შპს „საინფორმაციო ცენტრი შპს „კოლხეთი 89“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-23-18 / 555

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 21, 2023 17:13

მიღების თარიღი დეკემბერი 14, 2023

შპს „საინფორმაციო ცენტრი შპს „კოლხეთი 89“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

 I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 23 10-2120, 15.11.2023) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს„საინფორმაციო ცენტრი შპს„კოლხეთი 89“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (N 23-10-2120, 15.11.2023) ირკვევა, რომ დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 16 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდა შპს „საინფორმაციო ცენტრი შპს„კოლხეთი 89“-ის მონიტორინგი მაუწყებლის ეთერში განთავსებული სარეკლამო კომუნიკაციების (რეკლამა, პროდუქტის განთავსება, სპონსორობა, ტელეშოპინგი) კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით. ზემოაღნიშნული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ კომერციული რეკლამა პროგრამებისგან არ არის გამოყოფილი ტიხრებით. დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „საინფორმაციო ცენტრი შპს „კოლხეთი 89“-ის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესები, ვინაიდან რეკლამა მკაფიოდ არ იყო გამოყოფილი სხვა ნაწილებისგან ოპტიკური, ხმოვანი ან/და სივრცითი ნაწილებით.

კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დამატებითი მოხსენებითი ბარათით (N23-10-2294, 07.12.2023) წარმოდგენილია ბმული სადაც ატვირთულია მონიტორინგის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი.

საკითხის განხილვა დაინიშნა 2023 წლის 14 დეკემბერს, 15 საათზე, რის თაობაზეც შპს„საინფორმაციო ცენტრი შპს „კოლხეთი 89“-ს ეცნობა კომისიის შეტყობინებით (N გ-23-03/2738, 11/12/2023) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2023 წლის 14 დეკემბერს სხდომაზე გამოცხადდა შპს „საინფორმაციო ცენტრი შპს„კოლხეთი 89“-ის წარმომადგენელი რ. ნაჭყებია, რომელმაც აღიარა დარღვევა და აღნიშნა, რომ გაითვალისწინებენ შემდგომ მუშაობაში და აღარ გაიმეორებენ მსგავს დარღვევას.

II. ადმინისტრაციული  წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1.კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი(N 23-10-2120, 15.11.2023);

2.კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი(N23-10-2294, 07.12.2023);

3.მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „საინფორმაციო ცენტრი შპს „კოლხეთი 89“-ის შესახებ;

4.შპს„საინფორმაციო ცენტრი შპს„კოლხეთი 89“-სთვის გაგზავნილი კომისიის შეტყობინება (N გ-23-03/2738, 11/12/2023) კომისიის 2023 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

5.შპს„საინფორმაციო ცენტრი შპს„კოლხეთი 89“-ის წარმომადგენლის რ.ნაჭყებიას ახსნა- განმარტება გაკეთებული კომისიის 2023 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე.

III. კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1.შპს„საინფორმაციო ცენტრი შპს„კოლხეთი 89“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია.

მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

2.2023 წლის 16 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდა შპს„საინფორმაციო  ცენტრი  შპს  „კოლხეთი  89“-ის  მონიტორინგი  მაუწყებლის ეთერში განთავსებული სარეკლამო კომუნიკაციების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ კომერციული რეკლამა პროგრამებისგან არ არის გამოყოფილი ტიხრებით.

მტკიცებულება:  კომისიის   მედიამომსახურებების   რეგულირების   დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 23-10-2120, 15.11.2023); დარღვევის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი (მოხსენებითი ბარათი N23-10-2294, 07.12.2023).

3.ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „საინფორმაციო ცენტრი შპს„კოლხეთი 89“-ის მიმართ იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე გამოყენებული არ ყოფილა. მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „საინფორმაციო ცენტრი შპს „კოლხეთი 89“-ის შესახებ.

IV.გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

2.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები ვალდებული არიან უზრუნველყონ მათ მიერ გადაცემული/გავრცელებული პროგრამების, რეკლამის, სპონსორების შესახებ ინფორმაციისა და მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლის საქართველოს კანონმდებლობასა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;

3.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;

4.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

5.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რეკლამა და ტელეშოპინგი იდენტიფიცირებული და პროგრამისგან  მკაფიოდ გამიჯნული უნდა იყოს. რეკლამა და ტელეშოპინგი მკაფიოდ უნდა იყოს გამოყოფილი სხვა ნაწილებისგან ოპტიკური, ხმოვანი ან/და სივრცითი ნაწილებით;

6.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

7.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

8.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი;

9.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს„საინფორმაციო ცენტრი შპს ,,კოლხეთი 89“, როგორც ავტორიზებული მაუწყებელი, ვალდებულია, შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები. როგორც აღინიშნა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რეკლამა და ტელეშოპინგი იდენტიფიცირებული და პროგრამისგან მკაფიოდ გამიჯნული უნდა იყოს. რეკლამა და ტელეშოპინგი მკაფიოდ უნდა იყოს გამოყოფილი სხვა ნაწილებისგან ოპტიკური, ხმოვანი ან/და სივრცითი ნაწილებით. ამდენად, მაყურებელი უნდა იყოს ინფორმირებული პროგრამის დასრულებისა და სარეკლამო ჭრის დაწყების შესახებ და პირიქით - სარეკლამო ჭრის დასრულებისა და პროგრამის დაწყების შესახებ.

წინამდებარე საქმეზე კომისიამ დაადგინა, რომ შპს„საინფორმაციო ცენტრი შპს ,,კოლხეთი 89“-ის ეთერში განთავსებული კომერციული რეკლამა პროგრამებისგან არ არის გამოყოფილი ოპტიკური, ხმოვანი ან სივრცითი ნაწილებით. შესაბამისად, შპს„საინფორმაციო ცენტრი შპს,,კოლხეთი 89“-ის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

იმის გათვალისწინებით, რომ შპს „საინფორმაციო ცენტრი შპს „კოლხეთი 89“-ს ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, მას უნდა შეეფარდოს წერილობითი გაფრთხილება.

V.სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97- ე,  98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 63-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, 71- ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.შპს„საინფორმაციო ცენტრი შპს„კოლხეთი 89“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო.

2.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს„საინფორმაციო ცენტრი შპს„კოლხეთი 89“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა  და კომისიის  ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ.გოშუა)  შპს„საინფორმაციო ცენტრი შპს „კოლხეთი 89“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.

4.გადაწყვეტილება ძალაში შედის   გადაწყვეტილების  ან  მისი დამოწმებული  ასლის შპს „საინფორმაციო ცენტრი შპს„კოლხეთი 89“-სთვის ჩაბარების დღიდან.

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს„საინფორმაციო ცენტრი შპს „კოლხეთი 89“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

 ვახტანგ აბაშიძე            თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე         წევრი

ივანე მახარაძე                წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები