შპს ,,ჭადრაკი ტვ”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 02, 2023 14:00
მიღების თარიღი ივლისი 27, 2023
შპს ,,ჭადრაკი ტვ”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№23-10-1221, 6.07.2023) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ჭადრაკი ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაძლო დარღვევის გამო.
აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი ზედამხედველობას უწევს მაუწყებლების მიერ ყოველწლიური ანგარიშების წარმოდგენის პროცესს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა. მიუხედავად კანონისმიერი ვალდებულებისა, შპს ,,ჭადრაკი ტვ“-ისთვის აუდიტის დასკვნა კომისიაში კანონით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,ჭადრაკი ტვ“-ის მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობას და ითხოვს რეაგირებას.
შპს ,,ჭადრაკი ტვ”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2023 წლის 27 ივლისს, 15:00 საათზე, რის შესახებ კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით, რომელიც გაეგზავნა მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ და კომისიის უწყებრივ რეესტრში დაცულ მისამართზე. შეტყობინება, ასევე, განთავსდა ყველასათვის ხელმისაწვდომ კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ამავე შეტყობინებით, კომპანიას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1.კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№ 23-10-1221, 6.07.2023).
2.კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№ 23-10-1263, 11.07.2023).
3.კომისიის 2023 წლის 6 აპრილის №გ-23-04/750 წერილი ავტორიზებულ და ლიცენზირებულ პირებს.
4.კომისიის 2023 წლის 20 ივნისის № გ-23-04/1373 წერილი შპს ,ჭადრაკი ტვ“-ის.
5.შპს ,,ჭადრაკი ტვ“-ის 2023 წლის 20 ივნისის წერილი კომისიის 2023 წლის 20 ივნისის წერილის მიღების შესახებ.
6.შპს ,,ჭადრაკი ტვ“-ისთვის გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2023 წლის 20 ივლისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
7.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს,,ჭადრაკი ტვ“-ს შესახებ მონაცემები.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1.შპს ,,ჭადრაკი ტვ“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს.
2.შპს ,,ჭადრაკი ტვ“-ის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აუდიტის დასკვნა 1 მაისამდე და არც 27 ივლისის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია.
3.შპს ,,ჭადრაკი ტვ“-ის მიმართ ერთი წლის განმავლობაში იგივე/ერთგვაროვანი დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1.,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
2.,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.
3.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.
4.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა.
5.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,,ჭადრაკი ტვ“-ის მიერ 2023 წლის 1 მაისამდე აუდიტის დასკვნის კომისიაში წარმოუდგენლობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რაც წარმოადგენს კომპანიისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს ,,ჭადრაკი ტვ“-ის იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება, ამასთან, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, უნდა დაევალოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად აუდიტის დასკვნის კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე და 71-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1.შპს ,,ჭადრაკი ტვ“-ის მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო.
2.უზრუნველყოს შპს ,,ჭადრაკი ტვ“-იმ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70- ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აუდიტის დასკვნის კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
3.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების შპს,,ჭადრაკი ტვ“-ისთვის ჩაბარების დღიდან.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს,,ჭადრაკი ტვ“-ისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
5.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს ,,ჭადრაკი ტვ“- ისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო. ვოტ).
6.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (პ. ბერია) შპს ,,ჭადრაკი ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.
7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
