შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-23-18 / 473

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 16, 2023 14:20

მიღების თარიღი ოქტომბერი 12, 2023

შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის  მოხსენებითი  ბარათის (№23-10-1702,18.09.2023) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯიემთივის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაძლო დარღვევის გამო.

მოხსენებითი ბარათის თანახმად, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი ზედამხედველობას უწევს მაუწყებლების მიერ ყოველწლიური ანგარიშების წარმოდგენის პროცესს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კომისიის 2023 წლის 20 ივლისის №გ-23-18/343 გადაწყვეტილებით შპს„ჯიემთივის“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება და დარღვევის აღმოფხვრის მიზნით დაევალა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აუდიტის დასკვნისა და თვითრეგულირების ორგანოს საქმიანობის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის გადაწყვეტილება შპს „ჯიემთივის“ ჩაბარდა ამა წლის 1 აგვისტოს, კომპანიას 18 სექტემბრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია აუდიტის დასკვნა და თვითრეგულირების ორგანოს საქმიანობის ანგარიში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ჯიემთივის“ მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობას და ითხოვს რეაგირებას.

შპს „ჯიემთივის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვა დაინიშნა 2023 წლის 12 ოქტომბერს, 15:00 საათზე, რის შესახებ კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით, რომელიც გაეგზავნა მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ და კომისიის უწყებრივ რეესტრში დაცულ მისამართზე. შეტყობინება, ასევე, განთავსდა ყველასათვის ხელმისაწვდომ კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ამავე შეტყობინებით, კომპანიას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

შეტყობინების ჩაბარების მიუხედავად, კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა კომპანიის წარმომადგენელი. ვინაიდან, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის დაკისრებული ვალდებულება  - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, კომისია უფლებამოსილია  საკითხი   განიხილოს   შპს,,ჯიემთივის“ დასწრების გარეშე.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1.კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№23-10-1702, 18.09.2023).

2.კომისიის 2023 წლის 20 ივლისის №გ-23-18/343 გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების შპს „ჯიემთივისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3.შპს „ჯიემთივისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (№გ-23-03/2158б, 9.10.23)  კომისიის 2023 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე და მისი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

4.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ჯიემთივის“ შესახებ მონაცემები.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.შპს „ჯიემთივი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს.

2.კომისიის 2023 წლის 20 ივლისის №გ-23-18/343 გადაწყვეტილებით შპს „ჯიემთივის“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო და დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, დაევალა აუდიტის დასკვნისა და თვითრეგულირების ორგანოს საქმიანობის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

3.კომისიის 2023 წლის 20 ივლისის№გ-23-18/343 გადაწყვეტილება შპს„ჯიემთივის“ ჩაბარდა 2023 წლის 1 აგვისტოს კომპანიის ფაქტობრივ მისამართზე.

4.შპს „ჯიემთივის“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითრეგულირების ორგანოს საქმიანობის ანგარიში და აუდიტის დასკვნა არც გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში და არც 12 ოქტომბრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია.

5.კომისიის აპარატის საფინასო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (№23-10-1867, 10.10.23) შესაბამისად, შპს ,,ჯიემთივის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი1.9 გაანგარიშების ფორმების შესაბამისად, ბოლო 12 თვის განმავლობაში შემოსავალი არ უფიქსირდება.

6.კომისიის 2023 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსის კ. ქორიძის მიერ მიცემული განმარტების შესაბამისად, შპს ,,ჯიემთივი“ 2022 წლის დეკემბრიდან არ საქმიანობს.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2.,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.

3.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.

4.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა.

5.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების  მიერ  საქართველოს  კანონმდებლობის  დარღვევის ან  კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებულია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს დააკისროს ჯარიმა, თუ მათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრეს გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულეს კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მათ აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინეს ახალი დარღვევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჯიემთივის“ მიერ კომისიის 2023 წლის 20 ივლისის №გ-23-18/343 გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში თვითრეგულირების ორგანოს საქმიანობის ანგარიშისა და აუდიტის დასკვნის კომისიაში წარმოუდგენლობით დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ჯიემთივის“ კომისიის 2023 წლის 20 ივლისის №გ-23-18/343 გადაწყვეტილებით მიცემული ჰქონდა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო და გაფრთხილების გადაწყვეტილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა დარღვევა და კომისიაში არ წარმოადგინა გასული წლის აუდიტის დასკვნა და თვითრეგულირების ორგანოს საქმიანობის ანგარიში, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპანიის ამ სამართალდარღვევას შეესატყვისება ჯარიმა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ამ კოდექსის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. ამდენად, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევა არის სამართალდარღვევის ერთ-ერთი ნაირსახეობა, რომლის მიმართაც უნდა გავრცელდეს ადმინისტრაციულ- სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნორმები, რომლებიც სამართალდარღვევის ჩადენისათვის სანქციის შეფარდების წესებს ადგენენ (mutatis mutandis იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის N177-170(კ-13) გადაწყვეტილება). შესაბამისად, დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, თუ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს სპეციალურ მოწესრიგებას, კომისიამ, როგორც ადმინისტრაციულ ორგანომ, შესაბამისი კანონის ნორმებთან ერთად, უნდა გამოიყენოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებები (mutatis mutandis იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის N177-170(კ-13) გადაწყვეტილება). ანალოგიურად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმები გამოიყენება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით მოწესრიგებული ურთიერთობების შეფასებისას.

სამართალდარღვევისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის შეფარდების ზოგად წესს განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი ნაწილის მუხლები.   საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა   კოდექსის   34-ე მუხლის თანახმად, ორგანოს, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით. თავის მხრივ, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია.

ამდენად, კომისიამ, ადმინისტრაციული სახდელის, მათ შორის ჯარიმის, შეფარდებისას მხედველობაში უნდა მიიღოს ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება,   მისი   ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი და გაითვალისწინოს სანქციის გამოყენების მიზნები-დარღვევის აღმოფხვრა და პრევენცია. ამასთან, კომისია უფლებამოსილია, შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით.

ყოველივე  ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ  შპს,,ჯიემთივის“, კომისიის აპარატის საფინასო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (№23-10-1867, 10.10.23) შესაბამისად, ბოლო 12 თვის განმავლობაში შემოსავალი არ უფიქსირდება, ასევე, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის განმარტებით, 2022 წლის დეკემბრიდან კომპანია არ საქმიანობს, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ,,ჯიემთივი“ ცნოს სამართალდამრღვევად და გაათავისუფლოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან, ამასთან, კომპანიას არ დაევალოს გასული წლის თვითრეგულირების ორგანოს საქმიანობის ანგარიშისა და აუდიტის დასკვნის კომისიაში წარმოდგენა.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე, 71-ე და 72-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.შპს ,,ჯიემთივი“ ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო.

2.შპს ,,ჯიემთივი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს ,,ჯიემთივისთვის“   გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

4.გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ჯიემთივისთვის“ ჩაბარების დღიდან.

5.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს,,ჯიემთივისთვის“  გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო. ვოტ).

6.კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

ვახტანგ აბაშიძე        თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე        წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები