შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-23-18 / 516

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 29, 2023 12:36

მიღების თარიღი ნოემბერი 16, 2023

შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 23-10-1957, 25.10.2023) საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების”  36-ე  მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს„ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი  კანონმდებლობით  გათვალისწინებული მოთხოვნების  დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (N23-10-1957,25.10.2023) და თანდართული დოკუმენტაციიდან, ირკვევა, რომ 2023 წლის 21 სექტემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-23-6/3018, 21.09.2023) მომართა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა გიორგი მაღრაძემ. დასახელებულ წერილში აღნიშნულია, რომ ა.წ. 18 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „კუნძული“ დაფიქსირდა სიგარის დემონსტრირების ფაქტი, თუმცა გადაცემის დასაწყისში და დასასრულს არ მომხდარა სამედიცინო გაფრთხილების დემონსტრირება.

წარმოდგენილი წერილის საფუძველზე, კომისიის  აპარატის  მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მონიტორინგი და გამოვლინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „კუნძული“ დაფიქსირდა სიგარის  დემონსტრირების  ფაქტი.  ამასთან,  გადაცემის დასაწყისში და ბოლოში არ იყო ნაჩვენები ოკუპირებული ტერიტორიებიდან  დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული ტელე - ან რადიორგოლი ან ბეჭდვითი მასალისათვის  პიქტოგრამა თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ.

აქედან გამომდინარე დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს„ტელეიმედის“ მიერ აღნიშნული სიუჟეტის მსვლელობისას განხორციელდა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 82 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესების დარღვევა.

საკითხის განხილვა დაინიშნა 2023 წლის 9 ნოემბერს, 15 საათზე, რის თაობაზეც შპს„ტელეიმედს“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით (Nგ-23-03/2366,03/11/2023) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში  მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2023 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი ნ. ფაშალიშვილი და ა. ლაშხი. სხდომაზე ნ. ფაშალიშვილმა აღნიშნა, რომ ტელეკომპანია ყოველთვის ითვალისწინებს კანონის მოთხოვნებს და არასდროს ყოფილა გადაცემის თავსა და ბოლოში გამაფრთხილებელი რგოლების გაშვების პრობლემა. ახლაც მიაჩნია, რომ ეს იყო ტექნიკური შეცდომა, თუმცა სურს დააფიქსიროს მოსაზრება, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში თამბაქოს ნაწარმის მოხმარება დემონსტრირებული არ ყოფილა. ეპიზოდში არ ყოფილა დემონსტრირებული თამბაქოს ნაწარმის მოხმარება, სიგარა მოკიდებულიც არ იყო. მისი განმარტებით, თამბაქოს ნაწარმის მოხმარება მოკიდებულ მდგომარეობაში არის გამოხატული. ამ შემთხვევაში თამბაქოს ნაწარმი მხოლოდ ჩანდა. მან დაამატა, რომ საინტერესო იქნება კომისიის შეფასება, რამდენად ჩათვლის კომისია თამბაქოს ნაწარმის გამოჩენას ეკრანზე ნორმის დარღვევად. მომავალში აუცილებლად გაითვალისწინებენ კომისიის განმარტებას და იმოქმედებენ ამ განმარტების შესაბამისად. ასევე, მისი განმარტებით „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 82 მუხლის მე-2 პუნქტი მკაფიოდ უთითებს, რომ უნდა იყოს მოხმარების დემონსტრირება და არა ზოგადად, თამბაქოს ნაწარმის დემონსტრირება.

ამდენად, ვინაიდან კომისიის 2023 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე დაისვა საკითხი, იყო თუ არა სადაო რგოლში თამბაქოს ნაწარმის მოხმარების კადრები, თუ მხოლოდ სიგარის დემონსტრირების ფაქტს ჰქონდა ადგილი, საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2023 წლის 16 ნოემბერს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე  შპს„ტელეიმედის“ წარმომადგენლები სხდომაზევე გაფრთხილდნენ. კომისიის 2023 წლის 16 ნომერის სხდომას ესწრებოდა ნ. ფაშალიშვილი.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1.კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათი (N23-10-1957,25.10.2023) თანდართული მასალით (თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის წერილობითი განცხადება N შ-23-6/3018, 21.09.2023; დარღვევის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი);

2.მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „ტელეიმედის“ შესახებ;

3.შპს„ტელეიმედისთვის“ გაგზავნილი კომისიის შეტყობინება (Nგ-23-03/2366,03/11/2023) კომისიის 2023 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

4.შპს„ტელეიმედის“ წარმომადგენლის ნ.ფაშალიშილის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2023 წლის 9 და 16 ნოემბრის სხდომებზე.

III.კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.შპს „ტელეიმედი“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია.

მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

2.2023 წლის 18 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „კუნძული“ დაფიქსირდა სიგარის დემონსტრირების ფაქტი. კერძოდ, გადაცემაში, ერთ-ერთი მონაწილე გამოჩნდა თამბაქოს ნაწარმით, სიგარით ხელში.

მტკიცებულება: კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N23-10-1957, 25.10.2023); დარღვევის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი; ნ. ფაშალიშვილის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2023 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე.

3.ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ტელეიმედის“ მიმართ იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს„ტელეიმედის“ შესახებ.

IV.გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

2.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები ვალდებული არიან უზრუნველყონ მათ მიერ გადაცემული/გავრცელებული პროგრამების, რეკლამის, სპონსორების შესახებ ინფორმაციისა და მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლის საქართველოს კანონმდებლობასა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.

3.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

4.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

5.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ  ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6.„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა განმარტებულია როგორც თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ან მისი მწარმოებელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი ან/და საბითუმო მოვაჭრე მეწარმე სუბიექტის რეკლამა, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის, მისი კოლოფის, ყუთის, მოხმარების პროცესის ან მათთან დაკავშირებული ქმედების დემონსტრირება.

7.„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 82 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ყველა სახის რეკლამა, გარდა ექსკლუზიურად თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლისთვის განკუთვნილი ბეჭდური ან ელექტრონული გამოცემისა, რომელიც არაა განკუთვნილი სხვა პირისთვის და არ ვრცელდება სხვა პირზე;

8.„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 82  მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფილმი/სხვა შემოქმედებითი პროდუქცია, რომელშიც დემონსტრირებულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მოხმარება, ითვლება 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანზე მავნე ზეგავლენის მომხდენ ფილმად/სხვა შემოქმედებით პროდუქციად და მისი ჩვენებისას ჩვენების დასაწყისში და ბოლოში ნაჩვენები უნდა იყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული ტელე- ან რადიორგოლი ან ბეჭდვითი მასალისათვის პიქტოგრამა თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ.

9.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის 21 პუნქტის თანახმად, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა;

10.„მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის   „ა“ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.

11.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

12.საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი;

13.„მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. მედიამომსახურებებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის სფეროში მოქმედ კანონმდებლობას ასევე განეკუთვნება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი. თავის მხრივ, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 82  მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ყველა სახის რეკლამა...“. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა არის თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ან მისი მწარმოებელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი ან/და საბითუმო მოვაჭრე მეწარმე სუბიექტის რეკლამა, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის, მისი კოლოფის, ყუთის, მოხმარების პროცესის ან მათთან დაკავშირებული ქმედების დემონსტრირება.

ამდენად, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის რეკლამა ნიშნავს, როგორც რეკლამას ტრადიციული გაგებით ე.ი. საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე (შემდგომში – საქონელზე), ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას, ასევე თუნდაც მხოლოდ თამბაქოს ნაწარმის დემონსტრირებასაც. ეს განპირობებულია თამბაქოს ნაწარმის მოხმარებისა და გავრცელების სპეციალური კონტროლით. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაცია ნებისმიერი ფორმით, არამედ-მისი დემონსტრირებაც კი მიიჩნევა თამბაქოს ნაწარმის რეკლამად.

აღსანიშნავია, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო-კონვენციის“  (შემდგომში  „კონვენცია“)  პირველი  მუხლის თანახმად,  „თამბაქოს რეკლამირება და პოპულარიზაცია“ ნიშნავს ნებისმიერი სახის კომერციული ინფორმაციის ან რეკომენდაციის მიწოდებას ან ღონისძიების გატარებას, რომლის მიზანია ან რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან სავარაუდოა, რომ შედეგად მოჰყვეს თამბაქოს ნაწარმის ან მისი მოხმარების ხელშეწყობა პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით;   ამავე კონვენციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეები აღიარებენ, რომ რეკლამირების, პოპულარიზაციისა და სპონსორობის ყოვლისმომცველი აკრძალვა მნიშვნელოვნად შეამცირებს თამბაქოს ნაწარმის მოხმარებას. ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, თითოეული მხარე, თავისი კონსტიტუციისა ან კონსტიტუციური პრინციპების შესაბამისად, კისრულობს ვალდებულებას  უზრუნველყოს  თამბაქოს  რეკლამირების, პოპულარიზაციისა და სპონსორობის ყოვლისმომცველი აკრძალვა.

ჩარჩო კონვენციისა და თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო რეგულაციებიდან და მიზნებიდან  გამომდინარე  ცალსახაა, რომ თამბაქოს ნებისმიერი  სახის რეკლამა, მათ შორის, თუნდაც თამბაქოს ნაწარმის ნებისმიერი დემონსტრირება აკრძალულია.

კომისიის მიერ დადგინდა, რომ 2023 წლის 18 სექტემბერს შპს „ტელეიმედის“ ეთერში პროგრამა „კუნძულში“ მოხდა თამბაქოს ნაწარმის, სიგარის დემონსტრირება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, შპს „ტელეიმედის“ მიერ გადაცემის ფარგლებში განხორციელდა თამბაქოს ნაწარმის დემონსტრირება, რაც მის რეკლამირებას გულისხმობს. შესაბამისად, კომპანიის მიერ დარღვეულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 82 მუხლის პირველი პუნქტი. ზემოაღნიშნული გარემოება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შპს„ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ შპს„ტელეიმედს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, მას უნდა შეეფარდოს წერილობითი გაფრთხილება.

V.სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 63-ე მუხლის პირველი და 21  პუნქტების, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის, 82 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.შპს „ტელეიმედს“ მიეცეს გაფრთხილება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 82 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

2.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტელეიმედისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ.გოშუა)  შპს„ტელეიმედისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

4.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს„ტელეიმედისთვის“ ჩაბარების დღიდან;

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ტელეიმედისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6.გადაწყვეტილების  შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე         წევრი

ეკატერინე  იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები