შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-23-18 / 331

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 20, 2023 15:32

მიღების თარიღი ივლისი 13, 2023

შპს „რედ-კო  მენეჯმენტ გრუპისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია  (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს,რომ კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 23-10-1166; 28.06.2023) თანახმად, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიმართვის (N23-10-996, 02/06/2023) და თანდართული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „სქაიტელსა“ და შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპს“ შორის 2017 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, შპს „სქაიტელი“ ინტერნეტმომსახურებას უწევს შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპს“. შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპი“ აპარტამენტის მესაკუთრესთან მის მიერ გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში შესაბამისი საფასურის გადახდის პირობით ახორციელებს მომსახურების მიმღებისათვის საკუთრებაში გადაცემული ქონების ინტერნეტმომსახურებით უზრუნველყოფას. ინტერნეტმომსახურების, როგორც ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება ექვემდებარება ავტორიზაციას. შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპი“ არ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირი. შესაბამისად, იგი ახორციელებს  ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას ავტორიზაციის გარეშე, რაც საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 144¹ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სამართალდარღვევაა. 2023 წლის 27 ივნისს შპს„რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ მიმართ შედგა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000072.

კომისიის მიერ შპს„რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის საკითხის განხილვა დაინიშნა 2023 წლის 6 ივლისს 15:00 საათზე, რის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპს“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  98-ე და 99-ე  მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების გაცნობის უფლება.

კომისიის 2023 წლის 6 და 13 ივლისის კომისიის სხდომებს ესწრებოდა შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ წარმომადგენელი დ. აბრამიძე, რომელმაც განაცხადა, რომ „ახალი გუდაურის“ პროექტის ფარგლებში აქვთ 3000 ბინა, რომელიც სარგებლობს სასტუმროს ტიპის აპარტამენტის სტატუსით. თითოეული ბინა, თითოეული აპარტამენტი და სასტუმროს თითოეული ნომერი, არის კონკრეტული ფიზიკური პირის საკუთრებაში, რომლებიც აქირავებენ როგორც თავად, ისე კომპანიის მეშვეობით და იყენებენ, როგორც სასტუმროს ტიპის ბინა-ერთეულებად. სასტუმროს ეს ნომრები აღჭურვილია ავეჯით, ტექნიკით, მათ შორის იმ საშუალებებით, რომლებიც იღებს ელექტრონულ სიგნალებს. ეს კონკრეტული საშუალებები არის კერძო პირების საკუთრება. მათ კომპანიას, როგორც მშენებელი დედა კომპანიის შვილობილ კომპანიას, აღებული აქვს ვალდებულება დედა კომპანიასთან, დაკონტრაქტდეს კონკრეტულ მესაკუთრეებთან სრული, ცენტრალიზებული სერვისების გაწევის შესახებ. ცენტრალიზებული სერვისები მოიცავს კომუნალურ სერვისებს: წყალს, გაზს, გათბობას და ა.შ. ცენტრალიზებული სერვისები არ ნიშნავს იმას, რომ მათი კომპანია არის ამ სერვისების მიმწოდებელი, არამედ არის ამ სერვისების მიწოდების მხარდამჭერი. ეს გულისხმობს იმას, რომ კომპანია ამ სერვისებს კი არ აწვდის, არამედ ამ სერვისებისთვის თანხის აკრეფას თუ ერთიანი საერთო გადასახადის ორგანიზებას უზრუნველყოფს. ეს ხდება ისევე, როგორც ნებისმიერი სასტუმროს ნომერში, სადაც ინტერნეტი განაწილებულია WiFi-ს მეშვეობით ან კაბელით. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, არის ერთიანი მიწოდება, კომპანიას აქვს ერთიანი სასერვერო, რომელიც ავრცელებს WiFi სიგნალს, რომელიც სჭირდებათ კამერების და სხვა მოწყობილობების ფუნქციონირებისთვის. შესაძლოა, ამ სიგნალს იჭერდნენ კერძო მესაკუთრეები. ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, სიგნალი არის ღია, არ არის კოდირებული.

მისი აზრით, ყოველივე ეს არ მოიცავს განაწილების პოლიტიკას. მათი კომპანიის ბიზნესი არ არის ელექტრონული კომუნიკაციის განაწილება და მისი სამართლებრივი მხარდაჭერა. მან კიდევ ერთხელ თხოვნით მიმართა კომისიას, რომ შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპი“ არ იქნეს ცნობილი სამართალდამრღვევად, გაითვალისწინონ, რომ ეს გარემოება გავლენას მოახდენს დაახლოებით 3 ათასამდე მცხოვრებზე. კომპანია იძულებული იქნება მათაც შეუწყვიტოს ინტერნეტი. 3 ათასჯერ 5000 ლარიანი ჯარიმა უზარმაზარი თანხა გამოდის. კომპანია დაემორჩილება კანონს და სრულად აღასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას. ამდენად, სთხოვს კომისიას, არ იქნეს გამოყენებული კომპანიის მიმართა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სახდელი.

II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1.კომისიის  აპარატის  სპექტრის  და   ტექნოლოგიის   დეპარტამენტის   მოხსენებითი ბარათი (N 23-10-1166; 28.06.2023).

2.კომისიის 2023 წლის 27 ივნისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი№000072;

3.მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიმართვა (N23-10-996, 02/06/2023).

4.შპს„სქაიტელსა“  და  შპს„რედ-კო  მენეჯმენტ  გრუპს“  შორის 2017 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება.

5.შპს „რედ-კო  მენეჯმენტ  გრუპსა“  და  აპარტამენტის  მესაკუთრესთან  2023 წლის 3 თებერვალს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება.

6.შპს„რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ მიერ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვის გაგზავნი წერილი (შ-23-9/1836; 30.05.23).

7.შპს„რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ წერილი (შ-23-9/1169; 07.04.23).

8.შპს„სქაიტელის“ მიერ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვის გაგზავნი წერილი (შ-23-9/1817; 29.05.23).

9.შპს„სქაიტელის“ მიერ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვის გაგზავნი წერილი (შ-23-9/1386; 26.04.23).

10. შპს„რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის 2023 წლის 6 და 13 ივნისის სხდომებზე გაკეთებული ახსნა-განმარტება.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.შპს  „რედ-კო  მენეჯმენტ  გრუპისთვის“  ინტერნეტის  მიწოდება  ხორციელდება შპს„სქაიტელთან“ 2017 წლის 1 ივნისს გაფორმებული ინტერნეტ სერვისის მომსახურების შესახებ  N:01/06/2017  ხელშეკრულების  საფუძველზე,  რომლის მიხედვით,  ინტერნეტის მიწოდების დისლოკაციის ადგილია შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ სასერვერო. მტკიცებულება: მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიმართვა (N 23-10-996, 02/06/2023); შპს „სქაიტელსა“ და შპს„რედ-კო მენეჯმენტ გრუპს“ შორის 2017 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება და შპს„სქაიტელის“ მიერ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის  სამსახურისთვის გაგზავნი წერილი (შ-23-9/1386; 26.04.23).

2.შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპი“ (ს/ნ405198986) მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, შესაბამისი საფასურის გადახდის პირობით, ახორციელებს მომსახურების მიმღებისათვის, საკუთრებაში გადაცემული ქონების ინტერნეტ და მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებებით უზრუნველყოფას.

მტკიცებულება: მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიმართვა (N 23-10-996, 02/06/2023).

3.„სქაიტელის“ აბონენტია შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპი“ მითითებულ ლოკაციაზე და არსებული ბინის მესაკუთრეს არ აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების თაობაზე სახელშეკრულებო ურთიერთობა შპს„სქაიტელთან“.

მტკიცებულება: მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიმართვა (N 23-10-996, 02/06/2023); შპს „სქაიტელსა“ და შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპს“ შორის 2017 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება.

4.2023 წლის 27 ივნისის №000072 ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენელი, კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომელი და შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ გენერალური მენეჯერი.

მტკიცებულება: კომისიის 2023 წლის 10 იანვრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000072.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზაცია გულისხმობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის რეგისტრაციას ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით.

2.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი არის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ რეგისტრირებული ნებისმიერი სამეწარმეო პირი, აგრეთვე ნებისმიერი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას (ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი) ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას (ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი). მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაშია შესაძლებელი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახდეს ავტორიზებული პირი მისთვის საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად.

3.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება გულისხმობს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურებას, რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირი განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ სთავაზობს მსურველ ოპერატორს ან მომხმარებელს.

4.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „შ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფა ნიშნავს ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების მონტაჟი, საოპერაციო მართვა, ექსპლუატაცია და მათი გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობა, აგრეთვე ქსელის ამ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვებას.

5.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები (ელექტრო- კავშირგაბმულობის ქსელები) არის გამოძახებებისა და სხვადასხვა საინფორმაციო სიგნალების ელექტრონული დამუშავების, დამისამართების (კომუტაციის), გატარების და გადაცემის ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც მოიცავს სადენიან (მათ შორის, ოპტიკურბოჭკოვან), თანამგზავრულ, რადიოსიხშირულ ან ოპტიკურ აღჭურვილობას, სხვა ტექნოლოგიურ   საშუალებებს   და   საოპერაციო   ტექნიკურ   რესურსებს,   მათ  შორის, ფიქსირებული (არხული და პაკეტური კომუტაციის, მათ შორის, ინტერნეტის) და მობილური კომუნიკაციების, ციფრული მაუწყებლობის, საეთერო და საკაბელო ქსელებს. სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის ორგანოების ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფა ითვალისწინებს ელექტრონული საკომუნიკაციო სპეციალური ქსელების არსებობასაც.

6.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ან მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან ან რესურსებთან დაშვებული ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს ან ახორციელებს ქსელის ამ ელემენტებით ან რესურსებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას.

7.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  ავტორიზაციის, ლიცენზიის ან ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით  ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.

8.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;

9.საქართველოს ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი  და  გვარი;  მონაცემები  დამრღვევის პიროვნების  შესახებ,  მათ შორის, პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ  ისინი  არიან;  დამრღვევის  ახსნა- განმარტება;  საქმის გადასაწყვეტად  საჭირო სხვა  ცნობები.  ხოლო,  ამავე  მუხლის  მე-2 ნაწილის თანახმად, ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის  მიერ გამოცემული ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად შედგენილი ოქმისა. ოქმს  შეიძლება ხელი მოაწერონ აგრეთვე მოწმეებმა და დაზარალებულებმა, მათი არსებობის შემთხვევაში.

10.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 35-ე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 141-ე−142-ე, 1441, 1443–1445  და 14411  მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  ოქმებს ადგენენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირები.

11.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად, ამ კოდექსის 14-ე, 142-ე, 1441 და 1443–1445 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

12.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადებისას ორგანო (თანამდებობის პირი) წყვეტს შემდეგ საკითხებს: 1)განეკუთვნება თუ არა მის კომპეტენციას აღნიშნული საქმის განხილვა;

2)სწორადა რის თუ არა შედგენილი ოქმი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სხვა მასალები;

3)ეცნობათ თუ არა საქმის განხილვის მონაწილე პირებს საქმის განხილვის დრო და ადგილი;

4)გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები; 5) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, დაზარალებულის, კანონიერი წარმომადგენლების, ადვოკატის შუამდგომლობები.

13.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა  პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი  გარემოებები, აგრეთვე  გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.

14.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი  სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არის სამართალდარღვევა. თავის მხრივ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება გულისხმობს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებულ მომსახურებას, რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირი განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ სთავაზობს მსურველ ოპერატორს ან მომხმარებელს.

შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპსა“ და აპარტამენტის მესაკუთრეს შორის 2023 წლის 3 თებერვალს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება სხვა კომუნალურ მომსახურებებთან   ერთად მოიცავს ინტერნეტმომსახურებასაც. კერძოდ,  აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ფიზიკური პირი სხვა კომუნალურ მომსახურებებთან ერთად, ერთიანი ანაზღაურების სანაცვლოდ იღებს ინტერნეტის მიწოდების მომსახურებას, კერძო საკუთრებაში არსებულ აპარტამენტში. შესაბამისად, კომუნალური მომსახურებების ერთიან საფასურში შედის, მათ შორის, ინტერნეტით მომსახურების საფასური. შპს „რედ- კო მენეჯმენტ გრუპი“ ინტერნეტს აწვდის შპს „სქაიტელთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „სქაიტელის“ საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების გამოყენებით. ამრიგად, არსებობს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ „ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებად“ კვალიფიკაციის ყველა წინაპირობა. შესაბამისად, კომპანიის საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისად განიხილება ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებად, კერძოდ, „ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 17 ივნისის N408/21 გადაწყვეტილების შესაბამისად, განსაზღვრულ ინტერნეტმომსახურებად.

როგორც აღინიშნა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა ექვემდებარება ავტორიზაციას. კანონმდებლობა ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია არ მოითხოვება. კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით საქმიანობის ავტორიზაცია არ არის საჭირო, თუ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები და საშუალებები გამოიყენება ელექტრონული საკომუნიკაციო სპეციალური ქსელების ორგანიზებისათვის ან საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის ორგანიზებისათვის, რომელიც იქმნება არაკომერციული მიზნით, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის შიდასაკომუნიკაციო კავშირის უზრუნველსაყოფად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ22“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული საკომუნიკაციო სპეციალური ქსელები არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელისგან ფიზიკურად განცალკევებული ქსელები, რომლებიც შექმნილია არაკომერციული მიზნით, სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებათა ჩასატარებლად, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

განსახილველ შემთხვევაში, ასევე სახეზე არ არის ავტორიზაციის გარეშე საქმიანობის მეორე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტით განსაზღვრული ალტერნატივა, რომლის ფარგლებშიც, ავტორიზაცია არ მოითხოვება, თუ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები და საშუალებები გამოიყენება საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის ორგანიზებისათვის, რომელიც იქმნება არაკომერციული მიზნით, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის შიდასაკომუნიკაციო კავშირის უზრუნველყოფისთვის. ამ შემთხვევაშიც, უნდა აღინიშნოს, რომ   აბონენტსა და კომპანიას შორის გაფორმებულია მომსახურების ხელშეკრულება შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, ამასთან, საკომუნიკაციო ქსელი არ არის შექმნილი და გამოყენებული მხოლოდ ორგანიზაციის შიდასაკომუნიკაციო კავშირის უზრუნველსაყოფად, ვინაიდან ქსელის გამოყენება ხდება აპარტამენტის მესაკუთრეების მიერ.

ამრიგად, შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპი,“ რომელსაც არ აქვს გავლილი ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში აწვდის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებას, რაც ავტორიზებადი საქმიანობაა და რომლის ავტორიზაციის გარეშე მიწოდება სამართალდარღვევებს განეკუთვნება. კომისია ვერ გაიზიარებს შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ წარმომადგენლის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი საქმიანობა ავტორიზაციას არ უნდა  ექვემდებარებოდეს. მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული საქმიანობის მიმართ ავტორიზაციის მოთხოვნის წაყენება უკავშირდება მნიშვნელოვანი  კერძო  და  საჯარო  ინტერესების  დაცვის უზრუნველყოფას. ელექტრონული კომუნიკაციების სფერო ექვემდებარება სპეციალურ რეგულირებას. ამ სფეროში კანონმდებლობის მოთხოვნების, მათ შორის, მომხმარებლების უფლებების დაცვას უზრუნველყოფს საგანგებოდ ამისათვის შექმნილი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო.

ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ავტორიზაციის გავლის გარეშე მიწოდების შემთხვევაში ურთიერთობა რჩება სათანადო რეგულირების გარეშე. კერძოდ, ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს იმას, რომ ბოლო მომხმარებლების უფლებები და კანონიერი ინტერესები არ იქნება სათანადოდ დაცული, მათზე ეფექტურად ვერ გავრცელდება მომხმარებლების უფლებების დამდგენი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მათ შორის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტი. თავის მხრივ, რეგლამენტი განსაზღვრავს მომხმარებლისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების, მათ შორის, ფიქსირებული სატელეფონო, მობილური საკომუნიკაციო, მაუწყებლობის ტრანზიტით და ინტერნეტით მომსახურების მიწოდების წესებსა და პირობებს, მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლის უფლებებსა და ვალდებულებებს. აღნიშნული რეგლამენტის მიზანია უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი მომსახურების მიწოდება და მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.

კომისია ასევე ვერ გაიზიარებს შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ წარმომადგენლის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია ინტერნეტის მიწოდებას ახორციელებს ისე, როგორც სასტუმროს ნომერში ან სასტუმროს ტიპის აპარტამენტში, სადაც მომსახურების ხელშეკრულებაში ასევე შედის ინტერნეტით მომსახურების საფასური. კომისია განმარტავს, რომ სასტუმროს ნომრით ან სასტუმროს ტიპის აპარტამენტის მომსახურების შემთხვევაში, შესაძლებელია, ინტერნეტით მომსახურება მიჩნეულ იქნეს სწორედ მომსახურების შემადგენელ ნაწილად. ასეთ შემთხვევებში, შესაძლოა, დღის წესრიგში არ იდგეს უშუალოდ სასტუმროს ან სასტუმრო ტიპის აპარტამენტის სტუმრისათვის სასტუმროს მიერ სხვა მომსახურებებთან ერთად ინტერნეტის მიწოდების, როგორც ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისა და ამისათვის ავტორიზაციის გავლის საკითხი. განსახილველ შემთხვევაში, შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპი“ მომსახურებას სთავაზობს არა სასტუმროს ან/და სასტუმროს სტუმარს, არამედ - უშუალოდ სასტუმროს ტიპის აპარტამენტის მესაკუთრეს, რომელსაც, თავის მხრივ, შესაძლებელია ჰყავდეს სტუმარი/ვიზიტორი. აქედან გამომდინარე, ინტერნეტმომსახურების მიწოდება არის არა სასტუმროს/სასტუმროს ტიპის აპარტამენტის სტუმრისთვის მომსახურების მიწოდების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, არამედ - ცალკე მომსახურება, რომელსაც კომპანია უწევს კონკრეტული უძრავი ქონების - აპარტამენტის მესაკუთრეს. ხსენებული მომსახურება კი, თუ ხდება საფასურის სანაცვლოდ და აკმაყოფილებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა კრიტერიუმებს, განეკუთვნება ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპი“ აპარტამენტის მესაკუთრესთან 2023 წლის 3 თებერვალს გაფორმებული  მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, შესაბამისი საფასურის გადახდის პირობითახორციელებს ინტერნეტმომსახურებით უზრუნველყოფას. ინტერნეტმომსახურება ელექტრონული მომსახურების ერთ-ერთი სახეა და მისი მიწოდება ექვემდებარება ავტორიზაციას. შპს„რედ-კო მენეჯმენტ გრუპი“ არ არის კომისიის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირი, შესაბამისად, იგი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას ავტორიზაციის გარეშე, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევაა. შესაბამისად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების  ურთიერთშეჯერებით დგინდება, რომ შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. კომისიას მიაჩნია, რომ სახეზე არ არის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლები და შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპს“ უნდა დაეკისროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

V. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“, „ვ“,„ღ“, „შ“, „ძ“ და „ჰ60“ ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის, 1441 მუხლის პირველი ნაწილის, 228-ე, 239-ე, 240-ე, 260-ე, 262-ე, 264-ე და 273-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.შპს„რედ-კო მენეჯმენტ გრუპს“ (ს/ნ 405198986) დაეკისროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის  ოდენობით  საქართველოს  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

2.შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპმა“ უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251 და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 დღის ვადაში წარმოდგენა.

3.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას  გადაწყვეტილების  შპს„რედ-კო მენეჯმენტ გრუპისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო. ვოტ).

4.გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპისთვის“ ჩაბარების დღიდან.

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსით დადგენილი წესით, მისი დამოწმებული ასლის შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპისთვის“ ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

6.გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

ვახტანგ აბაშიძე                  თავმჯდომარე - მ.შ.

ნათია კუკულაძე                წევრი

ივანე მახარაძე                    წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები