შპს „ფლაი ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 03, 2023 14:00
მიღების თარიღი იანვარი 26, 2023
შპს „ფლაი ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში„კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N23-10-25 11/01/2023) თანახმად, შპს „ფლაი ტივიმ“ 2022 წლის 22 დეკემბრიდან არ გაიგრძელა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N330 უფლება, ნუმერაციის რესურსით 706130000- 706134999. ავტორიზებული პირების მიერ 2023 წლის 10 იანვარს წარმოდგენილ დეკემბრის თვის სატელეფონო ზარების (CDR) დეტალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით დგინდება, რომ შპს „ფლაი ტივი“ აგრძელებს ზემოაღნიშნული ნუმერაციის რესურსის უფლების გარეშე გამოყენებას. სამართალდარღვევის გამოვლენისთანავე 2022 წლის 10 იანვარს შპს „ფლაი ტივის“ მიმართ შედგა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000148.
კომისიის მიერ შპს„ფლაი ტივის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის საკითხის განხილვა დაინიშნა 2023 წლის 20 იანვარს 15:00 საათზე, რის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა შპს„ფლაი ტივის“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების გაცნობის უფლება.
კომისიის 2023 წლის 20 იანვრის სხდომაზე გამოცხადდა შპს„ფლაი ტივის“ დირექტორი გიორგი ყურულაშვილი, რომელმაც აღიარა სამართალდარღვევის ფაქტი და განმარტა, რომ კომპანიის წარმომადგენლებს გამორჩათ თანხის გადახდა. მან ასევე აღნიშნა, რომ აღიარებს დარღვევის ფაქტს და იშუამდგომლა კომისიის წინაშე, რათა არ იქნას გამოყენებული სანქცია შპს ,,ფლაი ტივის“ მიმართ.
კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო 2023 წლის 26 იანვრის სხდომაზე.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-1121, 21/06/2021);
2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 10 იანვრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000148;
3. კომისიის 2022 წლის 20 იანვრის სხდომაზე შპს „ფლაი ტივის“ დირექტორის მიერ მიცემული ახსნა- განმარტება.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ფლაი ტივიმ“ 2022 წლის 22 დეკემბრიდან არ გაიგრძელა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N330 უფლება, ნუმერაციის რესურსზე 706130000- 706134999.
2. ავტორიზებული პირების მიერ 2023 წლის 10 იანვარს კომისიაში წარმოდგენილ დეკემბრის თვის სატელეფონო ზარების (CDR) დეტალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შპს „ფლაი ტივი“ აგრძელებს ზემოაღნიშნული ნუმერაციის რესურსის შესაბამისი უფლების გარეშე გამოყენებას.
3. შპს,,ფლაი ტივის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის1441მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხის (მინიჭების გარეშე ნუმერაციის რესურსით სარგებლობა) განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში. 2023 წლის 10 იანვრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000148 შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენელი, კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომელი ც.უ. და შპს„ფლაი ტივის“ დირექტორი გ.ყ.
4. შპს „ფლაი ტივის“ დირექტორის მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა- განმარტების შესაბამისად, კომპანიას გამორჩა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის თანხის გადახდა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის, ლიცენზიის ან ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.
2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ, მათ შორის, პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის საიდენიფიკაციო ნომერი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარრვევისთვის; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან; დამრღვევის ახსნა- განმარტება; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად შედგენილი ოქმისა. ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ აგრეთვე მოწმეებმა და დაზარალებულებმა, მათი არსებობის შემთხვევაში.
4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 35-ე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 141-ე−142-ე, 1441, 1443–1445 და 14411 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირები.
5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად, ამ კოდექსის 14-ე, 142-ე, 1441 და 1443–1445 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადებისას ორგანო (თანამდებობის პირი) წყვეტს შემდეგ საკითხებს:
1)განეკუთვნება თუ არა მის კომპეტენციას აღნიშნული საქმის განხილვა;
2)სწორადარის თუ არა შედგენილი ოქმი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სხვა მასალები;
3)ეცნობათ თუ არა საქმის განხილვის მონაწილე პირებს საქმის განხილვის დრო და ადგილი;
4)გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები;
5)უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, დაზარალებულის, კანონიერი წარმომადგენლების, ადვოკატის შუამდგომლობები.
7. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
8. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 20 იანვრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის№000148 ოქმისა და კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N23-10-25 11/01/2023) შესაბამისად, შპს „ფლაი ტივი“ სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე სარგებლობდა ნუმერაციის რესურსით. ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით დგინდება, რომ შპს „ფლაი ტივის“ მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა - სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე ნუმერაციის რესურსით სარგებლობა, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.
კომისიას მიაჩნია, რომ სახეზე არ არის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლები და შპს „ფლაი ტივის“ უნდა დაეკისროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
V. სარეზოლუციო ნაწილი
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის, 1441 მუხლის პირველი ნაწილის, 228-ე, 239-ე, 240-ე, 260-ე, 262-ე, 264-ე და 273-ე მუხლების, შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ფლაი ტივის“ (ს/კ 404518143) დაეკისროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
2. შპს „ფლაი ტივიმ“ უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251 და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 დღის ვადაში წარმოდგენა.
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს„ფლაი ტივისტვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ).
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ფლაი ტივისთვის“ ჩაბარების დღიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, მისი დამოწმებული ასლის შპს„ფლაი ტივისთვის“ ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
6. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
