შპს ,,თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-23-18 / 474

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 16, 2023 14:32

მიღების თარიღი ოქტომბერი 12, 2023

შპს ,,თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№ 23 10-1703, 18.09.2023) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს,,თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაძლო დარღვევის გამო.

მოხსენებითი ბარათის თანახმად, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი ზედამხედველობას უწევს მაუწყებლების მიერ ყოველწლიური ანგარიშების წარმოდგენის პროცესს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო,      კომისიის 2023 წლის 20 ივლისის Nგ-23-18/347 გადაწყვეტილებით შპს ,,თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს მიეცა წერილობითი გაფრთხილება და დარღვევის აღმოფხვრის მიზნით დაევალა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აუდიტის დასკვნისა და თვითრეგულირების ორგანოს საქმიანობის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის გადაწყვეტილება შპს ,,თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს ჩაბარდა ამა წლის 29 ივლისს, კომპანიას 18 სექტემბრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია აუდიტის დასკვნა და თვითრეგულირების ორგანოს საქმიანობის ანგარიში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს,,თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობას და ითხოვს რეაგირებას.

შპს,,თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვა დაინიშნა 2023 წლის 12 ოქტომბერს, 15:00 საათზე, რის შესახებ კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით, რომელიც გაეგზავნა მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ და კომისიის უწყებრივ რეესტრში დაცულ მისამართზე. შეტყობინება, ასევე, განთავსდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. ამავე შეტყობინებით კომპანიას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

შეტყობინების ჩაბარების მიუხედავად, კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა კომპანიის წარმომადგენელი. ვინაიდან, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის დაკისრებული ვალდებულება -დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, კომისია  უფლებამოსილია  საკითხი განიხილოს შპს,,თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს  დასწრების გარეშე.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1.კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№23-10-1703, 18.09.2023).

2.კომისიის 2023 წლის 20 ივლისის Nგ-23-18/347 გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების შპს ,,თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3.კომისიის 2023 წლის 29 სექტემბრის №გ-23-03/2081 წერილი შპს ,,თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე.

4.შპს ,,თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-სთვის გაგზავნილი შეტყობინება (№ გ-23-03/2157, 9.10.2023)  კომისიის 2023 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე და მისი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

5.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს შესახებ მონაცემები.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.შპს„თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია.

2.კომისიის 2023 წლის 20 ივლისის Nგ-23-18/347 გადაწყვეტილებით შპს ,,თბილიფილმ- სტუდიო Tbilifilm-studio“-ს მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო და დარღვევის აღმოფხვრის  მიზნით  დაევალა  აუდიტის  დასკვნისა და  თვითრეგულირების  ორგანოს საქმიანობის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

3.კომისიის 2023 წლის 20 ივლისის Nგ-23-18/347 გადაწყვეტილება შპს ,,თბილიფილმ- სტუდიო Tbilifilm-studio“-ს ჩაბარდა 29 ივლისს, კომპანიის ფაქტობრივ მისამართზე.

4.შპს,,თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გასული წლის თვითრეგულირების ორგანოს საქმიანობის ანგარიში და აუდიტის დასკვნა არც გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში და არც 12 ოქტომბრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია.

5.შპს ,,თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს 2023 წლის 29 სექტემბერს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, შეუჩერდა ავტორიზაცია განახლების მოთხოვნამდე.

6.კომისიის აპარატის საფინასო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (№23-10-1866, 10.10.23) შესაბამისად, შპს ,,თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი 1.9 გაანგარიშების ფორმების შესაბამისად, ბოლო 12 თვის განმავლობაში შემოსავალი არ უფიქსირდება.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციაა მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.

3.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.

4.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო  პირობებისა  და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა.

5.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებულია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს დააკისროს ჯარიმა, თუ მათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრეს გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულეს კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მათ აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინეს ახალი დარღვევა.

შპს,,თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2023 წლის 20 ივლისის Nგ-23-18/347 გადაწყვეტილებით შპს,,თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო, ვინაიდან კომპანიას კანონით დადგენილ ვადაში, 2023 წლის 1 მაისამდე კომისიაში არ წარმოუდგენია თვითრეგულირების ორგანოს საქმიანობის ანგარიში და აუდიტის დასკვნა. ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით კომისიამ შპს ,,თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს დაავალა დარღვევის აღმოფხვრა. კერძოდ, კომპანიას დაევალა აუდიტის დასკვნისა და თვითრეგულირების ორგანოს საქმიანობის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. წინამდებარე საქმის განხილვის ფარგლებში დგინდება, რომ კომპანიამ არ აღმოფხვრა კომისიის გადაწყვეტილებაში აღნიშნული დარღვევა და არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შპს ,,თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს 2023 წლის 29 სექტემბერს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, შეუჩერდა ავტორიზაცია განახლების მოთხოვნამდე. ხსენებული გარემოება არ გამორიცხავს შპს,,თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-სთვის ავტორიზაციის შეჩერებამდე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს ავტორიზებული საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე. არცერთი საკანონმდებლო ნორმა არ ადგენს, რომ ავტორიზაციის შეჩერებით ხდება შეჩერებამდე არსებული ვალდებულებების გაუქმება ან გადავადება. ავტორიზაციის შეჩერება არ იწვევს ავტორიზაციის შეჩერებამდე არსებული ვალდებულებების უგულებელყოფას და არც მათი შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას გამორიცხავს.  წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტორიზაციის შეჩერების მექანიზმი, შესაძლოა, ბოროტად იქნეს გამოყენებული და გახდეს კანონისმიერი ვალდებულებების   შესრულებისაგან და კანონმდებლობის დარღვევისთვის პასუხისმგებლობისაგან თავიდან აცილების მექანიზმი, რაც არ არის   ავტორიზაციის შეჩერების დამდგენი საკანონმდებლო ნორმების მიზანი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm- studio“-ს მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა და სახეზეა მის მიერ „შპს ,,თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm- studio“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2023 წლის 20 ივლისის Nგ-23-18/347 გადაწყვეტილებით დაკისრებული დარღვევის აღმოფხვრის ვალდებულება. ამასთან, აღნიშნულ ვალდებულებასა და მისი შეუსრულებლობისათვის  პასუხისმგებლობის  დაკისრებას არ გამორიცხავს  კომპანიის მიერ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერება. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპანიის ამ სამართალდარღვევას შეესატყვისება ჯარიმა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ამ კოდექსის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. ამდენად, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევა არის სამართალდარღვევის ერთ-ერთი ნაირსახეობა, რომლის მიმართაც უნდა გავრცელდეს ადმინისტრაციულ- სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნორმები, რომლებიც სამართალდარღვევის ჩადენისათვის სანქციის შეფარდების წესებს ადგენენ (mutatis mutandis იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის N177-170(კ-13) გადაწყვეტილება). შესაბამისად, დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, თუ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს სპეციალურ მოწესრიგებას, კომისიამ, როგორც ადმინისტრაციულ ორგანომ, შესაბამისი კანონის ნორმებთან ერთად, უნდა გამოიყენოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებები (mutatis mutandis იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის N177-170(კ-13) გადაწყვეტილება). ანალოგიურად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმები გამოიყენება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით მოწესრიგებული ურთიერთობების შეფასებისას.

სამართალდარღვევისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის შეფარდების ზოგად წესს განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი ნაწილის მუხლები. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა   კოდექსის   34-ე მუხლის თანახმად, ორგანოს, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით. თავის მხრივ, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია.

ამდენად, კომისიამ, ადმინისტრაციული სახდელის, მათ შორის ჯარიმის, შეფარდებისას მხედველობაში უნდა მიიღოს ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება,   მისი   ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი და გაითვალისწინოს სანქციის გამოყენების მიზნები - დარღვევის აღმოფხვრა და პრევენცია. ამასთან, კომისია უფლებამოსილია, შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის  გათვალისწინებით, რომ  შპს,,თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს, კომისიის აპარატის საფინასო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (№23-10-1866, 10.10.23) შესაბამისად, ბოლო 12 თვის განმავლობაში შემოსავალი არ უფიქსირდება, ხოლო კომისიის პარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის განმარტებით, ავტორიზაციის შეჩერებამდე   კომპანია   არ   საქმიანობდა,   კომისიას  მიზანშეწონილად მიაჩნია შპს,,თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“ ცნოს სამართალდამრღვევად და გაათავისუფლოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან, ამასთან, კომპანიას არ დაევალოს გასული წლის თვითრეგულირების ორგანოს საქმიანობის ანგარიშისა და აუდიტის დასკვნის კომისიაში წარმოდგენა.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის, 70-ე, 71-ე და 72-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, 33-ე, 34-ე, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.შპს,,თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“ ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო.

2.შპს,,თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,№64) შპს,,თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-სთვის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის   ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

4.გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-სთვის ჩაბარების დღიდან.

5.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს ,,თბილიფილმ- სტუდიო Tbilifilm-studio“-სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო. ვოტ).

6.კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

 

ვახტანგ აბაშიძე               თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე          წევრი

ნათია კუკულაძე              წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები