შპს „მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-23-18 / 420

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 30, 2023 16:28

მიღების თარიღი აგვისტო 17, 2023

შპს „მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  (შემდგომში  „კომისია“) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის  (N 23-10-1347;  21.07.2023) საფუძველზე,  „საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების“ 36-ე  მუხლის  მე-14  პუნქტის  შესაბამისად, კომისიაში დაიწყო   მარტივი  ადმინისტრაციული   წარმოება   შპს   „მაგთიკომის“   მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 და 562 მუხლების შესაძლო დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 23-10-1347; 21.07.2023) მიხედვით, 2023 წლის 30 ივნისს კომისიაში შემოვიდა მოქალაქე კ.  გურულის  შეტყობინება,  რომელშიც მითითებული  იყო  მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირის, შპს „მაგთიკომის“ სატელევიზიო არხზე, ბრენდული სახელწოდებით „მაგთი კინო“, არასრულწლოვანთათვის  შეუფერებელი  პროგრამების წყალგამყოფის დარღვევით  განთავსების შესახებ. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტმა   აღნიშნულ   შეტყობინებასთან დაკავშირებით ჩაატარა შემოწმება.

დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  2023 წლის  28 ივნისს,  21:00 საათზე  სამაუწყებლო  არხის  „მაგთი  კინოს“  ეთერში განთავსებული იყო მხატვრული ფილმი „მეოცნებენი“ (“The Dreamers“). აღსანიშნავია, რომ ფილმს მაუწყებლის მიერ მინიჭებული  ჰქონდა „18 წლამდე  არასრულწლოვანთათვის   შეუფერებელი“ კატეგორია. ასაკობრივ ნიშანდებასთან ერთად, ფილმის დასაწყისში ეკრანზე გამოტანილი იყო შეტყობინება, რომელიც მაყურებელს ამცნობდა, რომ ფილმის ყურება 18 წლამდე მოზარდთათვის შეუფერებელი იყო. ზემოაღნიშნული მხატვრული ფილმი შეიცავს სექსუალურ კონტექსტში სიშიშვლის შემცველ გრაფიკულ გამოსახულებებს, სექსუალური სცენის გრაფიკული გამოსახულებისა და ახლო კადრით სექსუალური სცენების გრაფიკულ გამოსახულებებს, რის გამოც, ფილმი 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებელ პროგრამათა კატეგორიაში ხვდება. შესაბამისად, იგი ეთერში არ უნდა განთავსებულიყო 06:00-დან 24:00 საათამდე პერიოდში.

ამრიგად, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ „მაგთი კინოს“ ეთერში განთავსებული მხატვრული ფილმი „მეოცნებენი“ 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი კატეგორიის პროგრამას მიეკუთვნება, ხოლო მისი 21:00 საათზე განთავსებით მაუწყებლის მხრიდან ადგილი აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევას.

2023 წლის 9 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის N შ-23-6/2611; 09.08.23) შპს „მაგთიკომმა“ კომისიაში წარმოადგინა წერილი, რომელშიც მითითებული იყო, რომ შპს „მაგთიკომმა“ საკუთარ IPTV აბონენტებს დამბლოკავი სისტემის შემოღებით, მისცა შესაძლებლობა, მენიუს საშუალებით, მარტივად ნებისმიერ დროს შეზღუდონ/დამალონ მათთვის არასასურველი ნებისმიერი სატელევიზიო არხი და მასზე წვდომა განახორციელოს მხოლოდ უფლებამოსილმა სრულწლოვანმა აბონენტმა. წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ   აბონენტებს,   შესაძლებლობა  აქვთ, წინასწარ, ნებისმიერ დროს გაეცნონ შპს„მაგთიკომის“ მიერ წარმოებულ არხებზე განთავსებული ფილმების აღწერილობას, სადაც ასევე მითითებულია ასაკობრივი ვიზუალური ნიშანდება. წერილს თან ერთვის 2023 წლის 9-10 აგვისტოს ბადეში არსებული ფილმების ანოტაცია.

შპს„მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2023 წლის 10 აგვისტო, 15:00 საათი, რის თაობაზეც შპს„მაგთიკომს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, შპს „მაგთიკომს“ ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2023 წლის 10 აგვისტოს სხდომას ესწრებოდა შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი ლ. გიორგაძე, რომელმაც განაცხადა, რომ დარღვეულია ადმინისტრაციული წარმოების წესი, რადგან კომისიას საკითხი უნდა განეხილა არა მარტივი, არამედ ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით.საფუძვლად ლ.გიორგაძემ მიუთითა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებზე, რომელთა მიხედვითაც, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა (გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 552, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა), აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას; მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კი კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით.

შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ლ.გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, ფასიანი სამაუწყებლო არხი უფლებამოსილია არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში განათავსოს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, თუ მოქმედებს სავალდებულო PIN-კოდით დაცული სისტემა ან სხვა დამბლოკავი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული პროგრამის მხოლოდ უფლებამოსილი სრულწლოვანი აბონენტისთვის ხელმისაწვდომობას. შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლის პოზიციით, აღნიშნული ნორმა გულისხმობს ოპერატორის მიერ ისეთი სისტემის შექმნის ვალდებულებას, სადაც მომხმარებელს ექნება საშუალება თვითონ განსაზღვროს, რომელი არხი გახადოს არასრულწლოვნებისთვის ხელმისაწვდომი. შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლის განცხადებით, კომპანიის მიერ შექმნილია დამბლოკავი სისტემა, რომელიც იძლევა ნებისმიერი არხის დაბლოკვის/დაფარვის საშუალებას, ხოლო გამოიყენებს თუ არა ამ მექანიზმს მომხმარებელი და შეუზღუდავს თუ არა არასრულწლოვნებს კონკრეტულ არხზე წვდომას, ეს უკვე თავად ამ მომხმარებლის პასუხისმგებლობაა და არა შპს „მაგთიკომის“. ამ მუხლის მიხედვით, კომპანიის ვალდებულება,  როგორც   მაუწყებლის, არის ის, რომ ასეთი სისტემა შექმნას, რაც მაგთიკომის“  მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, შექმნილია. შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ არანაირ დარღვევას ადგილი არ აქვს.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1.კომისიის   აპარატის   მედიამომსახურებების   რეგულირების   დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 23-10-1347; 21.07.2023) და თანდართული დოკუმენტაცია.

2.ფიზიკური პირის კ. გურულის წერილობითი შეტყობინება (N შ-23-9/2154; 30.06.2023).

3.მონაცემები შპს ,,მაგთიკომის“ შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

4.შპს „მაგთიკომისათვის“ გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2023 წლის 10 აგვისტოს სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

5.შპს „მაგთიკომის“ მიერ 2023 წლის 9 აგვიტოს (კომისიაში რეგისტრაციის N შ-23-6/2611;09.08.23) კომისიაში წარმოდგენილი წერილი თანდართული მასალით.

6.შპს  „მაგთიკომის“  წარმომადგენლის  ახსნა-განმარტება  გაკეთებული  კომისიის 2023 წლის 10 აგვისტოს სხდომაზე.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.   შპს „მაგთიკომი“ :

ა)მაუწყებლობის (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა, მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა, მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა) და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია.

ბ)მაუწყებლობის სფეროში ფლობს ავტორიზაციას (BR-33, 04.08.2015) სატელევიზიო არხზე ბრენდული სახელწოდებით  „მაგთი კინო“ შემდეგი  საავტორიზაციო პირობებით: ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა: ქართული; ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 24 საათი; ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი: თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო); ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა: თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები - ფასიანი.

მტკიცებულება: შპს„მაგთიკომის“  შესახებ  მონაცემები კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ  პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირების რეესტრიდან.

2. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ მონიტორინგის განხორციელების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ა)სამაუწყებლო არხის „მაგთი კინოს“ ეთერში განთავსებული იყო მხატვრული ფილმი „მეოცნებენი“ („The Dreamers“), რომელსაც მაუწყებლის მიერ მინიჭებული ჰქონდა „18 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი“ კატეგორია. ასაკობრივ ნიშანდებასთან ერთად, ფილმის დასაწყისში ეკრანზე გამოტანილი იყო შეტყობინება, რომელიც მაყურებელს ამცნობდა, რომ ფილმის ყურება 18 წლამდე მოზარდთათვის შეუფერებელი იყო.

ბ)მხატვრული ფილმი, შეიცავდა სექსუალურ კონტექსტში სიშიშვლის შემცველ გრაფიკულ გამოსახულებებს, სექსუალური სცენის გრაფიკული გამოსახულებისა და ახლო კადრით სექსუალური სცენების გრაფიკულ გამოსახულებებს. კერძოდ, მხატვრული ფილმი „მეოცნებენი“ მოიცავდა როგორც სექსუალურ კონტექსტში სიშიშვლის გრაფიკულ გამოსახულებას, რაც მას 15 წლამდე ასაკის პირთათვის შეუფერებლად აქცევს, არამედ სექსუალური სცენის და სექსუალური აქტის გრაფიკულ გამოსახულებებსაც, მათ შორის ახლო ხედით, რის გამოც, ფილმი 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებელ პროგრამათა კატეგორიაში ხვდება.

გ)„მაგთი კინოს“ ეთერში მხატვრული ფილმი „მეოცნებენი“ განთავსებული იყო 2023 წლის 28 ივნისს, 21:00 საათზე.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 23-10-1347; 21.07.2023).

3.შპს „მაგთიკომის“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/იდენტური დარღვევისთვის.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვა. მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები ამ პროგრამების კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ეს პროგრამები სამაუწყებლო ბადეში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით, ხოლო მე-11 ნაწილის თანახმად, მაუწყებლობის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის კონტროლს, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში და ჩაწერილი ფილმისა და თამაშის ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელების კონტროლს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

2.,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების  სფეროებში  კომისიის  ფუნქციებია  საავტორო  და  მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი.

3.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და   ავტორიზებული   პირი; ხოლო   „ტ2“   ქვეპუნქტის  თანახმად, ტელემაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული აუდიოვიზუალური პროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მაყურებლებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია.

4.,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.

5.,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, აკრძალულია ისეთი პროგრამით შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდებისა და შესაბამისი სამაუწყებლო დროის განსაზღვრის გარეშე მაუწყებლობა, რომელმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანის ფიზიკურ, გონებრივ ან მორალურ განვითარებას.

6.,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით გამოიყენოს ამ  კანონის 562 მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად, ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადე დაგეგმოს შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით: ა)18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე; ბ) 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე; გ) 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე; დ) 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე.

7.,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562  მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ა) სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკულ გამოსახულებას; ბ) ისეთი სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენას, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს ან რომელიც გაუკუღმართებული ფორმით ხორციელდება; გ) უხამს ქმედებას ან/და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია; დ) ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (გარდა შემეცნებით- საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამისა); ე) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სცენას, მისი დამზადების ან მოხმარების წესის ახსნა-განმარტებას და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას; ვ) თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების გამართლებას ან მოწონებას; ზ) ნარკოტიკის, საინექციო ხელსაწყოს, ნარკოტიკული ნივთიერების მომზადების ტექნოლოგიის ან გამოყენების პროცესის ახსნა-განმარტებას; თ) სცენას, რომელიც ეწევა თვითდასახიჩრების ან თვითმკვლელობის პროპაგანდას, აღწერს თვითმკვლელობის პროცესს ან საშუალებას; ი) იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის (დანა, ნაჯახი და სხვა) ზიანის მისაყენებლად ან მკვლელობისთვის გამოყენების ამსახველ სცენას; კ) აზარტული თამაშობის ამსახველ სცენას, მისი პოპულარიზაციის ხელშემწყობ ინფორმაციას და ეწევა აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის პროპაგანდას მოგების მარტივად მიღების შთაბეჭდილების შექმნით; ლ) ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს; მ) ოკულტიზმის ან მსგავსი მოვლენის ამსახველ მასალას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს; ბ) სიშიშვლეს        სექსუალურ    კონტექსტში,    სექსუალურ    სცენას    ან    მის    გრაფიკულ გამოსახულებას; გ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია; დ) ტერმინოლოგიას, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებასთან ან მის მოხმარებასთან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს; ბ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის   შეუფერებლად   მიიჩნევა   პროგრამა   (ანონსი),   რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს, აგრეთვე მხატვრული, დოკუმენტური ან მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ ჯგუფზე ძლიერი ემოციური (ნეგატიური) გავლენის მომხდენი შინაარსის მქონე სცენას ან სიუჟეტს.

8.,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კომისია ამ კანონის 561  ან 562  მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაზე რეაგირებას ახდენს ამავე კანონის IX თავით განსაზღვრული პროცედურების დაცვით.

9.,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული/გავრცელებული პროგრამის, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომლებიც მას საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს მის მიერ გავრცელებული პროგრამის, მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია,  გარდა  საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

10.,,მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  71-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

11.საქართველოს   ზოგადი   ადმინისტრაციული   კოდექსის   72-ე   მუხლის   მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოების სახეებია: ა)მარტივი ადმინისტრაციული წარმოება; ბ)ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება; გ)საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას) ცალკე ადმინისტრაციული წარმოება არ დაიწყება, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

12.საქართველოს   ადმინისტრაციულ   სამართალდარღვევათა   კოდექსის   მე-9   მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს სამართალდარღვევის ჩადენის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტებს აქვთ უკუქცევითი ძალა, ესე იგი ვრცელდებიან ამ აქტების გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზეც. აქტებს, რომლებიც აწესებენ ან აძლიერებენ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, უკუქცევითი ძალა არა აქვს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ სამართალდარღვევის შესახებ საქმის განხილვის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

კომისია, ისევე როგორც ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მაუწყებლისათვის ადმინისტრაციული წარმოების დაკისრება ხდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და საგამონაკლისო შემთხვევების გარდა, ფორმალური ან საჯარო ადმინისტრაციული წარმოების სახე არ გამოიყენება. შესაბამისად, ვინაიდან, სახეზე არ იყო არცერთი კანონით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევა, კომისიამ შპს „მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი განიხილა და გადაწყვეტილებას იღებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისია არ ეთანხმება შპს „მაგთიკომის“ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიის მიერ დარღვეულია ადმინისტრაციული წარმოების სახე. ზოგადად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14, 70-ე და 71-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით მაუწყებლის მიერ კანონმდებლობის დარღვევაზე კომისია რეაგირებს თავისი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მოთხოვნით. მაუწყებლის მიერ კანონმდებლობის დარღვევის შესახებ დაინტერესებული პირის განცხადებას/საჩივარს მისი განხილვის ფარგლებში კომისია საქმეს წარმართავს დავის ფარგლებში, ატარებს მოსამზადებელ სხდომას, ამოწმებს საჩივრის/განცხადების დასაშვებობას, მათ შორის, დაინტერესებული პირის კანონიერ ინტერესს და ა.შ. თავისი ინიციატივით რეაგირების გადაწყვეტილება კომისიამ შეიძლება მიიღოს როგორც გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში, ისე - საზოგადოების წარმომადგენლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის/შეტყობინების  საფუძველზე.  სწორედ  ამგვარად  არის  ჩამოყალიბებული უკვე კომისიის მიერ დამკვიდრებული ხანგრძლივი პრაქტიკა. ამგვარ წესს ითვალისწინებს კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს შემოწმება კომისიაში შესული საჩივრის, ექსპარტე შეტყობინების, საგაზეთო ან სხვაგვარი ინფორმაციის საფუძველზე“. შპს „მაგთიკომის“ სატელევიზო არხზე, ბრენდული სახელწოდებით „მაგთი კინო“, არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების წყალგამყოფის დარღვევით განთავსების შესახებ, მოქალაქის შეტყობინებით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შემოწმება ჩაატარა კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა. აღნიშნული შემოწმება ჩატარდა სწორედ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე.  შპს  „მაგთიკომის“  წარმომადგენლის არგუმენტაცია  ამ  მხრივ  ემყარება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შინაარსის არასწორ აღქმას. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 მუხლის მიხედვით, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა არ გულისხმობს კომისიის მიერ ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას იმ შემთხვევაში, როდესაც კომისია საკუთარი ინიციატივით ახდენს მაუწყებლის მიერ კანონმდებლობის დარღვევაზე რეაგირებას საზოგადოების წარმომადგენლების შეტყობინების საფუძველზე. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ასეთი წარმოების სახეს ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხი განიხილება დაინტერესებული პირის ინიციატივით. შეტყობინების ავტორი კ. გურული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, არ არის დაინტერესებულ პირი, იგი ახდენდა მხოლოდ კომისიის ინფორმირებას და არ მიუთითებდა, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ უშუალოდ მისი კანონიერი ინტერესი შეილახა. შესაბამისად, ყოველგვარ რაციონალურ და სამართლებრივ საფუძველს იქნებოდა მოკლებული აღნიშნული მოქალაქის შეტყობინების დაინტერესებული პირის განცხადებად ან საჩივრად განხილვა და მისი მონაწილეობით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების გამართვა.

გარდა ამისა, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი დაინტერესებული პირის განცხადებასთან/საჩივართან დაკავშირებითაც იცნობს გამონაკლისის სახით მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განხილვის შესაძლებლობას, როდესაც „სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას“. მოცემულ შემთხვევაში, კომისიას მოქალაქის შეტყობინება საჩივრის ფორმატშიც რომ განეხილა, საკითხი არ მოითხოვდა ორგანიზაციული პროცედურების განხორციელებას, შესაბამისად, კომისია არ იყო ვალდებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება ჩაეტარებინა, ვინაიდან საკითხი არ გამოირჩეოდა ისეთი მახასიათებლებით, რომ საჭირო გამხდარიყო ორგანიზებული პროცედურების განხორციელება. კომისია, დამატებით აღნიშნავს, რომ პრაქტიკის შესაბამისად, მსგავსი საკითხები მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით აქამდეც აქვს განხილული, ვინაიდან საკითხის გადაწყვეტა არ მოითხოვდა ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. (იხ. „შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ გიგა გუდაძის, ბესარიონ წულაიას, არჩილ შატბერაშვილის, გიორგი გოცირიძის, გიორგი ყიფიანის და მამია გრიგოლიას საჩივრის (Nშ-20-9/1757; 19.04.2021) განსახილველად მიღების საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2021 წლის 22 აპრილის N გ-21-16/244 გადაწყვეტილება). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების სახის შერჩევა განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით და ამ მხრივ კომპანიის არგუმენტაცია დაუსაბუთებელია.

როგორც აღინიშნა, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე, ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი - 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე. თავის მხრივ, 18 წლამდე და 15 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამის კატეგორიები მოცემულია 562  მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში. ამავე კანონის 561 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების მიუხედავად, თუ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, სამაუწყებლო ბადეში ასეთი პროგრამა შეიძლება განთავსდეს მხოლოდ სათანადო და მკაფიო გაფრთხილებით, რომ იგი შესაბამისი ასაკის არასრულწლოვნისთვის შეუფერებელ მასალას შეიცავს. გაფრთხილება მოიცავს სპეციალურ ვიზუალურ ნიშანდებას მასალის გადაცემისას განუწყვეტლად, აგრეთვე ტექსტურ და ვერბალურ გაფრთხილებას წინასწარ, მასალის გადაცემამდე. ამავე კანონის 562 მუხლის მე-7 პუნქტი ითვალისწინებს ხსენებული შეზღუდვიდან კიდევ ერთ გამონაკლისს და მიუთითებს, რომ ფასიანი სამაუწყებლო არხი უფლებამოსილია არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში განათავსოს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მოქმედებს სავალდებულო PIN-კოდით დაცული სისტემა ან სხვა დამბლოკავი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული პროგრამის მხოლოდ უფლებამოსილი სრულწლოვანი აბონენტისთვის ხელმისაწვდომობას.

კომისიამ დაადგინა, რომ 2023 წლის 28 ივნისს, 21:00 საათზე სამაუწყებლო არხ „მაგთი კინოს“ ეთერში განთავსებული იყო მხატვრული ფილმი „მეოცნებენი“ (“The Dreamers“), რომელსაც მაუწყებლის მიერ მინიჭებული ჰქონდა „18 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი“ კატეგორია. ფილმი შეიცავდა სექსუალურ კონტექსტში სიშიშვლის შემცველ გრაფიკულ გამოსახულებებს, სექსუალური სცენის გრაფიკული გამოსახულებისა და ახლო კადრით სექსუალური სცენების გრაფიკულ გამოსახულებებს. შესაბამისად, მხატვრული ფილმი „მეოცნებენი“ მოიცავდა როგორც სექსუალურ კონტექსტში სიშიშვლის გრაფიკულ გამოსახულებას, რაც მას „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 562 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით 15 წლამდე ასაკის პირთათვის შეუფერებლად აქცევს, ასევე სექსუალური სცენის და სექსუალური აქტის გრაფიკულ გამოსახულებებსაც, მათ შორის ახლო ხედით, რის გამოც, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ფილმი 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებელ პროგრამათა კატეგორიაშიც ხვდება. აღსანიშნავია, რომ სწორედ 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებლად მიიჩნია ფილმი თავად მაუწყებელმა, ამგვარი ნიშანდება მიანიჭა და ეს გარემოება არც კომისიის მიერ საკითხის განხილვისას დაუყენებია ეჭვქვეშ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561 და 562 მუხლების შესაბამისად, დასახელებული მხატვრული ფილმი სამაუწყებლო ბადეში არ უნდა განთავსებულიყო 6 საათიდან 24 საათამდე, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო არც 561  მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რომელსაც, შესაძლებელია, გაემართლებინა არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი მასალის 24 საათამდე განთავსება.

გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, ფასიანი სამაუწყებლო არხი უფლებამოსილია არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში განათავსოს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, თუ მოქმედებს სავალდებულო PIN-კოდით დაცული სისტემა ან სხვა დამბლოკავი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული პროგრამის მხოლოდ უფლებამოსილი სრულწლოვანი აბონენტისთვის ხელმისაწვდომობას.

დასახელებული ნორმის შემოღებით კანონმდებელი, ერთი მხრივ, თავისუფლებას ანიჭებს ფასიან მაუწყებლებს და, მეორე მხრივ, არასრულწლოვნის ინტერესების დასაცავად აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს. კერძოდ, ფასიან არხს აქვს თავისუფლება, გადაუხვიოს კანონით გათვალისწინებულ წყალგამყოფებს, თუ მოქმედებს სავალდებულო PIN-კოდით დაცული სისტემა ან სხვა დამბლოკავი სისტემა. აღნიშნული ნორმა სწორედ მაუწყებელს აკისრებს პროაქტიული მოქმედების ვალდებულებას, რომ შექმნას შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ შეუფერებელ პროგრამაზე წვდომა ექნება მხოლოდ უფლებამოსილ სრულწლოვან მაყურებელს.

კანონი ითვალისწინებს PIN-კოდით დაცულ სისტემას და „სხვა დამბლოკავ“ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული პროგრამის მხოლოდ უფლებამოსილი სრულწლოვანი აბონენტისთვის ხელმისაწვდომობას. კანონით განსაზღვრული „სხვა დამბლოკავი სისტემა“ არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ გამორიცხავდეს მის სავალდებულობას და განიხილებოდეს როგორც PIN-კოდით დაცული სავალდებულო მექანიზმის არასავალდებულო მექანიზმით ჩამნაცვლებელი ალტერნატივა. აღნიშნულ პუნქტში ალტერნატივა შემოთავაზებულია ტექნიკური გადაწყვეტის გზებში (კერძოდ იქნება ეს PIN კოდის დაცული სისტემა თუ სხვა დამბლოკავი სისტემა) და არა თავად ამ მექანიზმების სავალდებულოობა/ნებაყოფლობითობაში.   ამრიგად, ფასიანი მაუწყებელი მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი, გადაუხვიოს კანონით განსაზღვრულ წყალგამყოფებს, თუ შემოღებული ექნება, რომელიმე სავალდებულო მექანიზმი - PIN კოდით დაცული სისტემა ან სხვა დამბლოკავი სისტემა. ამავდროულად, ფასიანი მაუწყებლის მიერ შემოღებული „სხვა დამბლოკავი“ სისტემა უნდა იყოს კანონით განსაზღვრული მიზნის - არასრულწლოვანთა დაცვის უზრუნველყოფის ადეკვატური და ეფექტური მექანიზმი. იგი PIN კოდით დაცული სისტემის ანალოგიური ეფექტურობით უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვნების დაცვას. ამგვარი დამბლოკავი სისტემების ადეკვატურობა და  ეფექტურობა   უნდა  შეფასდეს   მისი   ტექნიკური   პარამეტრების, სამაუწყებლო არხის სპეციფიკის, სამაუწყებლო ბადისა და უშუალოდ არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების გათვალისწინებით.

განსახილველ შემთხვევაში შპს„მაგთიკომი“ მიუთითებს, რომ მის მიერ შემოღებულია „სხვა დამბლოკავი“ სისტემა. კერძოდ, შპს „მაგთიკომმა“ საკუთარ IPTV აბონენტებს დამბლოკავი სისტემის შემოღებით, მისცა შესაძლებლობა, მენიუს საშუალებით, მარტივად ნებისმიერ დროს შეზღუდონ/დამალონ მათთვის არასასურველი ნებისმიერი სატელევიზიო არხი და მასზე წვდომა განახორციელოს მხოლოდ უფლებამოსილმა სრულწლოვანმა აბონენტმა.

კომისია მიიჩნევს, რომ ამგვარი სისტემა, რომლის ფარგლებშიც ღიაა ნებისმიერი სამაუწყებლო არხი, რომელზეც არასათანადო დროს არის განთავსებული არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამები და მისი დახურვის ინდივიდუალური შესაძლებლობა აქვს მშობელს/არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს   -   ვერ   მიიჩნევა   ადეკვატურ   და   ეფექტურ   დამბლოკავ  სისტემად „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-7 პუნქტის მიზნებისთვის.

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 პუნქტი მიუთითებს მაუწყებლის ვალდებულებაზე, შექმნას დამბლოკავი სისტემა, რომელიც „უზრუნველყოფს აღნიშნული პროგრამის მხოლოდ უფლებამოსილი სრულწლოვანი აბონენტისთვის ხელმისაწვდომობას.“ ამ შემთხვევაში კანონი უთითებს არა სრულწლოვანი აბონენტის შესაძლებლობაზე, დაბლოკოს არასასურველი სამაუწყებლო არხი, არამედ - მაუწყებლის ვალდებულებაზე, რომ უზრუნველყოს ამგვარი პროგრამის (და არა მთელი სამაუწყებლო არხის) ხელმისაწვდომობა მხოლოდ სრულწლოვანი პირისათვის.

შპს„მაგთიკომის“ მიერ შემოთავაზებული დამბლოკავი სისტემის ფარგლებში არასრულწლოვანის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მოუწევს ზედმიწევნით შეისწავლოს შეთავაზებული სამაუწყებლო არხების პროგრამები, თავად შეაფასოს მათი შესაფერისობა  და  მიიღოს  გადაწყვეტილება  უშუალოდ  არხის  დაბლოკვის  თაობაზე.

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული არასრულწლოვნის დამცავი გარანტიები თითოეული პროგრამის შეფასებისა და სათანადო ზომების მიღების ვალდებულებას სწორედ მაუწყებლებს აკისრებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების მიზანია „ბავშვის/არასრულწლოვნის დაცვა ისეთი ინფორმაციისაგან, რომელმაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს მის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე, მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას და სოციალიზაციას. აღსანიშნავია, რომ დასახელებული ინტერესები უაღრესად მნიშვნელოვანია და მათი დაცვა სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის N1/1/1537 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს მთავარი არხი“, „შპს ტელეკომპანია პირველი“, „შპს ტელეკომპანია კავკასია“, „შპს ფორმულა“, ირაკლი საღინაძე, გიორგი ლიფონავა და ქეთევან დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-49).

საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „არასრულწლოვანთა მიმართ კონსტიტუციური უფლებები სპეციფიკური სტანდარტებით ვრცელდება. მათი მოქმედების ფარგლები დამოკიდებულია თავად უფლების ხასიათსა და ურთიერთობის თავისებურებებზე .... მშობელსა და სახელმწიფოს შორის გადანაწილებულია ვალდებულებები მაუწყებლისგან მომდინარე საფრთხის პრევენციის მიზნით. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო მშობელს, საკუთარი ნების მიუხედავად, სამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს ამ კუთხით, არამედ ასეთ პოზიტიურ ვალდებულებას კისრულობს მხოლოდ სახელმწიფო, რათა ყველა შემთხვევაში მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში დაცულ იქნეს ბავშვის/არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები ... როდესაც საკითხი ეხება გამოხატვის ისეთი საშუალების მეშვეობით [ტელემაუწყებლობა] წინარე პრევენციას, რომელმაც, დადგენილია, რომ მყისიერად შეიძლება მოახდინოს გავლენა არა მხოლოდ არასრულწლოვანზე, არამედ სრულწლოვანი საზოგადოების აზრის ფორმირებაზე, მით უფრო მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ამგვარი გავლენის ისეთ მოწყვლად ჯგუფზე, როგორიცაა არასრულწლოვნები, მათი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ინტელექტუალური და სულიერი განვითარება, აგრეთვე, მათი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა და სოციალიზაცია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის N1/1/1537 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს მთავარი არხი“, „შპს ტელეკომპანია პირველი“, „შპს ტელეკომპანია კავკასია“, „შპს ფორმულა“, ირაკლი საღინაძე, გიორგი ლიფონავა და ქეთევან დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II- 55, 56, 57.)

სწორედ აღნიშნული ინტერესების დასაცავად სახელმწიფომ შემოიღო „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებები და მაუწყებლებს დააკისრა არასრულწლოვნების დაცვის ვალდებულება. აღნიშნული ნორმების არსისა და მიზანმიმართულების საწინააღმდეგო იქნებოდა განმარტება, რომ ცალკეულ შემთხვევებში კანონმა ფასიან მაუწყებლებს მისცა შესაძლებლობა, საკუთარი პასუხისმგებლობა და ტვირთი გადაიტანონ არასრულწლოვნის მშობელზე/კანონიერ წარმომადგენელზე.

კომისია ვერ გაიზიარებს შპს „მაგთიკომის“ პოზიციას, რომ ფასიანი სამაუწყებლო არხს შეუძლია შექმნას იმგვარი დამბლოკავი სისტემა, რომელიც მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს დააკისრებს არასრულწლოვნის დაცვის მთელ ტვირთს. ამგვარი განმარტება სცდება კანონმდებლის მიზანს და შეუძლებელს გახდის არასრულწლოვნის ინტერესების დაცვას. ასეთი დაშვების პირობებში მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა, ზუსტად უნდა იცოდეს, პროგრამაში განთავსებული ყველა პროგრამის შინაარსი, რათა თავად დაადოს არხს პინ კოდი ან დამბლოკავი სისტემა, თან იმ პირობებში, როცა თავად არხს არ აქვს +18 კატეგორია მინიჭებული და არ არსებობს მოლოდინი, რომ დროის შესაბამის მონაკვეთში განთავსებული იქნება არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა. მხოლოდ მექანიზმის შექმნა, რომელიც არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, რომ მათ აქტიური და პერმანენტული კონტროლის შედეგად თავად მიიღონ კონკრეტული სამაუწყებლო არხების არასრულწლოვანთათვის  შეზღუდვის   გადაწყვეტილება,   არ   შეესაბამება   აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების მიზანს და ზოგადად არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-7 პუნქტი, როგორც საგამონაკლისო ნორმა, ვერ გავრცელდება წინამდებარე შემთხვევაზე, ვინაიდან შპს „მაგთიკომის“ მიერ შემოღებული დამცავი მექანიზმი არ არის ადეკვატური და ეფექტური. იგი ვერ მიიჩნევა „სხვა დამბლოკავ“ სისტემად აღნიშნული ნორმის მიზნებისთვის. შესაბამისად, მაუწყებელს არ ჰქონდა უფლება განეთავსებინა არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში დღის ნებისმიერ მონაკვეთში, რადგან არ გამოუყენებია სავალდებულო PIN- კოდით დაცული სისტემა ან სხვა დამბლოკავი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა აღნიშნული პროგრამის მხოლოდ უფლებამოსილი სრულწლოვანი აბონენტისთვის ხელმისაწვდომობას.

ამრიგად, „მაგთი კინოს“ ეთერში 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი მხატვრული ფილმის „მეოცნებენის“ 21:00 საათზე განთავსებით მაუწყებელმა დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. კერძოდ, შპს „მაგთიკომის“ მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451   მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 561  მუხლის მე-4 პუნქტი, მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 562 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით, „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს სამართალდარღვევის ჩადენის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტებს აქვთ უკუქცევითი ძალა, ესე იგი ვრცელდებიან ამ აქტების გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზეც. აქტებს, რომლებიც აწესებენ ან აძლიერებენ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, უკუქცევითი ძალა არა აქვს.“

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით, რომელიც მიღებულ იქნა 2023 წლის 30 ივნისს და გამოქვეყნდა 2023 წლის 18 ივლისს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოღებულ იქნა 71-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-4 წინადადება, რომელიც ადგენდა რომ „მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე“ და 71-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებული იყო მაუწყებლის მიმართ სანქციის სახით პირველივე დარღვევის შემთხვევაში გამოეყენებინა ჯარიმა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ სამართალდარღვევა ჩადენილია 2023 წლის 28 ივნისს, ანუ კანონში ცვლილების ამოქმედებამდე, 2023 წლის 18 ივლისამდე და დარღვევის ჩადენის მომენტისთვის სანქციის სახით  გათვალისწინებული იყო ჯარიმა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ აქტს უკუქცევით ძალა ენიჭება, შესაბამისად, კომისია ვალდებული არ არის პირველივე შემთხვევაში ჯარიმა დააკისროს მაუწყებელს და უფლებამოსილია, გამოიყენოს წერილობითი გაფრთხილება თუ იგივე/მსგავსი დარღვევისთვის პასუხისმგებლობის არცერთი სახე არ ყოფილა გამოყენებული ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ამრიგად, ვინაიდან შპს „მაგთიკომის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევისათვის  პასუხისმგებლობის   არც   ერთი   სახე   გამოყენებული   არ   ყოფილა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6, მე-7, მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის, საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, მე-2 მუხლის „ტ“ და „ტ2“ ქვეპუნქტების, 451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 56 მუხლის მე-5 პუნქტის, 561 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 562  მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 591 მუხლის მე-3 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გაწყვიტა:

1.შპს „მაგთიკომს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 561  მუხლის მე-4 პუნქტის და მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 562 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო.

2.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარების დღიდან.

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „მაგთიკომისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების  შპს,,მაგთიკომისთვის“ გაგზავნა და   კომისიის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო. ვოტ).

5.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. კაველიძე)  შპს„მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების   თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

 კახი ბექაური              თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

ივანე მახარაძე            წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები