შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-23-18 / 363

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 03, 2023 17:10

მიღების თარიღი ივლისი 27, 2023

შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N23-10-1142,26.06.2023)საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2023 წლის მაისის თვეში განხორციელდა შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ (ბრენდი - „ფორტუნა პლუსი“; „ფორტუნა“; „ავტორადიო“) მონიტორინგი მაუწყებლის ეთერში განთავსებული სარეკლამო კომუნიკაციების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით (რეკლამა, პროდუქტის განთავსება, სპონსორობა, ტელეშოპინგი).    მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა სპონსორობის დარღევის რამდენიმე ფაქტი:

ა) 5 მაისი, 19:19 სთ.

რადიო ფორტუნა პლუსის ეთერში გავიდა აუდიო რგოლი: „საათის  სპონსორია RMG,  RMG-ის  დროით  საქართველოში  19  საათი  და  18  წუთი  შესრულდა,  ეს უახლესი    ჰიტების    ტალღაა,    საერთაშორისო    სტანდარტით    შესრულებული ქართული სამთო საქმე, RMG განვითარება განახლებაშია;

ბ) 6 მაისი, 17:59 სთ.

რადიო ფორტუნას ეთერში გავიდა აუდიო რგოლი: „საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ სამშენებლო კომპანია მეგობრობის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი ემ თაუერი ორთაჭალაში. მეტი კომფორტი, სიმშვიდე და ბედნიერება მეგობრობასთან ერთად, გურამიშვილის გამზირი 66ა.“ (ასახელებს ტელეფონის ნომერს);

გ) 6 მაისი, 17:58 სთ.

რადიო ფორტუნას ეთერში გავიდა აუდიო რგოლი: „საათის სპონსორია RMG, RMG- ის დროით საქართველოში 17:58 წუთია. საერთაშორისო სტანდარტით შესრულებული ქართული სამთო საქმე. RMG განვითარება განახლებაშია.“;

დ) 05 მაისი, 19:21 სთ.

რადიო ავტორადიოს ეთერში გავიდა აუდიო  რგოლი:  „ამინდის   პროგნოზის წარმდგენია ბეკოს კონდენციონერები. ბეკო, ხარისხი გარანტირებულია“ (ასახელებს ტელეფონის ნომერს და ვებგვერდის მისამართს);

ე) 05 მაისი, 18:59 სთ.

რადიო ავტორადიოს ეთერში გავიდა აუდიო რგოლი: საათის  სპონსორია  RMG.

RMG-ის  დროით  19 საათი შესრულდა. საერთაშორისო სტანდარტით შესრულებული ქართული სამთო საქმე. RMG განვითარება განახლებაშია.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სპონსორზე მითითება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებებს. ხოლო, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სპონსორობისას დაუშვებელია „საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ (ბრენდი - ფორტუნა პლუსი; ფორტუნა; ავტორადიო.) მიერ აღნიშნული რგოლის მსვლელობისას განხორციელდა  კომისიის  2016  წლის  14  იანვრის  №1  დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციებით“ გათვალისწინებული წესების დარღვევა, კერძოდ, მოხდა სპონსორობისას სარეკლამო შეტყობინებების გამოყენება და საქონლის შეძენისკენ წაქეზება ამ საქონელზე სპეციალური მითითებით.

შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2023 წლის 20 ივლისს, რის თაობაზეც შეტყობინებით (გ-23-03/1578, 17/07/2023) ეცნობა შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

კომისიის 2023 წლის 20 ივლისის სხდომაზე გამოცხადდა შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ წარმომადგენელი მ.ბოჭორიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულ სასპონსორო კლიპებში პირდაპირი მითითება საქონლის შესყიდვასა და პროდუქციის შეძენისკენ წაქეზება არ ყოფილა. მ. ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ არის რადიო მაუწყებელი, არ არის ტელევიზია, შესაბამისად, არ აქვს ვიზუალური მხარდაჭერა იმისთვის, რომ სასპონსორო კლიპის კონტენტი და სასპონსორო მესიჯი მიიტანონ მსმენელის ყურამდე. იმის გამო, რომ ტელევიზიებს აქვს ვიზუალური მხარდაჭერა, სასპონსორო კლიპები შეიძლება უფრო იქნეს აღქმული, როგორც შეძენისკენ მოწოდება.   მისი   განმარტებით,   როდესაც   ვიზუალური   მხარდაჭერა   გააჩნია   კლიპს, გაცილებით მეტი რისკია იმისა, რომ მოწოდება იყოს მასში. შესაბამისად, მისი განმარტებით, თუ სლოგანის გამოყენების უფლებაც არ ექნებათ, გამოვა, რომ ბიზნესი რადიო მაუწყებლებთან სასპონსორო კლიპების განთავსების ინტერესს დაკარგავს, რადგან მაუწყებელი ვერანაირ კონტენტს ვერ გააჟღერებს. შესაბამისად, მიაჩნია, რომ კომისიის მხრიდან, რადიოებთან მიმართებაში ისეთივე მკაცრი დამოკიდებულება და მიდგომა როგორიც ტელევიზიების მიმართ არის, არ უნდა იყოს, რადგანაც ტელევიზიებში ვიზუალურადაც შეუძლიათ პროდუქტის მახასიათებლები აჩვენონ.    თუ რადიო მაუწყებელმა არც გაახმოვანა, არც დამკვეთის სლოგანი გააჟღერა, დაიკარგება სასპონსორო კლიპების განთავსების სურვილი. რადიო მაუწყებლების ფინანსური მდგომარეობა არ არის იმ დონეზე, რომ ერთი მხრივ, დამატებითი სანქცირების ქვეშ მოექცნენ, მეორე მხრივ, კი რადიო მაუწყებლებში სასპონსორო კლიპების განთავსების ინტერესი დაკარგოს ბიზნეს კომპანიებმა. როგორც ცნობილია, რადიოში პროდუქტის განთავსება არ არის მომგებიანი, რადგან ვერ ხერხდება ვიზუალური მხარდაჭერა, რეგულაციები კი არის მკაცრი. გამოდის, რომ მხოლოდ პირდაპირი რეკლამის განთავსების შესაძლებლობა რჩებათ. მ. ბოჭორიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ისედაც ბევრი რეგულაცია განხორციელდა ბოლო პერიოდში, ეს რეგულაციები მიიღეს რადიო მაუწყებლებმა. მათი ფინანსური შემოსავლები უფრო რეგრესისკენ წავა, თუ ამ კუთხით მაინც მცირე შვებას არ იგრძნობენ. არ გულისხმობს იმას, რომ კანონის დარღვევის უფლება მიიღონ, გულისხმობს იმას, რომ პრაქტიკა ამ მხრივ, ცოტა შეამსუბუქოს კომისიამ რადიოებთან მიმართებით და სლოგანის გახმოვანების საშუალება მაინც მიეცეთ.

შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ სამივე ბრენდთან დაკავშირებით, რომელთა სასპონსორო კლიპები განთავსდა მათი კომპანიის ბადეში, აქვთ კომპანიების მომართვები. მათ რადიოკომპანიას აქვს შემდეგი პრაქტიკა - რეკლამის მსურველები უგზავნიან წერილს, რომლითაც უდასტურებენ, რომ ლოზუნგები, რომლებიც მომხსენებელმა გააჟღერა, არის კომპანიების/ბრენდების ოფიციალური სლოგანები. ცდილობენ იხელმძღვანელონ იმით, რომ თუ ბრენდი მიუთითებს, რომ კონკრეტული ფრაზა მისი სლოგანია, ეს მიიღონ ცნობად, ვინაიდან კანონმდებლობის შესაბამისად, სლოგანის გაჟღერების უფლება მათ გააჩნიათ. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, ვერ ხედავს მითითებას, ან წაქეზებას შესყიდვაზე. შესაბამისად, მიმართავს კომისიის წევრებს, რომ პროექტი კომპანიის სანქცირების თაობაზე, რაც წარმოდგენილია სხდომაზე, არ გაიზიარონ მის მიერ მოხმობილი არგუმენტების საფუძველზე.

კომისიის 2023 წლის 20 ივლისის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2023 წლის 27 ივლისს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ წარმომადგენელი სხდომაზევე გაფრთხილდა.

კომისიის 2023 წლის 27 ივლისის სხდომას დაესწრო შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ წარმომადგენელი მ. ბოჭორიშვილი.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1.კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N23-10-1142,26.06.2023) თანდართული მასალით (ვიდეოჩანაწერები).

2.შპს„რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ შესახებ მონაცემები   კომისიის  უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან.

3.კომისიის შეტყობინება (გ-23-03/1578, 17/07/2023) სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

4.შპს  „რადიო  ჰოლდინგ  ფორტუნას“  წარმომადგენლის  მ.  ბოჭორიშვილის ახსნა- განმარტება მიცემული კომისიის 2023 წლის 20 ივლისის სხდომაზე.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.შპს„რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ წარმოადგენს რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ პირს (ლიცენზიები: 1.კომისიის 2017 წლის 6 ივნისის N389/6 გადაწყვეტილებით ფლობს B89 ლიცენზიას (ბრენდული სახელწოდება: ავტორადიო; რადიომაუწყებლობა: 95.1 მგჰც სიხშირეზე ):ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა; ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა; 2. კომისიის 2018 წლის 5 ივლისის N384/2 გადაწყვეტილებით ფლობს №B156 ლიცენზიას, ხოლო 2023 წლის 20 აპრილის გ-23-6/190 გადაწყვეტილებით №B65 ლიცენზიას (ბრენდული სახელწოდება: რადიო ფორტუნა პლუსი; რადიომაუწყებლობა:  103.5 მგჰც სიხშირეზე): ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა; 3. კომისიის 2017 წლის    5 ოქტომბრის N658/2 გადაწყვეტილებით ფლობს B193, 2023 წლის 20 აპრილის გ-23-6/190 გადაწყვეტილებით B64, ხოლო, კომისიის 2022 წლის 13 იანვრის N გ-22-6 / 1 გადაწყვეტილებით B63 ლიცენზიებს (ბრენდული სახელწოდება: ფორტუნა; რადიომაუწყებლობა: 106.9 მგჰც სიხშირეზე): ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა; ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ შესახებ.

2.  კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2023 წლის მაისის თვეში განხორციელდა შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ (ბრენდი-„ფორტუნა პლუსი“; „ფორტუნა; „ავტორადიო“) მონიტორინგი მაუწყებლის ეთერში განთავსებული სარეკლამო კომუნიკაციების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით (რეკლამა, პროდუქტის განთავსება, სპონსორობა, ტელეშოპინგი).   მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა სპონსორობის დარღევის რამდენიმე ფაქტი:

ა) 5 მაისი, 19:19 სთ.

რადიო ფორტუნა პლუსის ეთერში გავიდა აუდიო რგოლი: „საათის  სპონსორია RMG,  RMG-ის  დროით  საქართველოში  19  საათი  და  18  წუთი  შესრულდა,  ეს უახლესი    ჰიტების    ტალღაა,    საერთაშორისო    სტანდარტით    შესრულებული ქართული სამთო საქმე, RMG განვითარება განახლებაშია;

ბ) 6 მაისი, 17:59 სთ.

რადიო ფორტუნას ეთერში გავიდა აუდიო რგოლი: „საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ სამშენებლო კომპანია მეგობრობის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი ემ თაუერი ორთაჭალაში. მეტი კომფორტი, სიმშვიდე და ბედნიერება მეგობრობასთან ერთად, გურამიშვილის გამზირი 66ა.“ (ასახელებს ტელეფონის ნომერს);

გ) 6 მაისი, 17:58 სთ.

რადიო ფორტუნას ეთერში გავიდა აუდიო რგოლი: „საათის სპონსორია RMG, RMG- ის  დროით საქართველოში 17:58 წუთია. საერთაშორისო სტანდარტით შესრულებული ქართული სამთო საქმე. RMG განვითარება განახლებაშია.“;

დ) 05 მაისი, 19:21 სთ.

რადიო  ავტორადიოს  ეთერში  გავიდა  აუდიო  რგოლი:  „ამინდის   პროგნოზის წარმდგენია    ბეკოს    კონდენციონერები.    ბეკო,    ხარისხი     გარანტირებულია“ (ასახელებს ტელეფონის ნომერს და ვებგვერდის მისამართს);

ე) 05 მაისი, 18:59 სთ.

რადიო ავტორადიოს ეთერში გავიდა აუდიო რგოლი: საათის  სპონსორია  RMG.

RMG-ის დროით 19 საათი შესრულდა. საერთაშორისო სტანდარტით შესრულებული ქართული სამთო საქმე. RMG განვითარება განახლებაშია.

მტკიცებულება: კომისიის  აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის   სამსახურებრივი   ბარათი   (N23-10-1142,   26.06.2023)  თანდართული მასალით (ვიდეოჩანაწერები).

3. შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ შესახებ.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2  მუხლის  ტ)ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

3.  „მაუწყებლობის   შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ს1)  ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურება არის აუდიოვიზუალური მედიამომსახურება    და რადიომაუწყებლობა;

4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისიის ფუნქციასა  და ვალდებულებას წარმოადგენს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

5.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  მედიამომსახურებისა  და  ვიდეოგაზიარების  პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები ვალდებული არიან უზრუნველყონ მათ მიერ გადაცემული/გავრცელებული პროგრამების, რეკლამის, სპონსორების შესახებ ინფორმაციისა და მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლის საქართველოს კანონმდებლობასა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.

6.  ,,მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-2  მუხლის  ძ1) ქვეპუნქტის თანახმად, აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია არის გამოსახულება, ხმით ან ხმის გარეშე, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი  წრისთვის  და ემსახურება ფიზიკური პირისადმი ან იურიდიული პირისადმი, საქონლისადმი, მომსახურებისადმი, სამუშაოსადმი, იდეის და წამოწყებისადმი ინტერესის აღძვრასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას. ასეთი გამოსახულებები თან ახლავს ან/და ინტეგრირებულია პროგრამაში/მომხმარებლის გენერირებულ ვიდეორგოლში საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ. აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია არის აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და მოიცავს კომერციულ რეკლამას, ტელეშოპინგს, სპონსორობასა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებას (Product Placement). აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია მოიცავს აგრეთვე რადიომაუწყებლობის ეთერში განთავსებულ კომერციულ რეკლამას, ტელეშოპინგს, სპონსორობასა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებას (Product Placement).

7.  ,,მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის  ჰ9) ქვეპუნქტის შესაბამისად, სპონსორობა არის ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების, მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლის, პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება იმ პირის მიერ, რომელიც ჩართული არ არის მედიამომსახურების, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდების ან შესაბამისი ნაწარმოებების შექმნის საქმიანობაში თავისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით.

8.   ,,მაუწყებლობის   შესახებ“ საქართველოს კანონის  67-ე მუხლის მე-3  პუნქტის შესაბამისად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით.

9.  საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2016  წლის  14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სპონსორზე მითითება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებას, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით. სპონსორზე მითითებისას დაშვებულია ლოზუნგების, სათაურების, მელოდიის და ა.შ. გამოყენება მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირების მიზნით და იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლების გამოყენება არ შეიცავდეს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას.

10.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,      მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებელი არის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის  განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი. ხოლო, მედიამომსახურება არის აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და რადიომაუწყებლობა.    შესაბამისად,    შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ კანონის შესაბამისად წარმოადგენს მაუწყებელს, რომელიც მედიამომსახურების მიმწოდებელია. ამასთან, შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“, როგორც მედიამომსახურების მიმწოდებლები ვალდებულია   უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული/გავრცელებული სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ამასთან, აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია მოიცავს აგრეთვე რადიომაუწყებლობის ეთერში განთავსებულ კომერციულ რეკლამას, ტელეშოპინგს, სპონსორობასა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებას (Product Placement).

„აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონებით, რეგულაციებით ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული გარკვეული დებულებების კოორდინაციის შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 10 მარტის 2010/13/EU დირექტივასთან დაახლოების მიზნით, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით, კანონმა დასაშვებად ცნო კომერციული კომუნიკაციის ისეთი სახეობები, როგორც არის: პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (ე.წ. „Product Placement”-ი) და სპონსორობა, მაგრამ ამავე დროს გაითვალისწინა დირექტივით განსაზღვრული რიგი შეზღუდვები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაში პრაქტიკულად იდენტურად იქნა გადმოტანილი დირექტივიდან, კერძოდ, სპონსორზე მითითება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებას, ამასთან, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით.(იხ.  „შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“- სთვის ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების თაობაზე“ კომისიის  2017 წლის 4 აპრილის №219/18 გადაწყვეტილება).

პროდუქტის  (საქონლის/მომსახურების)  განთავსებისა  და  სპონსორობის მარეგულირებელი წესების დაცვა ემსახურება: 1. მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, რაც გულისხმობს მაუწყებლის მიერ ისეთი პროგრამის განთავსებას, რომელშიც არ იქნება აღრეული სარეკლამო პროდუქცია და მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში შექმნილი პროდუქტი, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომხმარებლებზე ფარული კომერციული კომუნიკაციის ნეგატიური ზემოქმედება და მათი შეცდომაში შეყვანა; 2. სამაუწყებლო კომერციული კომუნიკაციის ბაზარზე სტაბილური მდგომარეობისა და ჯანსაღი კონკურენციის შენარჩუნებას (იხ. შპს ,,მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის  დაკისრების თაობაზე“  კომისიის 2021 წლის 17 ივნისის №21-18/360 და 4 თებერვლის №21-18/56 გადაწყვეტილებები).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ,,სპონსორზე    მითითებისას დაუშვებელია სპეციალურ მახასიათებლებზე, ნიშანთვისებებზე და  უპირატესობებზე მითითება“  (იხ. საქართველოს  უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 მაისის  განჩინება საქმეზე ბს-971 (კ-19).

ამდენად, სპონსორზე მითითება, არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებას, ამასთან, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე    სპეციალური    მითითებით,    მათ    შორის  საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით (იხ.,,შპს „სამაუწყებლო   კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების  თაობაზე“  კომისიის  2019 წლის 27 ივნისის  №19-18/382 და 2017 წლის 4 აპრილის №219/18 გადაწყვეტილებები).

ასევე, კომისია აღნიშნავს, რომ სპონსორზე მითითებისას დაშვებულია ლოზუნგების, სათაურების, მელოდიის და ა.შ. გამოყენება მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირების მიზნით და იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლების გამოყენება არ შეიცავდეს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას. ამდენად, მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირება არის დაშვებული სლოგანის/ლოზუნგის გამოყენებისას და თუ ის სცდება სპონსორის იდენტიფიცირებას, ის უკვე კვალიფიცირდება, როგორც სარეკლამო შეტყობინება. ვინაიდან კომერციულ რეკლამასთან მიმართებით სხვა სტანდარტები და მოთხოვნებია დადგენილი, მათ შორის დროითი ჩარჩოები, ხოლო სპონსორზე მითითებას სხვა მოთხოვნები და შეზღუდვები აქვს, მხოლოდ იმის მითითება, რომ ეს კომპანიის ოფიციალური ლოზუნგი/სლოგანია, ვერ ჩაითვლება მართლზომიერ სპონსორზე მითითებად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ - რადიო ფორტუნა პლუსის, რადიო ფორტუნას და ავტორადიოს ეთერში,  2023 წლის 5 და 6 მაისს სპონსორზე მითითებები შეიცავს RMG-ის, სამშენებლო კომპანია მეგობრობის და ბეკოს სპეციალურ მახასიათებელზე და უპირატესობაზე მითითებას,   შეიცავს სარეკლამო შეტყობინებას და მომსახურების/პროდუქტის შეძენისა და მოხმარებისკენ მოწოდებას/წაქეზებას, რითაც შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტი და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის № 1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები. (იხ. დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები, პუნქტი 2).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გამომდინარე იქიდან, რომ შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ს1“, „ტ“, „ძ1“ და „ჰ9“ ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის,   70-ე მუხლის პირველი პუნქტის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.შპს „რადიო  ჰოლდინგ ფორტუნას“  მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევის გამო.

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნასთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

3.გადაწყვეტილება ძალაში შედის შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნასთვის“ ჩაბარების დღიდან;

4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comocm.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ).

5.დაევალოს კომისიის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.

6.კონტროლი გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

7.კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

ვახტანგ აბაშიძე           თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე      წევრი

ივანე მახარაძე            წევრი

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები