შპს „გრიდ ქონსთრაქშენისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-23-18 / 366

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2023 14:55

მიღების თარიღი აგვისტო 03, 2023

შპს „გრიდ  ქონსთრაქშენისთვის“   ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის   დაკისრების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N23-10-1353; 24.07.2023) თანახმად, 2023 წლის 21 ივლისს, რადიომონიტორინგის პროცესში, დაფიქსირებული იქნა  სამშენებლო   კომპანიების  მიერ  რადიოკავშირის    უკანონო ფუნქციონირება  446.475 მჰც სიხშირეზე,  რაც საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა   კოდექსის  144¹ მუხლის პირველი   ნაწილის   მიხედვით  არის სამართალდარღვევა.

საპელენგაციო სამუშაოების შედეგად დადგენილი იქნა აღნიშნული რადიოკავშირის ადგილმდებარეობა. გადამცემი  სადგური  განთავსებული  იყო  ქ.  თბილისში,  მოსკოვის გამზირი №13-ში მშენებარე სამშენებლო კომპლექსის ტერიტორიაზე, სადაც სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს  შპს  „გრიდ ქონსთრაქშენი“ (ს/კ 205224256). შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000001.

შპს „გრიდ ქონსთრაქშენისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა  დაინიშნა 2023 წლის 27 ივლისს, 15:00 საათზე,  რის  შესახებაც შეტყობინება გაეგზავნა შპს „გრიდ ქონსთრაქშენს“ და განემარტა  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  98-ე   და 99-ე  მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების გაცნობის უფლება.

კომისიის  2023 წლის 27 ივლისის სხდომას ესწრებოდა შპს „გრიდ  ქონსთრაქშენის“ წარმომადგენლები, ლ. ბაღაშვილი, ი. ბაბუხადია, თ. კაციტაძე. ლ. ბაღაშვილმა აღნიშნა, რომ წლებია შპს  „რაცია.ჯი“-სგან ყიდულობენ  პროდუქციას  და  იყენებენ.  შპს  „გრიდ ქონსთრაქშენი“ არის სამშენებლო  კომპანია  და რაციას  მძიმე  ტექნიკაზე  მომუშავეები ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ იყენებენ. მომწოდებელმა მათ განუცხადა, რომ რაციები არის დასაშვებ სიხშირეზე და ამას იყენებენ, ამჟამად კი ამ პროდუქციას არ იყენებენ, ის ამოიღეს ხმარებიდან მაშინვე, როგორც კი ოქმი მიიღეს. ი. ბაბუხადიამ აღნიშნა, რომ მათი კომპანიის მონაწილეობა ამ სამართალდარღვევაში არის ის, რომ შეიძინეს რაცია, რომელსაც დაყენებული ჰქონდა სიხშირეები, ამ პრაქტიკით მუშაობს კომპანია 10 წელზე მეტია. გარდა ამისა, შრომის უსაფრთხოების დაცვისთვის, აუცილებელია მაღალ სიმაღლეზე, ამწეზე მუშაობისას, ამწეს კაბინაში იყოს რაცია, ვინაიდან ქვემოდან კაბინაში მომუშავეს კომუნიკაციის სხვა საშუალებით ვერანაირად ვერ დაუკავშირდებიან. ვინაიდან მათი მუშაობის პრაქტიკაში ეს არის ამ ტიპის პირველი სამართალდარღვევა, მისი თხოვნაა გაფრთხილებით შემოიფარგლოს კომისია, ან სახდელისგან გაათავისუფლოს მათი კომპანია, ან შენიშვნა მისცეს.

კომისიის სხდომას ესწრებოდა ასევე, შპს „რაცია ჯი“-ის წარმომადგენელი ე. ნიქაბაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ წარმოადგენს კომპანია „რაცია ჯი“-ს, სადაც რაციები შეიძინა შპს „გრიდ ქონსთრაქშენმა“. რაციებში ჩაწერეს 446 მჰც სიხშირე და ეს იყო ადამიანური შეცდომა. კომპანიის კონსულტანტმა, რომელიც იყო ახალი თანამშრომელი, იცოდა, რომ 446 მჰც იყო სამოყვარულო დიაპაზონი, აღარ დააკვირდა და პირდაპირ ჩაწერა რაციაში. კომპანიამ რაციები მაშინვე დააბრუნა და რამდენადაც მისთვისაა ცნობილი, ამოღებულია ისინი ხმარებიდან. მისი თხოვნაა, კომისიამ გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანურ შეცდომას.

კომისიის 2023 წლის 27 ივლისის სხდომა გადაიდო 2023 წლის 3 აგვისტოსთვის გადაწყვეტილების გამოცხადების მიზნით.

II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1.  კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი

(N 23-10-1353; 24.07.2023).

2. 2023 წლის 21 ივლისის  ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  ოქმი  №000001.

3.   მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „გრიდ ქონსთრაქშენისთვის“ შესახებ მონაცემები.

4. შპს „გრიდ ქონსთრაქშენის“ და შპს „რაცია ჯი“-ის წარმომადგენლების ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2023 წლის 27 ივლისის სხდომაზე.

5. „შპს „საქაერონავიგაციისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ“ კომისიის 2023 წლის 18 მაისის Nგ-23-7/227 გადაწყვეტილება.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. 2023 წლის 21 ივლისს, რადიომონიტორინგის პროცესში, დაფიქსირებული იქნა სამშენებლო კომპანიების მიერ რადიოკავშირის უკანონო ფუნქციონირება 446.475 მჰც სიხშირეზე, გადამცემი სადგური განთავსებული იყო ქ. თბილისში, მოსკოვის გამზირი №13-ში მშენებარე სამშენებლო კომპლექსის ტერიტორიაზე, სადაც სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს შპს „გრიდ ქონსთრაქშენი“ (ს/კ 205224256).

მტკიცებულება: კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N23-101353;   24.07.2023); 2023 წლის 21 ივლისის  ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის ოქმი  №000001.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 144¹  მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის (მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა) ჩადენისთვის შპს „გრიდ ქონსთრაქშენის“ (ს/კ 205224256)  წინააღმდეგ შედგა 2023 წლის 21ივლისს ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის   ოქმი №000001,   რომელსაც   ხელს   აწერენ ოქმის შემდგენელი, კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლები დემურაძე ლ. და მელუა ბ. ასევე, სამართალდამრღვევი შპს „გრიდ ქონსთრაქშენის“ წარმომადგენელი კაციტაძე თ.

მტკიცებულება: 2023   წლის  21 ივლისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი   №000001.

3. 446.475 მჰც სიხშირე კომისიას შპს „საქაერონავიგაციისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ“ კომისიის 2023 წლის 18 მაისის Nგ-23-7/227 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს შპს „საქაერონავიგაციისთვის“  ერთი წლის ვადით - 2023 წლის 24 მაისიდან 2024 წლის 24 მაისამდე.

მტკიცებულება: კომისიის 2023 წლის 18 მაისის Nგ-23-7/227 გადაწყვეტილება.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  ავტორიზაციის, ლიცენზიის ან ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით  ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;

3.  საქართველოს ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის   თანახმად,   ადმინისტრაციული   სამართალდარღვევის   ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი  და  გვარი; მონაცემები დამრღვევის პიროვნების  შესახებ,  მათ შორის, პირადი ნომერი  ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული   აქტი,  რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ  ისინი  არიან;  დამრღვევის  ახსნა- განმარტება;  საქმის გადასაწყვეტად  საჭირო სხვა ცნობები. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის  მიერ გამოცემული ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა,     აგრეთვე     საქართველოს     კომუნიკაციების     ეროვნული     კომისიის მიერ  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად შედგენილი ოქმისა. ოქმს  შეიძლება ხელი მოაწერონ აგრეთვე მოწმეებმა და დაზარალებულებმა, მათი არსებობის შემთხვევაში.

4.   საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 35-ე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 141-ე−142-ე, 1441, 1443–1445 და 14411 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  ოქმებს ადგენენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირები.

5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად, ამ კოდექსის 14-ე, 142-ე, 1441 და 1443–1445 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადებისას ორგანო (თანამდებობის      პირი)     წყვეტს     შემდეგ     საკითხებს:

1) განეკუთვნება თუ არა მის კომპეტენციას აღნიშნული საქმის განხილვა; 2) სწორადა რის თუ არა შედგენილი ოქმი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სხვა მასალები; 3) ეცნობათ თუ არა საქმის განხილვის მონაწილე პირებს საქმის განხილვის დრო და ადგილი; 4) გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები; 5) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, დაზარალებულის, კანონიერი წარმომადგენლების, ადვოკატის შუამდგომლობები.

7. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება   თუ   არა   იგი   ადმინისტრაციულ   პასუხისმგებლობას,   არის   თუ არა     პასუხისმგებლობის    შემამსუბუქებელი    და    დამამძიმებელი     გარემოებები, აგრეთვე  გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.

8. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში   მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის    შემამსუბუქებელი    და დამამძიმებელი გარემოებანი.

როგორც აღინიშნა, კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 23-10-1353; 24.07.2023) შესაბამისად, 2023 წლის  21 ივლისს, დაფიქსირდა შპს „გრიდ ქონსთრაქშენის“ მიერ რადიოკავშირის უკანონო ფუნქციონირება 446.475მჰც  სიხშირეზე,  რაც საქართველოს    ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 144¹ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სამართალდარღვევაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ფაქტზე შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №00001.

სამართალდარღვევის ოქმისა და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „გრიდ ქონსთრაქშენი“ ნამდვილად იყენებდა რადიოსიხშირულ სპექტრს სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე. შესაბამისად, შპს „გრიდ ქონსთრაქშენის“ მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 144¹ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა - რისთვისაც  გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. ამასთან, კანონი იმპერატიულად ადგენს ჯარიმის ოდენობას და არ ითვალისწინებს კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას სამართალდარღვევისთვის სახდელის სახისა და ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას. განსახილველ შემთხვევაში ჩადენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სამართალდარღვევა. ამასთანავე,  კომპანია  სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე იყენებდა იმ სიხშირეს, რომელიც „შპს „საქაერონავიგაციისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ“ კომისიის 2023 წლის 18 მაისის Nგ-23-7/227 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს შპს „საქაერონავიგაციას“. აქედან გამომდინარე, სამართალდარღვევამ შექმნა მინიჭებული სიხშირით სარგებლობის    ხელშეშლისა და მნიშვნელოვანი ინტერესების დარღვევის რეალური საფრთხე. ამრიგად, შპს „გრიდ ქონსთრაქშენის“ ჩადენილი სამართალდარღვევა ვერ ჩაითვლება მცირემნიშვნელოვნად. შესაბამისად, შპს „გრიდ ქონსთრაქშენი“ არ უნდა გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის გათვალისწინებით, შპს „გრიდ ქონსთრაქშენს“ უნდა დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის გამო.

V. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის, 1441   მუხლის პირველი ნაწილის,  228-ე, 239-ე, 240-ე 260-ე,  262-ე, 264-ე და 273-ე მუხლების, შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „გრიდ ქონსთრაქშენს“ (ს/ნ 205224256) დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

2. შპს „გრიდ ქონსთრაქშენმა“ უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251 და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 დღის ვადაში წარმოდგენა.

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას      გადაწყვეტილების      შპს „გრიდ ქონსთრაქშენისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო. ვოტ).

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „გრიდ ქონსთრაქშენისთვის“ ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა    კოდექსით დადგენილი წესით, მისი დამოწმებული ასლის შპს „გრიდ ქონსთრაქშენისთვის“ ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

6. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები