შპს „ტენეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-23-18 / 463

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 09, 2023 16:16

მიღების თარიღი ოქტომბერი 05, 2023

შპს „ტენეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.  აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში-კომისია)  აპარატის იურიდიული დეპარტამენტის 2023 წლის 20 სექტემბრის N23-10-1723 მოხსენებითი ბარათის (შემდგომში-მოხსენებითი ბარათი) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს„ტენეტის“ (ს/კ425363581) მიერ  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო.

კერძოდ, მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ შპს „ტენეტში“  (ს/კ 425363581) 2023 წლის 11იანვარს შეიცვალა დირექტორი და თენგიზ ერაძის ნაცვლად (რომელიც კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში მითითებულია,  როგორც კომპანიის წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი პირი) დირექტორად განისაზღვრა შორენა ოდიშელიძე და ავტორიზებულმა პირმა განხორციელებული ცვლილების თაობაზე კომისიას არ მიაწოდა ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მოხსენებით ბარათში მითითებული დარღვევების გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ, შპს „ტენეტს“ (ს/კ 425363581) ეცნობა კომისიის 2023 წლის 26 სექტემბრის Nგ-23-03/2065 შეტყობინებით (შემდგომში-შეტყობინება), განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე  მუხლებით  მინიჭებული  უფლებები  -მტკიცებულებების წარმოდგენის,  შუამდგომლობის დაყენების და  საქმის მასალების გაცნობის შესახებ. ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2023 წლის 5 ოქტომბერი.

შეტყობინების მხარისათვის გაგზავნა მოხდა როგორც ფოსტის მეშვეობით, კომპანიის მისამართზე, ასევე, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე და ასევე, გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურვებ-გვერდზე https://www.comcom.ge/ge/

კომისიის სხდომა გაიმართა 2023 წლის 5 ოქტომბერს, 15:00 საათზე. სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს„ტენეტის“ წარმომადგენელი, თუმცა, კომისიისმიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით - მხარესთან შედგა კომუნიკაცია, ჩაბარდა შეტყობინება (რომელიც ასევე საჯაროდ იყო გამოქვეყნებული კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე). ამასთან, კომპანიის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების  შესახებ.  ამდენად,  კომისიამ  მიზანშეწონილად მიიჩნია  საკითხის  განხილვა  შპს„ტენეტის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად და გადაწყვეტილება მიიღო იმავე სხდომაზე.

II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

1.კომისიის  აპარატის  იურიდიული  დეპარტამენტის  2023  წლის  20  სექტემბრის N23-10-1723 მოხსენებითი ბარათი;

2.კომისიის  2023 წლის  26 სექტემბრის Nგ-23-03/2065 შეტყობინება  გაგზავნილი შპს„ტენეტისთვის“კომისიის 2023 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

3.ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (B17101528, 14/09/2017; B23002591, 11/01/2023) და მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან  შპს „ტენეტის“ შესახებ.

III. კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1.შპს „ტენეტ“ 2017 წლის 21 ნოემბრიდან    ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.2.1 რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა (ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა); A.F.3.2 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა (ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა) ;  B.F.2.6 WiFi (ინტერნეტ მომსახურება).

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

2.შპს „ტენეტ“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია, შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. მათ შორის, იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემების, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილების შემთხვევაში, შეატყობინოს კომისიას აღნიშნულის შესახებ ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში - რაც განსახილველ შემთხვევაში კომპანიის მიერ არ არის დაცული. კერძოდ, 2023 წლის 11 იანვარს შეიცვალა დირექტორი და თენგიზ ერაძის ნაცვლად დირექტორად განისაზღვრა შორენა ოდიშელიძე. ხოლო, ავტორიზებულმა პირმა კომისიას არ მიაწოდა ინფორმაცია ცვლილების თაობაზე.

მტკიცებულება:

ა) კომისიის  აპარატის  იურიდიული  დეპარტამენტის  2023  წლის  20  სექტემბრის N23-10-1723 მოხსენებითი ბარათი;

ბ)ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (B17101528, 14/09/2017; B23002591, 11/01/2023) და მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

3.შპს „ტენეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება:მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

2.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ   ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

3.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

4."ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

5.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის„მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.

6."ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის მსურველი პირი მიმართავს კომისიას დეკლარაციით, რომლის ფორმას ამტკიცებს კომისია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს   იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.

7.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

შპს„ტენეტის“ მიერ ავტორიზაციის მისაღებად კომისიისთვის დეკლარაციით მიწოდებული მონაცემებით, კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იყო თენგიზ ერაძე და სწორედ ეს პირია მითითებული კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში. 2023 წლის 11 იანვარს განხორციელებული ცვლილებებით, კომპანიის დირექტორად განისაზღვრა შორენა ოდიშელიძე. ამდენად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით დაკისრებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, შპს „ტენეტ“ ვალდებული იყო, ცვლილების შესახებ კომისიისთვის ეცნობებინა არაუგვიანეს 2023 წლის 23 იანვრისა.

ზემოაღნიშნული ვადა კომპანიის მიერ არ არის დაცული და ამდენად, მის მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტები.  ეს კი, თავის მხრივ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, ავტორიზებული პირის     სანქცირების საფუძველია.

რაც შეეხება სანქციის სახეს - გამომდინარე იქიდან, რომ  შპს „ტენეტს“ მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, მის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი გაფრთხილება.

V.   სარეზოლუციო ნაწილი

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტების, 43-ე და 44- ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი, მე-3 და მე-9 პუნქტების, 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების და 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.შპს„ტენეტს“ (ს/კ 425363581) მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“  და „მ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო.

2.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) გადაწყვეტილების შპს „ტენეტისთვის“ (ს/კ 425363581) გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფს (მ.აკოლაშვილი) შპს „ტენეტისთვის“ (ს/კ425363581) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.

4.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ.ქადეიშვილი) შპს„ტენეტის“ (ს/კ425363581) რეგისტრირებულ მონაცემებში განხორციელებული ცვლილების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ასახვა.

5.გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   გადაწყვეტილების   ან   მისი   დამოწმებული  ასლის შპს„ტენეტისთვის“ (ს/კ 425363581) ჩაბარების დღიდან.

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს„ტენეტისთვის“ (ს/კ 425363581) ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის     მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

ვახტანგ  აბაშიძე               თავმჯდომარე  - მ.შ.

ივანე მახარაძე                  წევრი

ნათია კუკულაძე              წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები