდენიმე ფაქტი:
ა) 12 აპრილი, 09:07 სთ.
„გადაცემის წარმდგენია კრწანისი რესორტ რეზიდენსი, რესორტის ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი ეკოლოგიურად სუფთა უბანში. ისუნთქე, იცხოვრე, დაისვენე“.
„გადაცემის სპონსორია თმის მოვლის პროფესიონალური პრემიუმ-ხარისხის იტალიური ბრენდი ელგონი, ელგონი - თქვენი ჯანსაღი და ელასტიური თმისთვის“.
ბ) 15 აპრილი, 11:49 სთ.
„მხოლოდ ქართულის წარმდგენია ჯიემ ფარმა, პირველი საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კორპორაცია საქართველოში, ჯიემ ფარმა - ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება“.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N23-10-868, 15/05/2023) თანდართული მასალით (ვიდეოჩანაწერები).
3. შპს „ბი ემ ჯის“ მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ბი ემ ჯის“ შესახებ.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;
2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები ვალდებული არიან უზრუნველყონ მათ მიერ გადაცემული/გავრცელებული პროგრამების, რეკლამის, სპონსორების შესახებ ინფორმაციისა და მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლის საქართველოს კანონმდებლობასა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.
4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ძ1) ქვეპუნქტის თანახმად, აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია არის გამოსახულება, ხმით ან ხმის გარეშე, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისთვის და ემსახურება ფიზიკური პირისადმი ან იურიდიული პირისადმი, საქონლისადმი, მომსახურებისადმი, სამუშაოსადმი, იდეის და წამოწყებისადმი ინტერესის აღძვრასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას. ასეთი გამოსახულებები თან ახლავს ან/და ინტეგრირებულია პროგრამაში/მომხმარებლის გენერირებულ ვიდეორგოლში საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ. აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია არის აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და მოიცავს კომერციულ რეკლამას, ტელეშოპინგს, სპონსორობასა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებას (Product Placement). აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია მოიცავს აგრეთვე რადიომაუწყებლობის ეთერში განთავსებულ კომერციულ რეკლამას, ტელეშოპინგს, სპონსორობასა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებას (Product Placement).
5. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) ქვეპუნქტის შესაბამისად, სპონსორობა არის ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების, მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლის, პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება იმ პირის მიერ, რომელიც ჩართული არ არის მედიამომსახურების, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდების ან შესაბამისი ნაწარმოებების შექმნის საქმიანობაში თავისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით.
6. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით.
7. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სპონსორზე მითითება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებას, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით. სპონსორზე მითითებისას დაშვებულია ლოზუნგების, სათაურების, მელოდიის და ა.შ. გამოყენება მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირების მიზნით და იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლების გამოყენება არ შეიცავდეს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას.
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
„აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონებით, რეგულაციებით ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული გარკვეული დებულებების კოორდინაციის შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 10 მარტის 2010/13/EU დირექტივასთან დაახლოების მიზნით, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით, კანონმა დასაშვებად ცნო კომერციული კომუნიკაციის ისეთი სახეობები, როგორც არის: პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (ე.წ.„Product Placement”-ი) და სპონსორობა, მაგრამ ამავე დროს გაითვალისწინა დირექტივით განსაზღვრული რიგი შეზღუდები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაში პრაქტიკულად იდენტურად იქნა გადმოტანილი დირექტივიდან, კერძოდ, სპონსორზე მითითება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებას, ამასთან, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით.(იხ. „შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“- სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 4 აპრილის №219/18 გადაწყვეტილება).
პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა და სპონსორობის მარეგულირებელი წესების დაცვა ემსახურება: 1. მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, რაც გულისხმობს მაუწყებლის მიერ ისეთი პროგრამის განთავსებას, რომელშიც არ იქნება აღრეული სარეკლამო პროდუქცია და მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში შექმნილი პროდუქტი, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომხმარებლებზე ფარული კომერციული კომუნიკაციის ნეგატიური ზემოქმედება და მათი შეცდომაში შეყვანა; 2. სამაუწყებლო კომერციული კომუნიკაციის ბაზარზე სტაბილური მდგომარეობისა და ჯანსაღი კონკურენციის შენარჩუნებას (იხ. შპს ,,მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 17 ივნისის №21-18/360 და 4 თებერვლის №21-18/56 გადაწყვეტილებები).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ,,სპონსორზე მითითებისას დაუშვებელია სპეციალურ მახასიათებლებზე, ნიშანთვისებებზე და უპირატესობებზე მითითება“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 მაისის განჩინება საქმეზე ბს-971 (კ-19).
ამდენად, სპონსორზე მითითება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებას, ამასთან, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით (იხ. ,,შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 27 ივნისის №19-18/382 და 2017 წლის 4 აპრილის №219/18 გადაწყვეტილებები).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ბი ემ ჯის“ სამაუწყებლო ბადეში, 2023 წლის 12 აპრილს, 09:07 საათზე და 15 აპრილს, 11:49 საათზე სპონსორზე მითითება შეიცავს კრწანისი რესორტ რეზიდენტის, თმის მოვლის საშუალების - ელგონის და ჯიემ ფარმას სპეციალურ მახასიათებელზე და უპირატესობაზე მითითებას, შესაბამისად, შეიცავს სარეკლამო შეტყობინებას და მომსახურების/პროდუქტის შეძენისა და მოხმარებისკენ მოწოდებას/წაქეზებას, რითაც შპს „ბი ემ ჯის“ მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტი და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის № 1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები. (იხ. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, პუნქტი 2, „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ბი ემ ჯის“ მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ძ1“, ,,ჰ9“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „ბი ემ ჯის“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევის გამო.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების შპს „ბი ემ ჯისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის შპს „ბი ემ ჯისთვის“ ჩაბარებისთანავე.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „ბი ემ ჯისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება (ო.ვოტ).
5. დაევალოს კომისიის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ბი ემ ჯისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.
6. კონტროლი გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების გარდა) დაევალოს მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
