შპს „პოვერნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-23-18 / 439

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 20, 2023 20:15

მიღების თარიღი სექტემბერი 14, 2023 1:00

შპს „პოვერნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

I.   აღწერილობითი ნაწილი

როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის ადმინისტრაციის 2023 წლის 31 აგვისტოს N23-10-1614 მოხსენებითი ბარათიდან (შემდგომში-მოხსენებითი ბარათი) და კომისიის აპარატის ადმინისტრაციის 2023 წლის 11 სექტემბრის N23-10-1663 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა,   შპს „პოვერნეტს“ (ს/კ 400157557) კომისიაში არ წარმოუდგენია 2023 წლის მაისის, ივნისის და ივლისის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა) და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები (ფორმა 1.1. შემოსავლები; ფორმა 4.1. მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი; ფორმა 4.2. მონაცემთა გადაცემა/აბონენტები და ფორმა 5.4. საბითუმო ინტერნეტის ყიდვა-გაყიდვა).

მოხსენებით და სამსახურებრივ ბარათებში მითითებული დარღვევების გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ, შპს „პოვერნეტს“ (ს/კ 400157557) ეცნობა კომისიის 2023 წლის 11 სექტემბრის Nგ-23-03/1948 შეტყობინებით (შემდგომში - შეტყობინება), განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით მინიჭებული უფლებები - მტკიცებულებების წარმოდგენის, შუამდგომლობის დაყენების და საქმის მასალების გაცნობის შესახებ და შეტყობინების გაგზავნასთან ერთად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „პოვერნეტისთვის“ (ს/კ 400157557) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2023 წლის 14 სექტემბერი.

შეტყობინება მხარეს გაეგზავნა კომპანიის როგორც ფაქტობრივ, ასევე, იურიდიულ მისამართზე, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე და ასევე, გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (https://www.comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-povernets6.page).

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ, კომისიის აპარატის ადმინისტრაციის 2023 წლის 14   სექტემბრის   N23-10-1688   სამსახურებრივი  ბარათით   მოწოდებული   ინფორმაციით,   შპს„პოვერნეტმა“ სრულად შეავსო ყველა ფორმა და ასევე გადაიხადა რეგულირების საფასური.

კომისიის  სხდომა  გაიმართა  2023 წლის 14  სექტემბერს. სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს„პოვერნეტის“ წარმომადგენელი, თუმცა, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით - მხარისთვის გაგზავნილი შეტყობინება ასევე საჯაროდ იყო გამოქვეყნებული კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ამასთან, კომპანიის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ. ამდენად, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვა შპს „პოვერნეტის“ დაუსწრებლად და გადაწყვეტილება მიიღო იმავე სხდომაზე.

II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

1.კომისიის აპარატის ადმინისტრაციის 2023 წლის 31 აგვისტოს N23-10-1614 მოხსენებითი ბარათი;

2.კომისიის აპარატის ადმინისტრაციის 2023 წლის 11 სექტემბრის N23-10-1658 სამსახურებრივი ბარათი;

3.კომისიის აპარატის ადმინისტრაციის 2023 წლის 11 სექტემბრის N23-10-1663 სამსახურებრივი ბარათი;

4.კომისიის 2023 წლის 11 სექტემბრის Nგ-23-03/1948    შეტყობინება  გაგზავნილი შპს„პოვერნეტისთვის“ კომისიის 2023 წლის 14 სექტემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

5.კომისიის აპარატის ადმინისტრაციის 2023 წლის 14   სექტემბრის N23-10-1688 სამსახურებრივი ბარათი;

6.ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან   შპს „პოვერნეტის“ შესახებ.

III. კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1.შპს„პოვერნეტ“   2015 წლის 30 ნოემბრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს  (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3.2 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2.6 ინტერნეტ მომსახურება: WiFi).

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

2.შპს „პოვერნეტ“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია, შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. მათ შორის, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და ასევე, დადგენილი პერიოდულობით წარმოადგინონ სხვა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები - რაც, 2023 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით,  კომპანიის მიერ არ იყო შესრულებული 2023 წლის მაისის, ივნისის და ივლისის საანგარიშო თვეებზე -  კერძოდ, არ იყო წარმოდგენილი ფორმა 1.1. შემოსავლები; ფორმა 1.9. (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა); ფორმა 4.1. მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი; ფორმა 5.4. საბითუმო ინტერნეტის ყიდვა-გაყიდვა და მე-2 კვარტლის საანგარიშო პერიოდზე - ფორმა 4.2. მონაცემთა გადაცემა/აბონენტები.

მტკიცებულება:

ა)კომისიის აპარატის ადმინისტრაციის 2023 წლის 31 აგვისტოს N23-10-1614 მოხსენებითი ბარათი; ბ) კომისიის აპარატის ადმინისტრაციის 2023 წლის 11 სექტემბრის N23-10-1658 სამსახურებრივი ბარათი;

გ)კომისიის აპარატის ადმინისტრაციის 2023 წლის 11 სექტემბრის N23-10-1663 სამსახურებრივი ბარათი.

3.ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ, შპს „პოვერნეტმა“ სრულად შეავსო ყველა ფორმა და ასევე გადაიხადა რეგულირების საფასური.

მტკიცებულება:  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციის  2023  წლის  14 სექტემბრის  N23-10-1688 სამსახურებრივი ბარათი.

4.შპს „პოვერნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

2.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და      შესრულებული სამუშაოს      მთლიანი      ღირებულების      (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3.„რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4.„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების მე-2 და მე-4 პუნქტები და დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალა ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

5.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „პოვერნეტის“ მიერ 2023 წლის მაისის, ივნისის და ივლისის საანგარიშო თვეებზე რეგულირების საფასურის გაანგარიშების (1.9 ფორმის) და სხვა სტატისტიკური ფორმების  (ფორმა 1.1. შემოსავლები;  ფორმა 4.1. მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი და ფორმა 5.4. საბითუმო ინტერნეტის ყიდვა-გაყიდვა) და მე-2 კვარტლის საანგარიშო პერიოდზე-ფორმა 4.2.-ის (მონაცემთა გადაცემა/აბონენტები) წარმოუდგენლობა არის კომპანიის მიერ     მისთვის კანონმდებლობით და კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა.

კერძოდ, შპს „პოვერნეტმა“ დაარღვია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტი, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილება და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება. რაც  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

თუმცა,  გამომდინარე  იქიდან,  რომ კომპანიამ  ადმინისტრაციული  წარმოების დაწყების  შემდეგ შეავსო სადავო 2023 წლის მაისის, ივნისის და ივლისის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა) და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები (ფორმა 1.1. შემოსავლები; ფორმა 4.1. მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი; ფორმა 4.2. მონაცემთა გადაცემა/აბონენტები და ფორმა 5.4. საბითუმო ინტერნეტის ყიდვა-გაყიდვა) და სრულად აღმოფხვრა დარღვევა, კომისიას მიაჩნია, რომ შპს„პოვერნეტ“ ცნობილი უნდა იქნას სამართალდამრღვევად და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

V.    სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95- ე,  98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი, მე-3 და მე-9 პუნქტების, 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.შპს „პოვერნეტ“ (ს/კ 400157557) ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის    2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო.

2.შპს„პოვერნეტ“ (ს/კ400157557) გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების  შპს „პოვერნეტისთვის“ (ს/კ400157557)   გაგზავნა და  კომისიის    ოფიციალურ    ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4.დაევალოს კომისიის აპარატის  იურიდიულ დეპარტამენტს (მ.აკოლაშვილი) შპს„პოვერნეტისთვის“ (ს/კ 400157557) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.

5.გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   გადაწყვეტილების   ან   მისი   დამოწმებული  ასლის   შპს„პოვერნეტისთვის“ (ს/კ 400157557)  ჩაბარების დღიდან.

6.გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს  ქ. თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი№64) შპს „პოვერნეტისთვის“ (ს/კ 400157557) ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

7.კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების შესრულებაზე  (გარდა მე-4  პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური               თავმჯდომარე

ეკატერინე იმედაძე       წევრი

ვახტანგ აბაშიძე             წევრი

ივანე მახარაძე              წევრი

ნათია კუკულაძე           წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები