შპს „სმარტ -ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-23-18 / 559

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2023 16:32

მიღების თარიღი დეკემბერი 14, 2023

შპს „სმარტ -ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ

I.  საქმის აღწერა

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  (შემდგომში  „კომისია“) აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N23-10-2121, 15.11.2023) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სმარტ-ტელეკომის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხის განხილვის თაობაზე.

აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა, 2023 წლის 23 ოქტომბერს კომისიას წერილობით 16/82820 (შ-23-6/3366) აცნობა, რომ კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებულ რიგ სუბიექტებს, მათ შორის შპს „სმარტ-ტელეკომს“, არ წარუდგენია ანგარიშგება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. კერძოდ, არ წარადგინა 2022 წლის საანგარიშგებო პერიოდზე ანგარიშგება.

კომისიამ  აღნიშნულ  ორგანიზაციებს  2023  წლის  2  ნოემბერს  გ-23-08/2361 წერილით მიმართა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულების შესახებ და ანგარიშგების წარდგენის ვადად 10 ნოემბერი განუსაზღვრა. ორგანიზაციების ნაწილმა წარადგინა ანგარიშგება. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა

2023 წლის 15 ნოემბერს წერილით წარმოადგინა კომუნიკაციების კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტების განახლებული სია, რომელთაც 2023 წლის 13 ნოემბრისთვის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის ჯერ კიდევ არ წარუდგენიათ ანგარიშგება.

შპს „სმარტ-ტელეკომის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხის განხილვა დაინიშნა 2023 წლის 14 დეკემბერს, 15:00 საათზე, რის შესახებ კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება (N გ-23-03/2749, 11/12/2023) და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.   კომისიის   სხდომაზე, ასევე  მოწვეულ   იქნა   (შეტყობინება   Nგ-23-03/2748,11/12/2023) ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური.

კომისიის 2023 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი დ. დათუსანი, რომელმაც  დაადასტურა,  რომ  საკითხის განხილვის მომენტისათვის შპს„სმარტ-ტელეკომის“ მიერ კვლავ არ იყო წარდგენილი 2022 წლის საანგარიშგებო პერიოდის ანგარიშგება სამსახურისთვის.

კომისიის 2023 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „სმარტ-ტელეკომის“ წარმომადგენლის ზ.ქობალია. კომპანიის წარმომადგენელს სხდომაზე ახსნა-განმარტება არ გაუკეთებია.

II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

1.კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N23-10-2121, 15.11.2023) თანდართული მასალით;

2.შპს„სმარტ-ტელეკომისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-23-03/2749,11/12/2023) კომისიის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

3.ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგებისა  და  აუდიტის  ზედამხედველობის სამსახურისთვის გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-23-03/2748, 11/12/2023) კომისიის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

4.ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგებისა  და  აუდიტის  ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის დ.დათუსანის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის სხდომაზე.

5.კომისიის 2023 წლის 30 ნოემბრის N გ-23-3/529 გადაწყვეტილება „შპს „სმარტ- ტელეკომის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე“.

III. კომისიის  მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.შპს „სმარტ-ტელეკომი“   ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია.

2.კომისიის  2023  წლის  30  ნოემბრის  N  გ-23-3/529  გადაწყვეტილებით  შპს „სმარტ- ტელეკომს” (ს/კ 405282876) შეუჩერდა ავტორიზაცია   ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;

3.ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგებისა  და  აუდიტის  ზედამხედველობის სამსახურის მიერ   კომისიისთვის   მოწოდებული   ინფორმაციის   შესაბამისად, შპს„სმარტ-ტელეკომი“ მიეკუთვნება მეოთხე კატეგორიის საწარმოს.

4.„ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგების  და  აუდიტის  შესახებ“  საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „სმარტ-ტელეკომი“ ვალდებულია ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო     პერიოდის     მომდევნო     წლის     1    ოქტომბრისა,      წარუდგინონ ბუღალტრული   აღრიცხვის,   ანგარიშგების   და  აუდიტის   სამსახურს   მის   მიერ დადგენილი წესით.

5.შპს „სმარტ-ტელეკომს“     ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის სამსახურისთვის 2023 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით და არც 14 დეკემბრის მდგომარეობით არ წარუდგენია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგება.

IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1.„ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგების  და  აუდიტის  შესახებ“  საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა,  წარუდგინოს  სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.

2.„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მეოთხე კატეგორიის საწარმოები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ სამსახურის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3.„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ  კანონისა  და  მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების  დარღვევისათვის მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.

4.„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახური ვალდებულია ამ კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის ერთდროულად ან/და ცალ-ცალკე, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პირველი, მეორე, მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: დ.ა) წერილობითი გაფრთხილება; დ.ბ) ფულადი ჯარიმა.

5.„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის   თანახმად,   ამ   კანონის   მე-3  მუხლის   მე-8  პუნქტით გათვალისწინებული ბუღალტრული  აღრიცხვისა  და ფინანსური   ანგარიშგების წარმოებისა და კონსოლიდაციის წესების, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის,  მე-9  მუხლის  მე-2  და  მე-4  პუნქტებისა  და  მე-16  მუხლის მე-11  პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა ან/და აუდიტორული შემოწმების ჩატარებისათვის თავის არიდება  გამოიწვევს  სუბიექტის  დაჯარიმებას:   ა)   მეოთხე  კატეგორიის   საწარმოსი   – 500  ლარის  ოდენობით;  ბ)  მესამე კატეგორიის საწარმოსი – 1 000 ლარის ოდენობით; გ) მეორე    კატეგორიის  საწარმოსი –              5  000 ლარის ოდენობით; დ) პირველი კატეგორიის საწარმოსი და სდპ-ისა – 10 000 ლარის ოდენობით.

6.„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის    თანახმად,    ამ    მუხლის    პირველი    პუნქტით გათვალისწინებული  სამართალდარღვევებისათვის  სამსახურმა  შესაძლებელია  ფულადივ ჯარიმის  ნაცვლად  წერილობითი  გაფრთხილება  გამოიყენოს.  სამსახურის  წერილობით ი გაფრთხილების  შეუსრულებლობის  ან/და  პასუხისმგებლობის  დაკისრებიდან  1  თვის ვადაში  შესაბამისი  მოთხოვნის  შეუსრულებლობის  შემთხვევაში  სუბიექტს  უორმაგდებ ა დაკისრებული ჯარიმის ოდენობა.

7.„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევის საქმის წარმოების  დაწყების საფუძველია ამ  კანონით  გათვალისწინებული  სამართალდარღვევის  გამოვლენა.  ამ შემთხვევაში უფლებამოსილი   პირი აღნიშნული    საქმის       განხილვის       შედეგებზე დაყრდნობით   გამოსცემს   ინდივიდუალურ    ადმინისტრაციულ-სამართლებრივ    აქტს. ამავე  მუხლის  მე-3 პუნქტის თანახმად,  ამ  კანონის  23-ე  მუხლის  მე-2  პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს შესაბამისი მარეგულირებელი/ საზედამხედველო ორგანო.

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ  კანონის  მოთხოვნების  დარღვევისათვის მარეგულირებელი ორგანოს რეგულირებისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი ორგანო - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და განსაზღვროს შესაბამისი სანქცია მის რეგულირებას  დაქვემდებარებულ  სუბიექტებთან  მიმართებით.  როგორც  აღინიშნა,  შპს

„სმარტ-ტელეკომი“  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია.

ამასთან, კომისიის 2023 წლის 30 ნოემბრის N გ-23-3/529 გადაწყვეტილებით შპს „სმარტ- ტელეკომს“ (ს/კ 405282876) შეუჩერდა ავტორიზაცია   ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე. ავტორიზაციის შეჩერება განმარტებულია „ელექტრონული კომუნიკაციები შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის    მე-2    პუნქტით,    რომლის    თანახმადაც, ავტორიზაციის    შეჩერება    ნიშნავს ავტორიზებული საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „სმარტ-ტელეკომს“ ავტორიზაცია შეჩერებული აქვს და არა გაუქმებული, ის კვლავაც ავტორიზებული პირია და ექვემდებარება კომისიის რეგულირებას.   შესაბამისად, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  მე-2 პუნქტის მიხედვით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს მის მიერ აღნიშნული კანონის მოთხოვნების დარღვევის საკითხი და დააკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომა.

ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  კომისია  აღნიშნავს,  რომ  შპს  „სმარტ-ტელეკომის“ მიერ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე წარუდგენლობით დარღვეულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, მას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, კომპანიას უნდა განესაზღვროს ერთთვიანი ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 27-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „სმარტ-ტელეკომს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო.

2.  შპს „სმარტ-ტელეკომმა“ უზრუნველყოს 2022 წლის ანგარიშგების, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენა ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „სმარტ- ტელეკომისთვის“ და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4.   გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან  მისი დამოწმებული  ასლის შპს„სმარტ-ტელეკომისთვის“ ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „სმარტ-ტელეკომისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

6. გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე კონტროლი   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

7. გადაწყვეტილების  (გადაწყვეტილების  სარეზოლუციო  ნაწილის  მე-3  და  მე-4 პუნქტების გარდა) შესრულებაზე კონტროლი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

ვახტანგ აბაშიძე            თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე      წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები