წვდომის მენიუ

შპს „რეტნ ჯისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-23-18 / 47

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 07, 2023 23:48

მიღების თარიღი თებერვალი 02, 2023 2:00

შპს „რეტნ ჯისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N22-10-2353;30/12/2022) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „რეტნ ჯისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N22-10-2248,6/12/2022) და თანდართული დოკუმენტაციის თანახმად, შპს „რეტნ ჯიმ“ (ს/კ 404582340) 2022 წლის 20 დეკემბერს წარმოადგინა წერილი (Nშ-22-6/4689), რომლითაც ირკვევა, რომ კომპანიამ შეცვალა ბენეფიციარი მესაკუთრეები, კერძოდ შპს „რეტნ ჯის“ დამფუძნებელი კომპანიის „რეტნ კაპიტალის” 76%-იანი წილის მფლობელი კომპანიის „Pinkas Ltd. UK“ 50% წილის მფლობელმა პოლინა მალცევამ, 25%-იანი წილის მფლობელმა დიმიტრი სამარინმა და 25%-იანი წილის მფლობელმა ანდრეი კუზნეცოვმა სრულად გაასხვისეს 50,1% კომპანია „Laviks“-ის (რომელიც მანამდე ფლობდა 2 პრივილეგირებულ აქციას) სასარგებლოდ და 49,9% კომპანია ასტერნის „Astern Gmbh” (Germany) სასარგებლოდ.

ასევე, შპს „რეტნ ჯის“ დამფუძნებელი კომპანიის „რეტნ კაპიტალის” 24%-იანი წილის მფლობელი კომპანიის SMA-SEAL TETRIS Ltd 62,5% წილის მფლობელის Njord Partners SMA-SEAL LP-ის 0,5%-იანი წილის მფლობელმა NP SMA-Seal SP LP -მ და 99,5%-იანი წილის მფლობელმა „Kapitalforeinigen Investin Pro“-მ თავიანთი წილები გაასხვისეს „Limited Partners“-ის სასარგებლოდ, ასევე კომპანიის „SMA-SEAL TETRIS Ltd“ 37,5% წილის მფლობელმა „Njord Partners Luxco 2 S.a.r.l. LUX“-მა თავისი კუთვნილის წილი სრულად გაასხვისა „Njord Partners Luxco 1 S.a.r.l. LUX“-ის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელმა კი 100% სრულად გაასხვისა „Njord Partners Special Situations II GP S.A.R.L“-ის სასარგებლოდ.

შპს „რეტნ ჯისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2023 წლის 2 თებერვალს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა შეტყობინებით (N გ-23-03/150, 27/01/2023). შეტყობინებით, შპს „რეტნ ჯი“ მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2023 წლის 2 თებერვლის სხდომაზე გამოცხადდაშპს„რეტნ ჯის“ წარმომადგენელი, ოლენა ლუცენკო, რომელმაც აღიარა დარღვევა და განმარტა, რომ წინასწარი თანხმობის აღება გარკვეული პირობების გამო ვერ მოახერხეს, ხოლო ამ დროისთვის დოკუმენტები, ქართულ ენაზე დართულ თარგმანთან ერთად, წარმოდგენილია კომისიაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1.   კომისიის აპარატის სამართლებრივი  დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 22-10-2353; 30/12/2022) თანდართული დოკუმენტაციით;

2. კომისიის წერილი (Nგ-22-03/1966, 16/08/2022) გაგზავნილი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისათვის, მათ შორის, შპს „რეტნ ჯისთვის“;

3. შპს„რეტნ ჯის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N22-6/4689, 22.12.22) თანდართული მასალით;

4.  კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 23-10-176, 27/01/2023);

5. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 23-10-236, 01/02/2023);

6. შპს„რეტნ ჯისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-23-03/150, 27/01/2023) კომისიის 2023 წლის 2 თებერვლის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

7.  მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „რეტნ ჯის“  შესახებ;

8. შპს„რეტნ ჯის“ წარმომადგენლის, ოლენა ლუცენკოს    მიერ მიცემული ახსნა- განმარტება კომისიის 2023 წლის 2 თებერვლის სხდომაზე.

III. დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

 

1. შპს „რეტნ ჯი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს.  შესაბამისად, შპს  „რეტნ  ჯი“,  როგორც  ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

2. შპს„რეტნ ჯის“ დამფუძნებელი კომპანიის „რეტნ კაპიტალის” 76%-იანი წილის მფლობელი კომპანიის „Pinkas Ltd. UK“ 50% წილის მფლობელმა პოლინა მალცევამ, 25%-იანი წილის მფლობელმა დიმიტრი სამარინმა და 25%-იანი წილის მფლობელმა ანდრეი კუზნეცოვმა სრულად გაასხვისეს 50,1% კომპანია „Laviks“-ის (რომელიც მანამდე ფლობდა 2 პრივილეგირებულ აქციას) სასარგებლოდ და 49,9% კომპანია ასტერნის”Astern Gmbh” (Germany) სასარგებლოდ. ასევე, შპს „რეტნ ჯის“ დამფუძნებელი კომპანიის „რეტნ კაპიტალის” 24%-იანი წილის მფლობელი კომპანიის SMA-SEAL TETRIS Ltd 62,5% წილის მფლობელის Njord Partners SMA-SEAL LP-ის 0,5%- იანი წილის მფლობელმა NP SMA-Seal SP LP -მ და 99,5%-იანი წილის მფლობელმა Kapitalforeinigen Investin Pro-მ თავიანთი წილები გაასხვისეს „Limited Partners“-ის სასარგებლოდ, ასევე კომპანიის SMA-SEAL TETRIS Ltd 37,5% წილის მფლობელმა Njord Partners Luxco 2 S.a.r.l. LUX-მა თავისი კუთვნილი წილი სრულად გაასხვისა Njord Partners Luxco 1 S.a.r.l. LUX-ის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელმა კი 100% სრულად გაასხვისა Njord Partners Special Situations II GP S.A.R.L-ის სასარგებლოდ.

3. კომისიის წერილით (Nგ-22-03/1966; 16/08/2022) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს „რეტნ ჯის“ განემარტათ, რომ კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული   ამოცანებისა და ფუნქციის სათანადოდ შესრულებისთვის, კომპანიის ყველა ბენეფიციარ   (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის) მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის/გასხვისების, ასევე შერწყმის განზრახვის შემთხვევაში, საჭიროა კომისიისგან მოიპოვონ წინასწარი თანხმობა, შესაბამისად, მოსალოდნელი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ კომისიაში წინასწარ. კომისიის წერილით კომპანიებს ეთხოვათ ზემოაღნიშნულის გათვალისწინება საქმიანობაში;

4.   შპს „რეტნ ჯის“   ბენეფიციარი მესაკუთრეების წილის შეძენის განზრახვის შესახებ ინფორმაცია შეძენის განხორციელებამდე კომისიაში წარმოდგენილი არ ყოფილა და შეძენაზე კომისიის წინასწარი თანხმობა არ მიუღიათ;

5.   კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, შპს„რეტნ ჯი“-ს მიერ განხორციელებული ზემოთ აღნიშნული ტრანზაქცია, კერძოდ კომპანიის წილის გასხვისება ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე ახალ გარემოებას არ ქმნის, შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.  სატელეკომუნიკაციო  ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომლის თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

6. შპს„რეტნ ჯის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც  ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV.  სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

2.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის  თანახმად,  კომისიის  ერთ-ერთი ძირითადი  ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის   დადგენილებებითა   და   გადაწყვეტილებებით   განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის   შესაბამისად,   ავტორიზებულ   პირთა   მიერ   ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

4.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს   კანონმდებლობა,   მათ შორის,  საქართველოს მთავრობის დადგენილებები,      აგრეთვე,      კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის      რეგულირების      ერთ-ერთი      მიზანია      რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება, ხოლო მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი   კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება.

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული კონცენტრაციის გარდა, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით შეისწავლის იმ ოპერაციას, რომლითაც ხდება: ა) ავტორიზებული  პირის  საოპერაციო  აქტივის  შეძენა;  ბ) ორი ან ორზე  მეტი პირის, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია, შერწყმის შედეგად გაერთიანება; გ) ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა, რის შედეგადაც შემძენი პირის მფლობელობაში ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი აღმოჩნდება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა;

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე,  ხოლო  ამავე  მუხლის  მე-2  პუნქტის  თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს  შერწყმის ან შეძენის ფორმა.  შეტყობინება  აგრეთვე  უნდა შეიცავდეს  შემდეგ  ინფორმაციას  შერწყმაში  ან შეძენაში მონაწილე  ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ)სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში−მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი   წილის   მოცულობა;   ე)   ინფორმაცია   წილის  ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების  შესაძლებლობისა    და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.

9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები;

10. „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   27-ე   მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;

11. „ელექტრონული   კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე   მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში     კომისია     უფლებამოსილია     დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა  ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის   მფლობელის   ბოლო  12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული  ერთობლივი  შემოსავალი  დღგ-ის  გარეშე)  0,5  პროცენტი,  მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.;

12. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება, ხოლო კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები. კერძოდ, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე.

შესაბამისად, კანონის მიზნებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული ამოცანები და ფუნქციები სათანადოდ შესრულდეს, შპს „რეტნ ჯის“, შპს,,რეტნ ჯის“ ბენეფიციარი მესაკუთრის წილის შეძენის განზრახვის თაობაზე წინასწარ უნდა ეცნობებინა კომისიისთვის, რათა კომისიას, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე აღნიშნული ტრანზაქციის შესაძლო გავლენა დაედგინა და შესაბამისად, მიეღო გადაწყვეტილება წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიეღო გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ წილის გაყიდვამდე, აღნიშნული განზრახვის შესახებ შპს „რეტნ ჯის“ კანონით განსაზღვრული წესით არ მოუმართავს კომისიისთვის და არ მიუღია კომისიის წინასწარი თანხმობა. შესაბამისად, კომპანიის მიერ, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, წილის გასხვისებით დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, 26-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები. ზემოაღნიშნული დარღვევები „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველს წარმოადგენს.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიის წინასწარი თანხმობა სავალდებულოა, როდესაც ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა. ავტორიზებული პირის წილის ან აქციების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაყიდვის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები, მათ შორის, მოსთხოვოს წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმს წარმოადგენს ის ფაქტი - იცვლება თუ არა წილის ან აქციების გასხვისების შედეგად საბოლოო ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობა ან/და გავლენა ავტორიზებულ პირში ან/და ასევე წილის ან აქციების გასხვისებით შესაძლებელია თუ არა ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის კონკურენტუნარიანობას მიადგეს საფრთხე. ამასთან, კომისია აღნიშნავს იმასაც, რომ არ არის აუცილებელი დადგენილი იყოს კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების უტყუარობა, არამედ კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობაც კი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ კომისიამ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები (მათ შორის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებული წილის ან აქციების გასხვისებამდე არსებული მდოგმარეობის აღდგენა). იმას თუ რამდენად რეალურია საფრთხე და საერთოდ არსებობს თუ არა საფრთხე ავტორიზებული პირის წილის ან აქციების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისებით დაზიანდეს ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო, სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს წილის ან აქციების გასხვისებაში მონაწილე ავტორიზებული პირ(ებ)ის საქმიანობის არეალი, საბაზრო წილი, აბონენტების რაოდენობა.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების   დეპარტამენტის   შესწავლით   (სამსახურებრივი ბარათი (N 23-10-236,01/02/2023) ირკვევა, რომ შპს „რეტნ ჯი“-ს მიერ განხორციელებული ზემოთ აღნიშნული ტრანზაქცია, კერძოდ კომპანიის წილის გასხვისება ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე ახალ გარემოებას არ ქმნის. შესაბამისად, შპს „რეტნ ჯის“ წილის შეძენა ვერ მოახდენდა  რაიმე  გავლენას  ელექტრონული  კომუნიკაციების  ბაზრის  შესაბამის სეგმენტზე  არსებულ კონკურენციაზე  და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომლის თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს„რეტნ ჯის“ მიმართ ბოლო  ერთი  წლის  განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, ის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

V.  სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14  პუნქტების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და მესამე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის პუნქტის „ბ“, ქვეპუნქტის, 25-ე, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლებისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.  შპს „რეტნ ჯის“ მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს„რეტნ ჯისთვის“ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3.  დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „რეტნ ჯისთვის“ ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

4.   გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  მისი  დამოწმებული  ასლის  შპს „რეტნ ჯისთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,64) შპს„რეტნ ჯისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილების  შესრულებაზე  კონტროლი  (გარდა  მე-2  პუნქტისა) დაევალოს კომისიის  აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი.ბუთბაი).

ვახტანგ აბაშიძე                   თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე              წევრი

ნათია კუკულაძე                 წევრი

ივანე მახარაძე                     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები