შპს „სეზონი ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ნომერი: გ-23-18 / 546

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 18, 2023 16:02

მიღების თარიღი დეკემბერი 07, 2023

შპს „სეზონი ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში-„კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2023 წლის 14 ნოემბრის N23-10-2107 და 20 ნოემბრის N23-10-2152 მოხსენებითი ბარათების საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სეზონი ტვ“- ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით, მის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათების შესაბამისად, შპს„ტელეიმედმა“ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-6/3279; 13.10.2023) მომართა და მიაწოდა ინფორმაცია შპს „სეზონი ტვ“-ის სამაუწყებლო ბადეში შპს„ტელეიმედის“ მიერ დამზადებული მასალის ნებართვის გარეშე განთავსებასთან დაკავშირებით. აღნიშნული მომართვის საფუძველზე, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტმა განახორციელა შპს„სეზონი ტვ“-ის ეთერის მონიტორინგი, რის საფუძველზეც დასტურდება, რომ 2023 წლის 12  ოქტომბერს 21:34 საათზე  შპს  „სეზონი  ტვ“-იმ  საკუთარ  ეთერში  განათავსა  შპს„ტელეიმედის“ მიერ დამზადებული მასალა. აღსანიშნავია, რომ შპს „სეზონი ტვ“-ის ეთერში გასულ შპს „ტელეიმედის“ მიერ დამზადებულ მასალაზე დატანილია შპს „სეზონი ტვ“-ის ლოგო და თან ერთვის ამავე მაუწყებლის მიერ გაკეთებული სათაური - „ამერიკის მარწუხებიდან გათავისუფლების პროცესი დაიწყო“. წინამდებარე საკითხთან დაკავშირებით, კომისიის 2023 წლის 30 ოქტომბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nგ-23-04/2341), შპს „სეზონი ტვ“-ის ეთხოვა მისი პოზიციის წარმოდგენა, თუმცა მაუწყებელს კომისიაში პოზიცია არ წარმოუდგენია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „სეზონი ტვ“-ის მხრიდან ადგილი აქვს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევას და ითხოვს რეაგირებას.

შპს „სეზონი ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საკითხის განხილვა დაინიშნა 2023 წლის 30 ნოემბერს, 15:00 საათზე, რის შესახებაც შპს„სეზონი ტვ“-ის ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-23-03/2576; 27.11.2023) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. საკითხის განხილვაზე, ასევე მოწვეულ იქნა შპს „ტელეიმედი“ (შეტყობინება Nგ-23-03/2575; 27.11.2023).

კომისიის 2023 წლის 30 ნოემბრის დისტანციურად გამართულ სხდომას ესწრებოდნენ შპს„სეზონი ტვ“-სა და შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლები. შპს „სეზონი ტვ“-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გადაცემაში „დღის შეჯამება” განთავსებულ ვიდეომასალაში, შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს „ტელეიმედის“ მაიდენტიფიცირებელი სიმბოლოები, კერძოდ, მიკროფონი, ლოგო და სხვა. გადაცემის წამყვანის მხრიდან არ ყოფილა ისეთი შინაარსის განცხადება, ასევე არ დაფიქსირებულა, რომ აღნიშნული ვიდეომასალა ტელეკომპანია „სეზონი ტვ“-ს საკუთრებაა, ასევე არ მომხდარა აღნიშნული ვიდეო მასალის დამახინჯება და მისი შინაარსის კორექტირება/გადაკეთება. შპს„სეზონი ტვ“-ის წარმომადგენლის განმარტებით, გადაცემა „დღის შეჯამება“ პოლიტიკური შინაარსისაა და ხდება გარკვეული განცხადებებისა და პოლიტიკური მოვლენების შეფასება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც ტელეკომპანია „იმედმა“ გააშუქა, მოჰყვა გარკვეული შინაარსის შეფასება და ანალიზი. რაც შეეხება გადაცემის სათაურს, ეს სათაური სიუჟეტის გასვლამდე და მის შემდეგაც ფიქსირდებოდა. შპს „სეზონი ტვ“-ის წარმომადგენლის განცხადებით, არ მომხდარა კონკრეტული სიუჟეტის სახელის გადარქმევა და მისი დამახინჯება, მისი აზრით, გადაცემაში გასული სიუჟეტი არ არღვევს კანონით დადგენილ ნორმებს, შესაბამისად, მიაჩნია, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლის განცხადებით, შპს „სეზონი ტვ“-ის მიერ განთავსებულ სიუჟეტში სრულად უგულებელყოფილია საავტორო უფლებები, კერძოდ, ადგილი აქვს ნაწარმოების საჯარო გადაცემას ავტორის თანხმობის გარეშე. გარდა ამისა, ადგილი აქვს უფლების ისეთ დარღვევას, როგორიცაა სინქრონიზაცია - ე.ი. საკუთარ ნაწარმოებში სხვისი ნაწარმოების ჩართვა. შპს„სეზონი ტვ“-იმ განახორციელა სიუჟეტის შინაარსობრივი   ცვლილება. ასევე, დამახინჯებულია  ტელეკომპანიის ლოგო. შპს„ტელეიმედის“ წარმომადგენლის განმარტებით, ასევე ირღვევა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლი, რომელიც შემსრულებელს ანიჭებს უფლებას, უზრუნველყოს მისი პატივის და ღირსების დაცვა. როდესაც კორესპონდენტი დგას მიკროფონით ხელში და მის ქვემოთ არის წარწერა ინფორმაციით, რომ თითქოსდა ამერიკის მარწუხებისგან დახსნა იწყება, ეს არის მისი პატივის და ღირსების შემლახავი. შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლის განცხადებით, შპს „სეზონი ტვ“-იმ წინასწარი შეცნობით, განზრახ ჩაიდინა დარღვევა. შესაბამისად, შპს „ტელეიმედი“ ითხოვს მაქსიმალურად მკაცრ რეაგირებას კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში. შპს„ტელეიმედის“  წარმომადგენლის   განცხადებით,   მათ   ასევე,   მოთხოვნილი   აქვთ   შპს„სეზონი  ტვ“-ის გადაცემების მონიტორინგის განხორციელება და მისთვის  შპს„ტელეიმედის“ მიერ მომზადებული მასალის უნებართვოდ განთავსების აკრძალვა.

საკითხის განხილვა კომისიაში დასრულდა ა/წ 30 ნოემბერს, ხოლო გადაწყვეტილების მიღების დღედ განისაზღვრა ა/წ 7 დეკემბერი.

II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1.ომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2023 წლის 14 ნოემბრის N23-10-2107 და 20 ნოემბრის N23-10-2152 მოხსენებითი ბარათები;

2.შპს„სეზონი ტვ“-ის ეთერში შპს„ტელეიმედის“ მიერ დამზადებული მასალის განთავსების ამსახველი ვიდეოჩანაწერი;

3.შპს „ტელეიმედის“ 2023 წლის 13 ოქტომბრის Nშ-23-6/3279 განცხადება;

4.კომისიის 2023 წლის 30 ოქტომბრის N გ-23-04/2341 წერილი შპს„სეზონი ტვ“-ს;

5.კომისიის 2023 წლის 24 ოქტომბრის N გ-23-04/2310 წერილი შპს „ტელეიმედს“;

6.შპს „ტელეიმედის“ 2023 წლის 25 ოქტომბრის N შ-23-6/3404 საპასუხო წერილი;

7.შპს „სეზონი ტვ“-ის და შპს „ტელეიმედის“ შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

8.მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან;

9.შპს „სეზონი ტვ“-სა და შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლების მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებები.

III. კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1.შპს„სეზონი ტვ“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია(მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა. ავტორიზაციის თარიღი: 22.04.2021).

მტკიცებულება: კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები.

2.შპს„ტელეიმედი“ მაუწყებლობის სფეროში  ავტორიზებული  პირია  (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა: მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა, ავტორიზაციის თარიღი: 15.07.2015).

მტკიცებულება: კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები.

3.შპს„ტელეიმედმა“ კომისიას აცნობა, რომ, მის მიმართ, შპს „სეზონი ტვ“-იმ დაარღვია საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონმდებლობა.

მტკიცებულება: შპსელეიმედის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის N შ-236/3279; თარიღი -13.10.2023).

4.2023 წლის 12 ოქტომბერს 21:34 საათზე შპს „სეზონი ტვ“-ის ეთერში, შპს „ტელეიმედის“ თანხმობის გარეშე, გადაიცა შპს „ტელეიმედის“ მიერ დამზადებული აუდიოვიზუალური მასალა, რომელიც თავდაპირველად გადაიცა 2023 წლის 12 ოქტომბრის   20:00-საათიან   ქრონიკაში.   შპს   „სეზონი   ტვ“-ის   ეთერში   გასულ  შპს„ტელეიმედის“ მიერ დამზადებულ მასალაზე დატანილია შპს „სეზონი ტვ-ის“ ლოგო და თან ერთვის მაუწყებლის მიერ გაკეთებული სათაური-„ამერიკის მარწუხებიდან გათავისუფლების პროცესი დაიწყო“. ასევე, შპს „ტელეიმედის“ ლოგო ნაწილობრივ დაფარულია წარწერით - „პირდაპირი“.

მტკიცებულება: შპს„სეზონი  ტვ“-ის  ეთერში შპს „ტელეიმედის“  მიერ დამზადებული  მასალის განთავსების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი; შპს „ტელეიმედის“ 2023 წლის 13 ოქტომბრის N შ-23-6/3279 განცხადება;  შპს „ტელეიმედის“  2023 წლის 25 ოქტომბრის Nშ-23-6/3404 საპასუხო წერილი; კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2023 წლის 20 ნოემბრის N23-10-2152 მოხსენებითი ბარათი.

5.შპს„სეზონი ტვ“-ს უკანასკნელი ერთი წლის მანძილზეარ დაჰკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევისათვის.

მტკიცებულება: კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებს განეკუთვნება საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.

3.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.

4.„ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) და „საავტორო უფლებების შესახებ“ 1996 წლის 20 დეკემბრის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი.

5.„ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის 11bis მუხლისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (შემდგომში: „ისმო“) „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებით, ნება დართონ თავისი ნაწარმოებების ეთერით გადაცემაზე, ან ამ ნაწარმოებების საყოველთაო გაცნობაზე ნიშნების, ხმების ან გამოსახულებების უსადენო გადაცემის ნებისმიერი საშუალებით.

6.„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემებზე, აგრეთვე სხვა მაუწყებლის გადაცემაზე, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღო მაუწყებლობის ლიცენზია ან გაიარა ავტორიზაცია  და  რომელიც  გადასცემს  გადაცემას საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული გადამცემებით, ეთერის, კაბელის ან სხვა, ანალოგიური საშუალების გამოყენებით;

7.„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებს განეკუთვნება აუდიოვიზუალური ნაწარმოები. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აუდიოვიზუალური ნაწარმოები არის ნაწარმოები, რომელიც შედგება თანამიმდევრული გამოსახულებებისაგან ხმის თანხლებით ან/და უამისოდ, ქმნის მოძრაობის შთაბეჭდილებას და შეიძლება აღქმულ იქნეს მხედველობით ან/და სმენით. აუდიოვიზუალურ ნაწარმოებს მიეკუთვნება კინემატოგრაფიული და სხვა ნაწარმოებები, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით (ტელე-, ვიდეო-, დიაფილმები და სხვა);

8.„საავტორო  და  მომიჯნავე  უფლებების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-18 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება), ხოლო ამავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს უფლება, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების გადამუშავება (გადამუშავების უფლება); „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნაწარმოების გადამუშავების სახეებს განეკუთვნება თარგმნა, ადაპტაცია, ეკრანიზაცია, მიმოხილვა, ინსცენირება, კომპილაცია, მუსიკალური არანჟირება და მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა სხვაგვარი გადამუშავება. ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს უფლება, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების  სხვაგვარი გამოყენება.

9.„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად, დაშვებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, მაგრამ გამოყენებული ნაწარმოების ავტორისა და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით: ა)მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოებებიდან ციტირება სამეცნიერო, კვლევითი  პოლემიკური,  კრიტიკული  და  საინფორმაციო  მიზნებისათვის, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია ციტირების მიზნით, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან მოკლე ნაწყვეტების ბეჭდვითი მიმოხილვისათვის რეპროდუცირების ჩათვლით; ბ)მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოებებიდან მოკლე ნაწყვეტების გამოყენება ილუსტრაციის სახით, გამოცემებში, რადიო- და ტელეგადაცემებში, სასწავლო ხასიათის ფონო-და ვიდეოჩანაწერებში, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც განსაზღვრულია დასახული მიზნით; გ)მიმდინარე ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიურ საკითხებზე პერიოდული გამოცემების მეშვეობით მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი სტატიების ან საჯაროდ გადაცემული მსგავსი შინაარსის ნაწარმოებების რეპროდუცირება ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით ან საჯარო გადაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი რეპროდუცირება ან საჯარო გადაცემა სპეციალურად არ არის აკრძალული ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის მიერ. ამასთან, ავტორს უნარჩუნდება ასეთი ნაწარმოების კრებულში გამოცემის უფლება; დ) მიმდინარე მოვლენების პროცესში დანახული ან მოსმენილი ნაწარმოების რეპროდუცირება ან საჯარო გადაცემა მიმდინარე მოვლენათა მიმოხილვაში ფოტოგრაფირების, ეთერში ან კაბელით გადაცემის გზით,    მხოლოდ  იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია საინფორმაციო მიზნით; ე) საჯაროდ წარმოთქმული პოლიტიკური მოხსენების, სიტყვის, ლექციის, მიმართვის, ქადაგების და მსგავსი ნაწარმოებების, მათ შორის, სასამართლო პროცესებზე წარმოთქმული სიტყვების რეპროდუცირება ჟურნალ-გაზეთებისა  და სხვა პერიოდული  გამოცემების მეშვეობით ან საჯარო გადაცემა, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია საინფორმაციო მიზნით. ამასთან, ავტორს უნარჩუნდება ასეთ ნაწარმოებთა ცალკე კრებულად ან წიგნად გამოცემის განსაკუთრებული უფლება; ვ) მართლზომიერად გამოქვეყნებული, რელიეფური წერტილოვანი შრიფტით ან სხვა სპეციალური საშუალებით უსინათლოთათვის შექმნილი ნაწარმოების რეპროდუცირება მოგების მიღების მიზნის გარეშე, გარდა იმ ნაწარმოებებისა, რომლებიც სპეციალურად არის შექმნილი გამოყენების ასეთი საშუალებებისათვის.

10.„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის ორგანიზაციები განეკუთვნებიან მომიჯნავე უფლებათა სუბიექტებს.

11.„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის  ორგანიზაციას    ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში.

12.„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაშვებულია შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მათი ჩანაწერების გამოყენება შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობისა და მათთვის ჰონორარის გადახდის გარეშე, შემდეგ შემთხვევებში: ა)შესრულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან ციტირებისას, სამეცნიერო, კვლევითი, პოლემიკური, კრიტიკული და საინფორმაციო მიზნებისათვის - მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია ციტირების მიზნით; ბ)შესრულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან მოკლე ნაწყვეტების ილუსტრაციის სახით გამოყენებისას სწავლებისათვის ან მეცნიერული გამოკვლევებისათვის – მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც განსაზღვრულია დასახული მიზნით; გ)შესრულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან მოკლე ნაწყვეტების ჩართვისას მიმდინარე მოვლენათა მიმოხილვაში.

13.„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

14.„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-3  პუნქტის თანახმად, საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა    ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევად ითვლება აგრეთვე, უფლების მართვის ინფორმაციის შეცვლა ან წაშლა უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე. ამავე კანონის მე-4 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, უფლების მართვის ინფორმაცია არის  ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ნაწარმოების ან ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის, ავტორის ან უფლებათა მფლობელის იდენტიფიცირება, ანდა ინფორმაცია ნაწარმოების ან ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენების პირობების შესახებ, აგრეთვე ნებისმიერი ციფრები და  კოდები,   რომლებშიც   მოცემულია   ასეთი   ინფორმაცია,   თუ ამ ინფორმაციის ნებისმიერი ელემენტი აღნიშნულია ნაწარმოების ან ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის ასლზე ანდა ჩნდება მათი საჯარო გაცნობის დროს.

15.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591  მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევის საკითხზე ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია.

16.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

17.კომისიის 2003  წლის 27  ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

18.კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ (შემდგომში მაუწყებელთა ქცევის კოდექსი) მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,    მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის წყაროს და ფაქტების სიზუსტე, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია მიაწოდოს აუდიტორიას სანდო და ზუსტი ინფორმაცია, არ დაუშვას ცრუ ამ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ინტერვიუების, ჩაწერილი მასალის, მათ შორის, საარქივო მასალის რედაქტირებისას მაუწყებელმა არ უნდა დაამახინჯოს რესპონდენტის ციტატა, ან არ უნდა მოახდინოს სხვა სახით აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა ვიზუალური ან აუდიო მანიპულაციებით, დასმული კითხვების მნიშვნელობის შეცვლით ან კონტექსტიდან ამოვარდნილი კადრების გამოყენებით.

1.საავტორო უფლების დარღვევა

ა) უნებართვო გადაცემა

საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებს განეკუთვნება აუდიოვიზუალური ნაწარმოები, ხოლო აუდიოვიზუალური ნაწარმოები არის ნაწარმოები, რომელიც შედგება თანამიმდევრული გამოსახულებებისაგან ხმის თანხლებით ან/და უამისოდ, ქმნის მოძრაობის შთაბეჭდილებას და შეიძლება აღქმულ იქნეს მხედველობით ან/და სმენით. აუდიოვიზუალურ ნაწარმოებს მიეკუთვნება კინემატოგრაფიული და სხვა ნაწარმოებები, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით (ტელე-,ვიდეო-,დიაფილმები და სხვა) (იხ. „საავტორო  და მომიჯნავე უფლებების  შესახებ“   საქართველოს კანონის მე-4, მე-5 და მე-6 მუხლები).

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად,   ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს უფლება, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). ამავე კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრულ საგამონაკლისო შემთხვევებში, რომლებიც დაკავშირებულია ნაწარმოების გამოყენებასთან, დასაშვებად მიიჩნევა ნაწარმოების გამოყენება ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, მაგრამ გამოყენებული ნაწარმოების ავტორისა და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით, თუ ნაწარმოებიდან გამოყენებული ნაწყვეტი მოკლეა ან/და ნაჩვენებია მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია საკანონმდებლო ნორმით განსაზღვრული მიზნით.   კანონით განსაზღვრული ზემოხსენებული საგამონაკლისო შემთხვევები არ ითვალისწინებს გამოყენებული გადაცემის ფრაგმენტის რაიმე ფორმით შეცვლას ან/და ნაწარმოების გამოყენებას ავტორისა და დასესხების წყაროს გარეშე.

კომისიამ დაადგინა, რომ 2023 წლის 12 ოქტომბერს 21:34 საათზე მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირის, შპს „სეზონი ტვ“-ის ეთერში, ასევე მაუწყებელ შპს „ტელეიმედის“ თანხმობის გარეშე, განთავსდა შპს „ტელეიმედის“ მიერ დამზადებული აუდიოვიზუალური მასალა-გადაცემა, რომელიც განეკუთვნება ნაწარმოებს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებულ ნაწარმოებზე საავტორო უფლების მფლობელს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის გათვალისწინებით აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული  უფლება,  სხვა  საკითხებთან  ერთად,  მოიცავს  პირის  უფლებას,  ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების რეპროდუცირება, საჯარო გადაცემა და ნებისმიერი სხვაგვარი გამოყენება.  ამასთან,  აღნიშნული  უფლებები  შესაძლებელია,  შეიზღუდოს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებული ისეთი საფუძვლების არსებობისას, როგორებიც არის - მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოებებიდან ციტირება სამეცნიერო, კვლევითი პოლემიკური, კრიტიკული და საინფორმაციო მიზნებისათვის, მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოებებიდან მოკლე ნაწყვეტების გამოყენება ილუსტრაციის სახით და ა.შ.

შპს „სეზონი ტვ-ის“ კომისიაში აუდიოვიზუალური პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების  დამადასტურებელი  დოკუმენტაცია  გადაწყვეტილების  მიღების მომენტისთვისაც არ წარმოუდგენია. გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლში ჩამოთვლილ არცერთ საგამონაკლისო შემთხვევას, აუდიოვიზუალური პროდუქციის გადაცემისას, ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, შპს „სეზონი ტვ“-ს აუდიოვიზუალური მასალის გამოყენებისთვის სჭირდებოდა შპს „ტელეიმედის“, როგორც ამ მასალის საავტორო უფლების მფლობელის თანხმობა, რაც მას არ მოუპოვებია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სეზონი ტვ“-ის მიერ შპს „ტელეიმედის“ მიერ მომზადებული აუდიოვიზუალური პროდუქციის მისი ნებართვის გარეშე ეთერში განთავსებით დაირღვა შპს „ტელეიმედის“ საავტორო უფლება.

ბ)მასალის შინაარსის შეცვლა

შპს  „სეზონი  ტვ“-ის  ეთერში  2023  წლის  12  ოქტომბერს  21:34  საათზე  გასულ შპს„ტელეიმედის“ მიერ დამზადებულ მასალას თან ერთვის შპს „სეზონი ტვ“-ის მიერ გაკეთებული სათაური - „ამერიკის მარწუხებიდან გათავისუფლების პროცესი დაიწყო“.

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად,   ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს უფლება, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების გადამუშავება (მაგალითად, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით გადამუშავებად მიიჩნევა თარგმნა, ადაპტაცია, ეკრანიზაცია, მიმოხილვა, ინსცენირება, კომპილაცია, მუსიკალური არანჟირება და მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა სხვაგვარი გადამუშავება. ასევე, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს უფლება, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება.

აღნიშნული დარღვევის ჩადენის ფაქტის დადგენის მიზნებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა იმ გარემოებას, რომ შპს „სეზონი ტვ“-ის მიერ გაკეთებული სათაური თან ახლდა გადაცემას შპს „ტელეიმედის“ სიუჟეტის განთავსებამდე და ასევე, მის შემდეგ, ვინაიდან, სათაური გამოყენებული იყო შპს „ტელეიმედის“ სიუჟეტის განთავსებისას, საერთოდ არ ჩანდა შპს„ტელეიმედის“ მიერ სიუჟეტისთვის  მომზადებული  სათაური, რამაც  შეცვალა გადაცემული აუდიოვიზუალური მასალის შინაარსი და შესძინა განსხვავებული კონტექსტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს„ტელეიმედის“ მიერ მომზადებული აუდიოვიზუალური მასალის მისი ნებართვის გარეშე გადამუშავებითა და სხვაგვარად გამოყენებით, შპს „სეზონი ტვ“-ის მიერ დარღვეულია შპს „ტელეიმედის“ საავტორო უფლება.

რაც შეეხება შპს „ტელეიმედის“ განცხადებას იმის თაობაზე, რომ საინფორმაციო მასალის შინაარსის დამახინჯებით მაყურებელს შეექმნა შეცდომაში შემყვანი განცდა, თითქოს ამ შინაარსის მატარებელი მასალის ავტორები შპს „ტელეიმედი“ და მისი ჟურნალისტი არიან, გასათვალისწინებელია, რომ    მაუწყებლის მიერ ზუსტი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფისათვის წაყენებული მოთხოვნები და სახელმძღვანელო რეკომენდაციები დადგენილია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-13 და მე-14 მუხლებით. ამავდროულად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. შესაბამისად, ამ ნაწილში საკითხის განხილვა  სცდება კომისიის უფლებამოსილების ფარგლებს.

2.მომიჯნავე უფლების დარღვევა

ა) უნებართვო გადაცემა

„საავტორო  და მომიჯნავე უფლებების  შესახებ“ საქართველოს  კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მომიჯნავე უფლებათა სუბიექტები არიან: შემსრულებლები, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლები და მაუწყებლობის ორგანიზაციები. ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით კი, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის უფლება ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით. თავის მხრივ, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტით  განსაზღვრულ საგამონაკლისო შემთხვევებში, რომლებიც დაკავშირებულია მაუწყებლის გადაცემისა და მისი ჩანაწერების გამოყენებასთან, დასაშვებად მიიჩნევა ასეთი გადაცემის გამოყენება მაუწყებლის თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე, თუ გადაცემიდან გამოყენებული ნაწყვეტი მოკლეა ან/და ნაჩვენებია მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია საკანონმდებლო ნორმით განსაზღვრული მიზნით. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონით განსაზღვრული ზემოხსენებული საგამონაკლისო შემთხვევები არ ითვალისწინებს გამოყენებული გადაცემის ფრაგმენტის რაიმე ფორმით შეცვლას.

როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, კომისიამ დაადგინა, რომ 2023 წლის 12 ოქტომბერს 21:34 საათზე მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირის, შპს „სეზონი ტვ“-ის ეთერში, ასევე მაუწყებელ შპს „ტელეიმედის“ თანხმობის გარეშე, განთავსდა შპს „ტელეიმედის“ ეთერში განთავსებული, შპს „ტელეიმედის“ მიერვე დამზადებული აუდიოვიზუალური მასალა-გადაცემა. შპს„სეზონი ტვ-ის“ კომისიაში აუდიოვიზუალური პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვისაც არ წარმოუდგენია.

მოცემულ შემთხვევაში „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ არცერთ საგამონაკლისო შემთხვევას, აუდიოვიზუალური  პროდუქციის  გადაცემისას,  ადგილი  არ  ჰქონია. შესაბამისად, შპს„სეზონი ტვ“-ს აუდიოვიზუალური მასალის გადაცემისათვის  სჭირდებოდა შპს„ტელეიმედის“ თანხმობა, რაც მას არ მოუპოვებია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს„სეზონი ტვ“-ის მიერ შპს „ტელეიმედის“ ეთერში გადაცემული აუდიოვიზუალური მასალის, მისი ნებართვის გარეშე შპს „სეზონი ტვ“-ის ეთერში განთავსებით, დაირღვა შპს„ტელეიმედის“ მომიჯნავე უფლება.

ბ) უფლების მართვის ინფორმაციის შეცვლა

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,   უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე უფლების მართვის ინფორმაციის შეცვლა ან წაშლა წარმოადგენს საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევას. ამავე კანონის მე-4 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, უფლების მართვის ინფორმაცია არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ნაწარმოების ან ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის ავტორის ან უფლებათა მფლობელის იდენტიფიცირება. მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემასთან მიმართებით ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მაიდენტიფიცირებელი უფლების მართვის ინფორმაციაა - მაუწყებლის ლოგო, რომლის მეშვეობითაც ხდება მომიჯნავე უფლების მფლობელის იდენტიფიცირება.

კომისიის მიერ ასევე დადგინდა, რომ შპს „სეზონი ტვ“-ის ეთერში გასულ მასალაზე დატანილია შპს „სეზონი ტვ“-ის ლოგო. ასევე, შპს „ტელეიმედის“ ლოგო ნაწილობრივ დაფარულია პირდაპირი ეთერის აღმნიშვნელი სიმბოლოთი. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, შპს „სეზონი ტვ“-ის მხრიდან ასევე დაირღვა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა, რადგან მაუწყებელმა, ერთი მხრივ, აუდიოვიზუალური პროდუქციის მარჯვენა კუთხეში განათავსა საკუთარი ლოგო, მეორე მხრივ, შპს „ტელეიმედის“ ლოგო ნაწილობრივ გადაფარა პირდაპირი ეთერის აღმნიშვნელი სიმბოლოთი. შესაბამისად, მან ისე მოახდინა მასალის რედაქტირება, რომ შეცვალა უფლების მართვის ინფორმაცია - შპს „ტელეიმედის“ მაიდენტიფიცირებელი ლოგო, უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე. ამასთანავე, აღნიშნული დარღვევის ჩადენის ფაქტის დადგენის მიზნებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა იმ გარემოებას, რომ შპს „სეზონი ტვ“-ის ლოგო და ასევე, წარწერა „პირდაპირი“ თან ახლდა გადაცემას შპს „ტელეიმედის“ სიუჟეტის განთავსებამდე და ასევე, მის შემდეგ, ვინაიდან, ლოგო და წარწერა გამოყენებული იყო შპს „ტელეიმედის“ სიუჟეტის განთავსებისას და მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა უფლებამფლობელის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და აღქმადობაზე.

გ) პატივისა და ღირსების შელახვა

შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელმა კომისიის 2023 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე მიუთითა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის დარღვევაზე იმ საფუძვლით, რომ შპს „სეზონი ტვ“-ის მიერ გაკეთებული წარწერა „ამერიკის მარწუხებიდან გათავისუფლების პროცესი დაიწყო“ ლახავს შპს „ტელეიმედის“ კორესპონდენტის, როგორც შემსრულებლის პატივსა და ღირსებას.

აღსანიშნავია, რომ შპს „სეზონი ტვ“-ის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია იმ საფუძვლით, რომ შპს „სეზონი ტვ“-იმ შპს „ტელეიმედის“ მიერ მომზადებული აუდიოვიზუალური მასალა მისი ნებართვის გარეშე განათავსა საკუთარ ეთერში და ამასთან ერთად, შეცვალა (იხ. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2023 წლის 14 ნოემბრის N23-10-2107 და 20 ნოემბრის N23-10-2152 მოხსენებითი ბარათები). შესაბამისად, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განხილვის საგანია შპს „სეზონი ტვ“-ის მიერ შპს „ტელეიმედის“ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის საკითხი. ადმინისტრაციული წარმოების მასალების, მათ შორის, მხარეთა ახსნა-განმარტებების შესწავლის საფუძველზე არ დასტურდება შემსრულებლის შესრულების ისეთი ხელყოფა, რომელსაც შეეძლო შეელახა შემსრულებლის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია (რეპუტაციის პატივისცემის უფლება). აღნიშნული საკითხი, შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, გახდეს დამოუკიდებელი სამოქალაქო დავის საგანი, თუკი ის კანონით დადგენილი წესით ინიციირებული იქნება სათანადო სუბიექტის მიერ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ 2023 წლის 12 ოქტომბერს 21:34 საათზე შპს „სეზონი ტვ“-ის მიერ მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე სხვა მაუწყებლის მიერ მომზადებული და გადაცემული აუდიოვიზუალური პროდუქციის განთავსებით, გადამუშავებით, სხვაგვარად გამოყენებითა და   ასევე, მისი უფლებამფლობელის უფლების მართვის ინფორმაციის შეცვლით დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის 11bis მუხლი, ისმოს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტები, 50-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, 58-ე მუხლის მე-3 პუნქტი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. აღნიშნული დარღვევისთვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის სახით გათვალისწინებულია წერილობითი გაფრთხილება, თუ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.  შპს  „სეზონი  ტვ“-ის  მიმართ  ბოლო  ერთი  წლის  განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის. შესაბამისად, შპს„სეზონი ტვ“-ს უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის 11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის  53-ე,  95-ე, 98-ე  და  99-ე  მუხლების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5 და მე-6 მუხლების, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტების,  23-ე მუხლის, 46-ე მუხლის პირველი პუნქტის, 50-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის, 58-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 591  მუხლის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის,   კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-13 და მე-14 მუხლების და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.შპს „სეზონი ტვ“-ის მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის 11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტების, 50-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 58-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „სეზონი ტვ“-ისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „სეზონი ტვ“-ისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის განმავლობაში;

4.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „სეზონი ტვ“-ისთვის ჩაბარების დღიდან;

5.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ე.ჭახრაკია) შპს„სეზონი ტვ“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

ვახტანგ აბაშიძე           თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე       წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები