შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-23-18 / 343

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 24, 2023 16:09

მიღების თარიღი ივლისი 20, 2023

შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N23-10-1292,14.07.2023) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაძლო დარღვევის გამო.

აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი ზედამხედველობას უწევს მაუწყებლების მიერ ყოველწლიური ანგარიშების წარმოდგენის პროცესს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა. მიუხედავად კანონისმიერი ვალდებულებისა, შპს ,,ჯიემთივის“ აუდიტის დასკვნა და თვითრეგულირების ორგანოს საქმიანობის ანგარიში კომისიაში კანონით განსაზღვრულ ვადაში და დღეის მდგომარეობითაც არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,ჯიემთივის“ მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობას და ითხოვს რეაგირებას.

შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის  განხილვა  დაინიშნა  2023  წლის 20 ივლისს, 15:00  საათზე,  რის შესახებ შპს„ჯიემთივის“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით, რომელიც გაეგზავნა მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ, კომისიის უწყებრივ რეესტრში დაცულ და საჯარო რეესტრში მითითებულ მისამართებზე. შეტყობინება, ასევე, განთავსდა საჯაროდ, ყველასათვის ხელმისაწვდომ კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ამავე შეტყობინებით, კომპანიას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

კომისიის 2023 წლის 20 ივლისის სხდომაზე შპს ,,ჯიემთივის“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა. კომისიის შეტყობინების მხარისათვის ჩაბარებით კომისიამ უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისიამ განიხილა საკითხი შპს ,,ჯიემთივის“ დასწრების გარეშე.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1.კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N23-10-1292, 14.07.2023).

2.შპს „ჯიემთივისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-23-03/1553, 14/07/2023) კომისიის 2023 წლის 20 ივლისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე და მისი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და  კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს„ჯიემთივის“ შესახებ მონაცემები.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.შპს „ჯიემთივი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს.

2.შპს ,,ჯიემთივის“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითრეგულირების ორგანოს საქმიანობის ანგარიში და აუდიტის დასკვნა არც 1 მაისამდე და არც 20 ივლისის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია.

3.შპს ,,ჯიემთივის“ მიმართ ერთი წლის განმავლობაში იგივე/ერთგვაროვანი დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული  პასუხისმგებლობის  არცერთი  სახე  გამოყენებული  არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2.,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის  მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციას   წარმოადგენს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.

3.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.

4.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა.

5.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის  გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჯიემთივის“ მიერ 2023 წლის 1 მაისამდე თვითრეგულირების ორგანოს საქმიანობის ანგარიშისა და აუდიტის დასკვნის კომისიაში წარმოუდგენლობით მის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რაც წარმოადგენს კომპანიისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს ,,ჯიემთივის“ იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, კომპანიას უნდა დაევალოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად აუდიტის დასკვნისა და თვითრეგულირების ორგანოს საქმიანობის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა  გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე და 71-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.შპს „ჯიემთივის“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო.

2.უზრუნველყოს შპს „ჯიემთივიმ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აუდიტის დასკვნისა და თვითრეგულირების ორგანოს საქმიანობის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა  გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

3.გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  გადაწყვეტილების შპს „ჯიემთივისთვის“ ჩაბარების დღიდან.

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს„ჯიემთივისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

5.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების  შპს„ჯიემთივისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო. ვოტ).

6.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (პ.ბერია) შპს„ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.

7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

კახი ბექაური           თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე        წევრი

ეკატერინე იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე        წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები