შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-23-18 / 389

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 21, 2023 16:17

მიღების თარიღი აგვისტო 17, 2023

შპს ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N23-10-1233; 07.07.2023) საფუძველზე,  „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების“  36-ე  მუხლის  მე-14  პუნქტის  შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია  არგოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე, მის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო.

 

აღნიშნული მოხსენებითი  ბარათის  თანახმად,  შპს    „ტელერადიო    კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია    არგოს“  სამაუწყებლო  ბადის  შემოწმების    შედეგად გამოვლინდა, რომ  2023 წლის 15-17 ივნისის პერიოდში მაუწყებლის ეთერში განთავსდა აუდიოვიზუალური პროდუქცია: „სამართლიანობის  აგენტები“,  „მისტერ პოპერის პინგვინები“, „შერეკილები“ და „Cry Babies”, რომელთა მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებები მაუწყებლის მიერ კომისიაში წარმოდგენილი არ არის და  შპს  „ტელერადიო  კორპორაცია  ინფორმკავშირი  ტელევიზია არგოს“  მხრიდან ადგილი აქვს საავტორო და მომიჯნავე  უფლებების დარღვევას.

კომისიამ  2023 წლის 27 ივნისის  Nგ-23-04/1430  წერილით  მიმართა შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ და მოითხოვა სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიოვიზუალური პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლებისდამადასტურებელი  დოკუმენტაციის 3 სამუშაო დღეში წარმოდგენა.  2023 წლის  6 ივლისს, მაუწყებელმა კომისიაში წარმოადგინა ახსნა-განმარტება   (კომისიაში   რეგისტრაციის   Nშ-23-6/2199),   რომლის   თანახმად,   სერიალი „სამართლიანობის აგენტების“   ჩვენების უფლება წლების წინ შეისყიდა რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციამ და ნაჩვენები იქნა მაუწყებლის მიერაც. მხატვრული ფილმი „მისტერ პოპერის პინგვინები“   ფრაგმენტულად, არასრული ფილმის სახით გავიდა გადაცემაში ,,კინო-მიქსი“. მულტიპლიკაციური ფილმის „Cry Babies“ თაობაზე, მაუწყებლის განმარტებით, მიიჩნიეს, რომ მულტფილმების ჩვენებასთან დაკავშირებით რაიმე სირთულე არ წარმოიქმნებოდა. ქართული ფილმი „შერეკილები“ განხილული იქნა ახალგაზრდულ თეატრ-სტუდიის „მართვეს“ მსახიობებთან ერთად გადაცემაში ,,სინემა კლუბი” ზურაბ აბესაძესთან ერთად.   მაუწყებლის განმარტებით, გადაცემა ემსახურება ძველი ქართული ფილმების პოპულარიზაციას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და რომლის ანალოგიც ქართულ სატელევიზიო სივრცეში იშვიათობას წარმოადგენს. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების  რეგულირების  დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში ასევე, აღნიშნულია, რომ მხატვრული ფილმების მაუწყებლის ეთერში გასული ფრაგმენტების ხანგრძლივობა თითოეულ შემთხვევაში აღემატებოდა 30 წუთს. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების   დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილია შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ სამაუწყებლო ბადის შემოწმების ამსახველი ვიდეოჩანაწერები (სამსახურებრივი ბარათი N23-10-1378; 26.07.2023).

2023 წლის 27 ივლისს, (კომისიის წერილი Nგ-23-04/1673) შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ ეთხოვა კომისიაში წარმოედგინა მაუწყებელსა და რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულება სერიალის ,,სამართლიანი აგენტები“ მართლზომიერი ჩვენების უფლების გადაცემის თაობაზე და ასევე, რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციასა და დისტრიბუტორ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც დაადასტურებდა რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის მიერ სერიალის მართლზომიერი ჩვენების უფლების ფლობის ფაქტს. აღნიშნული წერილის პასუხად შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგომ“ კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების 4.14 ფორმაზე მითითებით, კომისიას აცნობა (წერილი Nშ-23-6/2504; 02.08.23), რომ მათ ეთერში გასული სერიალი ,,სამართლიანი აგენტები“ ლიცენზირებული და ნაყიდი იქნა ააიპ ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის მიერ და მაუწყებელს ჰქონდა ჩვენების ორჯერადი უფლება. მან ასევე, კომისიას აცნობა, რომ ფილმებისა თუ სხვა გადაცემების შეძენის თაობაზე ააიპ ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებების ასლები მაუწყებელთან არ ინახებოდა. ამავე წერილში მაუწყებელი უთითებს, რომ გაუგზავნეს შეტყობინება ააიპ ჟურნალისტიკის რესურს ცენტრს.

შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა   2023   წლის   17   აგვისტოს, რის   თაობაზეც   შეტყობინებით   (Nგ-23-03/1797; 14/08/2023)  ეცნობა მაუწყებელს და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

2023 წლის 17 აგვისტოს გაიმართა კომისიის სხდომა შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ტელერადიო კორპორაცია  ინფორმკავშირი  ტელევიზია  არგოს“  წარმომადგენელი.

2023 წლის 17 აგვისტოს შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგომ“ ელექტრონული ფოსტით წარმოადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, ის ატყობინებდა კომისიას, რომ მაუწყებლის წარმომადგენელი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ მიიღებდა მონაწილეობას კომისიის სხდომაში. მაუწყებლის განმარტებით, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა სრულად ეთანხმებოდა წარმოდგენილ მოხსენებით ბარათს და კომისიაზე გასატან პროექტს, გარდა სერიალ ,,სამართლიანი აგენტების“ ჩვენების მართლზომიერების საკითხისა. მაუწყებლის განცხადებით, აღნიშნული სერიალი მოწოდებულია რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის მიერ და გათვალისწინებული იყო მისი ორჯერადი ჩვენების უფლება, რის გამოც ის იყო შენახული არქივში და დაუბრკოლებლად განთავსდა ეთერში, რის საფუძველზეც მაუწყებელი ითხოვდა კომისიას საკითხის განხილვისას გაეთვალისწინებინა ეს გარემოება.

კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებელს კომისიის სხდომის გამართვის თაობაზე შეტყობინება ჩაბარდა 2023 წლის 14 აგვისტოს, რაც დადასტურებულია მაუწყებლის ოფიციალური ელექტრონული  ფოსტის მისამართიდან   office@argotv.ge.  კომისია  აღნიშნავს,  რომ  შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ არ მოუმართავს შუამდგომლობით სხდომის გადადების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ მან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე შეასრულა და უფლებამოსილია  განიხილოს  საკითხი  შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების  რეგულირების  დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N23-10-1233; 07.07.2023) თანდართული დოკუმენტაციით (კომისიის 2023 წლის 27 ივნისის Nგ-23-04/1430 წერილი; შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ 2023 წლის 6 ივლისის Nშ-23-6/2199 საპასუხო წერილი);

2. შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ სამაუწყებლო ბადის შემოწმების   ამსახველი   ვიდეოჩანაწერები   (სამსახურებრივი   ბარათი   N   23-10-1378; 26.07.2023);

3. კომისიის წერილი (Nგ-23-04/1673; 27.07.2023);

4. შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ საპასუხო წერილი (Nშ-23-6/2504; 02.08.2023);

5. შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“  შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

6. შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“  შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებული/ლიცენზირებული პირების რეესტრიდან;

7.  შპს  „ტელერადიო  კორპორაცია  ინფორმკავშირი  ტელევიზია  არგოს“  2023  წლის  17 აგვისტოს წერილობითი ახსნა-განმარტება.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგო“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს წამროადგენს (ავტორიზაციის თარიღი: 14.07.2015; მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა). შესაბამისად, იგი, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები;

მტკიცებულება:  მონაცემები შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ შესახებ კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;

2. შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ სამაუწყებლო ბადის შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ 2023 წლის 15-17 ივნისის პერიოდში მაუწყებლის ეთერში, მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე განთავსდა აუდიოვიზუალური პროდუქცია. კერძოდ, 15 ივნისს, 11:02 საათზე განთავსდა სერიალი „სამართლიანობის აგენტები“, ხოლო 17:50 საათზე - მხატვრული ფილმი „მისტერ პოპერის პინგვინები“ 30 წუთზე მეტი ხანგრძლივობით, 16 ივნისს, 15:08 საათზე განთავსდა მულტიპლიკაციური ფილმი - ,,Cry Babies“, ხოლო 17 ივნისს, 16:01 საათზე - მხატვრული ფილმი „შერეკილები“.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების   რეგულირების    დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N23-10-1233; 07.07.2023); შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ სამაუწყებლო ბადის შემოწმების ამსახველი ვიდეოჩანაწერები (სამსახურებრივი ბარათი N 23-10-1378; 26.07.2023); კომისიის 2023 წლის 27 ივნისის Nგ-23-04/1430 წერილი; შპს

„ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ 2023 წლის 6 ივლისის Nშ-23-6/2199 საპასუხო წერილი; შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ საპასუხო წერილი (Nშ-23-6/2504; 02.08.2023); შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი  ტელევიზია არგოს“ 2023 წლის 17 აგვისტოს წერილობითი ახსნა-განმარტება.

3. შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.

მტკიცებულება:  მონაცემები შპს ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ შესახებ კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციაა საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ21) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი არის კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე რეგისტრირებული ნებისმიერი სამეწარმეო პირი ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც მედიამომსახურების (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდებას ახორციელებს. ამავე მუხლის ს1) ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურება არის მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობით მიწოდებული მომსახურება/განხორციელებული საქმიანობა − აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და რადიომაუწყებლობა, ხოლო ს3) ქვეპუნქტის შესაბამისად, აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი არის ტელემაუწყებელი ან/და გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი, რომელსაც აკისრია სარედაქციო პასუხისმგებლობა აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შინაარსის არჩევისთვის და რომელიც მისი ორგანიზების მეთოდს განსაზღვრავს. ამავე მუხლის ტ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა; ხოლო ამავე პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

5. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) და „საავტორო უფლებების შესახებ“ 1996 წლის 20 დეკემბრის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის და ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებების გატარების ვალდებულება.

6. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებით, ნება დართონ თავისი ნაწარმოებების ეთერით გადაცემაზე, ან ამ ნაწარმოებების საყოველთაო გაცნობაზე ნიშნების, ხმების ან გამოსახულებების უსადენო გადაცემის ნებისმიერი საშუალებით;

7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციისა და ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების დასახელებულ დებულებებს შეესატყვისება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-

18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა;

9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად, დაშვებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, მაგრამ გამოყენებული ნაწარმოების ავტორისა და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით: ა) მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოებებიდან ციტირება სამეცნიერო, კვლევითი პოლემიკური, კრიტიკული და საინფორმაციო მიზნებისათვის, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია ციტირების მიზნით, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან მოკლე ნაწყვეტების ბეჭდვითი მიმოხილვისათვის რეპროდუცირების ჩათვლით; ბ) მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოებებიდან მოკლე ნაწყვეტების გამოყენება ილუსტრაციის სახით, გამოცემებში, რადიო- და ტელეგადაცემებში, სასწავლო ხასიათის ფონო- და ვიდეოჩანაწერებში, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც განსაზღვრულია დასახული მიზნით; გ) მიმდინარე ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიურ საკითხებზე პერიოდული გამოცემების მეშვეობით მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი სტატიების ან საჯაროდ გადაცემული მსგავსი შინაარსის ნაწარმოებების რეპროდუცირება ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით ან საჯარო გადაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი რეპროდუცირება ან საჯარო გადაცემა სპეციალურად არ არის აკრძალული ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის მიერ. ამასთან, ავტორს უნარჩუნდება ასეთი ნაწარმოების კრებულში გამოცემის უფლება; დ) მიმდინარე მოვლენების პროცესში დანახული ან მოსმენილი ნაწარმოების რეპროდუცირება ან საჯარო გადაცემა მიმდინარე მოვლენათა მიმოხილვაში ფოტოგრაფირების, ეთერში ან კაბელით გადაცემის გზით, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია საინფორმაციო მიზნით; ე) საჯაროდ წარმოთქმული პოლიტიკური მოხსენების, სიტყვის, ლექციის, მიმართვის, ქადაგების და მსგავსი ნაწარმოებების, მათ შორის, სასამართლო პროცესებზე წარმოთქმული სიტყვების რეპროდუცირება ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა პერიოდული გამოცემების მეშვეობით ან საჯარო გადაცემა, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია საინფორმაციო მიზნით. ამასთან, ავტორს უნარჩუნდება ასეთ ნაწარმოებთა ცალკე კრებულად ან წიგნად გამოცემის განსაკუთრებული უფლება; ვ) მართლზომიერად გამოქვეყნებული, რელიეფური წერტილოვანი შრიფტით ან სხვა სპეციალური საშუალებით უსინათლოთათვის შექმნილი ნაწარმოების რეპროდუცირება მოგების მიღების მიზნის გარეშე, გარდა იმ ნაწარმოებებისა, რომლებიც სპეციალურად არის შექმნილი გამოყენების ასეთი საშუალებებისათვის;

10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული უფლებაა. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. ამავე კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;

11. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

12. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს;

13. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 15-17 ივნისის პერიოდში შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ სამაუწყებლო ბადეში, მართლზომიერი ჩვენების  უფლების  დამადასტურებელი  დოკუმენტაციის  გარეშე  განთავსდა  სერიალი „სამართლიანობის აგენტები“, მხატვრული ფილმი „მისტერ პოპერის პინგვინები“, მულტიპლიკაციური ფილმი    ,,Cry Babies“ და მხატვრული ფილმი „შერეკილები“. მაუწყებელს ზემოაღნიშნული აუდიოვიზუალური პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიის გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვისაც არ წარმოუდგენია.

ამასთანავე, კომისია აღნიშნავს, რომ მხატვრული ფილმის  „მისტერ პოპერის პინგვინების“ 30 წუთზე მეტი ხანგრძლივობით ფრაგმენტის საჯარო ჩვენება არ წარმოადგენს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრულ არცერთ საგამონაკლისო შემთხვევას, რომელიც მაუწყებელს საშუალებას აძლევს გამოიყენოს ნაწარმოები ტელეგადაცემაში ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრულ საგამონაკლისო შემთხვევებში, რომლებიც დაკავშირებულია ნაწარმოების მხოლოდ ფრაგმენტების საჯარო ჩვენებასთან, დასაშვებად მიიჩნევა ნაწარმოების გამოყენება ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, თუ ნაწარმოების ფრაგმენტი ან ნაწყვეტი მოკლეა ან/და ნაჩვენებია მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია საკანონმდებლო ნორმით   განსაზღვრული   მიზნით.   კომისია   აღნიშნავს,  რომ   მხატვრული   ფილმი ,,შერეკილები“ გადაცემაში ,,სინემა კლუბი“ ზურაბ აბესაძესთან ერთად განთავსდა მისი ამავე გადაცემაში  საჯარო განხილვით, რაც ასევე, არ წარმოადგენს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრულ არცერთ საგამონაკლისო შემთხვევას, რომელიც მაუწყებელს საშუალებას აძლევს გამოიყენოს ნაწარმოები ტელეგადაცემაში ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე. ამ გარემოებების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მხატვრული ფილმების სამაუწყებლო ბადეში განთავსებას ცალსახად ესაჭიროებოდა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ნაწარმოების ავტორის სანებართვო წერილობითი დოკუმენტაცია (ხელშეკრულება ან სხვ.), რაც მაუწყებელს არ მოუპოვებია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ 2023 წლის 15-17 ივნისის პერიოდში   შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ მიერ  მართლზომიერი  ჩვენების  უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის  გარეშე აუდიოვიზუალური პროდუქციის განთავსებით დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული   ნაწარმოებების   დაცვის“   ბერნის   კონვენციის   მე-11bis   მუხლი, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37- ე, 38-ე და 42-ე მუხლები, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რისთვისაც ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71- ე მუხლის პირველი პუნქტით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით გათვალისწინებულია წერილობითი გაფრთხილება. შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის. შესაბამისად, შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის  53-ე  მუხლის,  95-ე  მუხლის,  98-ე  და  99-ე  მუხლების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 42-ე და 58-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გაწყვიტა:

1. შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 42-ე მუხლებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოსთვის“  დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს   „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოსთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4.   გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   გადაწყვეტილების   დამოწმებული   ასლის   შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოსთვის“  ჩაბარების დღიდან;

5.   დაევალოს   კომისიის   აპარატის   იურიდიულ   დეპარტამენტს   (ე.   ჭახრაკია)  შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-3 და მე-5 პუნქტებისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები