შპს „ქლაუდ ცხრასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-23-18 / 484

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 18, 2023 16:03

მიღების თარიღი ოქტომბერი 12, 2023

შპს „ქლაუდ ცხრასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.     აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტის   2023 წლის   27 სექტემბრის   N23-10-1763 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ქლაუდ ცხრას“  მიერ  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის   17 მარტის  №3  დადგენილებით  დამტკიცებული  „ელექტრონული  კომუნიკაციების სფეროში მომსახურების    მიწოდებისა    და    მომხმარებელთა    უფლებების    დაცვის    შესახებ“ რეგლამენტის (შემდგომში: „რეგლამენტი“) 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის დარღვევის საკითხზე.

მოხსენებით ბარათში       მითითებულია,       რომ       ვებგვერდების       “https://adjaranet.to/”-ს, “https://www.adjaranet.com/”-ისა და “https://www.imovies.cc/-“ის     მეშვეობით     საქართველოს ტერიტორიაზე  არალეგალურად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონმდებლობის დარღვევით ვრცელდება აუდიოვიზუალური პროდუქცია. აღნიშნული ვებგვერდების უკან მდგომი კომპანია    - შპს    „ჰაიპერ    ეჯენსი“    აუდიოვიზუალური    პროდუქციის    კანონდარღვევით გასავრცელებლად აქტიურად იყენებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის, შპს „ქლაუდ ცხრას“ მომსახურებებს.

მოხსენებითი ბარათს  თანახმად,   2023 წლის   16 ივნისის  Nგ-23-04/1351  წერილით  კომისიამ  შპს „ქლაუდ ცხრას“  მიაწოდა  ინფორმაცია  იმის  თაობაზე,  რომ  მისი  მომსახურებების  გამოყენებით კანონდარღვევით ვრცელდებოდა  აუდიოვიზუალური  პროდუქცია  და  განუსაზღვრა  ვადა  მისი გავრცელების აღმოსაფხვრელად. კომისიის არაერთი წერილით კომპანიას განემარტა რეგლამენტით განსაზღვრული მისი ვალდებულებების სამართლებრივი საფუძველი, ფარგლები და შინაარსი. 2023 წლის 1 სექტემბრის  # L/C_23/044 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი  - შ-23-6/2859) შპს „ქლაუდ ცხრამ“  კომისიას  აცნობა,  რომ  შეასრულა  კომისიის  წერილებით  გათვალისწინებული ვალდებულება და მოთხოვნილ IP მისამართების ქსელთან წვდომა შეზღუდა.

მოხსენებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტმა კვლავ შეამოწმა დაუშვებელი პროდუქციის შემცველი ზოგიერთი ვებგვერდი, “https://adjaranet.to/”, “https://www.adjaranet.com/” და “https://www.imovies.cc/“ და კვლავ გამოავლინა, რომ დაუშვებელი პროდუქციის გავრცელება ხორციელდებოდა შპს „ქლაუდ ცხრას“ სარგებლობაში არსებული სხვა IP მისამართების ქსელების მეშვეობით. კომისიამ 2023 წლის 15 სექტემბრის Nგ-23-04/1986 წერილით მიმართა შპს „ქლაუდ ცხრას“ და მოსთხოვა მასსა და ვებგვერდების https://adjaranet.to/”-ს, “https://www.adjaranet.com/”-ისა და “https://www.imovies.cc/-“ის უკან მდგომ კომპანიას, შპს „ჰაიპერ ეჯენსს“ შორის გაფორმებული ყველა მოქმედი ხელშეკრულების წარმოდგენა. შპს „ქლაუდ ცხრამ“ 2023 წლის 18 სექტემბრის # L/C_23/048 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი - შ-23-6/2977), კომისიას მიაწოდა ძირითადი ხელშეკრულება და ამ ძირითად ხელშეკრულებაში ცვლილების/დამატების შესახებ შეთანხმების აქტი, რომლის თარიღია 2023 წლის 1 აგვისტო. შპს „ქლაუდ ცხრას“ მიერ წარმოდგენილმა დოკუმენტებმა აჩვენა, რომ ის IP მისამართები, რომლებიდანაც ხდება https://adjaranet.to/-ს, https://www.adjaranet.com/-ისა და https://www.imovies.cc/-ის (იგივე, imovies.ge) დაუშვებელი პროდუქციის სტრიმინგის გავრცელება, ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ქლაუდ ცხრას“ სარგებლობის მიზნით გადაცემული აქვს შპს „ჰაიპერ ეჯენსისთვის“. ასევე დგინდება, რომ შპს „ქლაუდ ცხრა“ შპს „ჰაიპერ ეჯენსის“ უწევს გლობალურ და ლოკალურ ინტერნეტ რესურსებთან წვდომის მომსახურებას. საერთაშორისო ინტერნეტ რეესტრის, RIPE NCC-ის მონაცემთა ბაზის ჩანაწერების მიხედვით IP მისამართები, რომლებიდანაც არამართლზომიერად ვრცელდება პროდუქცია, რეგისტრირებულია ავტონომიურ სისტემაში ნომერი АS57814, რომლის მართვაზეც პასუხისმგებელია შპს „ქლაუდ ცხრა“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დეპარტამენტი ასკვნის რომ ავტორიზებული პირი კომისიის მიერ ინფორმირების შემდეგაც კვლავ უწევდა მომსახურებას შპს „ჰაიპერ ეჯენსის“, კერძოდ, აწვდიდა მას ინტერნეტს, უზრუნველყოფდა გლობალურ და ლოკალურ ინტერნეტ რესურსებთან მის წვდომას და სარგებლობაში გადასცა სხვა IP მისამართების ქსელები. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით შპს „ქლაუდ ცხრას“ მიერ დარღვეულია რეგლამენტის 25- ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები.

მოხსენებით ბარათში მითითებული დარღვევების განხილვის შესახებ, შპს „ქლაუდ ცხრას“  ეცნობა კომისიის შეტყობინებით და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით მინიჭებული უფლებები - მტკიცებულებების წარმოდგენის, შუამდგომლობის დაყენების და საქმის მასალების გაცნობის შესახებ. საკითხის განხილვა გაიმართა 2023 წლის 5 და 12 ოქტომბერს.

2023 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადნენ შპს „ქლაუდ ცხრას“ წარმომადგენლები უჩა სეთური და თეონა მარტაშვილი. უ. სეთურმა წარადგინა შუამდგომლობა ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, კომისიის იმ დეპარტამენტმა, რომელმაც დააყენა შპს „ქლაუდ ცხრას“ სანქცირების საკითხი, გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას. კერძოდ, მეთოდი, რომლითაც კომპანიას დაევალა პრობლემის მოგვარება, იყო არასწორი და დეპარტამენტს არ ჰქონდა უფლებამოსილება შპს „ქლაუდ ცხრასთვის“ მოეთხოვა IP მისამართების დაბლოკვა.

უ. სეთურმა აღნიშნა, რომ IP მისამართების ბლოკირება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს. მან   ასევე მიუთითა, რომ ანალოგიურ საკითხზე პრაქტიკა არსებობს ავსტრიაშიც, სადაც პროკურატურამ მოითხოვა IP მისამართების ბლოკირება, მაგრამ საქმეში მარეგულირებელი ორგანოს ჩართვის შემდეგ აღინიშნა, რომ მოცემული მეთოდის გამოყენება გამოხატვის თავისუფლების საწინააღმდეგო ქმედებაა. უ. სეთურის განმარტებით, ევროპაში აღიარებულია DNS-ებით ბლოკირება, რომელიც კონტენტს URL-ს დონეზე ბლოკავს. რაც შეეხება IP მისამართების ბლოკირებას იგი ევროპაში არ გამოიყენება, რადგან ამ დროს იბლოკება, მათ   შორის, კანონიერი   ან   ის   კონტენტი,   რომელზეც   უფლებამფლობელს   პრეტენზია   არ წარმოუდგენია. უ. სეთურის შეფასებით, კომისიის მიერ კომპანიისათვის გაგზავნილ წერილებში IP მისამართები ჩაიწერა იმიტომ, რომ შპს „ქლაუდ ცხრას“ მიერ მომხდარიყო ამ კონკრეტული IP მისამართების დაბლოკვა და კომპანიას შეეწყვიტა მომსახურება აღნიშნული კლიენტებისათვის.

უ. სეთურმა მიუთითა „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნა, რომ კანონი პასუხისმგებლობისაგან პირდაპირ ათავისუფლებს სამი კატეგორიის ე.წ. შუალედურ სერვის პროვაიდერებს. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, თუ მხარეს აქვს ცოდნა (ცოდნა ცალსახად განმარტა კანონმა) კონტენტის უკანონობის შესახებ, მაშინ მას აქვს რეაგირების ვალდებულება. იმ შემთხვევაში, თუ პირი ცოდნის გარეშე დაბლოკავს კონტენტს, მაშინ მას შესაძლოა დაეკისროს ფინანსური პასუხისმგებლობა, რადგან კანონმდებლობით მომსახურების ხელშეკრულების დარღვევისათვის შესაძლოა დადგეს სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა. შპს „ქლაუდ ცხრას“ წარმომადგენლის მითითებით, პირმა ფაქტობრივი ცოდნა უნდა მიიღოს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, კომპანია კი კომისიისაგან მხოლოდ წერილებს იღებდა.

უ. სეთურის განმარტებით, კომპანიისათვის არ იყო გასაგები უკანონო კონტენტის ამოღების განხორციელების გზები. კერძოდ, შპს „ქლაუდ ცხრასთვის“ გაუგებარი იყო, მხოლოდ IP მისამართებით როგორ განესხვავებინა კანონიერი, უკანონო ან ის კონტენტი, რომელზეც პრეტენზია არ გამოთქმულა.  

II. კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „ქლაუდ ცხრა“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია. მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეზე:

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურებაა.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

2. ვებგვერდების “https://adjaranet.to/”-ს, “https://www.adjaranet.com/”-ისა და “https://www.imovies.cc/- “ის მეშვეობით საქართველოს ტერიტორიაზე    არალეგალურად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონმდებლობის დარღვევით ვრცელდება აუდიოვიზუალური პროდუქცია.

მტკიცებულება:  კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2023 წლის 27 სექტემბრის N23-10-1763 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალებით.

3. ვებგვერდების “https://adjaranet.to/”-ს, “https://www.adjaranet.com/”-ისა და “https://www.imovies.cc/- “ის უკან მდგომი კომპანია შპს „ჰაიპერ ეჯენსი“ აღნიშნულ ვებგვერდებზე ხელმისაწვდომი აუდიოვიზუალური პროდუქციის კანონსაწინააღმდეგოდ განთავსებისთვის იყენებს შპს „ქლაუდ ცხრას“ მომსახურებებს - შპს „ქლაუდ ცხრა“ აღნიშნულ კომპანიას უწევს ინტერნეტმომსახურებას.

მტკიცებულება:  კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2023 წლის 27 სექტემბრის N23-10-1763 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალებით.

4. 2023 წლის 16 ივნისის Nგ-23-04/1351 წერილით კომისიამ შპს „ქლაუდ ცხრას“ მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მისი მომსახურებების გამოყენებით კანონდარღვევით ვრცელდებოდა აუდიოვიზუალური პროდუქცია და განუსაზღვრა ვადა მისი გავრცელების აღმოსაფხვრელად.

მტკიცებულება:  კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2023 წლის 27 სექტემბრის N23-10-1763 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალებით.

5.   2023 წლის 16 ივნისის Nგ-23-04/1351 წერილით კომისიამ შპს „ქლაუდ ცხრას“ მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მისი მომსახურებების გამოყენებით კანონდარღვევით ვრცელდებოდა აუდიოვიზუალური პროდუქცია და განუსაზღვრა ვადა მისი გავრცელების აღმოსაფხვრელად.

მტკიცებულება:  კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2023 წლის 27 სექტემბრის N23-10-1763 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალებით.

6. 2023 წლის 1 სექტემბრის # L/C_23/044 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი - შ-23-6/2859) შპს „ქლაუდ ცხრამ“ კომისიას აცნობა, რომ შეასრულა კომისიის წერილებით გათვალისწინებული ვალდებულება და მოთხოვნილ IP მისამართების ქსელთან წვდომა შეზღუდა.

მტკიცებულება:  კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2023 წლის 27 სექტემბრის N23-10-1763 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალებით.

7.   მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტმა 2023 წლის 1 სექტემბრის შემდეგ კვლავ შეამოწმა დაუშვებელი პროდუქციის შემცველი ზოგიერთი ვებგვერდი, “https://adjaranet.to/”, “https://www.adjaranet.com/” და “https://www.imovies.cc/“ და კვლავ გამოავლინა, რომ დაუშვებელი პროდუქციის გავრცელება ხორციელდებოდა შპს „ქლაუდ ცხრას“ სარგებლობაში არსებული სხვა IP მისამართების ქსელების მეშვეობით.

მტკიცებულება:  კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2023 წლის 27 სექტემბრის N23-10-1763 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალებით.

8. საერთაშორისო ინტერნეტ რეესტრის, RIPE NCC-ის მონაცემთა ბაზის ჩანაწერების მიხედვით IP მისამართები, რომლებიდანაც არამართლზომიერად ვრცელდება პროდუქცია, რეგისტრირებულია ავტონომიურ სისტემაში ნომერი АS57814, რომლის მართვაზეც პასუხისმგებელია შპს „ქლაუდ ცხრა“.

მტკიცებულება:  კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2023 წლის 27 სექტემბრის N23-10-1763 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალებით.

9.   შპს „ქლაუდ ცხრა“ შპს „ჰაიპერ ეჯენსის“ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე უწევს გლობალურ და ლოკალურ ინტერნეტ რესურსებთან წვდომის მომსახურებას.

მტკიცებულება:  კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2023 წლის 27 სექტემბრის N23-10-1763 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალებით.

III. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება 

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ   ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების   სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

5. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: „მოახდინოს რეაგირება დაუშვებელი პროდუქციის განთავსების თაობაზე მიღებულ ინფორმაციაზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით“ (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებას, მოახდინოს რეაგირება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ2 ქვეპუნქტით განსაზღვრული სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი   ცხოვრების   შემლახველი,  ცილისმწამებლური,   შეურაცხმყოფელი,   უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი ან უზუსტო პროდუქციის განთავსების თაობაზე მიღებულ ინფორმაციაზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით -   საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება №1/7/1275 – ვებგვერდი, 07.08.2019წ.).

6. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტით დაუშვებელი პროდუქცია განმარტებულია, როგორც „ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია“.

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

ამრიგად, რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით კანონმდებლობის, მათ შორის, საავტორო უფლებების დარღვევით გადაცემული პროდუქცია  მიიჩნევა დაუშვებელ პროდუქციად, ხოლო რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, მოახდინოს რეაგირება დაუშვებელი პროდუქციის განთავსების თაობაზე მიღებულ ინფორმაციაზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით. მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიღებული ზომები უნდა იყოს ეფექტური, ადეკვატური და პროპორციული. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების მიმწოდებელმა შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდგომ არ გაატარა ყველა გონივრული ღონისძიება, რათა შეეზღუდა დაუშვებელი პროდუქციის გავრცელება, მიიჩნევა, რომ მას არ შეუსრულებია რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულება.

როგორც საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად დადგინდა, მომსახურების მიმწოდებელმა ავტორიზებულმა პირმა, შპს „ქლაუდ ცხრამ“ კომისიისგან მიიღო ინფორმაცია, რომ მისი მომსახურების მეშვეობით ხორციელდებოდა დაუშვებელი პროდუქციის გავრცელება. კერძოდ, კომისიამ ავტორიზებულ პირს შეატყობინა და არაერთგზის განუმარტა, რომ შპს „ჰაიპერ ეჯენსი“ “https://adjaranet.to/”-ს, “https://www.adjaranet.com/”-ისა და “https://www.imovies.cc/-“ის მეშვეობით საქართველოს ტერიტორიაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონმდებლობის დარღვევით ავრცელებს აუდიოვიზიალურ პროდუქციას შპს „ქლაუდ ცხრას“ მომსახურებების გამოყენებით, რაც წარმოშობს შპს „ქლაუდ ცხრას“ ვალდებულებას - აღმოფხვრას დაუშვებელი პროდუქციის გავრცელება. 2023 წლის 1 სექტემბრის # L/C_23/044 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი - შ-23-6/2859) შპს „ქლაუდ ცხრამ“ კომისიას აცნობა, რომ შეასრულა კომისიის წერილებით გათვალისწინებული ვალდებულება და მოთხოვნილ IP მისამართების ქსელთან წვდომა შეზღუდა.

მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტმა შპს „ქლაუდ ცხრას“ წერილის მიღების შემდგომ კვლავ შეამოწმა დაუშვებელი პროდუქციის შემცველი ზოგიერთი ვებგვერდი, “https://adjaranet.to/”, “https://www.adjaranet.com/” და “https://www.imovies.cc/“ და გამოავლინა, რომ დაუშვებელი პროდუქციის გავრცელება ხორციელდებოდა შპს „ქლაუდ ცხრას“ სარგებლობაში არსებული სხვა IP მისამართების ქსელების მეშვეობით. ამასთან, შპს „ქლაუდ ცხრასგან“ მოწოდებული ინფორმაციისა და RIPE NCC-ის მონაცემთა ბაზის ჩანაწერების ანალიზით დგინდება, რომ 2023 წლის 1 სექტემბრის შემდგომ შპს „ქლაუდ ცხრა“ ვებგვერდების “https://adjaranet.to/”-ს, “https://www.adjaranet.com/”-ისა და “https://www.imovies.cc/“-ის უკან მდგომ კომპანიას შპს „ჰაიპერ ეჯენსის“ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე კვლავ უწევს გლობალურ და ლოკალურ ინტერნეტ რესურსებთან წვდომის მომსახურებას. როგორც აღინიშნა, შპს „ქლაუდ ცხრას“ არაერთგზის განემარტა თავისი ვალდებულება, მიეღო ყველა ადეკვატური ზომა, რათა შეეზღუდა მისი მომსახურების მეშვეობით დაუშვებელი პროდუქციის გავრცელება. შპს „ქლაუდ ცხრას“ მიერ ცალკეულ IP მისამართების ქსელთან წვდომის შეზღუდვა იმ პირობებში, როდესაც იგი კვლავ აწვდის შპს „ჰაიპერ ეჯენსის“ გლობალურ და ლოკალურ ინტერნეტ რესურსებთან წვდომის მომსახურებას და შპს „ჰაიპერ ეჯენსი“ აგრძელებს შპს „ქლაუდ ცხრას“ სარგებლობაში არსებული სხვა IP მისამართების გამოყენებით დაუშვებელი პროდუქციის გავრცელებას, ვერ მიიჩნევა დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების აღმოფხვრის ეფექტურ, გონივრულ ზომად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ქლაუდ ცხრას“ მიერ დარღვეულია რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა.

კომისია ვერ გაიზიარებს შპს „ქლაუდ ცხრას“ წარმომადგენლის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ კომისია ან მისი რომელიმე სტრუქტურული ერთეული გასცდა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს. კომისია, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელი ორგანო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღჭურვილია უფლებამოსილებით, განახორციელოს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, ხოლო ამავე კანონის 45-ე მუხლით კი კომისია უფლებამოსილია დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება - დააკისროს დამრღვევს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია განსახილველ შემთხვევაში ასრულებს მის უფლებამოსილებას - მონიტორინგს უწევს ავტორიზებული პირის - შპს „ქლაუდ ცხრას“ მიერ კანონმდებლობის, მათ შორის, რეგლამენტის მოთხოვნების დაცვას, მის ქმედებებში გამოავლინა სამართალდარღვევა და ახორციელებს შესაბამის რეაგირებას. ანალოგიურად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი, რომელსაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 29 დეკემბრის №7 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების“  მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით უშუალო ფუნქციად აქვს განსაზღვრული კომისიის აპარატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, აგრეთვე, სხვა პასუხისმგებელ უწყებებთან თანამშრომლობით, ონლაინ სივრცეში კანონმდებლობით დაუშვებელი პროდუქციის (მათ შორის, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით) განთავსების შემთხვევაში სათანადო რეაგირება. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ რომელი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) მეშვეობით მოხდება კომისიის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება, კომისიის შიდაუწყებრივი საკითხია და გავლენას ვერ მოახდენს კომისიის გადაწყვეტილების მართლზომიერებაზე.

კომისია ასევე ვერ გაიზიარებს შპს „ქლაუდ ცხრას“ წარმომადგენლის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების შეზღუდვა IP მისამართების მეშვეობით, ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკას და ამიტომ, კომისია არ იყო უფლებამოსილი შპს „ქლაუდ ცხრასთვის“ ამგვარი ვალდებულება დაეკისრებინა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ შპს „ქლაუდ ცხრასთვის“ გაგზავნილ წერილებში კომისიას არ მიუთითებია დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების შეზღუდვის კონკრეტულ მეთოდზე. კომისიის წერილებში IP მისამართი მითითებულია მხოლოდ დაუშვებელი პროდუქციის შემცველი კონტენტის იდენტიფიცირების მიზნით, ხოლო მისი გავრცელების აღმოფხვრის ეფექტური და პროპორციული მეთოდი თავად კომპანიას უნდა შეერჩია (იხ. მაგალითად კომისიის N გ-23-04/1351 წერილი, თარიღი  16.06.2023,  რომელშიც  აღნიშნულია  -[შესაბამისი]  „ზომების მიღების ვალდებულება ეკისრებათ თავად მომსახურების მიმწოდებლებს, თითოეული ასეთი ზომა უნდა იყოს გონივრული, ადეკვატური და პროპორციული“). ამრიგად, კომისიას შპს „ქლაუდ ცხრასთვის“ არ მიუთითებია ვალდებულებაზე რეაგირების კონკრეტულ მეთოდზე, მით უმეტეს, IP მისამართების დაბლოკვაზე.

ამავდროულად, განსახილველ საქმესთან მიმართებით კომპანიის წარმომადგენლის მიერ მითითებული საერთაშორისო პრაქტიკა IP მისამართების დაბლოკვით გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების არაპროპორციულად შეზღუდვის თაობაზე არ არის რელევანტური. შესაძლოა, ასეთი რისკი არსებობდეს ისეთ შემთხვევაში, როდესაც ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი მესამე პირის მიერ გავრცელებული უკანონო კონტენტის შესაზღუდად საკუთარი მომხმარებლებისთვის ბლოკავს IP მისამართს. განსახილველ შემთხვევაში შპს „ქლაუდ ცხრას“ ინფორმაცია მიეწოდა არა მესამე პირის, არამედ - მისი მომსახურების მიმღების, მომხმარებლის მიერ გავრცელებული დაუშვებელი პროდუქციის თაობაზე. შპს „ქლაუდ ცხრას“ შეეძლო დაუშვებელი პროდუქციის თაობაზე მიღებულ ინფორმაციაზე პროპორციულად და ეფექტურად ემოქმედა - დაკავშირებოდა საკუთარ მომხმარებელს, განესაზღვრა ვადა უკანონო კონტენტის გავრცელების შესაზღუდად და თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდებოდა - შეეწყვიტა მისთვის მომსახურების მიწოდება. სწორედ ამ უკანასკნელი ღონისძიების გამოყენებისთვის საჭირო ტექნიკურ შესაძლებლობაზე მიუთითებს რეგლამენტის 101  მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმადაც, „მომსახურების მიმწოდებელი შეიმუშავებს ისეთ მექანიზმებს, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს გააუქმოს ან განაკავშიროს მომხმარებელი თუ გამოვლინდა ან ცნობილი გახდა, რომ ის აწარმოებს არასასურველი ელექტრონული გზავნილების, დაუშვებელი პროდუქციის, კომპიუტერული ვირუსების, თაღლითური ან/და სხვა მავნე პროგრამების გავრცელება/გადამისამართებას“.

ასევე არ არის გასაზიარებელი შპს „ქლაუდ ცხრას“ წარმომადგენლის განმარტება „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „ფაქტობრივი ცოდნის“ არსებობასთან დაკავშირებით. „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მომსახურების მიმღების ინფორმაციის შენახვისას შუალედური მომსახურების მიმწოდებელი შენახულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი არ არის, თუ „მას არ აქვს ფაქტობრივი ცოდნა უკანონო საქმიანობის ან ინფორმაციის შესახებ, ხოლო ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის შეტანის შემთხვევაში ის არ იცნობს იმ ფაქტებს ან გარემოებებს, რომლებითაც მჟღავნდება უკანონო საქმიანობის ან ინფორმაციის არსებობა“. თავის მხრივ, „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით, „ფაქტობრივი ცოდნა“ განმარტებულია როგორც „სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილი შესაბამისი ადმინისტრაციული ან სამართალდამცავი ორგანოს გადაწყვეტილებების საფუძველზე მიღებული ცოდნა ინფორმაციის ან ქმედების უკანონოდ ცნობის შესახებ ან შესაძლო უკანონობის თაობაზე“. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, შპს „ქლაუდ ცხრა“ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, ვინაიდან მას არ ჰქონდა „ფაქტობრივი ცოდნა“ უკანონო საქმიანობის/ინფორმაციის შესახებ, რადგან ამის თაობაზე მას ეცნობა არა კომისიის გადაწყვეტილებით, არამედ - კომისიის თავმჯდომარის წერილებით.

„ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ    ფაქტობრივი    ცოდნის    ლეგალურ    დეფინიციაში    მითითებული    ტერმინი „გადაწყვეტილება“ არ გულისხმობს კომისიის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტის გამოცემას. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაში ასევე უნდა მოიაზრებოდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები. როგორც არაერთხელ აღინიშნა, რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი მომსახურების მიმწოდებელს ავალდებულებს მოახდინოს რეაგირება დაუშვებელი პროდუქციის განთავსების თაობაზე მიღებულ ინფორმაციაზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით. ინფორმაციის მიწოდებას ახორციელებს კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 29 დეკემბრის №7 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების“   მე-7 პუნქტის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, აქვს უფლებამოსილება შეასრულოს სხვა ფუნქციები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება დებულებას, უკავშირდება კომისიის უფლებამოსილების განხორციელებას და არ საჭიროებს კოლეგიურ გადაწყვეტას. მომსახურების მიმწოდებლისათვის დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სწორედ ამგვარი ღონისძიებაა. აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში კომისიის თავმჯდომარე, მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და მომსახურების მიმწოდებელს ატყობინებს დაუშვებელი პროდუქციის თაობაზე, რაც თავისი არსით სწორედ   „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაა, წარმოშობს „ფაქტობრივი ცოდნის“ წინაპირობას და გამორიცხავს შუალედური მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. შესაბამისად, კომპანიის წარმომადგენლის მითითება ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებისა და შესაბამისად, ფაქტობრივი ცოდნის ელემენტის არარსებობით შპს „ქლაუდ ცხრას“ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე დაუსაბუთებელია.

ამავდროულად, „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტში პირდაპირ არის მითითებული, რომ დასახელებული მუხლის „დებულებები არ ზღუდავს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილ შესაბამის ადმინისტრაციულ ან სამართალდამცავ ორგანოს, კანონის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედოს“. განსახილველ შემთხვევაში კომისია, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, კანონის დარღვევის პირობებში მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, რათა აღიკვეთოს დაუშვებელი პროდუქციის გავრცელება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული რეგულაცია განსახილველ შემთხვევაში არ გამოიყენება. ამრიგად, კომპანიის წარმომადგენლის არგუმენტაცია ამ მხრივაც დაუსაბუთებელია.

როგორც აღინიშნა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი   პუნქტის   შესაბამისად,   ავტორიზებული   პირის   მიერ   ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა. როგორც დადგინდა, შპს „ქლაუდ ცხრას“ მიერ დარღვეულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მომწესრიგებელი საქართველოს კანონმდებლობა - კომისიის დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტი. ამავდროულად,  შპს „ქლაუდ ცხრას“ ბოლო 1 წლის განმავლობაში ანალოგიური/მსგავსი სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. შესაბამისად, შპს „ქლაუდ ცხრას“   უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო.

ამავდროულად, მიზანშეწონილია, პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად სამართალდამრღვევს დაევალოს დარღვევის აღმოფხვრა. შპს „ქლაუდ ცხრამ“ უნდა აღმოფხვრას დარღვევა და უზრუნველყოს დაუშვებელ პროდუქციასთან დაკავშირებით რეგლამენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, მას უნდა დაევალოს „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აღმოფხვრას დაუშვებელი პროდუქციის გავრცელება წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1 კვირის ვადაში.

IV.    სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 95-ე,  98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი, მე-3 და მე-9 პუნქტების, 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ქლაუდ ცხრას“ (ს/კ 405063755) მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2. შპს „ქლაუდ ცხრას“ (ს/კ 405063755) დაევალოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აღმოფხვრას კომისიის 2023 წლის 16 ივნისის Nგ-23-04/1351 წერილით განსაზღვრული დაუშვებელი პროდუქციის გავრცელება წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1 კვირის ვადაში.

3.  დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (ო.ვოტ)  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შპს „ქლაუდ    ცხრასთვის“    (ს/კ    405063755)    გაგზავნა    და    კომისიის    ოფიციალურ    ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფს (ლ. მაისურაძე) შპს „ქლაუდ ცხრასთვის“ (ს/კ 405063755) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ქლაუდ ცხრასთვის“  (ს/კ 405063755) ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ქლაუდ ცხრასთვის“  (ს/კ 405063755) ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები